სიზმრისეული

 

ღიად დარჩენილ დიდობის კარში
ანაზდად ჩემი ბავშვობა შერბის
და ყველაფერი ევიწროვება,
ვით მდინარეში მოხვედრილ დელფინს.
იქ სხვანაირი სივრცე დავტოვე
და სხვანაირი სიმაღლის განცდა,
აქ დიდობასთან ვარ ჩამუხლული,
როგორც უეცრად მიკვლეულ განძთან.
და არც კი ვიცი, რაში მჭირდება…
უდაბნოს ხაზავს სიცხის ფარგალი.
წყალი მწყურია! რა თავში ვიხლი
ან ოქროსა და ან თვალმარგალიტს?!
წყალი კი იქით, იმ მხარეს დარჩა.
აქ უნდა დიდი წყურვილი მჭირდეს;
და წლებს, რომლებიც აქედან არ ჩანს,
დავყურებ, როგორც დაცვენილ კვირტებს…

 

 

ქვები

 

მაშინ, როცა ქვებმა ენა ამოიდგეს
და მითხრეს:
დადუმდი!
ჰაერში
ჩამოგდებული თვითმფრინავები ლივლივებდნენ
მითიური ფასკუნჯებივით,
წრეებს ურტყამდნენ
და კონკრეტული აწმყოდან
ინაცვლებდნენ
გაურკვეველ მარადისობაში.
ასე
ქრებიან
რადარებიდან
ადამიანებიც…
კატასტროფაა,
როცა უკვე აღარ გიპასუხებ…
საშველადაც რომ აღარ მოგიხმობ,
გამიხსენე:
შენი სხეულიდან
სულივით ამოსულს
თვალი გამაყოლე
და სანამ მზერას
ერთ გაქვავებულ წერტილს გაუშტერებ
და შენ მაგიერ
ქვები,
ქვები
ილაპარაკებენ,
ისიც მოიგონე,
ცხოვრებაზე ერთად
რამდენს ვიცინოდით…

 

 

 

1 2 3 4