უნივერსიტეტების მარკეტიზაცია

ფოტო: როლექსის სასწავლო ცენტრი, ლოზანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი

ისტორიულად, სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა იმით განისაზღვრებოდა, რომ სახელმწიფოსთან მიმართებაში უნივერსიტეტს გააჩნდა საკუთარი ზოგადი მისია. ამ მისიის ქვეშ მოიაზრებოდა ის, რომ უნივერსიტეტი, როგორც საჯარო და სოციალური სიკეთე, გაატარებდა სახელმწიფო ინტერესს ისეთ ზოგად საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის სოციალური თანასწორობის მიღწევა განათლების გზით, ან სახელმწიფოს ერთიანობისა და მთლიანობის იდეის კონსოლიდაცია. ამგვარ ზოგად საკითხებში სახელმწიფოსთან ურთიერთობის „გარიგების“ გზით, სახელმწიფო მხარს დაუჭერდა უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების არსებობას, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, ხოლო უნივერსიტეტი მოახერხებდა ავტონომიის შენარჩუნებას იმ ფუნდამენტურ საუნივერსიტეტო და აკადემიურ საკითხებში, როგორიც სასწავლო და სამეცნიერო პროცესების კონტროლი: ანუ, კონტროლი იმისა, თუ ვინ უნდა განსაზღვროს სასწავლო პროგრამა, და რა საკითხები უნდა იკვლიონ მეცნიერებმა. ამგვარად, აკადემიური ავტონომია გულისხმობდა სასწავლო და სამეცნიერო პროცესებში აკადემიკოსთა უპირობო დამოუკიდებლობას, რაც განსხვავებული იყო უნივერსიტეტსა და სახელმწიფოს შორის  ურთიერთობის განსაზღვრულობისგან.

70-80-იან წლებში, განვითარებულ ქვეყნებში, უნივერსიტეტსა და სახელმწიფოს ამგვარმა ურთიერთობებმა ცვლილებები განიცადა. ამერიკელი სოციოლოგის, დანიელ ბელის მოსაზრებით, ეს დაკავშირებულია ინფორმაციული საზოგადოებისა და ცოდნის ეკონომიკის განვითარებასთან, რომელმაც შეცვალა განათლების, ეკონომიკისა და შრომის ბუნება.

ინფორმაციისა და ცოდნის ეკონომიკის თავისებურება ის არის, რომ აქ ეკონომიკური ზრდა – წარმოება თუ მომსახურება – წარიმართება ინფორმაციასა და ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით და უმთავრესად ეყრდნობა არა ფიზიკურ, არამედ ინფორმაციულ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და რესურსებს; ასეთი ინფორმაცია და ცოდნები წარმოების პროცესში ანაცვლებენ კაპიტალს და ახლებურად წარმოშობენ ტექნიკურსა და სამეცნიერო პროგრესს, ხოლო მომავლის ეკონომიკა დაფუძნებული ხდება არა რეალური პროდუქციის წარმოებაზე (რეალური წარმოების გადატანა ხდება სხვაგან), არამედ ინფორმაციის ფლობასა და დამუშავებაზე, ასევე მის გავრცელებასა და მანიპულაციაზე. შესაბამისად, ეკონომიკური ინტერესი რეალური პროდუქციის მწარმოებლიდან გადადის ცოდნისა და ინფორმაციის მწარმოებელზე. ეკონომიკური ზრდა კი თავის მხრივ, მოიაზრებს იმ ადამიანების ზრდას, რომელთაც შეუძლიათ ცოდნის გავრცელების ფუნქცია შეასრულონ – ეკონომიკური ზრდა საჭიროებს უმაღლესი განათლების მქონე უფრო მეტ ადამიანს. შესაბამისად, ინფორმაციულ საზოგადოებასა და ცოდნის ეკონომიკაში გადასვლა უნივერსიტეტს აქცევს დაწესებულებად, სადაც სტუდენტები განათლებას დიდწილად ეკონომიკური დანიშნულებისათვის იღებენ, ხოლო ეკონომიკური სიკეთე აპრიორი უპირველეს სიკეთედ ითვლება. მეტიც, ამგვარი თეორიული დაშვებით, უნივერსიტეტი პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ანაცვლებს ინდუსტრიულ წარმოებას და იქცევა ერთგვარ, ახალი სახეობის საწარმოს ტიპის დაწესებულებად.

უნივერსიტეტის საწარმოსთან გაიგივების დაშვება შესაძლოა დღეისათვის გადაჭარბებული პროგნოზირება იყოს. ამასთან, ცოდნის როლის ახსნა და მოხელთება დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკაში არ არის ასეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი გაგებით, ნებისმიერი ეკონომიკა გარკვეულწილად ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკაა და „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის“ იმიჯი საზოგადოების მხოლოდ ჰეგემონურ წარმოსახვას და თვითაღწერილობას წარმოადგენს, მაშინ როდესაც უფრო მართებული იქნებოდა ცოდნის საზოგადოებაზე მსჯელობა.

