სულ ერთია, ვინ მღერის, – ქალი თუ კაცი, ეკლესიაში თუ სუფრაზე, თუ უბრალოდ თავისთვის, – იქმნება კომპლექსური ჰარმონიკა, რომელიც ეფუძვნება არქაულ ბგერთა თანმიმდევრობას, რაც ჩვენ, მსმენელებს, გვაჯადოებს. ეს ჯერ კიდევ წარსულია თუ უკვე მომავალია? გარდა ევროპული მუსიკის მაჟორისა და მინორისა, ეს პოლიფონიური ნამღერი სხვა სულიერ განწყობებსაც მოიცავს; ამასთან გარდა ნახევარტონებისა უმრავი მეოთხედი და მერვედი ტონებია; თანახმიანობა და დისონანსი ერთმანეთს ენაცვლება და საბოლოოდ ყველაფერი სუფთა კვინტათი მთავრდება. ეს არც ნაღვლიანია და არც მხიარული, უბრალოდ არსებობს მთელი ძალით, რადგან ჩვენ ხომ სულ ვიცოცხლებთ. სიკვდილის შემდეგაც ხომ ჩვენიანებთან ერთად უნდა ვიმღეროთ, ვჭამოთ და ვსვათ. ეს არის საფუძველი სხვა რამისა – თუ რომელი ტონი იქნება იმ მომენტში არჩეული. ასე იქცევა ერთი და რამდენიმე იმ ერთობლიობად, იმ ურთიერთგანმაპირობებლად. კვლავ და კვლავ განიცდება იმად, რაც უკვე არის ერთი და მთლიანი.

საბჭოთა კავშირის დროს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, პირველ რიგში, გაქრა საეკლესიო სიმღერები – საგალობლები. ცალკეულ ოჯახებში   მაინც მღეროდნენ და რაც მთავარია, იწერდნენ ხოლმე. ასე გაუძლო დროს და მოვიდა აქამდე.

საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, საქართველო ჯერ სამოქალაქო ომში ჩაება. 1995-1997 წლებში მწერალმა კლემენს აიხმა სამჯერ იმოგზაურა საქართველოში თავის მაშინდელ ჩანაწერებში ასეთი რამე დაწერა: „იდენტობას და მშვიდობას საქართველო (მხოლოდ) სიმღერაში თუღა პოულობს.“

„წუთისოფელი“ არის აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართული სიტყვა შვეიცარიელი მთარგმნელისა და ლიტერატურული აგენტის რახელ გრატცფელდისთვის, რომელსაც ისე შეუყვარდა საქართველო, რომ თბილისში დასახლდა. რახელმა გამაცნო ბერლინელი ფილოსოფოსის ვილჰელმ შმიდის მოსაზრება „წუთისოფელთან“ დაკავშირებით, რომელიც 1997-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული დოცენტი იყო. იგი გაზეთში »Neue Züricher Zeitung« იგი წერდა: „წუთისოფელში აქ და ახლა  ცხოვრება კი არ იგულისხმება, არამედ განცდა ჩაფლულობისა უფრო ვრცელ დროში, რომელიც თავის მხრივ უსასრულობაშია ჩაფლული. (…) „ხავერდის რევოლუციამ“ საქართველოში გამოიწვია დროის აჩქარება, წუთისოფლიდან ამოვარდნა, დროის შესახებ დასავლეთში არსებულ მოდერნისტულ შეხედულებებში გათქვეფა. ამიტომაც დღეისათვის საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ყველანაირი მოდერნიზირების კვალდაკვალ მთლიანად არ დაიკარგოს წუთისოფლის გავლის ხელოვნება“.

ორმოცი დღე, თუნდაც თერთმეტი კვირა – მოკლე დროა, თვალის დახამხამებაა ქვეყნის გასაცნობად. ჩამოვედი თუ არა, მაშინვე დავიწყე შენელება, სულ უფრო და უფრო არასრულყოფილი ვხდები: და ეს ყველაფერი მთელი სულით და გულით ხდება. თუკი ამ დროს რამეს ვერ ვხედავ, არა უშავს, სხვები დაინახავენ. ისე, სულ კარგი და კეთილი ამბები კი არ ხდება… როგორც ყველგან, აქაც ხან თანახმიანობაა, ხან დისონანსი. თუმცა, ერთი რამ სრულიად აშკარა და გარკვეულია: მე საქართველოში არ ვმოგზაურობ როგორც დიდი ვინმე, ვთქვათ, მნიშვნელოვანი პერსონა.  თუმცა, ამ წუთსა და ამ მომენტში  თავს ასეთად ვგრძნობ, იმიტომ რომ მე ვარ სტუმარი.

