დუმილის ჩრდილი
ეს ხეები, ეს ყვავილები, ეს ვარსკვლავები,
ეს ადამიანები, ეს ცა, ეს ღრუბლები არიან
და თითქოს არსად წასვლას არ აპირებენ…
მხოლოდ მე მივედინები მდინარესავით,
ხან სწრაფად, ხან შეყოვნებით.
მივდივარ და მომყვებიან მათი სახეები,
მათი ანაბეჭდებით გავსებულა ჩემი სულის ცარიელი ფურცლები.
იქ მარტოობაში, გააგრძელებენ ჩემში ციმციმს ვარსკვლავები,
გააგრძელებენ შრიალს ტანმაღალი ალვის ოქროსფერი ფოთლები,
ისევ გაიშლებიან მსხვილი ცვრებით დაფარული ვარდები,
ღრუბლები ისევ გაცურდებიან ჩემი სულის ცაზე,
ისევ მომაწყდებიან ბავშვების სიცილის ექოები,
ისევ გაიელვებს დედის ჩამქრალი ღიმილი,
თუ ვინმე მყვარებია, მისი სახეც აალდება ხანდახან.
ეკალ-ბარდივით წინ გადამეღობება მათხოვრის გაშვერილი ხელები…
მივედინები, როგორც სამყაროს ასლი, დედნის,
ორიგინალის ანაბეჭდებით გატიალებული, იავარქმნილი.
მე ვარ მისი სევდიანი, დაბურული სარკე,
რომელსაც ვერაფერი გაწმენდს.
მივედინები წვიმების შემდეგ ამღვრეული მდინარესავით
და ვერაფერს ვამბობ, არაფერი არ მაქვს სათქმელი..
როცა ადამიანი რამეს ხვდება, გრძნობს, რომ მუნჯია,
ვერასოდეს ამოთქვამს, რაც გაუგონია,
რისთვისაც შეუხედავს, რისთვისაც გვერდია აუვლია.
ის უძირო, თავდახურულ ჭას ემსგავსება,
რომელიც თავის თავში მთელ სამყაროს ინახავს.