ექთნების შრომის პირობები და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება

რევაზ კარანაძე – კასელის უნივერსიტეტის პოლიტეკონომიის მაგისტრანტი

 

გამართული ჯანდაცვის სისტემა და მოქალაქეების უზრუნველყოფა ჯანდაცვის ხარისხიანი მომსახურებით წარმოადგენს მოსახლეობის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. დისკურსული ანალიზის მეთოდის გამოყნებით, მარტივად შესამჩნევია მოსახლეობის მაღალი უკმაყოფილება ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკითხის მრავალმხირივი ნუანსური შესწავლა, რაც გამოკვეთს გზებს სახელმწიფოში არსებული ჯანდაცვის პოლიტიკის გამოსასწორებლად.

დღეს სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემა ორიენტირებულია იმაზე, რომ  მაღალხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა კერძო სექტორს გადააბაროს. სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების 90%-ზე მეტი კერძო სექტორის მფლობელობაშია. ეს პოლიტიკა უკვე მემკვიდრეობით გადაეცემა საქართველოს ყოველ მომდევნო მთავრობას, რომელიც ზრდის კერძო სექტორის წილს ჯანდაცვის სექტორში და ამცირებს რეგულაციებს. მათ შორის, იზრდება საბანკო სექტორის გავლენაც ჯანდაცვის სექტორზე, სადაც „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კორპორაცია „ევექსი“ უკვე სამედიცინო დაწესებულებების ბაზრის თითქმის მესამედს აკონტროლებს. ეს ზრდის მის გავლენას თამაშის წესების დადგენაზე.

ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან რეფორმაზე პოზიტიური აპელირებისა, მძიმე პრობლემებით ხასიათდება. მათ შორის, განსაკუთრებით მწვავე მედიცინის მუშაკთა შრომის პირობებია. ჯანდაცვის სისტემის შესახებ ბოლოდროინდელი კვლევები ძირითადად ჯანდაცვის საბიუჯეტო კონტროლზე სვამს აქცენტს. ამ სფეროში დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის კვლევის საგანი. სამედიცინო სფეროს სრული პრივატიზაციის პირობებში, სახელმწიფო ჯანდაცვის ბიუჯეტით მოქალაქეებზე მეტად კერძო კომპანიები სარგებლობენ. არსებული კვლევები სრულიად უგულვებელყოფს მდგომარეობის გაანალიზების ალტერნატიულ ინტერპრეტაციას და უმეტესად, კვლევათა უმრავლესობა, საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის დასკვნითი რეკომენდაციით გვევლინება.

ქვეყანაში მოქალაქეთა (პაციენტთა) ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მედიცინის მუშაკთა შრომის მდგომარეობასთან (Van Oostveen & Mathijssen, 2015). ამ საკითხზე არაერთი საერთაშორისო კველვა საუბრობს. შესაბამისად, მედიცინის მუშაკთა შრომის პირობების გამოკვლევა და ამ პერსპექტივით სამედიცინო სისტემის შესწავლა ყველაზე კარგად გამოკვეთს ზოგად ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებს (Griffiths, 2014).

დამოუკიდებელმა პროფკავშრიმა „სოლიდარობის ქსელმა“ ჩაატარა კვლევა, რათა გამოაშკარავდეს ექთნების შრომის მდგომარეობა საქართველოში და ამ საკითხებთან დაკავშირებით  გაიხსნას სივრცე მეტი ანალიზისა და დისკუსიისთვის  (კარანაძე, ჩარკვიანი, ჯაფარიძე, & ომსარაშვილი, 2019). კვლევა ჩატარდა საქართველოში მქომედ 10 საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაში და დახურული კითხვარის ინტერვიუს მეთოდის მეშვეობით 2018 წლის შემოდგომაზე გამოიკითხა 200 დასაქმებული ექთანი.

დღევანდელი დისკურსი ექთნების შესახებ ასეთია: ექთნები არიან არაპროფესიონალები და ცოდნის ნაკლებობა აქვთ. უმეტესწილად, ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები ექთნებსა და ექიმებს ბრალდებათ. კვლევები აჩვენებს, რომ ეს დამოკიდებულება მცდარია და ამის უკან დგას მეცნიერული დასაბუთება. ხშირად, საზოგადოების ყურადღება არაა გამახვილებული მედ. პერსონალის შრომის მდგომარეობაზე და უმეტესად ძირითადი აქცენტები კეთდება განათლების ნაკლებობაზე. საქართველოში, უკვე სამი ათწლეულია მშრომელების მდგომარეობა კაბალურია ყველა სფეროში, იქნება ეს მძიმე ინდუსტირია (მაგ: მაღაროები), ერთჯერადი ვაჭრობის ობიექტები, სამკერვალოები, სამშენებლო ბიზნესი თუ სხვა (სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი, 2017). ამ კუთხით, არც ჯანდაცვის სფეროა გამონაკლისი.

