"ჩემი თეზისი 180 წამში" AUF-ის ფრანკოფონური ღონისძიება

17 ივნისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო აკადემიური ღონისძიება სახელად ჩემი თეზისი 180 წამში.  აკადემიური კვლევითი შრომების ფრანგულად პოპულარულ ენაზე წარდგენის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში რამდენიმე წელია იმართება, ხოლო გამარჯვებულები კი რეგიონულ და მსოფლიო კონკურებში იღებენ მონაწილეობას.

ამ ღონისძიების ავტორი და განმახორციელებელია AUF, ფრანკოფონული უნივერსიტეტების სააგენტო. 42-ე პარალელის ანალიტიკოსი, ალექსანდრე ცაგარელი ესაუბრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს თამარ ღარიბაშვილს.

ქ-ნო თამარ გამარჯობა, მადლობა ინტერვიუსთვის. ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება გვიამბოთ AUF-ის შესახებ, რას საქმიანობს ეს ორგანიზაცია, რას ემსახურება და საქართველოში მისი აქტივობები რას მოიცავს?

მადლობა თქვენ ჟურნალს დაინტერესებისთვის. AUF – ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტების ქსელია, რომელიც 120 ქვეყნის 1000-ზე მეტ უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აერთიანებს.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებით AUF ი არის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ოპერატორი. AUF ი დაარსდა 1961 წელს, ხოლო 2005 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ემსახურება 10 წევრ უნივერსიტეტს თბილისში, ბათუმში და ქუთაისში.

მისი მთავარი მისიაა რეგიონული და კულტურული  მრავალფეროვნების გათვალისწინებით სამეცნიერო ფრანკოფონიის გლობალური მართვა და ფრანგულენოვანი აკადემიური სამყაროსთვის ოპტიმალური პერსპექტივების შემუშავება. მთელს მსოფლიოსა და საქართველოში  AUF ი უმაღლესი განათლების კონკრეტული გაუმჯობესების სტრუქტურული პროექტებითაა წარმოდგენილი.

თუ შეიძლება უშუალოდ ამ კონკურსის შესახებ გვიამბეთ. რას გულისხმობს თეზისი 3 წუთში? რამდენად საერთაშორისოა და რა მიზნებს ემსახურება ის?

ჩემი თემა 180 წამში, ეს ფრანკოფონული სამეცნიერო ვულგარიზაციის კონკურსი 2012 წელს კანადაში, ACFAS -ის (ფრანგულ კანადური ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის) ინიციატივით დაინერგა და ის ავსტრალიური მოდელის — Three Minute Thesis (3MT) — საფუძველზე შეიქმნა.

კონკურსის მიზანია სადოქტორო საფეხურის და ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაცია.

დოქტორანტებმა, 180 წამში უნდა გააცნონ მათი სამეცნიერო თემა  ფართო აუდიტორიას გასაგები, ლაკონიური, არასამეცნიერო ენით.

პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო შესარჩევ ტურში, შერჩევის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება წარადგინოს საქართველო, ფინალურ მსოფლიო ეტაპზე, რომელიც წელს რუმინეთში გაიმართება.

თამარ ღარიბაშვილი

 

ქ-ნო თამარ, საინტერესოა რა თანამშრომლობის გამოცდილებები აქვს AUF და რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, საქართველოში? რამდენად მჭიდრო კოოპერაციაში ხართ ქართულ საგანმანათლებლო და ბიზნეს სფეროებთან?

წლევანდელი კონკურსის პარტნიორები იყვნენ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, ფრანგული ინსტიტუტი და ჩვენი მასპინძელი უნივერსიტეტი. ცხადია ჩვენ ვესწრაფვით უფრო ღრმა და ფართო თანამშრომლობებისთვის.

აღსანიშნია რომ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელთა უმრავლესობა ჩვენი ქსელის წევრია, როგორებიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო მხარს უჭერს ფრანკოფონ მეცნიერთა მკვლევართა და სტუდენტთა აკადემიურ სამეცნიერო პროექტებს. ასევე ახორციელებს პროექტებს უნივერსიტეტების პერსონალის და მართვის ორგანოების სასარგებლოდ.

დასაქმების ფრანკოფონულ ცენტრებში კი, რომელიც ამჟამად თსუ-სა და ბსუ-ში არის გახსნილი ახორციელებს სტუდენტთა დასაქმებასთან და მეწარმეობასთან დაკავშირებულ პროექტებს.

ქ-ნო თამარ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებებს! ჩვენ ინტერესით დავაკვირდებით AUF-ის ქართული ქსელის საქმიანობას.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის კიდევ ერთხელ თქვენ ჟურნალს!

 

 

 

 

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას