ამ ისტორიის შემდგომი, შესაძლო განვითარება მაინტერესებს და მათ ვუერთდები. ხანდახან ისეთი გრძნობა მაქვს ხოლმე, თითქოს ის ისტორიები, რაც გზად გადამხდება ხოლმე, უკვე მომხდარა, თითქოს სადღაც დაწერილა. და ჩემი თავისუფლება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ვცდილობ, მათ შევეწინააღმდეგო ან ნებაზე მივუშვა. ამ ისტორიას აქ არ მინდა შევეწინააღმდეგო, მიუხედავად ჩემი დაღლილობისა, მხოლოდ ბუნდოვანი წინათგრძნობის გამო. და ისიც ვითარდება. შუა ბუნებაში, გზიდან ცოტა მოშორებით, მაგიდა დგას, ორი გრძელი სკამით. პირველ რიგში, მამაკაცები შესვენებისთვის პირობებს და გარემოს იმზადებენ. თანმოტანილ ჭიქებს წყაროს წყალში ავლებენ და სუფრას შლიან. ცოტა ხანში მაგიდა სავსეა ნაირ-ნაირი ნუგბარით: პური, ყველი, პრასი, წინასწარ სახლში საგულდაგულოდ დატეხილი კაკალი, პომიდორი, კიტრი, ატამი… აქეთ კონიაკი და ღვინო, ყავისფრად შეფერილი. ღვინო, ისევე როგორც კონიაკი შინაურია, რა თქმა უნდა. და ბევრი არ დააგვიანდება იმას, რომ ამ სუფრასთან ერთად ეს ხუთი სვანიც ავტომატურად ჩემი წიგნის პერსონაჟებად იქცევა. სახელებს არც ვეკითხები; ასეთი ფორმულირება – ხუთი სვანი – უკვე სრულიად საკმარისია ჩემი ამბისთვის.
ამ მომენტში გივი მარგველაშვილზე მეფიქრება, რომელსაც, როგორც ვიცი, სვანეთთან საერთოდ არაფერი აკავშირებს; ამავე დროს აქვს რაღაც საერთო, თუნდაც ის, როგორ იწერება ახლა დაკარგული კატერინას ისტორია.
გივი არის მწერალი და ფილოსოფოსი, 90 წლის და ახლა თბილისში ცხოვრობს. სამწუხაროდ, პირადად არასდროს შევხვედრივარ. ზოგმა მითხრა, სტუმრებს აღარ იღებსო. ზოგმა კიდევ, აუცილებლად უნდა მიხვიდეო. ჩემთვის ეს გართულებულ ხანდაზმულობას უკავშირდება და ვეშვები. მაგრამ მისი სახელი ყველა მხრიდან მესმის…
უეჭველია, რომ იგი შემოდის ჩემს მოგზაურობაში, აშკარაა, რომ ფიზიკური არყოფნის მიუხედავად წიგნის ფიგურად არის განსაზღვრული, ოღონდ მასთან შეხვედრა სხვანაირად მოხდება. იუთუბში ვიხედები, მასზე და მისი მონაწილეობით გადაღებულ რამდენიმე მოკლე ფილმს ვპოულობ, ვუსმენ, თუ როგორ გულდასმით არჩევს გერმანულად ლაპარაკისას თავის სიტყვებს, დიახ, ბერლინურადაც კი უქცევს საყვარლად.
ერთ-ერთი პირველ ტექსტი, რომელსაც ქექვისას ვაწყდები ეს მოკლე ტექსტია: შემოქმედო ჩვენო. და მაშინვე ვახერხებ ამ მისეულ მსოფლგაგებაში შეღწევას, ერთიანად ვინუსხები, რადგან სულ ვეკითხებოდი ხოლმე თავს: მაინც ვინ გვწერს ჩვენ? და თუკი ჩვენ დაწერილები ვართ, რამხელა თავისუფლება გვრჩება მაშინ?
და იმ დროს როცა ჩვენ, ხუთი სვანი და მე, ასე კარგად ვისვენებდით პურის, ყველისა და ღვინის თანხლებით, უცბად ვხედავ გზის იქითა მხარეს, რაღაც ფირუზისფერს, რომელიც ზუსტად ჩვენს გასწვრივ მოძრაობს.
ეს ხომ კატარინაა! – ვყვირივარ გახარებული.