ღირსეული შრომის გარემო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პაციენტების ხარისხიან მოვლასა და ექთნების ფიზიოლოგიურ და ფსიქოლგოურ მდგომარეობაზე ცვლებზე (Dall’Ora, Ball, Recio-Saucedo, & Griffiths, 2016). „სოლიდარობის ქსელის“ კვლევამ გამოვლინა, რომ ჯანდაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია შრომის პირობების გაუმჯობესება. შეუძლებელია ქვეყნაში არსებობდეს სამედიცინო დაწესებულბები, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტებს კარგი ან სათანადო მომსახურებით, მაშინ როდესაც ამ დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის, კერძოდ კი ექთნების შრომითი მდგომარეობა არის შემაშფოთებლად მძიმე და მათი შრომითი უფლებები უგულვებელყოფილია.

კვლევა აჩვენებს, რომ დასაქმებული ექთნების 95%-ზე მეტს უწევს ხანგრძლივი ცვლებით კვირაში 40 საათზე მეტი მუშაობა (მაგ: გვხვდება 16 და 24 საათიანი ცვლები; 72 საათში 48 საათიანი სამუშაო დროც, სადაც შესვენება ან დასვენება თითქმის არ არსებობს, ხოლო მათი 98% არ იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას) (საქართველოს შრომის კოდექსი, 2019). ამასთანავე, ექთნების 79,1%-ს უწევს ცვლაში 11 ან მეტი პაციენტის მომსახურება (კარანაძე, ჩარკვიანი, ჯაფარიძე, & ომსარაშვილი, 2019, გვ. 26-27). აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ექთნები მაღალი სამუშაო დატვირთვის გამო ხშირად „გადაიწვებიან”. „გადაწვა“ – დაქანცულობა და სამუშაო დატვირთვა არის ძირითადი მიზეზები იმისა, რომ პაციენტებში მოვლის მომსახურების თვალსაზრისით მაღალი უკმაყოფილება ჩნდება (Van Oostveen & Mathijssen, 2015). „გადაწვა” აქვეითებს ექთნების შრომისუნარიანობას და აძლიერებს მათ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას. ამის შედეგად, ექთნებში მატულობს სტრესი და მღელვარება.

აღსანიშნავია, რომ როდესაც საქართველოში ერთ ექთნაზე საშუალოდ 11 პაციენტი მოდის (გადაუდებელი დახმარების განყოფილებებაში ეს რიცხვი საშუალოდ 25-30 პაციენტსაც აღწევს), მაშინ როდესაც პორტუგალიაში (ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და ეკონომიკურ კრიზის გამოვლილ დადგენილია, რომ 1 ექთანზე უნდა მოდიოდეს საშუალოდ 3-4, ხოლო არაუმეტეს 6 პაციენტი გადაუდებელ ან განსაკუთრებულ შემთხვევებში (Ordem do Enfermeiros, 2014). ამასთანავე, ჩვენგან განსხვავებით, სადაც 16 სათიანი ცვლებია და თვეში 280 სამუშაო საათი, აქ გვხდება მკაცრად დადგენილი 8 საათიანი ცვლები, რომელებიც კვირაში არ აღემატება 40 საათს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ჯანდაცვა განეკუთვნება სპეციფიური სამუშაოების კატეგორიის ნუსხას, ოფიციალური სამუშაო კვირა განისაზღვრება 48 საათით (საქართველოს შრომის კოდექსი, 2019), რაც ცალკე განხილვის თემაა.

