სუფრა

 

რა არის ნამდვილი სუფრა? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ ვიცი.
დასახმარებლად მივმართე რალფ ჰალბიგს, საქართველოს-და-სამხრეთკავკასიის ბლოგერს პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, ხელოვნების, ისტორიისა და ქვეყანათმცოდნეობის საკითხებზე, სხვათა შორის სამ მილიონზე მეტი მკითხველით. თავის ბლოგში ის აგროვებს და ფაქტიურად აარქივებს აბსოლუტურად ყველაფერს, ამიტომ ხელი ბევრ რამეზე მიუწვდება. იგი ყურადღებით ცხრილავს ქსელს, ახალ-ახალ ინფორმაციებს ეძებს. კონტაქტშია ქსელის მომხმარებლებთან და უამრავ რამეს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ რალფმა მირჩია სუფრასთან დაკავშირებით მიმემართა ეთნოლოგ დოქ. ფლორიან მულფრიდისთვის. ფლორიანი ჰამბურგელია, ეთნოლოგი და კავკასიოლოგია. სუფრის შესახებ სადოქტორო დისერტაცია აქვს დაწერილი: პოსტსაბჭოთა ზეიმები. ქართული ბანკეტი ცვლილებათა პროცესში.
–  მაგას დაელაპარაკე, – მამხნევებს რალფი. თუმცა ვერ მეუბნება, სად არის ახლა ფლორიანი. ის ხომ სულ სადღაცაა. მეც მივწერე და შემთხვევამ ისე ინება, რომ იგი ზუსტად თბილისში აღმოჩნდა!
–  ბევრი დრო არა მაქვს.
ფაბრიკაში ვხვდებით. ფაბრიკა, დღევანდელი ჰოსტელი, საბჭოთა დროში საკერავი ფაბრიკა, მდებარეობს თბილისის ძველ ქალაქში, ნინოშვილის ქუჩაზე. ეს არის ღია სახლი, სადაც შეგიძლია შეხვდე მეგობრებს, ღამე გაათიო, დაესწრო კონცერტს, გამოფენებს და ა.შ. განსაკუთრებით ახალგაზრდების საყვარელი ადგილია.
სხვათა შორის, ფლორიანი ფაბრიკაში არ გაჩერებულა, იქვე მეგობრებთანაა. მიხარია, რომ ფლორიანსაც შევხვდი და ფაბრიკაც ვნახე ბოლოსდაბოლოს.
მარჯანიშვილის მეტროდან ფეხით მივუყვები. უკვე შორიდან ფასადით მიხვდები, რომ ფაბრიკასთან ხარ – მთლიანად მოხატულია, მათ შორის საბჭოთა დროის ბარელიეფი დაუზიანებლადაა შენარჩუნებული.
ბართან რძიან ყავას ვყიდულობ. ფლორიანიც მოდის, ხელში ჭიქით ყავა უჭირავს. 1960-იანი წლების დროინდელ მაგიდასთან ვსხდებით და ერთმანეთს ვეცნობით, თან პარალელურად ვიგებ, რომ 1990-იანების დასაწყისში ქართული პოლიფონიით აღტაცება მას მისი მეგობრებიდან გადაედო, რომლებიც ჰიდენის ტბაზე ისვენებდნენ და იქაურ ახალგაზრდულ რადიოსადგურის არხზე DT 64, რომელიც 1993 წლამდე დევიზით Power from the East Side მაუწყებლობდა, ამ სპეციალურ მუსიკას ყური მოჰკრეს. მაშინ ფლორიანი ჰამბურგში ეთნოლოგიას სწავლობდა. და ჰიდენის ტბა იყო სწორედ ის ადგილი, ამბობს ფლორიანი, რომელმაც იმ ცივ ზამთარში ქართული პოლიფონია გვაპოვნინა – ჯერ ჩემს მეგობრებს, და შესაბამისად მერე მეც.
საქართველოში თურმე მთებიც, როგორც თვითონ ამბობს, „მხიბლავდა ყოველთვის და თავისკენ მიხმობდა“-ო. და როცა 1955 წელს უნივერსიტეტმა სტუდენტებს ქართული ენისა და მუსიკის კურსი შესთავაზა, ისიც ჩაეწერა. სხვათა შორის, ერთადერთი სტუდენტი იყო. შემოთავაზება ეკუთვნოდა რეზო კიკნაძეს, ქართველს, განათლებით ფილოლოგს, გარდა ამისა მუსიკოსს და კომპოზიტორს. იმისათვის რომ ეს კურსი ადმინისტრაციულადაც ნებადართული ყოფილიყო, იქ კიდევ ფლორიანის ოთხი მეგობარი ჩაეწერა, ისე, ფორმალურად. და ფლორიანმაც დაიწყო ქართულის შესწავლა, ჯერ ლაპარაკი და წერა, თანდათანობით ქვეყნის შეცნობაც.
– დიახ. და რა არის მაინც ქართული სუფრა? – ვეკითხები ბოლოს პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
ფლორიანი მპასუხობს:
–  ‘სუფრა’ სპარსული სიტყვაა და მაგიდის გადასაფარებელს ნიშნავს. და ეს მაგიდის საფარი ხაზს უსვამს მოქმედების ადგილს. მაგიდის საფარი ყველგან შეიძლება გაიშალოს, იატაკზეც კი. და სუფრა პირველ რიგში იწყება იქ, სადაც რამე დასალევია – იგულისხმება ალკოჰოლური სასმელი. აქ უკვე მომზადებულია სიტუაცია. – ამ ორმოცს გადაცილებულ მამაკაცს თხრობის სასიამოვნო მანერა აქვს, თხრობისას თავს ყოველთვის მოსაუბრისკენ ხრის.
