სამწუხაროდ, გივი მარგველაშვილის არაფერი გვაქვს. მას ძალიან კარგად ვიცნობ. გივის ცოცხალი მემკვიდრეობა ჯერ არ გვაქვს. მისი როლი ქართულ ლიტერატურაში თავისთავად დიდი არ არის, რადგან მე ვფიქრობ: მას ქართველ მწერალს ვერ ვუწოდებთ. ის არის ქართული წარმოშობის გერმანელი მწერალი. ის ყველაფერს გერმანულად წერს. ძალიან მიყვარს. მე მჯერა, რომ იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერალია. რა თქმა უნდა, არა ფართო პუბლიკისათვის, არამედ უფრო მოყვარულებისათვის. და იგი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოაზროვნე. ეს გამოიხატება მათ ფილოსოფიურ მიდგომაში ლიტერატურისადმი. და თავის, როგორც ის მათ უწოდებს, ონტოტექსტებში, რომლებიც იოლი წასაკითხი არაა. თუმცა მისი ბიოგრაფიული რომანი „კაპიტანი ვაკუში“ არის მთელი მე-20 საუკუნის ძალიან საინტერესო წყარო, განსაკუთრებით გერმანიის ნაცისტური პერიოდის, აგრეთვე საბჭოთა ოკუპაციის ხანა. ამასთან იგი ძალიან ხუმარა ადამიანია. მართლა ნამდვილი სიამოვნებაა მასთან შეხვედრა, მასთან საუბარი“.

1993 წელს გივი ბერლინში გადავიდა, თუმცა 2011 წელს კვლავ თბილისს დაუბრუნდა  და დღესაც აქ ცხოვრობს. მან უკვე 90-ს გადააბიჯა.

მისი 90 წლის იუბილე ფართოდ აღინიშნა გოეთეს ინსტიტუტში, სადაც დიდი პატივი მიეგო არა მარტო მის შემოქმედებას, არამედ მის პიროვნებასაც. სამადლობელ სიტყვაში გივიმ აღნიშნა: „მე ვარ ემიგრანტი/გადასახლებული ჩემი მთელი ცხოვრებიდან, თუმცა ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოსა და გერმანიაში მოვახერხე უამრავი წინააღმდეგობის დაძლევა. მე ჩემი ცხოვრება მივუძღვენი ლიტერატურასა და ჩემს სამეცნიერო შრომებს. ერთგზის ემიგრანტი –  სამუდამოდ ემიგრანტია!“

 

წიგნის გმირები

 

მეორე დღეს, უშგულიდან წამოსვლამდე, გარდა კატერინასი, გივის და ხუთი სვანისა, კვლავ გამოჩნდა წიგნის კიდევ ორი ფიგურანტი: რესტორან „კოშკის“ ღია ტერასაზე შემთხვევით შევხვდი გაბის და ტომასს. ორივემ გულღიად შემომღიმა. სვანურმა სულებმა თუ თავად სვანეთმა კარგი სამუშაო გასწია: გაბი და ტომასი ოთხ დღეში სრულიად გახალისდნენ. ისხდნენ ახლა ნებიერად, მზეს ეფიცხებოდნენ, ხელს მიქნევდნენ და წამოსადგომად არც კი შერხეულან.

