არქივი ყველას
საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი მაუწყებელი საქართველოში, რომელიც ინახავს 1956 წელს დაარსებული სახელმწიფო ტელევიზიისა და უფრო ადრე, 1925 წელს დაარსებული რადიომაუწყებლობის მიერ, ათეული წლების განმავლობაში, შექმნილ უნიკალურ მასალებს (აუდიო და ვიდეოჩანაწერებს, მხატვრულ, დოკუმენტურ, სამეცნიერო-პოპულარულ, ქრონიკალურ ფილმებსა და ფოტომასალას).
მაუწყებლის მიერ ათწლეულების განმავლობაში შექმნილი პროდუქცია შინაარსით, სტრუქტურით, მონაწილე პერსონაჟებით წარმოადგენს არა მხოლოდ ეროვნულ საგანძურს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშადაც მიიჩნევა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი 2015 წლის შემოდგომის სეზონიდან ახორციელებს ახალ პროექტს “არქივი ყველას”. პროექტის მიზანია ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია არქივში დაცული მასალების შესახებ, ხელმისაწვდომი გახადოს ის ნებისმიერი ადამიანისთვის, მოახდინოს დაცული მასალების მიზნობრივად და საინტერესოდ გაცოცხლება-გამოყენება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე პერიოდულად განთავსდება არქივში დაცული სხვადასხვა სახის უნიკალური მასალა. მაუწყებელი ზრუნავს საზოგადოების ნებისმიერ წევრზე და ამიტომ ვებგვერდზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის (სმენადაქვეითებული, უსინათლო) ადაპტირებულ მასალებს განათავსებს.
აუდიოფონდი
აუდიოფონდში დაცულია მასალები იმ პერიოდიდან, როდესაც შესაძლებელი გახდა ხმის მაგნიტურ ფირზე ჩაწერა და შენახვა (1937წ). გარდა ამისა, რადიოს ფონდში დაცულია ამიერკავკასიაში პირველი ხმის ჩამწერი ინგლისური ფირმა “გრამაფონის” აღდგენილი და გასუფთავებული ჩანაწერები 1901 წლიდან.
ფონდი მდიდარია ადგილობრივი წარმოების და შემოტანილი საბჭოთა თუ უცხოური ჩანაწერებით და წარმოადგენს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ფასდაუდებელ საგანძურს.
კინოფონდი
კინო-ფოტო ფონდში დაცულია ვიდეო ჩაწერის ეპოქამდე და შემდგომი პერიოდის სპეციალურად ტელემაუწყებლობისათვის 35 და 16 მმ კინოფირზე გადაღებული ფილმები, საფონდო მასალები, სიუჟეტები.
პირდაპირ ეთერში მიმდინარე სპექტაკლების, კონცერტების, გამოსვლების, პირდაპირი ტრანსლაციებისა და სხვა გადაცემების მონიტორიდან კინოფირზე გადაღებული გადაღებული ასლები; სპეციალურად ტელეხედვისთვის კინოფირზე გადაღებული სპექტაკლები და ფრაგმენტები სპექტაკლებიდან;
ცალკეული შემსრულებლები, გამოსვლები, მოვლენები და ფაქტები; საქართველოს და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების, სოციალისტური ბანაკის ცხოვრების ამსახველი მასლები. საბჭოთა და უცხოური (ტირაჟირებული) კინოქრონიკები, მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, რომლებიც გადაიცემოდა საქართველოს ტელევიზიის ეთერით.
ქართული ტელეფილმების სტუდიის მიერ გადაღებული მხატვრული, დოკუმენტური, მუსიკალური და მულტიპლიკაციური ფილმები; საფონდო სიუჟეტები, კინოჟურნალები და ალმანახები.
ფოტოფონდი
ფოტოფონდებში დაცულია გამოჩენილი ადამიანების, მოწინავე მშრომელების, სახალხო მეურნეობის განვითარებისა და აღმშენებლობის, ხელოვნებისა და სპორტის მიღწევების, პოლიტიკის, გეოგრაფიის, ბუნების ამსახველი ფოტომასალა და სხვა.
ვიდეოფონდი
ვიდეოფონდში დაცულია ვიდეოჩანაწერები ვიდეოჩაწერის სისტემების დამკვიდრებიდან (1970 წლიდან) დღემდე.
პირველი თაობის Q და C ფორმატის, VHS, SVHS, BETACAM ანალოგურ და DVCAM, DVD ციფრულ მატარებლებზე ჩაწერილი მხატვრული, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები;
ქრონიკალურ- დოკუმენტური მასალები; ე.წ. “პერესტროიკის” და დამოუკიდებლობის პირველი წლები, სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები, საშინაო და საგარეო პოლიტიკა;
საზოგადოება და სოციალური მდგომარეობა; საქართველოს პარლამენტის სხდომების ისტორიული ჩანაწერები და სხვა ისტორიული მასალები.