– 1990-იანების შუა ხანებში საქართველოში, კერძოდ თბილისში, პირველად ჩამოვედი. ერთხელაც ენის გაკვეთილის მერე ერთ-ერთ პარკში წავედი, უბრალოდ ლუდის დალევა მინდოდა. მეზობელ მაგიდაზე ორი ახალგაზრდა კაცი შევნიშნე, თავიანთვის საუბრობდნენ, ცოტ-ცოტას არაყს წრუპავდნენ და გამხმარ თევზს ციცქნიდნენ. ეს ხმელი თევზი აქ მაშინ ჯერ კიდევ ძალიან პოპულარული იყო. თუმცა ეს ორი უბრალოდ კი არ საუბრობდა; მიუხედავად იმისა, რომ სულ ორნი იყვნენ, თამადა ანუ მაგიდის უფროსი აერჩიათ, რომელსაც სადღეგრძელოს წარმოთქმაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. საუბარიც ამ სადღეგრძელოებზე იგებოდა. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თან კითხვებიც გამიჩნდა: რატომ აკეთებენ ამას? რატომ უბრალოდ არ საუბრობენ? უეჭველია, რომ ერთმანეთს  დიდი ხანია იცნობენ. რა საჭიროა სოციალიზაციის ეს რეგულატორი, რომელიც ყოველთვის მაშინ ამოქმედდება ხოლმე, როცა  საქმეში ალკოჰოლური სასმელის მოხმარება ერთვება? – 1999 წელთან შედარებით სუფრის ტრადიცია მკვეთრად შემცირდა. დღეს მხვდება ხალხი, რომლებმაც ეს ქვეყანა მოინახულეს და ამ ფენომენთან შეხება ერთხელაც კი არ ჰქონიათ. მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო.  – სუფრა არის საკვების ცერემონიზირებული მიღება, რომლის დროსაც საკვები ცოტა არ იყოს და შემაცდენელია, რადგან მთავარი აქ სასმელია. მაშასადამე, ყველა ჯდება და უკვე თავისუფლად შეიძლება ჭამის დაწყება. არ არსებობს რამე ფორმულა, რაც ჭამას წინ უძღვის, რაც ჩვენთან არის, როცა ერთმანეთს ვუსურვებთ ‘Guten Appetit’ ანუ კარგ მადას, ან რამე მსგავსი. ის, რაც მერე სუფრას განსაკუთრებულს ხდის, არის პირველი სადღეგრძელო, რომელიც წარმოითქმება. რადგან, კლასიკური გაგებით, ალკოჰოლის არც ერთი წვეთი არ უნდა დაილიოს ისე, თუკი სადღეგრძელოსთან არ იქნება დაკავშირებული. ეს არის ის, რასაც მე ოქროს წესს ვუწოდებ. ამავე დროს ეს არის ის, რაც საქართველოს ბევრ სტუმარს, განსაკუთრებით ქალებს, ყოველთვის პრობლემებს უქმნის, რადგან მათ ეს წესი არ იციან და ერთად ყოფნისას უბრალოდ თავიანთი ჭიქებიდან მოსვამენ ხოლმე, როგორც მიჩვეულები არიან… ბოლომდე დალევა აუცილებელი არ არის. არსებობს ხალხი, ვინც ამტკიცებს, რომ აუცილებელია. მაგრამ ხშირად არის ხოლმე, რომ შენს სტუმარს, მეტნაკლები კეთილგანწყობით, დააძალებ. თუმცა თავის არიდებაც შესაძლებელია. თუმცა ისეთი სადღეგრძელოებიც არსებობს, როცა მოლოდინი იმისა, რომ ამ ჭიქას აუცილებლად გამოცლი, ძალიან მაღალია, რადგან ამით შენ ხაზს გაუსვამ, თუ რა სერიოზულად აღიქვამ ნათქვამს. მაგალითად, როცა საქმე მიცვალებულებს ეხება. – არსებობს ე.წ. სამხიარულო სუფრები, მაგალითად, ქორწილი და ძეობა. არის ასევე სამგლოვიარო სუფრა, მიცვალებულთან დაკავშირებული.
– და მაგიდები საჭმელებით უნდა იზნიქებოდეს?
–  აქაც არის განსხვავებული მოსაზრებები, ასე უნდა იყოს თუ არა. თუმცა დღესაც ადრინდელივით კარგ ტონად ითვლება სუფრის იმდენი და იმდენნაირი კერძით გაწყობა, რომ მაგიდაზე, პირდაპირი მნიშვნელობით, აღარ ეტეოდეს. ეს არის სტუმართმოყვარეობის დონის/ხარისხის მაჩვენებელი. – 2000-იანი წლების დასაწყისში ცხარე დისკუსია გაიმართა იმის შესახებ, არის თუ არა სუფრა ისეთი ტრადიცია, რომლითაც უნდა ვიამაყოთ, თუ ისეთი ტრადიციაა, რომლითაც არა მარტო არ უნდა ვიამაყოთ, არამედ სასწრაფოდ მოვიშოროთ. ამ მეორე, ბოლო მოსაზრებას გამორჩეულად წარმოადგენდნენ ვარდების რევოლუციის მხარდამჭერები, ანუ მიშა სააკაშვილი და მისი ხალხი. ეს ახალგაზრდები, რომლებიც დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ და ახლა უკან დაბრუნებულიყვნენ, ჩიოდნენ, რომ მათი თანამემამულენი ამდენ დროს უქმად ფანტავდნენ, ამდენ ეკონომიკურ რესურს ანიავებდნენ ამ მიზნით. მათთვის ეს იყო სიყალბის განსახიერება, რომლის გადალახვაც ახლა საჭირო იყო.

1 2 3 4 5 6