უმაღლესი განათლება - კიბე თუ ბარიერი?
ლელა ჩახაია

ლელა ჩახაიაევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (EUI) დოქტორი პოლიტიკურ მეცნიერებებში. იგი მუშაობს პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში განათლების უთანასწორობისა და სოციალური სტრატიფიკაციის საკითხებზე.

 

საქართველოში ძალიან ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უნივერსიტეტში ახლა ყველა აბარებს, რომ ამდენი უმაღლესდამთავრებული ასეთ პატარა ქვეყანას არ სჭირდება და რომ ამდენი უმაღლესდამთავრებულის დასაქმების რესურსი არ არსებობს. საკითხავია, აქვს თუ არა თითოეულ ამ მოსაზრებას რეალური საფუძველი.  

უმაღლეს განათლებას, საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ დონეებზე სხვადასხვა ფუნქცია, მიზნები და დანიშნულებები აქვს. საზოგადოებისთვის უმაღლეს განათლებაში ინვესტირება შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ეკონომიკური პროგრესისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, საერთო კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ინდივიდუალურ დონეზე უმაღლესი განათლების ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობად შეიძლება ჩავთვალოთ მისი გავლენა პირად კეთილდღეობაზე: ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ-კულტურულ სტატუსზე, პირად ცხოვრებაზეც კი.

გარდა ამისა, უმაღლესი განათლების არსი მნიშვნელოვნად შეიცვალა წლების განმავლობაში: თუკი 50-იან წლებში, უნივერსიტეტები ძირითადად ელიტურ აკადემიურ დაწესებულებებს წარმოადგენდა, დღეს უკვე უმაღლესი განათლების ფართო მასებში გავრცელებაზე საუბრობენ განვითარებად ქვეყნებშიც კი. სტუდენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა უმაღლეს განათლებაში კერძო დანახარჯების წილი, ძირითადად სწავლის საფასურის სახით. უმაღლეს განათლებაში ინდივიდუალური ინვესტიციების ზრდა, სტუდენტებსა და მათ მშობლებში პირადი სარგებლის მიღების მოლოდინს იწვევს და უნივერსიტეტებიც ცდილობენ, ისეთი პროგრამები/მომსახურება შესთავაზონ სტუდენტებს, რომელიც მათი დასაქმების და მაღალი შემოსავლის ქონის შანსებს გაზრდის. რეალურად რას მოითხოვენ სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებისგან, რა სჭირდება სახელმწიფოს უმაღლესი განათლების სისტემისგან და როგორ უნდა მოხდეს ამ ინტერესების ერთმანეთთან შეთავსება?     

ვინ და რატომ აბარებს უნივერსიტეტში საქართველოში?

მიუხედავად პოპულარული მოსაზრებისა, რომ საქართველოში “ყველა უნივერსიტეტს ამთავრებს”, სინამდვილეში სხვადასხვა გამოკვლევების, მიხედვით 25-34 წლის მოსახლეობაში უმაღლესგანათლებამიღებულთა წილი დაახლოებით 35 პროცენტია. შედარებისათვის, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 20-დან 70 პროცენტამდე ვარირებს და საშუალოდ 43 პროცენტია.

რამდენად მნიშვნელოვანია დასაქმების პერსპექტივა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას? განათლების დაგეგმვის, კვლევისა და მართვის ინსტიტუტის მიერ 2012 წელს ჩატარებული კურსდამთავრებულთა გამოკითხვა ამ მხრივ ძალიან საინტერესო შედეგებს გვაჩვენებს: გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი ასახელებს დასაქმების შანსების ზრდას უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების ძალიან მნიშვნელოვან მიზეზად. მეორე მხრივ, გამოკითხულთა 67-მა პროცენტმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტში სწავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს თანატოლების ზეგავლენა. ასევე, 34 პროცენტი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების სურვილი. ანუ, რეალურად სტუდენტების უმეტესობისთვის უმაღლესი განათლების მიღების უმთავრესი მიზანი არა პრაქტიკული, არამედ სოციალური სარგებლის მიღებაა.