ამგვარად, ექთნები მსგავს პირობებში, ცხადია, რომ ვერ გაუწევენ პაციენტებს ხარისხიან მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ ასეთ პირობებში მუშაობა იწვევს პაციენტების და ამავდროულად, ექთნების უსაფრთხოების ხარისხის ვარდნასაც (Van Oostveen & Mathijssen, 2015). ამასთან ერთად, იზრდება ექთნების სამუშაოთი უკმაყოფილების დონეც და მათ უჩნდებათ სამუშაოს დატოვების სურვილი. მოცემული კვლევა ცხადყოფს, რომ გამოკითხული ექთნების 84,1% ფიზიკურ დატვირთვას და 71,1% ფისქოლოგიურ სტრესს ასახელებენ სამსახურიდან წასვლის გამომწვევ მთავარ სურვილად (კარანაძე, ჩარკვიანი, ჯაფარიძე, & ომსარაშვილი, 2019, გვ. 40). პაციენტზე ზრუნვის გარდა, მათ ევალებათ სხვა ფუნქციების შეთავსებაც, როგორებიცაა სანიტრის ფუნქცია, ექიმის ფუნქცია, ექიმის მდივნის ფუნქცია და ა.შ.

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ სამუშაო დატვირთვასთან ერთად, ესაა ხელფასი. მაღალ სამუშაო დატვირთვასთან ერთად, ექთნების ყოველთვიური ხელფასები მიზერულია. ექთნების 86,6% თვიურად იღებს 500 ლარზე ნაკლებ ხელფას, ხოლო ექთნების 67,2%-ის საოჯახო შემოსავლი არ აღემატება თვეში 1000 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ მათ უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაც, ექთნების 98,1% საერთოდ არ იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას (კარანაძე, ჩარკვიანი, ჯაფარიძე, & ომსარაშვილი, 2019, გვ. 31-32). ეს ფაქტორი კიდევ უფრო მეტად ამძიმებს და აუარესებს ექთნების ისედაც სტრესულ სამუშაო გარემოს და ზრდის მათ უკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი მომსახურებით.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტზეც, რომ ექთნების ავტონომია და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში თითქმის არ ხორციელდება. მხოლოდ 3% ამბობს, რომ მათი აზრი გათვალისწინებულია კლინიკის მართვის პროცესში და 4,5% ამბობს, რომ ისინი ჩართული არიან დამსაქმებელი განყოფილების მართვის პროცესში ჩართულები. ეს მიდგომა თავისთვად განაპირობებს, მათი ავტონომიურობის შეზღუდვასა და სამუშაოთი უკმაყოფილების ხარისხის ზრდას.

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებებისა, რომ ჯანდაცვაში მთავარ გამოწვევად  გვხდება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა თუ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ნაკლებობა, და მედ. პერსონალისა და  სამედიცინო დაწესებულებებში სხვა დასაქმებულების განათლების დაბალი დონე, კვლევა აჩვენებს, რომ ექთნების 79,9% მთავარ პრობლემად ასახელებს საავადმყოფოებისა თუ სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციას. ასევე, ექთნების 85,9% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კონტროლის არ არსებობა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებისათვის.

კვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებების მასიურმა პრივატიზებამ ბოლო წლებში ვერ გამოასწორა ექთნების შრომის პირობები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შრომის პირობები პირდაპირ კავშირშია, ხარიხიანი მომსახურების უზრუნველყოფისთვის. ამგვარმა მგომარეობა ხელს ვერ უწყობს პაციენტებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდებასაც (Stimpfel & al., 2012). ეს გამოიკეთება დაბალ ხელფასებში, მაღალ სამუშაო დატვირთვაში და რამდენიმე სამსახურში პარალელურად მუშაობაში, რაც ღლის ექთნებს და რეალურად ვერ უზრუნველყოფს მათი შრომისუნარიანობის კვლავწარმოებას.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი მრავალწახნაგოვანია და პრობლემები კომპლექსურია, აუცილებელია არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრის დაწყება და  ექთნების მოსაზრებების გათვალისწინება. მათი უმრავლესობა, კერძოდ 85,9% მომხრეა დაწესდეს კერძო სამედიცინო დაწებებულებზე სახელმწიფო რეგულაციები ან გამკაცრდეს არსებული რეგულაციები.  ასევე აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 76,7% მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება დაეხმარება ჯანდაცვის სფეროში არებული პრობლემების გადაჭრას.