თუმცა ერთი რამ ცხადია, ინფორმაციული საზოგადოება ცვლის უნივერსიტეტის არსის შესახებ ნარატივს: ამ ახალი სახეცვლილი როლით, უნივერსიტეტი დგება უამრავი ახალი გამოწვევის წინაშე: ის ნელ-ნელა კარგავს იმ ძველი სოციალური და საჯარო სიკეთის როლს, სადაც სტუდენტებს  უბრალოდ განათლება უნდა მიეღოთ იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს ზოგადად კარგია, და მისი მისია და იდენტობა იცვლება: ახალ ეპოქაში, სტუდენტთა მიერ განათლების მიღება უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას ხოლო მეტი სტუდენტი იგივდება მეტ ეკონომიკურ ზრდასთან. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, უკავშირდება 70-იანი წლების შემდგომ გავრცელებულ იმ თეორიულ დაშვებასაც, რომ ეკონომიკური ზრდაა ის აპრიორი და აუცილებელი სიკეთე, საითკენაც უნდა ვისწრაფოთ, და რომ სოციალური თანასწორობა მიიღწევა მხოლოდ ეკონომიკური ზრდით, და არა ვთქვათ – არსებულის გადანაწილებით, როგორც ეს მანამდე მიაჩნდათ.

სწორედ ამ პროცესების ფონზე, ნელ-ნელა გაიზარდა სტუდენტთა რიცხვი მრავალ ქვეყანაში და ყველაზე მასშტაბური ზრდა მეოცე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა. სტუდენტთა გაზრდილმა რაოდენობამ დღის წესრიგში დააყენა გაზრდილი ხარჯებისა და საჯარო უნივერსიტეტების დაფინანსების პრობლემა, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისებისა და სოციალური პოლიტიკაზე “ქამრების შემოჭერის” მიდგომამ და სახელმწიფო დაფინანსების შემცირებამ კიდევ უფრო გააძლიერა. ამ გამოწვევებს რიგმა უნივერსიტეტებმა იმით უპასუხეს, რომ გაზარდეს სტუდენტთა გადასახადები, რის პარალელურადაც გაიზარდა აკადემიური პერსონალის სამუშაო დატვირთვა და შემცირდა და ბუნდოვანი გახდა მათი საკონტრაქტო წლები, რამაც არასტაბილური (ე.წ. “პრეკარიატული”) გახადა აკადემიური პერსონალის მომავალი; დაკნინდა ჰუმანიტარული დისციპლინების მნიშვნელობა ეკონომიკური დისციპლინების წინ წამოწევის ხარჯზე და შეიქმნა დისციპლინარული იერარქია ეკონომიკის უპირატესობით, ანუ ე.წ. „ეკონომიკის იმპერიალიზმით.“ გარდა ამისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში გაძლიერდა მენეჯერთა და არა აკადემიკოსთა კლასი, რომელთაც უნივერსიტეტის მართვა კორპორატიული ლოგიკით დაიწყეს, მართვის პროცესებს ჩამოშორდა აკადემიური ფაკულტეტი, ხოლო კონკურენციის ნარატივი გახდა ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი განათლების იდეის განსაზღვრისას. ამგვარად, უნივერსიტეტები ნელ-ნელა გადაიქცნენ ბაზრისთვის დამახასიათებელი ქცევის აქტორებად, რომლებიც ოფშორული კაპიტალის ბაზრებზეც კი აქტიურად არიან წარმოდგენილი ინვესტორებად, მათ შორის იმგვარ საკითხებშიც კი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ განხორციელებულ კვლევის პროექტების ამოსავალ იდეებთან (მაგალითად მდგრადი განვითარების იდეასთან). უმაღლესმა განათლებამ, ამგვარად თანდათანობით გასაყიდი საქონლის როლი შეითვისა, ხოლო სტუდენტები გახდნენ უმაღლესი განათლების ბაზრის მომხმარებლები.

საჯარო უნივერსიტეტების წინაშე არსებული ფინანსური გამოწვევები, ცხადია არ წარმოადგენს მხოლოდ საბიუჯეტო და ფინანსურ გამოწვევებს, ის იმ უფრო ფართო იდენტობის კრიზისის სიმპტომატური ნაწილია, რაც უმაღლესი განათლების იდეას ბოლო ათეული წლების განმავლობაში დაემართა და რომელმაც შეცვალა უნივერსიტეტის არსი. ამ პროცესებს თეორიული ლიტერატურა უმაღლესი განათლების მარკეტიზაციად – ანუ მის „ბაზრად ქცევად“ და „აკადემიურ კაპიტალიზმად“ მოიხსენიებს, და მისი მთავარი მახასიათებელია უმაღლესი განათლების ინსტიტუტების მხრიდან შემოსავლის მიღების ინტერესი უნივერსიტეტის  საგანმანათლებლო და კვლევითი ფუნქციებიდან.

