რა უნდა გაკეთდეს კორონა ვირუსისგან გამოწვეული რეცესიის შესაჩერებლად
ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი

ის, რომ  მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკაზე დაიწყო ფიქრი, მისასალმებელია, თუმცა რამდენადმე დაგვიანებულიც. ჩვენ გლობალური ეკონომიკის პერიფერიული ნაწილი ვართ, მანკიერი და განუვითარებელი ეკონომიკის სტრუქტურით, რადგან არცერთ მთავრობას სწორი ეკონომიკის პოლიტიკა არ გაუტარებია –  დღესაც ძირითად დარგებს, არა  ტექნოლოგიები და დამამუშავებელი მრეწველობა, არამედ ტურიზმი, დაბალგანვითარებული მშენებლობა, მომსახურების სექტორი და ტრანსპორტი წარმოადგენს. მრეწველობის წილი ეკონომიკაში ამჟამად 2.5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 1980-იანი წლების ბოლოს.

გლობალური ეკონომიკის რეცესიის პირობებში ასეთი ქვეყნები ყველაზე დაუცველები არიან. ამასთან, ჩვენ  იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. – ჩვენი შიდა სამომხმარებლო ბაზრის  70 პროცენტზე მეტი (სურსათის ჩათვლით) იმპორტირებული პროდუქციაა. კორონას პანდემიის გამო შემცირებულია ტურიზმიც და ტრანსპორტიც, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ხელფასების სიმცირის გამო, ჩვენი მოხმარება არა ჩვენს შემოსავლებზე, არამედ დიდწილად საბანკო კრედიტებსა და ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზეა დამოკიდებული. შრომითი მიგრანტების მიერ საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების თანაფარდობა შინამეურნეობათა შემოსავლებთან 30 პროცენტს აღემატება.

რადგან ექსპორტი მცირეა და იმპორტის მხოლოდ 2/5-ს ფარავს, ტურისტების მიერ უცხოურ ვალუტის ჩვენს ქვეყანაში დახარჯვისა და ემიგრანტების მიერ გადმორიცხვების შემცირების გამო  ჩვენი ვალუტა უფასურდება სხვა ვალუტებთან მიმართებაში, რაც აძვირებს, განსაკუთრებით საბაზისო სამომხმარებლო პროდუქტს. ამით განსაკუთრებით ზარალდებიან  ჩვენი სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი მოქალაქეები.

არ ვიცი, რა სტიმულირების პაკეტზე შეთანხმდება მთავრობა დიდ ბიზნესთან, მაგრამ პირველი: მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მსხდარიყვნენ, არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისა და მშრომელთა გერთიანებების წარმომადგენლები; მეორე: მინდა იმედი დავიტოვო, რომ ლიბერალი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების პრიმიტიულ რეცეპტებს ის არ გაითვალისწინებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი გლობალური ხასიათიდან გამომდინარე,  ჩვენ მოქმედება გვიწევს ისეთ გარემოში, როცა არ ვიცით როდის დასრულდება კორონა ვირუსისგან გამოწვეული კრიზისი. შესაბამისად, ხელისუფლების პოლიტიკა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს ორ ასპექტს: ერთი მხრივ, ოპერატიულ ზომებს ხსენებული ფორს-მაჟორული გარემოებებიდან მოყენებული შოკების შესამცირებლად და, მეორე მხრივ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ ღონისძიებებს ეკონომიკის მდგრადობის, შიდა და გარე გამოწვევებისადმი და მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირების დაუშვებლობისა და პირიქით, ზრდის უზრუნველსაყოფად. ვფიქრობთ, აღნიშნულ პირობებში მთელი აქცენტი უნდა გადავიტანოთ არა ზოგადად ეკონომიკურ ზრდაზე (რომელიც კონკრეტულ სოციალურ პროგრამებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებზე მიუბმელად ძირითადად დეკლარაციის დონეზე დარჩება), არამედ  ქვეყანაში მოსახლეობის, განსაკუთრებით მისი ფიქსირებული და დაბალშემოსავლიანი ნაწილის შემოსავლების და გადახდისუნარიანი მოთხოვნის არშემცირებაზე.

ქვემოთ მოტანილია ჩვენი ხედვები, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკასა და სოციალური პოლიტიკის კუთხით.

 

ეკონომიკის სტიმულირება:

გადასახადების  ბიზნესისთვის შემცირება პირდაპირ არ ნიშნავს ბიზნესის მიერ ინვესტიციების გაზრდას. არა დაბალი გადასახადი, არამედ მოთხოვნა აინტერესებს ბიზნესს. სადაც არის მოთხოვნა პროდუქტზე, ბიზნესი ნებისმიერი გონივრული გადასახდის შემთხვევაში მოახდენს იმ სფეროში დამკვიდრებას და ინვესტირებას.

ამიტომ, დღეს მთავარია ყველა დასაქმებულმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი და ხელფასი ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნის, სულ ცოტა, შესანარჩუნებლად.

რაც შეეხება გადასახადების შემცირებას მშრომელები, ვისაც 500 ლარი ან ნაკლები აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო 500 – 1000 ლარამდე დაქირავებით დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს 10 პროცენტამდე. ეს იქნება სწორედ ბიზნესისთვის საგადასახდო წნეხის შემსუბუქებაც და ჩვენი მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, ვისაც ყველაზე უფრო მძიმედ აწვება გაზრდილი ფასები, მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ეს გაზრდის მოხმარებას   პირველად სამომხმარებლო პროდუქტზე, რაც წაახალისებს საცალო ვაჭრობას.

