ბიჭის სიკვდილი

                                                         გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას

ბედის ხელებში, უკუნ ბნელში, ბოლო ზამთრამდე,

სულ რომ მიყურებს გახელილი, დედის თვალია.
მტრედი გაფრინდა, ამიტომ დუმს ჩემი სამტრედე,
გაფრინდა მტრედი, ღია არის ჩემი გალია.
გავრბივარ  ხიდზე, მკვლელი მომდევს. ფერად მიწებთან
ჩამიქრა თვალში მზის სინათლე, ბრიალა ტუხტი.
ვიწექი სადღაც, სათამაშოდ არვინ მიწვევდა,
ვეღარ ვდგებოდი, ვერ ვხედავდი, უზომოდ ვწუხდი.

მარტო ვარ ახლა ღამეების თავდაყირაში.

ეს ყველაფერი ცხადი არის, თუ სიზმარშია?
ფეხქვეშ გზა გაქრა, გზა დამრეცი, გაქრა მირაჟი,
შემომეხვია უვარდებო, შავი არშია.
სულ ოდნავ მაინც, თუ ვუყვარდი, მე ვინც მიყვარდა?
მინდოდა მეთქვა, მდუმარებამ ბაგე დაგლისა.
სიკვდილს მივნებდი, მიმწყვდეული ბნელის ტიხართან,
თვალს ცრემლი მოწყდა, როცა დედამ მომისაკლისა.

დე, ფრენდეს ჩიტი, შრიალებდეს მწვანე ლაქაში,
ამაღლდეს ალვა, ის ადგილი შენ ამოსილე.
გამოჩნდი ახლა, ღმერთო ჩემი სისხლის ლაქაში
და ანგელოზებს ჩემი თავი შეამოსინე.

 

 

მოუსვენრობა

 

 

დაივიწყე საგნები, დაივიწყე მოვლენები,

დაივიწყე სახეები, დაივიწყე ხმები.

ეს არის ყველაფერი ის,

რისგანაც შენი წუხილი და სიხარული შედგება..

დაემსგავსე ჩვილს, დაიბრუნე მისი გაურკვეველი მზერა

და არავისკენ მიმართული ღიმილი,

არავისკენ მიმართული ტირილი,

გახდი ცარიელი, ქათქათა ფურცელი,

თითქოს ქაღალდის ფაბრიკაში მოხვდი მაკულატურასავით

და ისევ მკვდრეთით აღსდექი.

მოიშორე ყველა სიტყვა, რომლითაც დაჩხაპნილია შენი სული.

სიტყვები საგნების აბსტრაქტული ჩრდილებია,

ხმები გრძნობების საყვირებიდან გამონათებული სულია,

როგორც ციცინათელას სინათლე,

როგორც ღამურის გულის გამაწვრილებელი წრიპინი,

მათ ღამეს რომ ფანტავს და რაღაც სივრცეს აჩენს სამოძრაოდ.

არცერთი ნაბიჯი არც მარცხნივ,

არც მარჯვნივ, არც წინ, არც უკან…

შეიყვარე უმოძრაო წერტილი,

საიდანაც ყველაფერი იწყება,

სადაც ყველაფერი მთავრდება.

 

 

 

1 2 3 4 5 6