ნობელის პრემია 2025: გამარჯებული თეორიები ეკონომიკის დარგში და მათი სტრუქტურული შეზღუდვები

 

ნობელის პრემია 2025: გამარჯებული თეორიები ეკონომიკის დარგში და მათი სტრუქტურული შეზღუდვები

2025 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ჯოელ მოკირს, ფილიპ აგიონს და პიტერ ჰოვიტს გადაეცათ ინოვაციური ეკონომიკური ზრდის ახსნა-განმარტებისთვის. ნობელის კომიტეტის შეფასებით, მოკირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ პირობების გამოკვლევაში, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო აგიონისა და ჰოვიტის მოდელი განმარტავს, თუ როგორ წარმოშობს ინოვაცია და მოძველებული ტექნოლოგიების ჩანაცვლება (ანუ „შემოქმედებითი დესტრუქცია“) ეკონომიკურ ზრდას.

წლევანდელი ჯილდო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა სიმბოლური, რაც აშშ-ში რეალურად დაიწყო დებატები მეცნიერებისადმი ნდობის, ტექნოლოგიური კონკურენტუნარიანობისა და პროგრესის მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ. თუმცა, იმავე დროს აუცილებელია კრიტიკულად შევაფასოთ, რა დაშვებებზე დგას ეს თეორიული ჩარჩო და რამდენად ასახავს ის ეკონომიკური განვითარების გლობალურ და ისტორიულ რეალობას.

ჯოელ მოკირის იდეები: პროგრესის კულტურული ახსნა და მისი საზღვრები

ისტორიკოსი ჯოელ მოკირი ინდუსტრიული რევოლუციის კულტურულ საფუძვლებს იკვლევს. მისი ნაშრომების მთავარი იდეა ისაა, რომ ეკონომიკური ზრდის საფუძველი კაპიტალი, შრომა ან ინსტიტუტები კი არ არის, არამედ იდეები. მისი აზრით, რომ მდგრადი ზრდა წარმოიშვა მაშინ, როცა ევროპაში ერთმანეთს დაუკავშირდა ორი ტიპის ცოდნა: მეცნიერული ცოდნა („რატომ მუშაობს“) და პრაქტიკულ ცოდნა („როგორ გავაკეთოთ“).

მოკირის აზრით, ეს კომბინაცია ბრიტანეთში გაჩნდა განმანათლებლობის, პოლიტიკური ფრაგმენტაციისა და კონკურენტული „იდეების ბაზრის“ პირობებში. შესაბამისად, ინდუსტრიული რევოლუცია არა მატერიალურმა ფაქტორებმა, როგორიცაა იაფი ენერგიისა და მაღალი ხელფასების კომბინაცია, (როგორც ამას რობერტ ალენის მოდელი ასახავს), არამედ სწორედ ამ კულტურულ-ინტელექტუალურმა გარემომ წარმოშვა.

თუმცა ასეთი ახსნა აშკარად ევროცენტრულია. ის უგულებელყოფს იმ სოციალურ და გლობალურ ძალებს, რომლებმაც რეალურად შექმნეს კაპიტალიზმის საფუძველი.  კერძოდ, უგულველებელყოფილია კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი და რასობრივი იერარქიები, და ასევე ის ფაქტი, რომ მრავალი „ბრიტანული“ ტექნოლოგიური ინოვაცია კოლონიებში შექმნილ ცოდნას ეყრდნობოდა.

ამგვარი ხედვა ხშირად აკნინებს გლობალურ ძალაუფლებრივ ურთიერთობებს და ქმნის ტექნოლოგიის ფეტიშიზმს, რაც გულისხმობს, წარმოდგენას, რომ განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესითაა ნაკარნახევი, ხოლო შრომითი და ისტორიული პროცესები მეორეხარისხოვანია.

აგიონი და ჰოვიტი: კრეატიული დესტრუქციის მათემატიზაცია და მისი შედეგები

პრემიის მეორე ნახევარი აგიონსა და ჰოვიტს მიენიჭათ შუმპეტერის „კრეატიული დესტრუქციის“ იდეის მათემატიზებისთვის. მათი თეორიის მიხედვით, ინოვაცია ერთდროულად ქმნის პროგრესს და ანგრევს მოძველებულ ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც ზოგი კომპანია და მუშახელი იგებს, ზოგიც წაგებულად რჩება. სწორედ ამ პროცესისგან ჩნდება გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა. შუმპეტერის ეს იდეა მარქსის ანალიზიდან მომდინარეობდა, თუმცა შემდეგ ნეოკლასიკურ ენაში გადატანამ მას უფრო დეპოლიტიზებული სახე მისცა.

მოდელმა დიდი გავლენა მოახდინა ბაზრის კონცენტრაციის, კონკურენციისა და ინოვაციის პოლიტიკის კვლევაზე. ეკონომისტები ცდილობენ იპოვონ ბალანსი: როგორ არ დავაზიანოთ ინოვაცია, მაგრამ ამავე დროს როგორ შევზღუდოთ მონოპოლისტი კომპანიების ძალაუფლება.

თუმცა მოდელი აშკარად ეფუძნება მეთოდოლოგიურ ნაციონალიზმმს, ანუ დაშვვებას, რომ ინოვაცია და ზრდა ქვეყნის შიგნით არსებული პროცესებით განისაზღვრება. რეალურად კი 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ტექნოლოგიური ცვლილება და მოგება გლობალურ ღირებულების ჯაჭვებზე, ოფშორულ წარმოებასა და შრომის საერთაშორისო განაწილებაზეა დაფუძნებული.

ამიტომაც მათი რეკომენდაციები გლობალური სამხრეთისთვის – ადგილობრივი დანაზოგების სტიმულირება, განათლება, ლიბერალიზაცია, ფინანსური განვითარების პოლიტიკა – ეფუძნება მცდარ წარმოდგენას, რომ ზრდა და ინოვაცია მხოლოდ ქვეყნის შიდა პროცესებია და არა გლობალურ უთანასწორობაზე დამოკიდებული.

ეკონომისტები ხშირად განიხილავენ გარე ფაქტორებს  როგორც „შოკებს” (მაგალითად, ჩინეთის შოკი“), მაგრამ თუ კაპიტალიზმის გლობალური სისტემა არ გავითვალისწინეთ, შეუძლებელია ავხსნათ: რატომ ინარჩუნებენ ჩრდილოეთის კორპორაციები მაღალ მოგებას შიდა დეინდუსტრიალიზაციის პირობებშიც? რატომ ვერ ახერხებს გლობალური სამხრეთი სწრაფ ზრდას მიუხედავად „სწორი“ პოლიტიკებისა?

 

დასკვნა: რატომ უნდა შევხედოთ ნობელის პრემიას ეკონომიკის დარგშკრიტიკული კუთხით?

2025 წლის ნობელის პრემია გადაეცათ ეკონომისტებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან, როგორ შეიძლება ინოვაციამ და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ეკონომიკურ ზრდას შეუწყონ ხელი. თუმცა ამავე დროს, აუცილებელია გავითვალისწინოთ შეზღუდვები.

მოკირის თეორია ტექნოლოგიურ პროგრესს ზედმეტად კულტურულ ფაქტორებს უკავშირებს და უგულებელყოფს გლობალურ და ძალაუფლებრივ სტრუქტურებს. აგიონ–ჰოვიტის მოდელი ინოვაციას აბსტრაქტულ, მათემატიკურ პროცესად წარმოსახავს, რომელიც ხშირად ვერ ხედავს რეალურ გლობალურ შრომით ურთიერთობებსა და ძალაუფლებას.

ორივე მიდგომა ეკონომიკურ განვითარებას მეთოდოლოგიურად შეზღუდული ჩარჩოებიდან განმარტავს, მაშინ როცა თანამედროვე ეკონომიკა ღრმად გლობალიზებულია. შესაბამისად, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება ყოველთვის გადაჯაჭვულია პოლიტიკურ და გლობალურ ძალაუფლებრივ ურთიერთობებთან.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.