კონსტანცე ჯონმა გამოიკვლია საქართველო, დაიწყო თბილისიდან და ყველა მიმართულებით იარა; საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც დადიოდა, ფეხითაც, ავტოსტოპითაც… ეკლესია-მონასტრებიც დაათვალიერა, სკოლები და უნივერსიტეტებიც, სოფლის სახლებში იცხოვრა, მწერლებსა და მთარგმნელებს შეხვდა, უამრავ ადამიანს ესაუბრა და დაწერა დიდტანიანი წიგნი საქართველოზე. ჭაშნიკის სახით გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ამ წიგნიდან.

 

პროლოგი

„წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?“…

წუთისოფელი ანუ წუთიერი ამქვეყნიურობა – ლექსი, ლოცვა, სიმღერა, მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი… ასე მგონია, ქართველებს ეს სულიერ-კულტურული მოცემულობა აკვნიდანვე დაჰყვათ, რადგან, როგორც ჩანს, ეს ყველას, ვინც კი დიდი კავკასიონის ქედსა და შავ ზღვას შორის ცხოვრობს, სისხლში აქვს.

ჰამბურგელი ეთნოლოგი დოქ. ფლორიან მულფრიდი, რომელიც დაწვრილებით იკვლევს ქართული კულტურული ლანდშაფტის ერთ-ერთ ფენომენს ქართულ სუფრას და რომელსაც თბილისში შევხვდი, ჩემი თხოვნით ასე აყალიბებს წუთისოფლის მნიშვნელობას: „წუთის სამყარო. ეს არის ლექსი, რომელშიც იგრძნობა სპარსული პოეტური ხელოვნების გავლენა. იგი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემებოდა, ფოლკლორისტები იწერდნენ. ამ ლექსის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და სუფრულ სიმღერებშიც გვხვდება. წუთისოფელი არის საქართველოში ფართოდ გავრცელებული ცნება, რაც სამყაროს წარმავალობას ერთ წერტილში უყრის თავს… წუთი აქ უბრალოდ მეტაფორაა წამიერობისა. წამიერი სამყარო – ალბათ ასეც შეიძლება ითქვას. მას უნდა – და აქ ჩნდება კავშირი სუფრასთან – მოუფრთხილდე  და ხოტბა შეასხა. იმის მაგივრად, მომავალზე იფიქრო, გრანდიოზული გეგმები დაისახო, ბანკში ფული აგროვო, ყველაფერი აკეთე ახლავე, ამ წამსვე, იმისათვის, რომ შენ და ყველა შენიანი კარგად იყოთ“.

წუთისოფელი: ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება… საკუთარი თავის გარდა, სამარეში რა ჩაგვყვება?… წუთისოფლის სტუმრები ვართ …

ეს გვაგონებს: „მწირი/სტუმარი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს“ (ფსალმუნები თავი118 (119), მუხლი 19). საქართველოში, როგორც ჩანს, უპირველეს ყოვლისა, მთავარია ერთი მცნება, რომელსაც ყველა სხვა ეფუძვნება: ერთმანეთის საკეთილდღეოდ მეგობრულ და სასიამოვნო საქმეთა ჰქმნა –

„რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?“

ნებისმიერი კონფლიქტი და უსიამოვნება ამას მხოლოდ ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება. რადგან ამგვარი შინაგანი წყობის მქონე ადამიანისათვის ტკივილი, რომელიც კონფლიქტს მოსდევს, სრულიად პიროვნული და ინდივიდუალურია, ყოველთვის უკავშირდება წუთისოფლის მსოფლაღქმას: ჩვენ ხომ მხოლოდ ეს ერთი მომენტი, ერთი წამი, თვალის ერთი დახამხამება გვაქვს… და რას ვშვებით? რას ვაკეთებთ აქ?

ენათა მთა… ან ხალხთა სკა. რაც კი კავკასიონთან დაკავშირებით ფრთიანი გამოთქმა არსებობს, საბოლოოდ საქართველოსაც ეხება. რადგან საქართველოს ქმნიან არამარტო ქართველები, რომელთა წილი  მოსახლეობის 80 პროცენტს შეადგენს, არამედ კიდევ 25 ერის წარმომადგენელი, რომლებიც მათთან ერთად ამ ქვეყანაში ცხოვრობენ: აზერბაიჯანელები, სომხები, თურქები, რუსები, ოსები, აფხაზები, ასირიელები, პონტოელი ბერძნები, ებრაელები, ქურთები, ქისტები, ჩეჩნები… და 1941 წლის დეპორტაციამდე – 40 000 გერმანელიც.

და ჰგავს თუ არა ამით საქართველოში ცხოვრება ქართველთა ჯადოსნურ პოლიფონიურ სიმღერას? რადგან კავკასიელ ხალხთა ეს პოლიფონიური სიმღერა – და გთხოვთ, ვიდრე თავადაც არ მოისმენთ, სიტყვაზე მენდოთ, – ეს ნამღერი  ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, და ისეთი ძალით ჟღერს, თითქოს ხმა შიგნიდან იკვებებაო.

რუსი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი ამასთან დაკავშირებით ამბობდა: „რასაც ქართველები მღერიან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამედროვე მუსიკის ყველა ახალაღმოჩენილი სიახლე. ეს უბადლოა და უბრალოა. მე უკეთესი არაფერი მომისმენია!“

სიმღერის ეს პოლიფონიურობა წინარექრისტიანული დროიდან მოდის. სულ ხმის ოთხი პოზიციაა, მღერაში ყველა ერთდროულად არ მონაწილეობს. სიმღერათა უმეტესობა სამ ხმაში სრულდება. მაცნე იწყებს, მთხრობელი აგრძელებს და ბოლოს შემოდის დაბალი ხმა – ბანი.

საქართველოში უყვართ სიმღერა და ბევრს მღერიან. ეს ყოფითი კულტურის ნაწილია. თბილისში რომ ჩავედი – და აქ ცოტათი წინ გავიჭრები – უკვე ცხელოდა, და მიუხედავად, ჯერ მაისის ბოლო იყო, დღის განმავლობაში თერმომეტრი უკვე 30 გრადუსს ცდებოდა. ღამის განმავლობაში ტემპერატურა დაბლა იწევს; თუმცა, ისე ნელა იკლებს, რომ მხოლოდ ღამის მეორე ნახევარში თუ ამოისუნთქავს კაცი. ჰერმინეს, ერევნელ პოეტს, ვისთან ერთადაც საიათნოვას სახელობის ვარდების ფესტივალთან დაკავშირებით ჩამოვედი, უკვე სძინავს. მე კიდევ ვერ ვიძინებ. ფანჯარა ღიაა. შუაღამეს კაი ხანია გადაცდა, მაგრამ ქალაქში სიცოცხლე კვლავ ჩქეფს. თუმცა, ადრე დილით, როცა ყველაფერი მიწყნარდა, ჩემი უძილობა უხვად დასაჩუქრდა, რადგან გავიგონე: სამი თუ ოთხი ქალი მიაბიჯებს მძინარე ქალაქში და მღერის. კრისტალივით სუფთად და პოლიფონიურად. სულ მალე მესმის, საპასუხოდ, თუმცა სულ სხვა მხრიდან, სამი-ოთხი მამაკაცის ხმა, რომლებიც ხმებს ასევე სუფთად უწყობენ. აქაც იგივე პოლიფონიაა.

 

1 2 3 4 5 6