საკუთარი სიბერე 2

 

ნამარხი ფრთებია, სულაც ქირურგია

დროის და ნერვების და ხელის ჩაქნევა,

სადაც ხარ, რაცაა, რასაც კი უყურებ,

ფოტოსურათია და ისიც საქმეა,

 

რომ ხვდები, გიჟი რომ საკუთარ სიგიჟეს

მიხვდება, ფუძეში ჩარჩენილ თავსართებს,

რომ ფოტოსურათი სახლია იგივე

და აზრზე არა ხარ, აქ როდის დასახლდი.

 

რა, მერე, სულ ასე იყო თუ არ იყო,

ან მასე, იყო და არ იყო, სად არი –

საკუთარ თვალებს რომ თვალი მოარიდო,

საკუთარი თავი ბავშვივით ატარო

 

და სულ ზღვაც რომ მქონდეს სიჩუმის შენდამი,

ჩერდები, რაღაც გზის ნაწილს რომ მორჩები

და ათას, ვთქვათ, მერვე–მეცხრედ რომ ჩერდები,

შთაგონებულიც ხარ იმის აღმოჩენით,

 

რომ ეს ყველაფერი და თუნდაც წუხილის,

ნერვების ტკაცუნის, კვნეტის, თუ რაცაა,

ჩათვლით, საიდანაც არ უნდა უყურო,

სულ რომ არ უყურო,ფოტოსურათია,

 

მთელი ალბომია,ერთი ნეტარება

და პანორამები – ბევრი ვერაფერი,

ადამიანები, ხმები, დეტალები,

დილით პრიალაა უფრო ზედაპირი –

 

ბაღის ჩაკბეჩილი კუთხის კონტრაჟურით,

რაღაც საეჭვოა ეჭვის შეტანაშიც:

ახლა გაფრენები უკვე მონტაჟია,

გარდაცვალებებში – უკვე ეპატაჟი,

 

1 2 3 4 5