თვითდაყუდება                                                            

 

. .

პოეტი, რომლის ლექსებსაც მე ახლა ვკითხულობ,
დიდ ჟურნალში დასაბეჭდად რომ მოვამზადო,
ჰუმანიტარულ ტვირთს ცლის
საგიჟის ბინადართათვის…

პანდემიის ალყაში მყოფებს
აკრძალული გვაქვს შინიდან გასვლა
და ჩვენც ბოლო კაპიკებზე მოჭიდებულნი,
იძულებით ასკეტნი და
მომარხულენი,
შინ ვსხედვართ, ვიდრე ეს ფულიც არ გაგვითავდება.
სანამ შიმშილის ძლიერი მაჯა
ინტელიგენტურ ქეჩოებში ხელს წამოგვავლებს
და გვიბიძგებს
გარეთ, სადაც სიკვდილი დაძრწის…

ხოლო მანამდე ჩვენ ვინარჩუნებთ
სოციალური დისტანცირების
ჰუმანურ ნებას
და თავი მოგვწონს,
რომ
ყაირათის ან იღბლის გამო
ეს უბადრუკი კაპიკები
აქამდე მოგვყვა,
რომ ჭკვიანურად ვხარჯეთ ჩვენი დასახარჯავი…
ამიტომაც შეგვიძლია,
ახლა შინ ვისხდეთ
და დიდსულოვნად გავუფრთხილდეთ
ჩვენს თავსაც, სხვებსაც…
იმათ, ვინც შიმშილს გამოჰყავს გარეთ
და ჭუჭყიანი ტრანსპორტისკენ მიერეკება
საგიჟემდე მისასვლელად,
რომლის ზღურბლამდე
არც ახსენდებათ,
რომ იქ მივიდნენ
არა თავისი თავის საშველად,
არამედ სხვებთან გაგზავნილი
ტვირთის მცლელებად,
რადგანაც მათ ამ საქმეში ახლა
აქაურობის ბინადრებიც ეხმარებიან..
ვინ სად არის ჩაკეტილი,
ვეღარ გაიგებ:
ასეთია ახლანდელი
იზოლაცია:
საკუთარ თავში!
ის კი,
ჩემი მეგობარი,
ჯიუტი ბავშვი,
ქარიშხალში მომუშავე
ლუკმაპურისთვის,
მობილურით იღებს შაშვებს
და ერიდება,
მეასედ მკითხოს:
ჰონორარი როდის იქნება?

გარეთ ისეთი მშვენიერი გაზაფხულია
და ის ისე ჰგავს
სხვა გაზაფხულებს,
როგორც ინიციალები
ჩვენ ორივესი:
ერთი შინ,
მეორე გარეთ
რომ ვართ
დაყუდებულნი…

21. 03. 2020

 

 

 

 

1 2 3 4