უხილავ მზერის ცხრაკლიტულში

მექანიკურ, მოსამართ, ხეში გამოთლილ

სათამაშოზე რა აზრის ბრძანდებით?!

უხილავ სიჩუმეში, როგორ არსად,

არც ერთ სიტყვაში არ ვართ გადაკვეთილები,

ნუთუ აქ, გზაჯვარედინები არ არსებობენ?!

დახურულ სივრცეში ვერანაირი შენი წარსული,

ჭაობ-ჭაობ გამოზრდილი ვერ გაუძლებდა,

ჩემ მატარებელ, დაინფიცირებულ ვნებას,

ნუთუ დაბერდა ჩემში ცდუნება?!

ნადირობის სეზონი გამოცხადებულია… და,

ცერემონიალი?!

 

 

 

ცერემონიალი?!

ამერიკის ქვეითთა ბრიგადა, მცურავ ჰოსპიტალზე,

საზღვაო სამხედრო გემზე, წითელი ჯვრით.

სადღაა ამერიკავ, შენი სუპერმენობის იმიჯი?!

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან ბავშვები უდაბნოში,

ველური კოზაკებივით მოგზაურობენ

დიდი ხანია,

მათი სიზმრები შაჰიდის ქამრების იქეთ

არ მიდის,

ისინი ცხადში ხედავენ, აფეთქებისას დასახიჩრებულ

დედების ჩონჩხებს,

და ფიქრობენ რომ ყველაფერი ეს სიზმარია.

ჰოლივუდის ფილმის გადასაღები პავილიონია

მომთაბარეების ჭერახდილი სახლები…

ახლა, ამერიკავ, ნაკლებ მსხვერპლზე ფიქრობ,

ასი ათასზე თანხმდება, პრეზიდენტი,

ჯერ ერთი მას უნდა გახდეს მფრინავი ბიჭუნა,

ადამიანი- პრეზიდენტი-ობობა,

და მეორეც,  ჩაიდინოს გმირობა ამერიკის ისტორიისთვის,

დაამარცხოს კორონა, მოიგოს ეს ომი,

ტყვიამფრქვევის და ნატოს მინისტერიალის გარეშე…

რათა ხალხს მალე დაავიწყდეს ფერადკანიანი ობამა.

მე, ბენ ლადენი წარმოვიდგინე:

აღმოსავლურად, იქედნურად მცინარი…

სამკეცა ჩალმით, მორთხმით მჯდარი არარასებულ ცათამბჯენის მეათასე სართულზე.

თქვენ კი წარმოიდგინეთ ახლა, ალაჰის სახე, ყურანის სურა,

და სამოთხის კარი პირდაპირ თაიმს სკვერშია ღია, უხილავი მტრის მიერ

სხვადასხვა კლასტერით მოქალაქეები ბალახზე წვანან,

თვინიერ ირმებივით მიმდობნი,

და ცხადად ხედავენ, უდაბნოს იორდასალამებივით,

აყვავებულ,

სირიელ მაწანწალა ბავშვებს ღრუბლებში.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7