ამ მოსაზრებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას შემდეგი რეკომენდაციებიც:

  • საჭიროა სახელმწიფომ და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კუთხით აწარმოონ კვლევები, რათა მოხდეს პრობლემების სიღრმისეული გამოკვლევა და ამით გამოაშკარავებულ პრობლემებზე ეფექტური რეაგირების პროცესების დაწყებას შეეწყოს ხელი. აუცილებელია ამ მიმართულებით სამედიცინო ფიზიოლოგიური კვლევის ჩატარებაც.
  • ძლიერი პროფკავშირული მოძრაობა გადამწყვეტია ექთნების სიტუაციის გამჯობესებაში, როგორც სამუშაო ადგილზე, ასევე, მის მიღმაც.
  • ექთნების გადაწყევტილების მიღების პროცესში ჩართვა, როგორც განყოფილების, აგრეთვე სავადმყოფოს (ან სხვა სახის სამედიცინო დაწესებულების) დონეზე ხელს შეუწყობს ექიმების მიერ სამუშაოთი კმაყოფილების ხარსხის ზრდას, რაც დადებით აისახება მათ შრომის პირობებზე და ამასთანავე, გაიზრდება პაციენტებისთვის გაწეული მოვლის მომსახურების ხარისხიც.
  • სამართლებირივი ნორმით უნდა დადგინდეს ექთნებთან პაცინეტების მაქსიმალური რაოდენობის თანაფარდობა განყოფილებებისა და სამუშაო დატვირთვის მიხედვით. 1 ექთანზე მოდიოდეს საშუალოდ 4 პაციენტი (კრიტიკული და ინტესნიური თერაპიის შემთხვევებში 1 ექთანზე უნდა მოდიოდეს 1 ან არა უმეტეს 2 პაციენტი).
  • აუცილებელია მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება, რაც მოაგვარებს ზეგანაკვეთური საათებით მიღებული გამომუშავებული ანაზღაურების პრობლემასაც.
  • კერძო სექტორის ჯანდაცვას უყურებს, როგორც მოგებას და არა საჯარო სიკეთეს. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება და პროცესებში პირდაპირი ჩართულობა, რაც აუცილებელია მეტი რეგულაციებისა და კონტროლის მექნაიზმების დაწესების გამოხატვიტაც.
  • შრომის ინსპექციის სპეციფიური მიმართულების ჩამოყალიბება, რომელიც უშუალოდ ორიენტირებული იქნება ჯანდაცვის სფეროზე და რომელიც დაკომპლექტდება ამ სფეროს სხვადასხვა მიმართულების სპეციელისტებით.

 

            გამოყენებული ლიტერატურა:

  • Buchan, M. J., Temido, M., Fronteira, I., & Lapão, L. V. (2013, February). Nurses in advanced roles: A review of acceptability in Portugal. Revista Latino-Americana de Enfermagem. doi: 10.1590/S0104-11692013000700006 · Source: PubMed
  • Dall’Ora, C., Ball, J., Recio-Saucedo, A., & Griffiths, P. (2016). Characteristics of shift work and their impact on employee performance and wellbeing. A literature review. International Journal of Nursing Studies(57), 12 – 27.
  • Griffiths, P. e. (2014). . “Nurses’ shift length and overtime working in 12 European countries: the association with perceived quality of care and patient safety”. Medical Care, 52(11).
  • Ordem do Enfermeiros. (2014, Maio 30). Norma Para O Cálculo De Dotações Seguras Dos Cuidados De Enfermagem. Retrieved from https://www.ordemenfermeiros.pt/media/8332/pontoquatro_norma_de_dotacoesseguras_dos_cuidados_de_enfermagem_ag_30_05_2014_aprovado_por_maioria_proteg.pdf?fbclid=IwAR264EVlrgoWrlExXT37PBBg6mAlLsDbSBASyE5dNV1M-nwEzFtngRiRs94
  • Stimpfel, A., & al., W. e. (2012). The longer the shifts for hospital nurses, the higher the levels of burnout and patient dissatisfaction. Health Affairs (Project Hope), 31(11).
  • Van Oostveen, C. J., & Mathijssen, E. &. (2015). Nurse staffing issues are just the tip of the iceberg: A qualitative study about nurses’ perceptions of nurse staffing. International Journal of Nursing Studies, 52(8), 1300–1309.
  • კარანაძე, რ., ჩარკვიანი, ნ., ჯაფარიძე, ს., & ომსარაშვილი, დ. (2019, აპრილი). ექთნების შრომის პირობები საქართველოში. სოლიდარობის ქსელი.
  • საქართველოს შრომის კოდექსი. (2019). მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაო. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. Retrieved from https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567?publication=10#!
  • სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი. (2017). მომსახურების სფერო და ღირსეული შრომა. Retrieved from http://solnet.ge/wp-content/uploads/solnet2017.pdf

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.