ჩემი საქმე სხვაგვარად იყო, მე უკან, მესტიაში ვბრუნდებოდი. აი, ჩემი მარშუტკაც მოვიდა. ზედ რესტორნის კართან დაამუხრუჭა. ჩემს გაოცებას და აღფრთოვანებას საზღვარი არ უნდა ჰქონოდა, რადგან საჭესთან იჯდა, – ეს მისი სიტყვებია, – სუპერდრაივერი, თან რა სახელი ჰქვია, მაისა! სუპერმძღოლი ანუ მაისა ჩემი წიგნის მორიგი გმირია, რომელიც ნამდვილ დროში ორი საათი მოქმედებს, მგზავრებით სავსე მანქანას უკან, ბარში მიაბრძანებს, რაც წიგნის სამყაროს დროის ხუთ წუთსაც კი ვერ უტოლდება. იმ ხუთი სვანისგან განსხვავებით კატარინას ამბიდან რომ იცით, სუპერმძღოლი მაისა ამ წიგნის სამყაროში ორი სახელით იმკვიდრებს თავს. ამით უკვე გამორჩეული მოვლენაა. ისე კარგი მონდომებული ვინმე ჩანს: დილიდან უკვე ბათუმი  მოუვლია – ამას  დამტვრეული რუსულით მიყვება, – უშგულშიც ამოსულა და ახლა უკან, მესტიაში ვალმოხდილი უბრუნდება თავის ოჯახს.  თუმცა ჯერჯერობით მე მისი ერთადერთი სტუმარი ვარ და ასისტენტივით წინ ვუზივარ. გზად სამი სტუდენტი გვიქნევს ხელს, მესტიაში მიდიან და თუ შეიძლება გამოგყვეთო, ინგლისურად ეკითხებიან. მე ვუთარგმნი. სუპერმძღოლთან მგზავრობა 20 ლარი ღირს. სამივენი მაშინვე თანხმდებიან და მანქანაში ამოდიან. უეცრად უკნიდან მეორე მარშუტკა გვეწევა. სუპერმძღოლი ამუხრუჭებს და მძღოლები რაღაცას არჩევენ. შორიდან ჩხუბს წააგავს. თურმე ეს სამი სტუდენტი იმისი მგზავრები ყოფილა… ყოველ შემთხვევაში, სამივე უნდა გადავიდეს … სტუდენტები ხმისამოუღებლად ჩადიან, ოღონდ იმ მარშუტკაში არ ადიან და გზას მესტიისკენ ფეხით აგრძელებენ.

ამასობაში გავიგე, რომ თურმე იმ მეორე მძღოლს 40 ლარი მოუთხოვია, და სტუდენტებს უარი უთქვამთ. ჩვენმა სუპერმძღოლმა მაისამ ეს ამბავი ჩემგან როგორც კი გაიგო, დასაბმელი შეიქმნა.

„ეს ხომ სტუდენტებია“, უყვიროდა თავის კოლეგას. „სად აქვთ ამდენი ფული. 40 ლარი! მაგათ მე წავიყვან!“

და რა ხდება? სუპერმძღოლი ასეც იქცევა! მერე გზაში, მათ შორის იმ სამ სტუდენტსაც, თავის გრძელ დღეზე რომ გვიყვებოდა, დრო და დრო შესძახებდა ხოლმე »Lamasia!«  ტყე რომ გავიარეთ, წამოიძახა, ჭალები რომ გავიარეთ, წამოიძახა და მოგვიანებითაც, როცა შორს უკვე მესტიის კოშკები გამოჩნდა, ისევ ეს სიტყვა თქვა. მესტიის ცენტრში შეთის მოედანს რომ მივადექით, საბოლოოდ დაასკვნა: „Lamasia! რა მშვენიერი სიტყვაა, არა?  Lamasia ნიშნავს სილამაზეს. ლამაზი სიტყვაა სილამაზის აღსანიშნად, არა? Lamasia!“

 

 

დღე 40

მოკლე პოლიფონიური ბოლოთქმა

 

წუთისოფლის სტუმრები ვართ … გადი გარეთ, განიავდი! … ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება … ფრთხილად იყავი და  ღამით მარტო არ გახვიდე … ამ ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია … და თუკი შენ მართლა მოინდომებ, ყველაფერს მიაღწევ … ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა … ეს იმას ნიშნავს, რომ ბერები გაფრთხილებული იყვნენ … ჩვენ ყველანი ტრაგიკული ადამიანები ვართ … და ამ თერმულ წყლებს უკავშირდება … გალაკტიკის სპირალები, მარადიულობის ნიშანი … სტუმრები ვართ … და ერთმანეთს რაც ვაამებთ … გაფრთხილებ: სახლში მხოლოდ ლამაზ, კარგ გოგოს მომიყვან! … საქართველო დედამიწაზე საუკეთესო ქვეყანაა … და კვლავ შეუდგა წმინდა ნინო ლოცვას … მარტო ამას ვერ მოვახერხებთ … ჩვენი ხასიათის ყველაზე ძლიერი თვისება ალბათ ისაა, რომ ჩვენ სიხარულის უნარს არასდროს ვკარგავთ … ეს ისაა, რისთვისაც ვცოცხლობთ, თუ არა? … მშვიდობის ამბები … ჩვენ გვაქვს ეს პოტენციალი … ერთ დღესაც აღარ ვიქნებით … იქამდე ხომ შეიძლება თითო-თითო ჭიქა დავლიოთ ხოლმე … წადი.

 

 

გერმანულიდან თარგმნა

შორენა შამანაძემ

 

 

 

1 2 3 4 5 6