ანტიმერანი

 

როცა მოვდივართ, რიტორიკულ კითხვებს არა ვართ –

ვინ დაგვიტირებს, სად გაგვითხრის, პასუხს ვინ აგებს,

როცა ვვარდებით (და ვვარდებით მოსვლისთანავე),

როცა ვღრიალებთ მთელ სიმძიმეს და მთელ სიმაღლეს,

 

როცა ვერ ვდგებით, ეს კი ფრენის სურვილს გვიღვივებს,

სამშობლოზედა სატრფოზე მეტს, რადგან ვინ იცის,

რა ბედნიერად დავმთავრდებით და კვლავ იგივეს

გავიმეორებთ, საკუთარ თავს თუ დავივიწყებთ.

 

თუ უკან აღარ მივიხედავთ, სადაც სულ ჩვენი

გზა და კვალია, ტკივილებს და ალკალოიდებს

და კიდევ რამდენ ოფლს და ტანჯვას გადავურჩებით,

ხელებს თუ გავშლით, თავს თუ დიდად არ გამოვიდებთ.

 

გაფრენას, წასვლას, დავიწყებას რა ფრთები უნდა,

ხელების გაშლაც შეიძლება სადებიუტოდ.

ცაც კი გვიზიდავს, მაგრამ მიწა უფრო გვიზიდავს,

ჩვენი პირადი ხელები გაქვს, ჩვენი პირადი,

 

რიტორიკული შეკითხვები: როცა ისედაც

ჩადის მზეები, სისხლით რაღა შევაფერადოთ?

სულს რა ვუშველოთ, თუ მივუსწრებთ,ვიდრე გამქრალა

ამ წინ და უკან სიარულში, ვიდრე განიცდის,

 

ტკივილისა და არყოფნის შიშს, მაგრამ სამ თვლაში

აღარც ეს ახსოვს,აღარც ის, რომ ფრენა არ იცის.

არაფერს დავდევთ, არც არაფერს ვებღაუჭებით,

გასწი, მერანო, ქარში, წყალში, სახლში, ქუჩებში!

 

 

 

 

 

1 2 3 4 5