მიუხედავად პოპულარული მოსაზრებისა, რომ საქართველოში “ყველა უნივერსიტეტს ამთავრებს”, სინამდვილეში სხვადასხვა გამოკვლევების, მიხედვით 25-34 წლის მოსახლეობაში უმაღლესგანათლებამიღებულთა წილი დაახლოებით 35 პროცენტია.

იგივე გამოკვლევის ფარგლებში, შეკითხვაზე, თუ რა იყო კონკრეტული სპეციალობის/საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამის შერჩევის მთავარი  და სპეციალობის შერჩევისას? მხოლოდ 2 პროცენტმა დაასახელა დასაქმების პერსპექტივა საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების პირველად მიზეზად. კურსდამთავრებულთა ყველაზე დიდმა ნაწილმა ფაკულტეტის და სასწავლებლის პრესტიჟულობა დაასახელა საბაკალავრო პროგრამის შერჩევის ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად. აქაც, წინა შეკითხვის მსგავსად, უმეტესობისთვის უფრო მნიშნელოვანია სოციალური აღიარება, ვიდრე ის, თუ რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ საუნივერსიტეტო განათლებისაგან.

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება, 2018

შესაბამისად, შეკითხვები – “რაში სჭირდება ქვეყანას ამდენი უმაღლესდამთავრებული”, “როგორ უნდა დასაქმდეს ამდენი უმაღლესდამთავრებული” – არასწორად არის დასმული. უმაღლეს განათლებას იღებენ არა იმისთვის, რომ ქვეყანას სჭირდება – ანუ უმაღლესი განათლების საზოგადოებრივ სარგებელზე სტუდენტები ნაკლებად ფიქრობენ და ეს გასაკვირი რა თქმა უნდა არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არც დასაქმება, ან შემოსავლის გაზრდა არის მათი მიზანი. უმაღლესი განათლება, უპირველეს ყოვლისა, უმეტესობას სჭირდება სოციალური სტატუსის ასამაღლებლად/შესანარჩუნებლად; მშობლების, თანატოლების და საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამ შემთხვევაში არის თუ არა მიზანშეწონილი ის, რომ სახელმწიფომ ინდივიდების სოციალური სტატუსის მოპოვების სურვილი დააფინანსოს?

მაგრამ უმაღლეს განათლებას, ინდივიდებისგან დამოუკიდებლად აქვს საზოგადოებრივი სარგებელიც, რის გამოც მასში ინვესტირება ქვეყნისთვის მომგებიანი შეიძლება იყოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არის ცალსახად ნათელი, რა არის ეს სარგებელი და კონკრეტულად საიდან შეიძლება მოვიდეს.   

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აქცენტი არის მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზე, რთული დასადგენია სახელმწიფოსთვის რა მიმართულებების მხარდაჭერა შეიძლება იყოს განსაკუთრებით პრიორიტეტული, განსაკუთრებით ძალიან სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და შრომის ბაზრის სტრუქტურის ცვლილებების პირობებში. ამასთან, შესაძლოა გარკვეული მიმართულებები, ან სპეციალობები ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს უღირდეს მათში ინვესტირება, რადგან მათ შესაძლოა ჰქონდეთ უფრო ნაკლებ კონკრეტული და ხელშესახები, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი სარგებელი (ამის ყველაზე კარგი მაგალითია ჰუმანიტარული მეცნიერებები). ასეთ სპეციალობებს ინდივიდუალური ამონაგებიც ძალიან დაბალი აქვთ – კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრს გაცილებით დიდი შანსი აქვს ჰქონდეს მაღალი შემოსავალი, ვიდრე კლასიკური ფილოლოგიის ბაკალავრს. სწორედ ამიტომ ასეთ დარგებში შესაძლოა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყოს სახელმწიფო ინვესტიცია, რადგან ნაკლებია კერძო და ინდივიდუალური ინვესტირების ალბათობა.    

