უკვე გიღამდება, წრუპავს ოვერტაიმს,
სადმე დასარჩენად უცებ იკერები,
რადგან სურათიდან ვერსად ვერ გარბიან,
იცი, მით უმეტეს, აბორიგენები.
დროა გაყინული, როგორც ანგარიში
და თუ იდეური ხაზი დავიცავით,
არის სასაფლაოც, არსად არ გაიშვა
შენი თავგანწირვა, მაგრამ მაინც არის
გზა და ვერ გაიგებ, არის თეორიაც,
რომლის მიხედვითაც ფოტოსურათიდან
წასვლა შეიძლება, დაწვა – მეორეა
და თუ გაღიმებას გთხოვენ, შუაშია,
ალბათ, შუათითიც და დრო ირიბია,
სადაც ჯოჯოხეთი, იქაც სამოთხეა,
სადაც შიშვლდებიან ძვლები წყვილებივით
და ზედ ბალახების მკვდრები ამოდიან
და ეს პერსპექტივა ეჭვის გარეშეა,
როცა გასულია სამი მილიარდი
წამი, როცა მისი უბრწყინვალესობა
მარადიულობის დგება სიდიადე.
მერეც ჩვეულებრივ მოდის შეღამება,
უფრო ბინდისფერი, სულაც – ვერაფერი,
ადამიანები, გზები, დეტალები,
დილით პრიალაა უფრო ზედაპირი.