რაც შეეხება შედარებით მაღალხელფასიანებს, მათი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლო დრომდე იხარჯებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დღევანდელ პირობებში კი მათი ხარჯების ვექტორი დიდწილად ქვეყნის შიგნით გადმოინაცვლებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სამუშაო ადგილებისა და ერთობლივი მოთხოვნის ზრდას.

ტურიზმის სექტორთან მიმართებაში უნდა გადავადდეს, ან შემცირდეს საბანკო ვალდებულებები. იგივე ეხება სამშენებლო სექტორს. ასაბანკო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების უზრუნველყოფა, მარტო მოწოდებებით კი არა, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციებითაც უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში საფრთხე არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ ბანკენბსაც შეექმნებათ გადაუხდელი სესხების გამო. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სოფლის მეურნეობის პირდაპირი, მიზნობრივი სუბსიდირება, რათა არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც იქნას გარანტირებული სასურსათო უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში  იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში  სურსათზე დეფციტს ადგილი ექნება არა მხოლოდ კორონა ვირუსის დროს, არამედ მომავალშიც – პერმანენტულად და მზარდი  მასშტაბით.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ იმ სამომხმარებლო პროდუქტის წარმოების სუბსიდირება, რის დეფიციტიც უკვე გაჩნდა, რის წარმოებაც უკვე ქვეყანაში არებობს, ან შედარებით მარტივად შეიძლება მისი წამოწყება. აქ არის სწორედ ბიზნესისა და სახელმწიფოს კორდინაცია ყველაზე საჭირო. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, არამედ ახლის შექმნას.

საერთაშორისო  ბაზრზე ნავთობის ფასების რეკორდული ვარდნის გამო, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საწვავზე ფასები, რაც  ინფლაციის შესამცირებლად ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

 

სოციალური პოლიტიკა:

ვირუსის პირობებში უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა სოციალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ინფექციისაგან თავის დაცვის, ჰიგიენის, პროფილაქტიკისა და გავრცელების თავიდან აცილების კუთხით.

მაგრამ ჰიგიენა, პრევენცია და მკურნალობა არ უნდა იყოს საშუალო და მაღალშემოსავლიანების ფუფნება. ამიტომ კორონა ვირუსთან დაკავშირებული   სამკურნალო სამედიცინო ხარჯები უკლებლივ უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ.

უნდა გამოცხადდეს უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე მორატორიუმი, რამეთუ ადამიანები, რომლებსაც სტაბილური საცხოვრებელი არ გააჩნიათ, უფრო მეტად  არიან დაუცველები  ვირუსის წინაშე.

უნდა მოხდეს მარტოხელა პენსიონერების იდენტიფიცირება და მათთვის ინდივიდუალური მეურვის მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც გახდება  მათი სახლიდან გაუსვლელად სურსათით, სამედიცინო სერვისებით, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფის გარანტი.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად გარდაუვალია შინამეურნეობათა მიერ ხარჯების ზრდა სამედიცინო, ანტისეპტიკური, ჰიგიენური საშუალებებისა და პროფილატიკური ღონისძიებების უზრუნველმყოფი სხვა საშუალებებით  ჩვეულებრივზე მეტი მოცულობის შეძენისა და სამომხმარებლო ფასების ზოგადი ზრდის გამო.  ამიტომ აუცილებელია,  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიური ფულადი დახმარების დანიშვნა: 150 დან 200 ათასი სარეიტინგო  ქულის მქონე ოჯახებისთვის – 50 ლარის, . 70-დან 150 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის – 75 ლარის და 70 ათასი ქულის მქონე ოჯახებისთვის – 100 ლარის ოდენობით.

საიდან უნდა მოხდეს საჭირო თანხების მობილიზება?

კორონა ვირუსი, როგორც სხვა პანდემიური გავრცელების ვირუსები, გლობალიზაციის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია გლობალური საფინანსო ორგანიზაციების (და არა მარტო) პასუხისმგებლობა და როლი. მნიშვნელოვანია მთავრობის უნარი საუკეთესო პირობებით მოითხოვოს დახმარება მათგან – როგორც შეღავათიანი კრედიტების, ისე გრანტების სახით. ამ ორგანიზაციებთან (სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) მთავრობას უნდა ჰქონდეს გეგმა, დათვლილი ხარჯები, რათა უკეთესი მომლაპარაკებლის პოზიციით შეძლოს სესხის აღება.

მიღებული ფინანსური ინექციები საგრძნობლად გაამყარებს ჩვენს ვალუტას. დამატებით შესაძლებელია სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებაც.

გარე და შიდა წყაროებით მობილიზებული  რესურსი უნდა დაიხარჯოს წინასწარ გაწერილი გეგმითა და შესაბამისი შესრულების გადამოწმებადი ინდიკატორების საფუძველზე.

ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებმა, პრეფერენციებმა ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის, აგრეთვე  ზომისა თუ სახეობის ბიზნესის სასარგებლოდ  არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზარალოს რომელიმე სხვა სოციალური ჯგუფი ან ბიზნესი.

ფაქტობრივად, ყველამ – საზოგადოებამ, ბიზნესმა და პირველ რიგში პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის მიზნობრივ სტიმულირებას ალტერნატივა არ აქვს, და არა მხოლოდ გლობალური პანდემიის დროს.

და ბოლოს. დღეს ხომ მაინც  გახდა ცხადი, რომ ჯანდაცვის სერვისების პრივატიზაცია და ზოგადად ჯანდაცვის კომერციალიზაცია, იყო ყველაზე დიდი დანაშაული რასაც საქართველში ქონდა ადგილი. კერძო კლინიკებზე ხვეწნა არ  უნდა უწევდეს სახელმწიფოს. ეს უნდა შეიცვალოს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი