ვანია ხელოვანია
ვანია ხელოვანია,
სწერამს და ხატამს სუმუდამ,
ძაღლის დახრჩობის სცენა აქვს
გონს ჩაბეჭდილი “მუმუ”-დან.
ხან კატებს ახრჩობს ლექსებში,
ხან კურდღლებს მცირე რომნებში,
ერთხელ ჟირაფიც დაახრჩო
ზეთის ფერებით, წიომნებით.
კრიტიკოსები ერჩიან,
დროა შეცვალო თემაო,
შემოიტანო ნარნარი,
სილაღე ანდაც კდემაო.
მაგრამ ის არვის უჯერებს,
ბოლომდე რჩება სასტიკი,
და თუ არ ახრჩობს პერსონაჟს,
წამლავს ტურტლით და მასტიკით.
ამბობს: დღეს უკვე სხვა დროა,
ახალი ესთეტიკისო,
დათუ არ გესმით კულტურის,
ჯობს, მორჩეთ ენის ტლიკინსო.
ესაა ნაღდი პროტესტი,
ესაა მისი იერი,
დახატოს ადამიანის
შავბნელი ქვეცნობიერი.
რომ ვხოცავ მე ჩემს ტექსტებში
და ნახატებში ცხოველებს,
ამით ვამბობ, რომ აღარ აქვთ
შანსი შენდობის მთხოველებს.
ეს ჩემი შემოქმედება,
ასეთი ტრანსგრესიული,
თქვენ რომ გგონიათ, არაა
ასე ტუფტა და იოლი.
დრო გავა და დამაფასებთ,
იტყვით: ნაღდია ვანია,
მან იგრძნო, რაც დღევანდელი
არტის ანი და ბანია.
ის მიხვდა, ამ ეპოქაში
როგორ ეწერა, ეხატა,
რომ ასეთ სიფარჩაკეში
კარგ ხელოვნება ეხარა.
იტყვით: ის ჩასწვდა ბოლომდე
ამ ყოფის ყველა მანიას,
და იმიტომ რომ ვანია
ნამდვილი ხელოვანია!