უმაღლესი განათლება, უპირველეს ყოვლისა, უმეტესობას სჭირდება სოციალური სტატუსის ასამაღლებლად/შესანარჩუნებლად; მშობლების, თანატოლების და საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

უმაღლესი განათლება – კიბე თუ ბარიერი?

უმაღლეს განათლებასა და დასაქმებას/შემოსავლის დონეს შორის კავშირის ანალიზის დისკურსს ტრადიციულად ორ ძირითად თეორიულ ჩარჩოში განიხილავენ: ადამიანური კაპიტალის თეორიის მიხედვით, განათლებაში ჩადებულმა ინვესტიციამ მოგება უნდა მოიტანოს, რადგან უმაღლესი განათლების მიღების პროცესში გროვდება ადამიანური კაპიტალი (ცოდნა, სასარგებლო უნარ-ჩვევები), რომლებიც შემდგომ დასაქმების პროცესში მას უპირატესობას მისცემს. სიგნალის ეფექტის თეორიის თანახმად კი უმაღლესი განათლება თავისთავად კი არ სძენს საჭირო უნარ-ჩვევებს, არამედ უმაღლეს განათლებას იღებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე არიან აღჭურვილნი სათანადო უნარ-ჩვევებით და განსაკუთრებით მოტივირებლნი არიან; შესაბამისად, უმაღლესი განათლების ქონა დამსაქმებლისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ სიგნალი იმისათვის, რომ ადვილად გამოიცნონ ასეთი ადამიანები. ეს არც ისე არარეალისტურია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მაგალითად, ხშირად ამბობენ, რომ ისეთ წარმატებულ უნივერსიტეტებშიც კი, როგორიც ჰარვარდია, ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტთა მიღების/შერჩევის პროცესია და არა სწავლების: ისინი ცდილობენ საუკეთესო სტუდენტები შეარჩიონ და საყოველთაოდ აღიარებული იმიჯის წყალობით ახერხებენ კიდევაც ამას. ჰარვარდის დიპლომი კურსდამთავრებულს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს შრომის ბაზარზე. ანუ ჰარვარდის ხარისხი არის არა მიღებული ცოდნის მაჩვენებელი, არამედი სიგნალი იმისა, რომ ამ ადამიანმა თავის დროზე მოახერხა და ძალიან მაღალკონკურენტულ პროგრამაში მოხვდა.

ორივე – ადამიანური კაპიტალის და სიგნალის ეფექტის თეორია უგულებელყოფს უმაღლესი განათლების მიღებაზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ზეგავლენას. უმაღლესი განათლების მიღების შანსი რომ მხოლოდ უნარებზე, ან მოტივაციაზე იყოს დამოკიდებული და განათლების პროცესში რომ გროვდებოდეს ადამიანური კაპიტალი, მაშინ უმაღლესი განათლება სოციალური მობილობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იქნებოდა: ამ შემთხვევაში ყველას თანაბარი შანსი აქვს უმაღლესი განათლების მიღების, უმაღლესი განათლება კი სოციალურ და ეკონომიკურ წარმატებას განაპირობებს.

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი

თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ უმაღლესი განათლების მიღების ალბათობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებზე: მშობლების განათლების დონეზე, შემოსავლის დონეზე და ა.შ. რასაკვირველია, ეს უნივერსალური წესი არ არის და ხშირად ძალიან დაბალი სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობის ადამიანებიც ძალიან ხარისხიან უმაღლეს განათლებას იღებენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გამორჩეულად უნარიანები ან მოტივირებულები არიან. თუმცა, როგორც ყოველთვის, ტენდენციების გამოსავლენად საშუალო მაჩვენებლებს უნდა შევხედოთ და არა გამონაკლისებს. საშუალო მაჩვენებლები კი უდავოდ იმას ადასტურებს, რომ თანაბარი მოტივაციის, კოგნიტური უნარების, აკადემიური მოსწრების პირობებში უფრო პრივილეგირებული ოჯახის შვილებს გაცილებით დიდი შანსი აქვთ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებელში, ვიდრე მათ თანატოლებს უფრო დაბალი სოციალურ-ეკონომიკური წრეებიდან. რადგან სოციალური სტატუსის შენარჩუნების სურვილი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ამაღლების, გასაკვირი არ არის, რომ განათლებული მშობლების შვილები გაცილებით უფრო ხშირად იღებენ უმაღლეს განათლებას. მაგალითად, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ყოველწლიური კვლევის თანახმად, უმაღლესდამთავრებული დედების შვილების 70 პროცენტი აგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც უფრო დაბალი განათლების მქონე დედების შვილებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 25 პროცენტია.

შესაბამისად, უმაღლესი განათლება შესაძლოა წარმოადგენდეს არა სოციალური მობილობის, არამედ არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურების რეპროდუქციის ინსტრუმენტს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა უმაღლეს განათლებაზე წვდომა შეზღუდულია. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში განათლების ფართო მასებში გავრცელების ტენდენციამ შესაძლოა ეს შეცვალოს, რადგან დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფენის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების მიღების მეტი შანსი ექნებათ. თუმცა შესაძლებელია, რომ სოციალური სტრატიფიკაცია ამ შემთხვევაში მოხდეს სხვა პარამეტრებით, როგორიც არის უნივერსიტეტის პრესტიჟი, მიღებული სპეციალობა და ა.შ.   

თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ უმაღლესი განათლების მიღების ალბათობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებზე: მშობლების განათლების დონეზე, შემოსავლის დონეზე და ა.შ.

განათლების ინფლაცია

განათლების ფართო მასებში გავრცელება მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფებისათვის წვდომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე შრომის ბაზარზე კურსამთავრებულთა შანსების ცვლილების თვალსაზრისით. არსებობს მოსაზრება, რომ უმაღლესი განათლების ფართო მასებში გავრცელება მის გაუფასურებას, დიპლომების ინფლაციას იწვევს. ლოგიკა კლასიკურ მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს შეესაბამება: თუ კონკრეტული პროდუქტის მიწოდება აღემატება მასზე მოთხოვნას, ამ პროდუქტის საბაზრო ღირებულება სავარაუდოდ შემცირდება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი, მით ნაკლები ღირებულება აქვს დიპლომს დასაქმების თვალსაზრისით.

მაგრამ საქმე, რასაკვირველია, ასე მარტივად არ არის. პირველ რიგში, უმაღლეს განათლებას მხოლოდ დასაქმების და შემოსავლის მოტანის ფუნქცია არა აქვს: იგი მნიშვნელოვან კულტურულ და სოციალურ სარგებელსაც იძლევა. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ უმაღლესი განათლების ფართო მასებში გავრცელებამ პირიქით, უნივერსიტეტის დიპლომი კიდევ უფრო ღირებული გახადოს – დიპლომიანი მოქალაქეების სიმრავლის პირობებში დიპლომის არქონა დამსაქმებლისთვის იმის სიგნალია, რომ უდიპლომო ადამიანი შესაძლოა განსაკუთრებით დაბალკვალიფიციური იყოს.

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკა

ამის ძალიან კარგი მაგალითი საქართველოში ამჟამად არსებული შრომის ბაზარია. ყველაზე პოპულარულ დასაქმების პორტალ jobs.ge-ზე თვალის შევლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ქართველი დამსაქმებლებისთვის უმაღლესი განათლების მნიშვნელობაში. უმაღლესი განათლება სავალდებულო მოთხოვნად არის მითითებული ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის მოლარე, მაღაზიის კონსულტანტი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი და ა.შ. კონკრეტულად რაში შეიძლება სჭირდებოდეს ამ პოზიციებზე დაკავებულ ადამიანს უმაღლესი განათლება? თანაც არა რომელიმე კონკრეტულ სფეროში? ვთქვათ, რაში შეიძლება გამოადგეს მაღაზიის კონსულტანტს ისტორიის ბაკალავრის დიპლომი? ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ დამსაქმებლები კონკრეტულ უნარ-ჩვევების ფლობას კი არ მოელიან კანდიდატებისგან საუნივერსიტეტო განათლების საფუძველზე, არამედ ფიქრობენ, რომ სოციალური და ზოგადი პროფესიული უნარ-ჩვევები მათ უფრო მეტად ექნებათ განვითარებული (ადამიანური კაპიტალის თეორია); ან ფიქრობენ, რომ თვითსელექციის პრინციპის შესაბამისად ყველა ახალგაზრდას, რომელიც მოტივირებული და უნარიანია, უნივერსიტეტის დიპლომიც ექნება (სიგნალის ეფექტის თეორია).

რა უპირატესობას აძლევს დიპლომი კურსდამთავრებულ შრომის ბაზარზე?

უმაღლესი განათლების ქონა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს როგორც დასაქმების შანსების თვალსაზრისით, ასევე დასაქმებულთა შორის ანაზღაურების ოდენობის მხრივაც. ის, რომ ბილ გეიტსმა წარმატება და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სახელი უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე მოიპოვა, სრულიად არ ამტკიცებს საპირისპიროს. ბილ გეიტსი, და სხვა უდიპლომო წარმატებული ადამიანები არა წესს, არამედ გამონაკლისებს წარმოადგენენ და როგორც წესი, წარმატებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული ყველა ქვეყანაში.

საქართველო ამ მხრივ, რასაკვირველია, გამონაკლისი არ არის. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვის მონაცემთა ანალიზის შედეგად ჩანს, რომ საქართველოში 24-65 წლის მოსახლეობაში უმაღლესი განათლების მქონეთ დაახლოებით 20 პროცენტით მეტი შანსი აქვთ, იყვნენ დასაქმებულნი. ხოლო მათ შორის კი, ვინც დასაქმებულია, საშუალო და მაღალი ანაზღაურების (ასეთ ანაზღაურებად ვთვლი თვეში 250 აშშ დოლარის ექვივალენტზე მეტ ხელფასს) მიღების ალბათობა უნივერსიტეტდამთავრებულებში 15 პროცენტით მეტია, ვიდრე დანარჩენ დასაქმებულებში.

სხვა კვლევის თანახმად, 2013 წელს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანის შემოსავალი დაქირავებული შრომიდან ორჯერ აღემატებოდა მხოლოდ საშუალო განათლების მქონე ადამიანის შემოსავალს. ამასთან, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანს, სხვა დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით, ორჯერ მეტი შანსი ჰქონდა ყოფილიყო დასაქმებული და ხუთჯერ მეტი შანსი – ყოფილიყო დაქირავებით დასაქმებული.

თუმცა, ნაკლებს საუბრობენ უმაღლესი განათლების როლზე ზოგადი სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების, სოციალური მობილობის ხელშეწყობის კუთხით. ასეთი კომპლექსური მიდგომის გარეშე, მოკლევადიან, ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ჭრილში უმაღლესი განათლების განხილვა კი შესაძლებელია არ იყოს მართებული.

რა თქმა უნდა, რთული სათქმელია, ეს უპირატესობა კონკრეტულად უმაღლესი განათლების დამსახურებაა თუ რაღაც სხვა პიროვნული თვისებების, რომლებიც თავისთავად უმაღლესი განათლების მიღებაზეც ახდენენ გავლენას. მაგრამ ფაქტია, რომ კავშირი დიპლომსა და დასაქმებას, ასევე დიპლომსა და შემოსავლის დონეს შორის ძალიან მჭიდროა.

გამოდის, რომ შედარებით პრივილეგირებული ოჯახების შვილები უმაღლეს განათლებას უფრო ადვილად იღებენ და შემდგომ ეს უმაღლესი განათლება მათ დასაქმებასა და მაღალი შემოსავლის მიღებაში ხელს უწყობთ; ამასთან, სტუდენტების უმრავლესობისთვის დასაქმებისა და შემოსავლის პერსპექტივა მხოლოდ მეორადი მნიშვნელობის პრიორიტეტს წარმოადგენს.  

