სახლობანა

 

ვაგროვებთ ნივთებს, ერთხელ რომ ნაგავს

ვერ გაატანეს, ბავშვები, ვინც ვართ

და დიდი ამბით აგვაქვს და აგვაქვს

დიდ აივანზე, დღემდე რომ იცავს

უფუნქციობის დიდმარხვებს, ვიწვით

სურვილით, სახლებს ვაშენებთ, ვტენით

და ვეღარ ვამჩნევთ დღე-ღამის ციმციმს

მთელი თვე, მთელი ზაფხული, მთელი

ბავშვობა… ვიდრე საათს ჩავურთავთ

სიზმრებს,რომელსაც ვხედავთ სიზმარში,

ვიცვლით ოფისებს, უკვე საკუთარ

ნივთებს ვყიდულობთ, ვურჩევთ დიზაინს

სიმართლეს, ვიწვით, გვშია, გვერგება,

ვაშენებთ, ოფლი, შხაპი, ვცივდებით

და სანამ ვითვლით არდადეგების

ტრანსფერებს, ნივთებს მისდევს ნივთები.

გვაქვს სითბო გულში, მოტივაციით

მოწამლულებს და ვირუსიანებს –

ჭერით, კედლებით (გვაწევს, გვაცვია),

უკვე სამყაროც ილუზიაა

სახლის და ნახე, ახლა, სულ მცირე,

უნდა შეჩერდე, დახედო საათს –

ჩვენი ზედმეტი და უფუნქციო

ნივთები ბავშვებს კიბეზე ააქვთ.

 

 

 

1 2 3 4 5