ანდრე ბრეტონი

 

ჩემს იზოლირებულ ერთოთახიან, ნაქირავებ ბინაში

იძულებით მდგომარეობაში მყოფმა უხერხული პოზით,

შენით

ჩემი ფიზიკური სწრაფვა განიგმირება ზიარების კოვზით

მიკრობები შემოაღწევენ ზამბახის საშოში

და აღიარება დაგჭირდება, როგორ მამყოფებ კარანტინში

ვნებააშლილს,

როგორ ამბობ თითის გაშვერით, რომ ინფიცირებული ვარ,

ვირუსის მატარებელი ვარ

და როგორ გინდა დაიჯერო, რომ შენმა გუმანმა არ გიღალატა,

შენ სახელმა მოგატყუა, სინამდვილეში,

ოდესღაც, მეც მაგ მისამართზე ვირიცხებოდი,

ოდესღაც, მეც გარეუბნის მაღალმთიანეთში მეტრომდე

ფეხით დავიარებოდი

მინდორში გაშლილ მასივებს შორის.

შენ იჩქარე და ორქიდეას საშოს აეკარი, მიკრობო,

და ახლა მიწევს აღსარება, მომაკვდავების თვალწინ,

რომ შენ გადამდე ვირტუალური სექსის დროს,

ვირუსი კოდით: F 63.9.

ბატონო ჩემო, სამედიცინო ენაზე, კლასიფიკაციით

ფსიქიკური დაავადება: F 63.9. , როგორ ჰგავს COVID-19 -ს.

ბატონო ჩემო, როგორ ცდილობთ, რომ ზამბახის საშო

დაიმტვეროს და მიწაში გაიპაროს.

თუმცა ავიტან ამ ჩვეულ გარიყულობასაც,

რადგან ჩემი სამსახურის პარალერულ ქუჩაზე, როცა მე უნდა

გულითბოროტს საქმე მეკეთებინა,

შენ მაგ დროს, დილის საათებში საძინებლის შუა ალაგას,

ტახტი სარკმლისკენ გაგეწია,

ახლადაყვავებული ტყემლის ხეების ყვავილობა შეგეგრძნო

და გემღერა მისთვის, ვინც ჩემს სახელს ატარებს და

შენი იხვნისკარტა საშოა.

და შესვენების მოახლოებას დავეტანჯე,

კვირის ყოველ სამუშაო

დღეს, ან პირველზე, ან ორზე

და იოსებიძე შავი კატასავით გადმომეჭრა ბუდაპეშტიდან,

გზად გადმო

მევლო ზებრა, შუქნიშანი, ევროპროდუქტი

ტკბილეულობის მაღაზია „მალინა“ და გემრიელობების

სუნებით აღგზნებულს შენი კორპუსის აივნისკენ ამოხედვისას

თავი ეჩინა სუიციდის დაუმცხრალ ხანძარს.

ვერც მეორადი ტანსაცმლის ფუთა, ვერც მეორადი ჩაიდნები,

გარაჟის კაცის,

ცოტას რომ აფრენს გამვლელი ქალის ძუძუების

თვალგაყოლებისას. რომ ვერ ჩააქრობს.

დავლასლასებდე ახლა უნდა ქუჩა-ქუჩა

უსახლკარო კატასავით,

ამ ვირუსის მატარებელი, თან მეშინოდეს აღსასრულისა,

თან გულისყურის დაყრუებას ვნატრობდე,

შემთხვევით გამვლელს, არ მომესმას,

გაფუჭებული ფირსაკრავივით იმეორებდე:

„ჩემი ცოლი ზღვის წყალმცენარის და დაძველებული კანფეტების საშოთი

ჩემი ცოლი სარკესავით საშოთი“.

და, თვით იზოლაციაში, სრულიად მარტოდ,

გავდივარ ხოლმე მზის ჩასვლისას

ქალაქის ერთადერთ ტყე-პარკისაკენ,

თეთრად აყვავებულ იასამნების ბუჩქნარისაკენ,

ხამანწკების სურნელი დამაქვს,

გამირბიან გადარჩენილი ძუძუმწოვრები,

გამირბიან და მეც გამოვრბივარ,

მინდა დავტეხო ყველა ხის ტოტი, რომელიც ყვავის

სიცოცხლისაგან,

რომელიც ყვავის სიყვარულისგან და

მე, კეთროვანს არ გამაჩნია,

მინდა რომელიმე დავიწყებულ ნაღმზე ავფეთქდე,

მე, წითელი ყაყაჩოების წვენით გავჟღინთო მკვდრის მზე.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7