ქართული კონტექსტი, რა თქმა უნდა, თვისობრივად ძალიან განსხვავებულია პოსტინდუსტრიული ქვეყნების კონტექსტიდან და ქართულ უმაღლესი განათლების ინსტიტუციურ პრაქტიკებს, ცხადია პირდაპირ ვერ შევადარებთ იქ არსებულ სიტუაციებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოში სრულიად სპეციფიკური კონტექსტი შეიქმნა, აქ ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა, რაც დასავლეთის ქვეყნებში 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისს და მის შედეგად შემცირებულ სახელმწიფო სუბსიდიებს უკავშირდება, საქართველოში 90-იანი წლების შემდგომ ე.წ. “დემოკრატიულ ტრანზიციასთან” ერთად მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, ქართული უმაღლესი განათლების სისტემას, და მთლიან საზოგადოებას, არ უსარგებლია გარდამტეხად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციებით, რითიც ევროპული ქვეყნები 100 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ და რამაც უმაღლესი განათლება ამ ქვეყნებში მასიური გახადა. ამდენად, იმის გაგება, თუ რამდენად შეიცვალა უმაღლესი განათლების არსი საქართველოში და რას წარმოადგენს იგი დღეს, პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის კონტექსტის სიღრმისეული განხილვის გარეშე შეუძლებელია. ამასთან, შეუძლებელია განათლების პოლიტიკა, როგორც სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ეკონომიკური პოლიტიკისაგან განცალკევებით განვიხილოთ.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, უმაღლესი განათლების სექტორში, სახელმწიფოს მიერ განვითარების მყარი ხელშეწყობის წინაპირობის გარეშე მოხდა მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენციის იმპერატივების დამკვიდრება. დღეისათვის, საქართველოში, სადაც მოსახლეობა 3 713 804 კაცს შეადგენს, ფუნქციონირებს 73 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთა დაახლოებით 80%-ს კერძო უმაღლესი დაწესებულებაა, ხოლო კერძო უნივერსიტეტები, როგორც წესი, ითვლება (რიგ შემთხვევაში სამართლიანადაც), რომ უფრო მაღალი და ორგანიზებული ხარისხის სწავლების პროცესს სთავაზობენ სტუდენტებს, თუმცა სწავლების საფასური ამ დაწესებულებებში მაღალია და ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასით თუ ვისმჯელებთ, მოსახლეობის უმეტესობისათვის ის ხელმისაწვდომი არ არის.

კერძო და საჯარო უნივერსიტეტების ამგვარი გადანაწილება გასაკვირი არც არის თუ გავითვალისწინებთ დაფინანსების სქემის არასამართლიან და არასაკმარის პირობებს, რომელშიც სახელმწიფო უნივერსიტეტები არიან ჩაყენებული: სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლის ძირითად წყაროს დღესაც მხოლოდ სტუდენტებისათვის გაცემული ვაუჩერები (რაც მოიცავს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტებს, სტუდენტთა სოციალურ გრანტებს, სახელმწიფო სტიპენდიებს, ბაკალავრიატის პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიმართულებების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას) შეადგენენ, რა ვითარებაშიც რთულდება ხარისხიანი უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციური და გამოყენებითი კვლევების განვითარებასთვის სათანადო ყურადღების მიქცევა, რაც თავის მხრივ, საჯარო სივრცეს გაამდიდრებდა განვითარების ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებით. აქ არ გვხვდება ფუნდამენტურ საუნივერსიტეტო მეცნიერებათა მაღალი დონე, რაც წლების წინ მეცნიერებათა აკადემიასა და მასთან არსებულ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს ახასიათებდათ, და რაც თბილისს ხდიდა სამეცნიერო ცენტრად არა მხოლოდ საკავშირო, არამედ საერთაშორისო დონეზე, ხოლო ქართველ მეცნიერთა და ფილოსოფოსთა  შრომები ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ევროპისა და აზიის ქვეყნებში (იხ. ს. ჯორბენაძის თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია, 1988).

ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სახელწიფოს ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობა სერვისის ეკონომიკას, რაც მეცნიერებასა და კვლევას ნაკლებად საჭიროებს. სერვისის ეკონომიკა ასევე ნაკლებად საჭიროებს რიგ დისციპლინარულ დარგებს, რომელთა შორისაც ხვდება ფილოსოფიის, ჰუმანიტარული და ხელოვნების დარგები, რაც ავტომატურად ქმნის დისციპლინარული იერარქიის პრობლემას.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებისაგან განსხვავებით, საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის პოლიტიკა იმგვარად გადადის საბაზრო ლოგიკაზე, რომ მას არ გამოუვლია მყარი, განგრძობითი და თანმიმდევრული სახელმწიფოებრივად მხარდაჭერილი ინსტიტუციური გაძლიერება. ეს პროცესები კი საქართველოში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და უმაღლესი განათლებისა და კვლევის მდგომარეობას ბევრად უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას