ინფლაციის მიზეზები აშშ-ს მაგალითი

 

 

რატომ ვსაუბრობთ ინფლაციაზე?

ფასები იზრდება. შეერთებული შტატებში ინფლაციის დონე 40 წლიან მაქსიმუმს აღწევს. ფედერალურმა რეზერვმა მიიღო გადაწყვეტილება გაეზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით. ეს 1994 წლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთის ყველაზე დიდი ზრდა არის. ევროზონის ქვეყნებშიც ინფლაციამ რეკორდულ 8.1 პროცენტს მიაღწია. ფასების დონის მატებას კოვიდ პანდემიის პერიოდში მიწოდების ჯაჭვების რღვევას და უკრაინაში ომის შედეგებს მიაწერენ. ამიტომ მომინდა მცირე ბლოგი დამეწერა ინფლაციაზე, მთლად მცირე არ გამოვიდა. მოდით დავიწყოთ მცირე მოგზაურობა.

გადავიდეთ საქმეზე

ჯონ მეინარდ კეინსი ლენინს მიაწერდა შემდეგ ფრაზას: „კაპიტალისტური სისტემის დანგრევის საუკეთესო გზა, მისი ვალუტის ჩამოშლაა“. აქ შეგნებულად ვიყენებთ სიტყვას „მიაწერა“: არავინ იცის ლენინმა ეს მართლაც თქვა თუ არა, რადგან ეს ციტატა წერილობით წყაროებში არ გვხვდება. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს: გენიალობა ციტატაშია და არა მის ავტორში. ინფლაცია კაპიტალისტური სისტემის მუდმივი თანამგზავრია და ხშირად ძლიერი სოციალური შფოთის მიზეზს წარმოადგენს.  ამ ბლოგში ვეცდები, მოგიყვეთ ინფლაციის რამდენიმე მიზეზზე და შეერთებული შტატების მაგალითზე განვიხილო ეს მიზეზები. ასევე, გიამბობთ  მეთოდზე – ტრანსფერულ ენტროპიაზე – რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ  ინფლაციის შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

არ შეიძლება სოციალურ პროცესებს შევხედოთ ისტორიისგან დამოუკიდებლად, როგორც ამას სტანდარტული ეკონომიკის წარმომადგენლები აკეთებენ. კაპიტალიზმს, ისევე როგორც სხვა ფორმაციებს აქვს საფეხურები – განსხვავებულ ეპოქებში სოციალური პროცესები სხვადასხვა ფორმებით ვლინდებიან.  რთულია, ისტორიული პროცესები აღვწეროთ ალბათური განაწილების ფუნქციით, რადგან მომავალი არათუ ბუნდოვანია, არამედ ფუნდამენტურად ბუნდოვანია, ისევ კეინსს რომ დავესესხოთ. მაგრამ არსებობს გარკვეული კანონზომიერებანი, რომლებზე დაკვირვებაც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

ინფლაციის მიზეზებზე ბევრს კამათობენ მონეტარული ეკონომიკის სპეციალისტები. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც შეგვიძლია გავმიჯნოთ მოდებატეთა განსხვავებული მოსაზრებები, ეს არის მოთხოვნა და მიწოდება. ის მეცნიერები, რომელთათვისაც მიწოდების არხები უფრო საინტერესოა, მიუთითებენ წარმოების ხარჯების მნიშვნელობაზე. როცა წარმოების ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურება, ასევე ფასები შუალედური წარმოების საქონელსა და ნედლეულზე იზრდება, ეს შეიძლება გარდაისახოს ზოგად ფასების ზრდაში. შეგვიძლია ეკონომიკა წარმოვიდგინოთ, როგორც ჭიდილი კაპიტალისტურ და  მშრომელთა კლასს შორის. ის მხარე, რომელიც ბაგირს გადაქაჩავს, უფრო მოგებული დარჩება. კაპიტალისტურ სისტემაში, მუშები ორგანიზებიდან პროფკავშირების მეშვეობით და სოციალ-დემოკრატიული პარტიების მეშვეობით, და ამით ცდილობენ დაჯაბნონ მსხვილი ბიზნეს ინტერესები და მოიპოვონ საბაზრო ძალაუფლება. სახეზეა ბრძოლა ეროვნული შემოსავლის განაწილებისთვის, რომელიც იყოფა მშრომელთა შემოსავლად და კაპიტალისტთა შემოსავლად. პოლონელი ეკონომისტი მიხაილ კალეცკი ეროვნული შემოსავლისთვის ბრძოლას, „მარკაპებისთვის“ ბრძოლას  უწოდებდა. იმ პირობებში, როცა უმუშევართა არმიის ზომა მცირდება და ეკონომიკა უახლოვდება სრულ დასაქმებას, მშრომელთა ძალაუფლება მტკიცდება და ისინი ახერხებენ აიძულონ დამსაქმებლები, რომ მათ ხელფასები გაუზარდონ. თუ მშრომელთა შემოსავლის წილი თანხვედრაშია პროდუქტიულობასთან, ინფლაციური წნეხი არ არსებობს. თუმცა, თუ ბალანსი ირღვევა, დასაქმებულებს აქვთ საშუალება, დაორგანიზდნენ და მიაღწიონ ხელფასის ზრდას.  ამის პარალელურად ფირმებს აქვთ კონფლიქტური ინტერესები არამხოლოდ დასაქმებულებთან, არამედ მომხმარებლებთანაც.  თუ კონცენტრაციის დონე მაღალია, ანუ ფირმებს მარტივად შეუძლიათ ფასში ასახონ მუშების გაზრდილი ხელფასი, მაშინ ეს გამოიწვევს ფასების ზოგად ზრდას.  ფაქტობრივად, ინფლაცია არის კლასობრივი ბრძოლის შედეგი, ამ თეორიული პერსპექტივიდან.

ახლა შევხედოთ მოთხოვნის მხარეს, რომელსაც საფუძვლად უდევს კეინსის ნაშრომი „როგორ დავაფინანსოთ ომი: ფინანსთა მინისტრის რადიკალური გეგმა“.  პირველ რიგში ვთქვათ, რომ არსებობს ე.წ. „ინფლაციური ფანჯარა“ (Inflationary gap), რაც არის სხვაობა რეალურ მშპ-სა და პოტენციურ მშპ-ს შორის. ‘ინფლაციური ფანჯარა’ გაიხსნება მაშინ, თუ ეკონომიკა შეძლებს უპასუხოს არსებულ ერთობლივ მოთხოვნას. თუ ეკონომიკის მწარმოებლუნარიანობა ჩამორჩება ერთობლივ მოთხოვნას, მაშინ ფირმები გაზრდიან ფასებს.

მოდით, კიდევ ერთ იდეაც წარმოვაჩინოთ და ამით დავამთავროთ მსჯელობა ინფლაციის სხვადასხვა თეორიულ ჩარჩოებზე, რადგან ერთ ბლოგში ამის ახსნა რთული იქნება: მესამე ჩარჩო რომელიც საინტერესოა, ეს არის ფულის რაოდენობრივი თეორია. მთავარი ღერძი ამ თეორიისა ე.წ. კლასიკური დიქოტომიის ჰიპოთეზაა. „კლასიკური დიქოტომია“ გვეუბნება, რომ ე.წ. რეალური ცვლადები (ცვლადები რეალური სექტორიდან, მაგალითად, მთლიანი გამოშვება, დასაქმება და ა.შ.) დამოუკიდებელია მონეტარული ცვლადებისგან. ამას მივყავართ აზრამდე, რომ ერთადერთი ცვლადი, რომელიც გავლენას ახდენს ფასების დონეზე, ეს არის ფულის მიწოდება. ამიტომაც, ხშირად ამ თეორიის მიმდევრები გვეუბნებიან: „ჩაიხედეთ ლექსიკონებში, ინფლაცია ეს არის ფულის მსყიდველობითი უნარის დაკარგვა, რომელიც გამოწვეული მთავრობის მიერ ფულის ბეჭდვით.“ აქ ბევრი სხვადასხვაობაა, ცხადია ეკონომიკაში თეორიები არ არიან ჰომოგენურები. მაგრამ, მთავარი არსი ერთია: ფულის რაოდენობრივი თეორიის მიმდევრები ამბობენ, რომ სწორედ მთავრობის მიერ ზედმეტი ფულის ბეჭდვაშია მთავარი პრობლემა.

 

ტრანსფერული ენტროპია

მგონი ბევრი ვილაპარაკეთ ინფლაციაზე.  იქნებ არსებობს გზები დავადგინოთ მიზეზები? მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ეკონომიკაში, ისევე, როგორც სხვა სოციალურ მეცნიერებებში, უფრო ალქიმიას ჰგავს, ვიდრეს მეცნიერებას. ჩვენ ადამიანები სოციალურად ადაპტირებადი არსებები ვართ და კონტექსტის მიხედვით ვიცვლით აზრებსაც და ქცევასაც. მაგრამ მაინც ვცადოთ. იქნებ არსებობს გარკვეული კანონზომიერებები. ამისთვის გამოვიყენებთ ტრანსფერულ ენტროპიას.

ტრანსფერული ენტროპია არაპარამეტრული სტატისტიკური მეთოდია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად ორ მოცემულ დროით მწკრივს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის წრფივი პარამეტრული მეთოდის, გრეინჯერის მიზეზობრიობის ტესტის განზოგადება.  ტრანსფერული ენტროპია გამოიყენება ნევროლოგიაში (ნეირომეცნიერებაში),  კერძოდ, ელექტროენცეფალოგრაფიაში, ტვინის სიგნალებზე დასაკვირვებლად. ერთ-ერთი საინტერესო გამოყენება, რომელსაც მე გადავაწყდი იყო შიზოფრენიის კვლევა. ადამიანები, რომლებსაც შიზოფრენია აქვთ, მათი ტვინის ქსელები შეფერხებულად მუშაობენ. ნევროლოგები, რომლებიც ტრანსფერულ ენტროპიას იყენებენ ფიქრობენ, რომ ეს მეთოდი უკეთესია ტვინის არაწრფივ სიგნალებზე დასაკვირვებლად, გრეინჯერის მიზეზობრიობის მეთოდთან შედარებით. ტრანსფერულ ენტროპიას იყენებენ ფინანსურ ეკონომიკაშიც. კერძოდ, ერთ-ერთ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის და შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებს შორის ინფორმაციის ტრანსფერი რევერსიულია და განსაკუთრებით იზრდება ეკონომიკური კრიზისების დროს (იხ. ბიბლიოგრაფია).

ტრანსფერული ენტროპია შანონის ენტროპიის ცნებაზეა დაფუძნებული. იმისთვის რომ უკეთესად გავიგოთ ეს საკითხი, უნდა განვსაზღვროთ ინფორმაციის ცნება. თუ გეტყვით, რომ ხვალ მზე ამოვა, ეს თქვენთვის ცხადია, დიდი აღმოჩენა არ იქნება. თუმცა, თუ გეტყვით რომ ეგზოპლანეტა ოსირისიდან ხვალ უცხოპლანეტელები გურიის სოფლებში გუთურსა და გოგოლესუბანში დესანტს გადმოსხამენ, ეს თქვენთვის დიდი სიურპრიზი იქნება. რატომ მაინც და მაინც გოგოლესუბანში? რა დააშავა ფარცხმამ?! მაგრამ ძალიან რომ არ გადავუხვიოთ საჯავახოსკენ,  თემას დავუბრუნდეთ და ინფორმაცია გამოვსახოთ შემდეგი ფორმულით:

ინფორმაცია მოცემული მოვლენისთვის (, სადაც  არის – აუცილებელი ხდომილება) ჩაიწერება როგორც ლოგარითმი ერთი შეფარდებული ამ მოვლენის ალბათობასთან. რაც უფრო მაღალია მოვლენის ალბათობა, მით უფრო ნაკლებად გაკვირვებული რჩებით თქვენთვის გადმოცემული ინფორმაციით. თუ მოვლენა ყოველთვის ხდება (მზე ყოველთვის ამოდის), მაშინ ალბათობა უდრის 1. ამ შემთხვევაში I(A)= 0, მაშასადამე ინფორმაცია რომელიც მე თქვენ გამოგიგზავნეთ, თქვენ ვერ გაგაკვირვებთ – ის თქვენთვის ფასეული არ არის (Eshima, 2020). როცა გვესმის ინფორმაციის არსი, შეგვიძლია უკვე განვსაზღვროთ შანონის ენტროპია და ჩავწეროთ იგი, როგორც ინფორმაციის საშუალო შეწონილი:

 (2)

ცხადია, ჩემი მიზანი თქვენი ფორმულებით დაბნევა არ არის. მოდით მხოლოდ კიდევ ერთი ფორმულა გამოვიყენოთ ინფორმაციის ტრანსფერის ასახსნელად:

 (3)

ინფორმაციის ტრანსფერი ერთი დროითი მწკრივიდან მეორე დროით მწკრივზე – ეს არის, თუ რამდენად მცირდება ბუნდოვანება მოცემული სტოქასტური (ალბათური) X ცვლადისა მოცემულ დროის მომენტში (დისკრეტული ფორმით გვაქვს ცვლადები მოცემული), თუ გვეცოდინებოდა Y და X სტოქასტური ცვლადების მნიშვნელობები წინა პერიოდში (t-1 ნიშნავს ლაგს), იმასთან შედარებით მხოლოდ X ცვლადის წარსული მნიშვნელობა რომ გვცოდნოდა (და პირიქით).  დროითი მწკრივი – ეს არის კონკრეტული ცვლადის მნიშვნელობები ჩაწერილი დროის სხვადასხვა მომენტში. მაგალითად, თუ ჩავწერდით ინფლაციის მაჩვენებელს ყოველთვიურად, ეს იქნებოდა დროითი მწკრივი.

პატარა ექსპერიმენტი

მოდით ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი და შევხედოთ შეერთებული შტატებში ინფლაციას 1982 წლიდან, რისთვისაც გამოვიყენოთ ფედერალური რეზერვის მონაცემები.  ინფლაციის დონის ეკვივალენტად გამოვიყენოთ სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ცვლადები მოცემულია ზრდის მაჩვენებლებში). ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია ტრანსფერული ენტროპიის მონაცემები სხვადასხვა ცვლადებისთვის, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს ინფლაციასთან.

შანონის ტრანსფერული ენტროპიის შედეგები

დამოკიდებული ცვლადი სამომხმარებლო ფასების ინდექსი

   
X èY YèX
Variable TE Eff. TE p-values TE Eff. TE p-values
Gas Price 0.0971 0.0749 0.0033 0.0292 0.0045 0.2000
Lag2 Gas Price  0.0200 0.0000 0.5 0.0447  0.0181 0.0433
Unemployment Rate 0.0335 0.0113 0.2300 0.0392 0.0132 0.1433
Unit Labor Cost 0.0336 0.0069 .2267 0.0466 0.0186 0.0733
Lag2 Unit Labor Cost 0.0651 0.0378 0.0133 0.0145 0.0000 0.6633
Feds Rate 0.0484 0.0238 .0867 0.0535 0.0277 0.0400
Lag 4 Feds Rate 0.0528 0.0272 0.0400 0.0687 0.0463 0.0100
M1 0.0376 0.0158 0.1700 0.0432 0.0157 0.0700
Lag2 M1 0.0220 0.0000 0.4267 0.0472 0.0237 0.0500

ცხრილი  1 Authors own calculations, data source: FRED

ცხრილში ვხედავთ, რომ საწვავის ფასის ზრდა (წინა კვარტალში – ერთი ლაგით, დროის შუალედით ჩამორჩენა, როგორც ეს ფორმულა 1-შია ნაჩვენები) „იწვევს“, სამომხმარებლო ფასების ზრდას. თუ უმუშევრობას დავაკვირდებით, ვნახავთ რომ უმუშევრობის დონიდან ინფორმაციის გადაცემა არ ხდება სამომხმარებლო ფასების ინდექსზე და არც პირიქით, იმ შემთხვევაშიც კი თუ დამატებით დაყოვნებას შემოვიტანთ.  ინფორმაციის გადაცემა სახეზეა სამომხმარებლო ფასების ინდექსიდან ერთეულ შრომის ხარჯზე. საწინააღმდეგო მიმართულებით ინფორმაციის გადაცემას ადგილი აქვს მეორე რიგის დაყოვნების შემოტანის შემთხვევაში ერთეული შრომის ხარჯისთვის.  ფედერალური რეზერვის მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთიდან (Fed Rate) სამომხმარებლო ფასების ინდექსისკენ და პირიქით, სახეზეა ინფორმაციის გადაცემა. ეს რევერსიულობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციით (reaction function). მოდით ახლა შევხედოთ ფულის მიწოდებას (M1) და სამომხმარებლო ფასების ინდექსს შორის კავშირს ინფო-მეტრული პერსპექტივიდან. როგორც ცხრილიდან ვხედავთ, არ არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი ფულის მიწოდებას და სამომხმარებლო ფასების ინდექსს შორის, იმ შემთხვევაშიც კი თუ შემოვიტანთ დამატებითი რიგის დაყოვნებებს.

ამ ანალიზით გამოდის, რომ მიწოდების ეფექტები (ნედლეულის ფასები, შრომის ხარჯი) ინფლაციაზე გავლენას ახდენენ, მაშინ როცა ფულის მასის ზრდის გავლენა ინფლაციაზე, მოცემული მოდელიდან ვერ დავინახეთ.

მოკლედ დღევანდელი კონტექსტის შესახებ

დღეს შეერთებულ შტატებში ინფლაციის მხრივ რთული ვითარებაა – ინფლაციას დღევანდელი დონისთვის 40 წელია არ მიუღწევია. ეს დაკავშირებულია ე.წ. ღირებულების ჯაჭვების მოშლასთან  და ბუნებრივია უკრაინაში ომთან. საწვავის და სხვა ნედლეულის ფასების ზრდა, ცხადია ისახება ფასების საერთო დონეზე. ცხადია, არც ის არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი მწარმოებელი ხელოვნურად ზრდიდეს ფასებს ორი მიზეზის გამო: ა) სარგებლობდეს დღევანდელი ვითარებით ინფლაციის მოლოდინებიდან გამომდინარე და იყენებდეს მას საკუთარი მოგების გასაზრდელად ბ) ან შესაძლოა ფირმების ნაწილი იქმნიდეს გარკვეულ ბუფერს მომავლისთვის ინფლაციური რისკების დასაზღვევად, რაც დაკავშირებულია მომავალში ნედლეულის ხარჯების (input costs) შესაძლო გაძვირებასთან. მაგრამ რაც უნდა არ მოგვწონდეს ბიზნეს ელიტა, ცხადია, ნავთობის და სხვა ნედლეულზე ზრდა კრიტიკულია შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ფასების საერთო დონის ზრდის მხრივ. ეს თანხმობაშია ცხრილ 1-ში მოცემულ დასკვნებთან, საწვავისა და ერთეული შრომის ფასებთან მიმართებაში.

მაშ, რა მოხდება მომავალში? ცხადია, ეს პირველ რიგში ილიკოს და ილარიონს უნდა ვკითხოთ, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას ერთი რამ. ფედერალური რეზერვი შეეცდება, შეამციროს ინფლაციის დონე. ამისთვის იქამდეც შეიძლება მივიდეს საქმე, რომ ნამეტნავი მცდელობის გამო, აშშ-ს ეკონომიკა რეცესიაში აღმოჩნდეს. მეტიც, შეიძლება მივიღოთ სტაგფლაციაც, თუ ინფლაციის შესამცირებლად ფედერალური რეზერვი ისეთი რადიკალური არ იქნება, როგორც ის „ვოლკერის შოკის“ დროს იყო.  მომავლის პროგნოზირება რთულია: როგორც მაიკლ ტაისონი იტყოდა, ყველას თავის გეგმები აქვს, ვიდრე ყბაში არ მოხვდება.

მგონი ბევრი ვილაპარაკეთ ამერიკაზე და მის გასაჭირზე – მოსაყოლი კიდევ უფრო ბევრია. ლოგიკური კითხვა შემდეგია: ჩვენ რა გვეშველება? ამაზე შემდეგ ბლოგში.

ბიბლოგრაფია:

Behrendt, S., Dimpfl, T., Peter, F., & Zimmermann, D. (2019). RTransferEntropy—Quantifying information flow between different time series using effective transfer entropy.

Bossomaier, T., & Barnett , L. (2016). An Introduction to Transfer Entropy.

Eshima, N. (2020). Statistical Data Analysis of Entropy.

Peter, F., & Dimpfl, T. (2014). The impact of the financial crisis on transatlantic information flows: An intraday analysis. Journal of International Financial Markets, Institutions and Money.

Vernengo, M. (2006). Money and Inflation. In P. Arestis, & M. Sawyer, A Handbook of Alternative Monetary Economics.

White, M. V., & Schuler, K. (2009). Retrospectives: Who Said “Debauch the Currency”: Keynes or Lenin? The Journal of Economic Perspectives.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი