შევამჩნიე, ფლორიანმა საათზე როგორ დაიხედა, თუმცა ლაპარაკი უშფოთველად გააგრძელა:
– და თამადა არის ყოველთვის პირველი, ვინც სადღეგრძელოს წარმოთქვამს. ამის მერე უცბად არ უჭახუნებენ ჭიქებს ერთმანეთს, ჯერ სტუმრებს აცლიან, რომ აიტაცებენ ამ სადღეგრძელოს და განავითარებენ. და ეს ფუნქციონირებს თემების მიხედვით. როცა თამადა მაგალითად სადღეგრძელოს წარმოთქვამს სიყვარულზე, იტყვის ყველაფერს, რისი თქმაც ამასთან დაკავშირებით უნდა, ბოლოს ამთავრებს წამოძახილით: ‘გაუმარჯოს!’ ანუ ჩვენებურად ›Prost!‹ და სვამს თავის ჭიქას. სხვები ჯერ არ სვამენ, ჯერ ამ სადღეგრძელოს აიტაცებენ და ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა აზრი გაუვლით თავში თუ გულში სიყვარულთან დაკავშირებით. და ასე გაგრძელდება ხოლმე. თანაც ამ დროს საქმეში აუცილებლად იმპროვიზაციაც ჩაერთვება ხოლმე.
ერთმანეთს გულითადად, ხელის ჩამორთმევით ვემშვიდობებით. ფლორიანი კიდევ ერთხელ მახსენებს, აუცილებლად დავუკავშირდე რეზოს, მის მასწავლებელს, რეზო კიკნაძეს, რომელიც დღეს თბილისის კონსერვატორიის რექტორია.
მალე ჩვენი გზები კვლავ იყოფა. ცოტა ხანი კიდევ ვზივარ, არ მეთმობა ფაბრიკის ატმოსფერო; თავს ვგრძნობ… ჰმ… არა, ახალგაზრდად არა; ბოლო რამდენიმე დღეა ასაკი დავკარგე, ვეღარ ვგრძნობ. აბა რა: როცა გაითავისებ, რომ საცხოვრებლად სულ ერთი წუთი გვაქვს, თან ყველანი წუთისოფელში ვცხოვრობთ, ყველა მასშტაბი მაშინვე ადგილს იცვლის.
დღე 23: გზები
„ჩემს წიგნში მე ვარ უფალი, ვარ შემოქმედი. ასე ლოცულობენ ყოველდღე: ‘შემოქმედო ჩვენო, რომელი ხარ ჩვენი წიგნის სამყაროს ცათა შინა’ (…) ამასწინათ ვიპოვე ჩემი წიგნის ფურცლებშუა ჩადებული პროკლამაციები/ფლაიერები. ისინი ღაღადებენ: ‘არ არსებობს შემოქმედი!’ ან ‘წიგნის ფიგურებო, მოისროლეთ თქვენი თემა და იქეცით რეალურ ფიგურებად!“
გივი მარგველაშვილი „მამაო ჩვენო“
მყინვარი
სულ პირდაპირ უნდა იარო, უბრალოდ წადი, მიხსნის თამუნა, თუ როგორ მივიდე მყინვარამდე. ექვსი საათის გზაა, სამი იქით, სამი – აქეთ.
– რუკა არ დაგჭირდება. ირგვლივ სულ ხალხია ხოლმე.
მყინვარი ეკუთვნის შხარას, საქართველოს უმაღლეს მთას. არ ვარ ალპინისტი, მოგზაურიც კი არ ვარ. უფრო მოსეირნე ვარ, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ საათს შეადგენს. დღეს განზრახული მაქვს შხარას ყინულის განატოტს მივაღწიო.
დილის რვა საათს ცოტა გადაცდა, როცა სახლიდან გავედი. გზაზე მარტო მივდიოდი. ზემოთ ავდივარ ლამარიას ეკლესიამდე და მერე ენგურს მარცხნივ მივუყვები. მზე მაღლა იწევს. აგერ უკვე ფართე გრძელი ნაკადული, ენგურის შენაკადი მიღობავს გზას და ჯერ კაციშვილი არ შემხვედრია.
– ალბათ გზა ამებნა – ვასკვნი და უკან ვტრიალდები. ცოტა ხანში მხვდება ოცდათხუთმეტამდე წლის ქალი. ველაპარაკები, ჯერ ინგლისურად. მაგრამ კატარინა აღმოჩნდა გერმანელი, ცხოვრობს საფრანგეთში და მუშაობს სასტუმროში. საქართველოში მარტო მოგზაურობს.
