გადაფრენა
“ამბობ,ძველებურად არისო ყველაფერი,
მე კი, ძველებურად როგორ იყო, ისიც დამავიწყდა”
გივი ალხაზიშვილი
ასეთი წესია,
8:50-ზე ბაღს უნდა ჩაუარო,
სადაც ფანტანია,
ფანტანთან – სკამები, სკამებთან,ურნებიდან,
გუშინდელ დღეს ცლიან
და რაც სათუოა მასში და საუარო,
უნდა გაატანო,
ეს – რაც შედარებით იოლად იკურნება.
უფრო მძიმედაა
საქმე ლურჯ აივანზე და იცი, რა მოყვება
დარდიან სახეზე
ფერების ერთდროულად ქრობას, ანდა უკვე
თხაპნას, იმედია,
დიდხანს მაინც გასტანს, დიდია გამოწვევა
და დიასახლისი
ნელა დაბერდება, აქ მარჯვნივ გადაუხვევ,
სადაც სახლებს შორის,
როგორც სიტყვებს შორის დარჩენილ მონაკვეთებს,
სარეცხის ტიტრიანი
ქუჩები აცა-ბაცად ჩხაპნიან და ეს კადრი,
დაჭრილ-დახლეჩილი
თერთმეტივე მწკრივის კოქტეილს რომ აკეთებს,
ასე იტრიალებს,
ასე, ცხრა საათზე ზარების დარეკვამდე.
არაფერიუჭირს,
ორი-სამი წუთით აიღე შუალედი,
როგორ ახმაურდა
ქალაქი – როგორღაც ასეთი და ამგვარად
რაღაც პერიოდში
თითქმის ყველაფერზე გულწრფელი უარი გაქვს,
რასაც, რა თქმა უნდა,
მერე რა მოხდამდეც იოლად დაამრგვალებ.
რომ მერე დაჯდე და
იჯდე და 18:30 საათამდე
მონიტორს უყურო,
და ცივი და თბილი ქვეყნების გადაფრენას,
ვიდრე შენს ფანჯრებთან
ამოსულ კორპუსს ერთ სართულსაც დაადგამენ,
ან კადრებს უკუღმა
არ დაატრიალებ უფრო მუქ არაფრებად.