ფლამინგო

 

მე გავიცვენ ბუმბულს, მე გავიძრობ ქერცლს
დღის ბოლოს,

შენ ვეღარ მნახავ ნამდვილს.
არა, არ ვიქნები სხვისი გავლენის ქვეშ,
მე ვიქნები ის, ვინც არ ვყოფილვარ დაბადებიდან.

გაიღვიძოს მალე ჩემში დაუნდობლობამ,
ნელა-ნელა ბავშვი დავამთავრო ჩემში, შევიკრა წრედ.

მე გავაკეთებ ჩემს შესაძლებლობებზე მეტს,

მოვინდომებ,
შენ და შენნაირებმა ვეღარასოდეს ვეღარ მიცნონ.
ყველა ყვავილი გახმება ოთახში, სადაც მძინავს.
ყველა სულელური ნივთი დაიწვება,
ყველა ლექსი წაიშლება,

მე გავხდები სტერილური და მუნჯი.
თოვლიც რომ მოვიდეს მაისში და ახლადაყვავებულ ვაშლის
ყვავილებს ყინვა დაატყდეთ –
რა შემაშფოთებს,
ეს ქალები, მამაჩემის საყვარლებივით, როკავენ ზღვების სანაპიროზე,
დაე, ჩამავალი მზის შუქი წაეკიდოთ თივთიკის თმაზე.
მათი სხეულიც დამახინჯდეს ჩემი მუცელივით,
მათი ძუძუებიც მელანომას ხალებით მოითესოს –
მათი ხელებიდან მხოლოდ სიცივე იგრძნოს,
ვისაც ისინი შეეხებიან.

დიახ, მე ვარ ეს,
სვასტიკისა და ძაღლების მოყვარული,
შენ დღის ბოლოსკენ ვეღარ მიცნობ – და შელოცვაზეც
არ ვრეაგირებ – როდის მიხვდები რომ დავიყრუე თავი –
მე ეს შევძელი.

ახლა აღდგომა სხვენში ასატანი ნივთივითაა,
შენი მოსვლა კი სახლიდან გასვენებული მკვდრის,
ქოშებივით,
შესასვლელიდან რომ იღებ და მიწურში მცხოვრებ
მეზობელს წყალობასავით აწვდი.

 

 

მარტის ოდა

 

„გაგარინის მოედნიდან“

„საკანონმდებლო მაცნედან“ მარცხნივ:

ერთი შუქნიშანია,

ერთი ზებრა,

ერთი ტკბილეულის კაფე „მალინა“,

ერთი ქუჩა – „იოსებიძე“

და მარჯვნიდან კი როგორი მიუწვდომელია

ერთი ბიჭი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7