დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიდი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი [პირველი ნაწილი]
დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიდი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი [პირველი ნაწილი]

გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტზე – დამფუძნებელ კრებაზე. მსმენელს წარმოვუჩენთ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის წარმომადგენლის- ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრის, ნიკო ნიკოლაძის პორტრეტს. გადაცემის სტუმართან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ოთარ ჯანელიძესთან ერთად მიმოვიხილავთ ამ დიდი პუბლიცისტისა და კრიტიკოსის მოღვაწეობას. აღვნიშნავთ, რომ, ნიკო ნიკოლაძე იყო დიდი ილიას თანამებრძოლი, უკანასკნელი ,,თერგდალეული”, მრავალი ეროვნული მნიშვნელობის პროექტების ინიციატორი და სულის ჩამდგმელი. მათ შორის, განსაკუთრებულია მისი ღვაწლი და დამსახურება ფოთის კეთილმოწყობის საქმეში. ხაზგასმულია, რომ ნიკო ნიკოლაძე იდგა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნების სათავეებთან და იყო ამ პარტიის პირველი ნომერი დამფუძნებელი კრების არჩევნებზე წარდგენილ საარჩევნო სიაში. მსმენელს შევახსენებთ, რომ 1919 წელს, სწორედ ამ პარტიის სიით გახდა იგი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წევრი, სადაც გზათა მუდმივ კომისიაში მუშაობდა; თუმცა, იმის გამო, რომ, მას, პირველი რესპუბლიკის ეკონომიკურ მისიაში საზღვარგარეთ დიდი ხნით მივლინება და ქვეყნის დატოვება მოუხდა, საკმაოდ მძიმე არჩევანი გააკეთა და დათმო დეპუტატის მანდატი. მაშინ, მან ჩათვალა, რომ, მისი ეკონომიკური მიმართულებით საქმიანობა ქვეყნისთვის უფრო მეტად სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო და აქედან გამომდინარე კანონშემოქმედებითი ასპარეზი თავის თანაპარტიელ ალექსანდრე ასათიანს დაუთმო. გადაცემაში ყურადღება გამახვილებულია ნიკო ნიკოლაძის მონაწილეობაზე ბათუმის კონფერენციაში. ხაზი გვაქვს გასმული, რომ ბათუმში, სწორედ ნიკო ნიკოლაძის მიერ იქნა შედგენილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი.

დამოუკიდებლობის 1028 დღე