უბრალოდ აღნიშვნებს უნდა მიაქციო ყურადღებაო და გზის მაჩვენებლებზე მიმითითებს და თან თვითონაც პირველადაა და ცდილობს გაერკვეს სიტუაციაში. რახან უკვე გავიგე, რომ სწორ გზას ვადგავარ, მაშინვე სხვანაირად შემოვუარე ამ საქმეს: ამ ძლიერ ნაკადულს ავუყვები, ას მეტრში თავთხელს ვიპოვი და წყალში გავალ. ახლა უკვე ერთად მივდივართ, მე და კატარინა, და ძლევამოსილ შხარას სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით. მდინარის ჭალები უხვადაა მოფენილი ყვავილის მდელოებით. ეს ველები რომ მთავრდება, კლდის ნასხლეტებით მოფენილი მინდორი იწყება. მოპირდაპირე ნაპირიდან ეშვება და ენგურამდე აღწევს ჭუჭყიანი თოვლით გაქვავებული მყინვარის ენა.
თამუნა ცამდე მართალი ყოფილა: რუკა მართლა არ გვჭირდება. უკან თუ მიიხედავ, შორით ჯერ კიდევ დაინახავ ლამარიას კოშკს, წინ კი უკვე გველოდება თვალუწვდენელი დიდებული მთა. სწორედ ახლა გვხვდება პირველი გზამკვლევი, ერთადერთი მთელს ამ მანძილზე და კიდევ ერთხელ მიდასტურდება ის, რაც უკვე ვიცი.
ამ გზამკვლევის უკან გადაჭიმულია მომაღლო ნათესებიანი მინდორი, მაღალი, ყვითელი ორქიდეებიც. კატარინას ფირუზისფერი მაისური ამ ხშირ ფოთლებსა ბუჩქებშიც მკვეთრად ანათებს.
გზა სულ უფრო ვიწროვდება, ქვიანი ხდება; შხარას მწვერვალი ამასობაში ღრუბლებში ჩაიძირა.
ბოლოს მთის ძირსაც მივაღწიეთ. წინ უკვე ქვის ნატეხებიანი მინდორია, რომელზეც მძლავრი მყინვარის სითეთრეშელანძღული ენა მოიკლაკნება.
მაშ, ახლა აქეთ უნდა წავიდეთ. და ჩვენც, კატარინა და მე, ამ ნამსხვრევებზე გავლით ზემოთკენ მივემართებით. თუმცა რაც უფრო მაღლა მივიწევთ, მით უფრო მიხშირდება სუნთქვა და მით უფრო მძიმედ მაწვება სიმაღლე მკერდზე. ბოლოს გადაწყვეტილებას ვიღებ და უკან ვბრუნდები. კატარინა ხელს მიქნევს და ჩვენი გზები იყოფა. ქვევით როგორც კი ჩავედი და ზევით ავიხედე, უკვე აღარ ჩანდა, მისი ფირუზისფერად მოელვარე მაისურის კვალიც კი არ ილანდებოდა. ვაითუ ვეღარ…? გულდამძიმებული დავადექი უკანა გზას. კატარინა, რომელიც თავისი გამოჩენით ამიერიდან ჩემი წიგნის გმირადაც იქცა, ჩემთვის სულ ერთი ვერ იქნებოდა. გზაში უკვე დავიწყე შესაბამისი ტექსტის შედგენა: „ძვირფასო კატარინა, თუკი ამ სტრიქონებს კითხულობ, აქ ჩემს წიგნში, გთხოვ, გამომეხმაურო!“
როცა სამი საათის შემდეგ უშგულის ლამარიას მივაღწიე, გზად ხუთი ქართველი შემომხვდა, ოთხი მათგანი ჩემზე ცოტა უფროსი იქნებოდა, მეხუთე კი აშკარად უფრო ახალგაზრდა იყო. ქანცგაწყვეტილი ვესალმები: ხოჩა ლადეღ!
მათგან უხუცესი მაშინვე მეპასუხება, უჩვეულოდ კეთილმოსურნედ:
– მე თქვენ გიცნობთ, – მეუბნება უეცრად კარგი რუსულით. – თქვენ კოშკის მუზეუმში იყავით. აქეთ მოდიხართ. მე გეპატიჟებით.
– საით? შორს ვეღარ წამოვალ. – შორს არ მივდივართ. გვინდა, ცოტა შევისვენოთ. – მეუბნება და თან სავსე ცელოფნის პარკებს მაღლა წევს, რომ კარგად დავინახო. მხოლოდ ახლა ვამჩნევ ორ პლასტიკატის ბოთლს, თან რომ ჰქონდა წამოღებული. პატარა ბოთლი, როგორც მალე გავიგე, კონიაკით იყო სავსე, დიდი – ღვინით.