მხოლოდ იმიტომ

 

მანანა ჩიტიშვილს

რა მოხდა?
განა შორს დარჩა ქართლი,
იქნებ კვლავ შენს გზას გამოსცქერს ჩუმად,
შენ გელოდება, როგორც დედოფალს,
და არა, როგორც შემთხვევით სტუმარს.
ამ მოწრიალე დარდს, ციყვებივით
რომ გვაბზრიალებს ჩაკირულ დროში,
უკვირს: ქსანია ეს თუ ლტოლვისას
სირმით ნაქარგი შენ წაგძვრა ქოში…
ხარ დედოფალი ქართლის ველების,
და როცა ყინვა ფანჯრებს წალეკავს,
გაგეშლებიან ფეხქვეშ და ტანზე
ქარს მოგასხამენ, როგორც პალეკარტს.
ქარი კი, როგორც პატარა ბიჭი,
იკორთის ბოლოს არბის ქოშინით
და იქ გადაშლილ იებს აზომებს
ქსნის ერთ ფშანს შენი ცალი ქოშივით.
მაგრამ არავის ერგება ქოში,
ვით ქვეყნის ლხინი ცალმხრივ სიყვარულს,
და ქართლის ველი მხოლოდ იმიტომ
იჩოქებს, მუხლი შენ მოგიყაროს…

 

 

 

 

***

 

თვალთ თუ ისე დამაკლდება,

რომ ერთ დღესაც

ვერ დაგინახავ,

სურნელებით მაინც გიგრძნობ,

როგორც ნარდიონს,

როგორც მუშკის მცირე მარცვალს,

ხელით მოსრესილს,

უანგაროდ რომ იფრქვევა

და თავის თავს გულუხვად ფანტავს…

რამ დამავიწყოს შენი ტანი,

მკვრივად ნაკვეთი,

მცველივით რომ გაიჭიმა

მაშინ, როცა სული მიხმობდა

და შენში არ შემომიშვა

არასდიდებით…

ზედაპირზე მატივტივა

უცხო ჩეჩქივით…

ნაკეცებში ჩამიბრუნა,

ისე ვით წყალმა,

ან ჩვიდმეტი წლის გოგოს კაბამ

დღის ქარაშოტში

და რომ მეგონა,

მხოლოდ ჩემთვის

ჩამოიწია,

თურმე დასველდა

და წვეთებმა

დახარეს

ტოტი…

 

 

 

 

 

1 2 3 4