სულობანა, კბილის ტკივილის შელოცვა ეპიდემიისას
(მინიპოემა)
მდინარის კაცებს, მეტივეებს, წყალში რომ
დიდხანს ძლებენ,
ყვინთავენ და გრძელი ჭოკებით ეძებენ
თვითმკვლელ ქალთევზებს,
ძველი ქალაქის წყალივით გამდინარე ოფიცრებს,
და მათ მდიდარ საყვარლებს, გაცრეცილ მაქმანებიან,
სანაპიროს მეძავებთან, ფერდობებიდან,
ცხელი ლუდის სუნით და მარილიან თევზით აქოთებულ დუშმანებს,
სარდაფების ნესტისგან სანთლისფერ დადებულ
ხელებით,
გაზაფხულობით მთაწმინდისკენ აბობღებულ მდინარის
სახლისკაცებს, მეწისქვილეების ულვაშებით.
სულსწრაფებს,
როცა ნამდვილ სიყვარულს გზაზე უნდა დახვედროდით,
როცა უგუმბათო საყდრებიდან ფრესკებივით
გაცრეცილი სახეებით ერთ უჩვეულო დღის მიწურულს
თქვენთვის ნათელი დამდგარიყო:
„მე ვიყავი ჩუმი და უხერხემლო,
შეუხედავი, უმსგავსი. სანამდის,
მე დავიწყებდი
თვალების გაცეცებას და შენ დაგინახავდი,
შენ იყავი ბადრი მთვარესავით ნათელი,
თუთაშხა,
და იყავი ქურუმი, ხისტი ღმერთების.
დაივიწყე, სანამ მოკვდები:
ჩემი სული შენს თვალებშია,
შენ თვალები გაახილე, თვალებში გიდგას ირემი,
ჩემი სული ქორბუდა ირმის რქებშია,
რქებში ბუდე აქვს ჩიტს,
ჩემი სული თავწითელა ჩიტის გულშია…
შენ განა ჩიტების გულების დამფატრავი ხარ?!
რომ ამომიყვანო….
თამაშგარე თამაშია, ჩვენნაირებთან თავად მოდის
ხოლმე თავადი უფალი, რომ სული ზიარ ამოგვხადოს.
რომ გაგაღმერთე, არ მოხვედი, არ გამკვირვებია
მოსვლა უფრო გამაოცებდა.
არაფრით არ არის შეჩვევა დაბრუნებებზე უარესი,
ჩემი სხეული შენით ავად, შენ დაინფიცირებული ხარ
გადამდები ვირუსივით.
კბილს, სანამ ნერვამდე დავა, გაყუჩების გარეშე
ამოვიღებ და სისხლდენას გავატან, სიტყვებს,
ჩემი სული გაცემულია,
ჩემი სული გადამალული,
შენს უხილავ მზერის ცხრაკლიტულში.