სახელმწიფო პოლიტიკა

დღეს,  მსოფლიოშიც და საქართველოშიც ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ არსებობს როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი დისბალანსი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი განათლების მხრიდან კადრების მიწოდებას შორის. საქართველოში კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი განათლების მქონე პირთა მხოლოდ დაახლოებით ერთი მეოთხედი მუშაობს საკუთარი სპეციალობით. თუმცა, უფრო დეტალური თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევები ამ საკითხზე არ არსებობს. ამჟამად, განათლების სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში, დამატებით ფინანსდება საჯარო უნივერსიტეტებში ე.წ. პრიორიტეტული მიმართულებები, თუმცა, ამ პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენას საფუძვლად არ დასდებია შრომის ბაზრის კვლევა, ან ანალიზი (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას საფუძვლად რომც დადებოდა შრომის ბაზრის კვლევა და ანალიზი არსებული ფორმით, გამოდის, რომ უმაღლესი განათლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ისეთი ტიპის პროფესიები, რომლებიც ამზადებენ გაყიდვების სფეროს მუშაკებს, ბიზნესისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალებს და კომერციულ მენეჯერებს, ვინაიდან 2017 წლის მონაცემებით, სწორედ ეს პროფესიები წარმოადგენენ ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ძალებს საქართველოში). ასევე, ბევრს საუბრობენ მთავრობის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები იმაზე, რომ საჭიროა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, რადგან პროფესიული განათლება აკადემიურ უმაღლეს განათლებაზე მეტად შეძლებს, პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვოს ახალგაზრდები და გაზარდოს მათი დასაქმების შანსების შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. თუმცა, ნაკლებს საუბრობენ უმაღლესი განათლების როლზე ზოგადი სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების, სოციალური მობილობის ხელშეწყობის კუთხით. ასეთი კომპლექსური მიდგომის გარეშე, მოკლევადიან, ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ჭრილში უმაღლესი განათლების განხილვა კი შესაძლებელია არ იყოს მართებული.

ამჟამად სახელმწიფო რეალურად ძალიან ცოტა ფინანსურ რესურსს ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე: მშპ-ში უმაღლესი განათლების დაფინანსების წილი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ბევრად დაბალია. იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი განათლება დასაქმების უკეთეს შანსებთან და მეტ შემოსავალთან ასოცირდება, ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მცირე მოცულობის დანახარჯები ბიუჯეტიდან უმაღლეს განათლებაზე გამართლებულია – თუკი პირად სარგებელს მოელი განათლებისგან, მაშინ მასში ინვესტირებაც პირადი პასუხისმგებლობაა. თუმცა აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი: ერთი ის, რომ, როგორც ადრე აღვნიშნე, უმაღლეს განათლებას საზოგადოებრივი სარგებელიც მოაქვს ინდივიდუალურთან ერთად (ქვეყნის ეკონომიკური, ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა, მატერიალური და სულიერი კულტურის გამდიდრება, საზოგადოებრივი წესრიგის ხელშეწყობა და ა.შ.); გარდა ამისა, ინდივიდუალური მოგების მიზნით ინვესტირებისათვის ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები არა აქვს – ყველას არა აქვს მატერიალური და ადამიანური რესურსები იმისათვის, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს, ან სასურველი უმაღლესი განათლება მიიღოს. ორივე საკითხის მიმართ საჭიროა ეფექტური, თანმიმდევრული და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილები სავარაუდოდ უნდა იყოს: უმაღლეს განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯების გაზრდა და ამასთანავე მათი რაციონალიზაცია; ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად მიმართულებების და სპეციალობების გაძლიერება; შრომის ბაზრის მოთხოვნების სისტემატური ანალიზი და მონიტორინგი; სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა.      

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

გამოყენებული მასალები: flickr.com

დატოვე კომენტარი