„ჩემთვის საქართველო არის დედამიწის საუკეთესო ქვეყანა“, მარწმუნებს მაგდალენა, ჩემი ახალგაზრდა პოლონელი მეგობარი, რომელმაც შარშან აქ მთელი სამი თვე გაატარა. „აქ ყველაფერი უმცირეს ფართობზეა თავმოყრილი: ზღვა, მთა და ქალაქი. ბუნებაც გაქვს, ეკლესია-მონასტრებიც… თუ თბილისში დაგცხება, მთაში წახვალ, ყაზბეგში, მაგალითად, ან სვანეთში, ან სულაც პირდაპირ შავ ზღვაზე… და ყველგან ხვდები კეთილგანწყობილ ხალხს. სადღაც წავიკითხე, რომ ეს ხალხია ამ ქვეყნის ნამდვილი და მთავარი ღირსშესანიშნაობა და ატრაქციონი.  – არა, არა, ძალიან მოგეწონება.“

ჩემმა დრეზდენელმა მეგობარმა ისიც კი გამახსენა, რომ სტალინი საქართველოდან იყო. მანვე მითხრა, რომ არსებობს კვლევები, რომ ხალხის ნაწილი მას დღესაც თაყვანს ცემს; მათ შორის არც თუ ცოტა ახალგაზრდაც.

– ზუსტი ციფრები ხომ არა გაქვს? – ვკითხე მე.

– არ მაქვს, – მიპასუხა. – თუმცა ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერ წარმომედგინა ამხელა, თან ამხელა მსხვერპლის ფონზე.

არსებობს ერთი ძველი ლეგენდა, რომელიც ღმერთსა და საქართველოზე მოგვითხრობს. ეს ლეგენდა იმდენჯერ მოუყოლიათ, უკვე ყველამ იცის და ამიტომაც გამოვტოვებ. თუმცა, ისევე როგორც წუთისოფელი, მრავალხმიანი სიმღერა ან თუნდაც ქართული სუფრა, ესეც ხომ საქართველოა. ამიტომაც მომინდა, ეს ლეგენდა ასე მომეთხრო:

ეს ის დროა, როცა ღმერთი მიწას ხალხებს ურიგებს. ყოველმა ერმა თავისი წარმომადგენელი გააგზავნა და ამიტომაც ეს განაწილება კარგა ხანს გაგრძელდა. ამიტომაც მოინდომეს ქართველებმა, ისევე როგორც სომხებმა, ამასობაში ემღერათ, ეცეკვათ, ესვათ და ეჭამათ, მოკლედ ექეიფათ… მომავალზე არც კი უფიქრიათ: მისი დროც დადგებოდა. სომხებს ბოლოს ქვიანი მიწა შეხვდათ. ქართველებს კი საერთოდ არაფერი. მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ისინი. არავინ იცოდა, და თურმე კიდევ იყო დარჩენილი უკანასკნელი მიწის ნაჭერი, სამოთხის მსგავსი ლანდშაფტით, რომელიც მოიცავდა როგორც ზღვას, ასევე მთას, როგორც უდაბნოს ასევე უხვმოსავლიან ველებს, როგორც პალმებს, ასევე ტანმაღალ ნაძვებს… ისე ამ მიწას ღმერთი თავისთვის ინახავდა, სადაც დაისვენებდა, თვალს მოატყუებდა. ზოგი იმასაც კი ამბობს, მოხუცებულობას გაატარებდაო. თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე, ღმერთმა ეს ადგილი ქართველების სასიცოცხლო სივრცედ განსაზღვრა. ოღონდ გააფრთხილა, სწორედ იმიტომ რომ ეს მსოფლიოს ულამაზესი ადგილია, სულ სტუმრებს გამოგიგზავნით ხოლმეო. კარგად მიიღეთ ისინი, იმის მიუხედავად თუ საიდან მოვლენ და რა რწმენის იქნებიანო.

სტუმართმოყვარეობა საქართველოში, მართალია ჯერჯერობით არა როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მაგრამ მაინც ამ ქვეყნის მთავარი ტიპიური მახასიათებელია. მთავრობამაც, იმის მიუხედავად თუ როგორ არის ესა თუ ის ადამიანი განწყობილი მის მიმართ და რა პრობლემები აქვს ყოველდღიურად, ქართველთა მენტალური სიძლიერე პოლიტიკად აქცია: ტურიზმს დიდი მხარდაჭერა აქვს და ისიც ძლიერდება. მარტო 2016 წელს თითქმის 300 ახალი სასტუმრო აშენდა, სხვადასხვა კლასის. იზრდება აგრეთვე კერძო გაქირავებაც. იზრდება ტურისტების რაოდენობა და 2017 წლის პირველ ნახევარში უკვე ორი მილიონი შეადგინა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.

 

1 2 3 4 5 6