ჩემი მეზობელი მაშინვე ხტება ადგილიდან და კატარინას ხელს უქნევს და სუფრასთან იხმობს. კატარინაც მოდის. მართლა ბედნიერი ვარ ჩემი ამბის ასეთი განვითარებით და დასასრულით. მიუხედავად იმისა, რომ სვანები უსახელოდ დამრჩნენ, ისევე როგორც მწყემსები მარგველაშვილის რომანიდან „მუცალი“.
გივი
გივის ფილოსოფიური სიტყვათროკვა თავის სწორს ეძებს, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი პერსპექტივათა განსაცვიფრებელი ცვალებადობის წყალობით ყოველ ჯერზე ახალ გამაოგნებელ ფოკუსს გამოაგდებს ხოლმე და აქედან გამომდინარე, ყველაფერ ამას თითქმის სტოიკური, თან ალბათ ცოტა მიამიტურსაც რომ წააგავს, მაღალნიჭიერად გათამაშებული ლოგიკით ანვითარებს და აგრძელებს. და ასე იქცევა ხუმრობად ის, რაც სამყაროა; და პირიქით სხვანაირად არაა. და ალბათ მხოლოდ ამ გზით შესძლო გივიმ იმ ყველაფრის მერე, რაც მას გადახდა, ჩვენი სამყაროს ატანა.
სიმღერათა შემგროვებელი ეკკერჰარდ მაასი მოგვიანებით მიყვებოდა, თუ როგორ შეხვდა პირველად გივის: ეს მოხდა 1983 წელს, ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში. ორივე პოეტი, ელკე ერბი და ადოლფ ენდლერი საქართველოში პირველი მოგზაურობის წინ აქტიურად ურჩევდნენ, – და ეს მერე გივის 75-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიძღვნაშიც აღწერა, – „აუცილებლად ესტუმრე უცნაურ დისიდენტს გივი მარგველაშვილს, მწერალს, რომელიც იქ, საქართველოში გერმანულად წერს. გივიმ მე ბენი გუდმანის სვინგის თანხლებით მიმიღო…“
აქ მაინც უნდა განვმარტო, რომ გივი 1947 წელს, საქსენჰაუზენის ბანაკის მერე, 19 წლის ასაკში ნაძალადევად წაიყვანეს თბილისში, სადაც პირველად ისწავლა ქართული და რუსული, უნივერსიტეტში ისწავლა გერმანისტიკა, გერმანულისა და ინგლისურის პედაგოგად იმუშავა და ბოლოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში გაამწესეს. სწორედ ამ 1960-იანებში დაიწყო ლიტერატურული, ასევე ფილოსოფიური მოღვაწეობა, თანაც გერმანულად. არაფერი არ გამოქვეყნებულა, არც საქართველოში და არც გერმანიაში, მთელი ოცდაათი წლის მანძილზე. და მისთვის გერმანიასთან და გერმანულ ენასთან დამაკავშირებელი ხიდი, პირველ რიგში ისეთი სტუმრები იყვნენ, როგორებიცაა ჰაინრიხ ბიოლი, ან ელკე ერბი, ადოლფ ენდლერი და ისევ ის ეკერჰარდ მაასი. მათ უჩვენებდა იგი თავის ტექსტებს, ისინი იყვნენ მისი მკითხველები.
თავიდანვე იგრძნობა ამ ტექსტებში წიგნის პერსონაჟების მოტივი, იმ პერსონაჟების, რომლებიც არა მხოლოდ წიგნის ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არამედ ამის გარეთ საკუთარი ცხოვრებაც გააჩნდათ, ოღონდ ასე მხოლოდ მაშინ ცხოვრობდნენ, როცა მათ არავინ კითხულობდა. მათი წიგნში ცხოვრება ამრიგად დამოკიდებული იყო რეალურ პიროვნებებზე, თუ როდის წაიკითხავდნენ ისინი ამ წიგნს ან თუნდაც გადაშლიდნენ.
გივი მარგველაშვილის რომანი „მუცალი“ ასე იწყება: „მე ვარ წიგნის პერსონაჟი“. და რასაკვირველია, ახლა მაინც თავად გივიზე რომ ვიფიქრო. როცა მოგვიანებით ლიტერატურის მუზეუმში დოქტორ ლაშა ბაქრაძეს ვესტუმრე, მუზეუმში, რომელიც უფრო არქივია, ვიდრე მუზეუმი, ალბათ მარბახს თუ შევადარებდი, გავიგე, რომ აქ თავმოყრილია ქართველ მწერალთა შემოქმედება, როგორც მემკვიდრეობა, ასევე მიმდინარე. მაშინვე ვეკითხები, გივი მარგველაშვილის ნაწარმოებებიც ხომ არ გაქვთ-მეთქი.