ფლორინ პოენარუ არის რუმინელი ანთროპოლოგი და გამოცემა CriticAtac – ის თანარედაქტორი. ის მუშაობს კლასისა და პოსტკომუნიზმის საკითხებზე.
სტატიის ორიგინალი ვერსია გამოქვეყნდა გამოცემა LeftEast-ში, „აღმოსავლეთ ევროპა 30 წლიანი ტრანზიციის შემდეგ: ახალი ემანსიპატორული პერსპექტივები რეგიონიდან“ სერიის ფარგლებში.
თარგმნა ნინო ხელაიამ
ჩარლზ ვრაით მილსი სიციოლოგიურ წარმოსახვას აღწერდა როგორც ინდივიდის ცხოვრებისა და საზოგადოების ისტორიის თანადროული გაგების უნარს. თუ ჩვენ ამ ორ რამეს ერთმანეთისაგან განცალკევებით განვიხილავთ, მივიღებთ ან მეთოდოლოგიურ ინდივიდუალიზმს (ან უარესს, ფსიქოლოგიზმს), ან კიდევ საერთოდ აბსტრაქტულ ემპირიციზმს. მილსის არგუმენტი ძლიერია: მართლაც, ბიოგრაფია და ისტორია ერთიანად უნდა იქნეს აღქმული იმისათვის, რომ გავიაზროთ ისტორიული მოძრაობის ტრაექტორიები, სოციალური ფორმაციები და მაორგანიზებელი სტრუქტურები.
ამ ტექსტში, მინდა რომ მივიღო მილსის ეს გამოწვევა და სამი ათწლეულის შემდეგ ვიფიქრო 1989 წელზე იმ აღმოსავლეთ ევროპელი ადამიანის ზოგადი პერსპექტივიდან, რომელიც სადღაც 1980-იანებში დაიბადა. ასეთი პიროვნება, დღეს 30 წელს გადაცილებულია და ამდენად, კომუნისტური რეჟიმების დაცემის შემდეგ გასული ბოლო სამი დეკადა დიდწილად ემთხვევა მის მთლიან ცხოვრებას.
30 წელი სოციოლოგიურად თაობის ციკლია. სამი დეკადის პასაჟი კი საშუალებას გვაძლევს ბიოგრაფია და ისტორია ერთმანეთს დავუკავშიროთ ისეთი გამაშუალებელი ცნებით, როგორიც არის – თაობა. თაობა ერთდოულად წარმოაჩენს ნიმუშად ქცეულ ტრაექტორიებს, საერთო გამოცდილებებსა და მისგან მიღებულ განსხვავებულ შედეგებს. მეტიც, 1980-იან წლებზე ყურადღების გამახვილებით, მინდა შემოგთავაზოთ 1989 წლის, როგორც ე.წ. „განსაკუთრებული წლის“ – annus mirabilis – დემისტიფიკაცია. წლის, რომელიც როგორც გარკვეული განმსაზღვრელი ათვლის წერტილი, დღემდე ზედმიწევნითი სიზუსტით ყოფს დროს პერიოდებად, რეჟიმებად და ეპოქებად.
ამით, სულაც არ ვცდილობ 1989 წლის მნიშვნელობის გაქარწყლებას, ან მისი სიმბოლური სტატუსის დაკნინებას. მაგრამ, თარიღების ნაცვლად, ვფიქრობ, უფრო გრძელვადიან პროცესებსა და დროით ტრაექტორიებს უნდა დავაკვირდეთ. მეტიც, მთავარ ფოკუსად იმგვარი თაობისეული გამოცდილების არჩევით, რომელიც 1980-იან წლებში იწყება, შევეცდები, 1989 წელი აღვიქვა არა მხოლოდ როგორც გარკვეული დიდი გარდამტეხი მომენტი და შემდეგ ვიფიქრო იმაზე თუ რა მოყვა მას, არამედ ჩემი მიზანია, ეს წელი გავიაზრო იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც მას წინ უძღოდა. დღეისათვის, უკვე არსებობს ვრცელი ლიტერატურა, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს იმ ფართომასშტაბიან პროცესებს, რომლებმაც აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წლის შედეგები გამოიწვია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, რომ სამი ათეული წლის შემდეგაც კი, არსებობს ტენდენცია, რომელიც 1989 წელს აანალიზებს 90-იანებისა და მისი შემდგომი ათწლეულების პერპექტივიდან – ანუ, ვალტერ ბენიამინის „ისტორიის ანგელოზისა“ არ იყოს, ამას „უკან, მომავალში“ მეთოდით აკეთებს.
1970-იანი წლების დასაწყისში, მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. შეერთებული შტატების მიერ, 1971 წელს ბრეტონ ვუდსის სისტემის უარყოფამ და ნავთობის პირველმა კრიზისმა (1973 წელი), იმის ნიშნები გააჩინა, რომ მანამდე არსებული, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი ირღვეოდა. ეს სეისმური მოვლენა იყო და მის ვიბრაციებს ჩვენ ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ვგრძნობთ. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ორი კრიზისი ერთდროულად გვიახლოვდებოდა: ერთი მყისიერი, მეორე კი – შედარებით გრძელვადიანი ტრანსფორმაციის ნაწილი.
მყისიერი იყო აკუმულაციის კრიზისი კაპიტალისტური სისტემის ცენტრში. ომის შემდგომმა კაპიტალისტურმა კეინსიანიზმმა, რომელმაც დასავლეთ ევროპა და მსოფლიოს სხვა ნაწილებიც ამერიკული სუპერძალის დაცვის ქვეშ დაასტაბილურა, ზრდის ლიმიტებს მიაღწია. კაპიტალისტურმა კლასმა შენიშნა, რომ მისი მოგების მარჟები ეცემოდა და ვინაიდან, გაფართოების დიდი შესაძლებლობა ერი-სახელმწიფოს ტრადიციულ საზღვრებში არ ჰქონდა, შეეცადა თავი დაეღწია ამ შეზღუდვებისათვის და ისეთ ადგილებში გადასულიყო, სადაც მოგების უფრო მაღალი განაკვეთი ექნებოდა. ამისათვის, ისტორიული წინაპირობები მომწიფებული იყო, რადგანაც გლობალური სამხრეთის დიდ ნაწილს ამ დროისათვის გლეხებისა და პროლეტარიატის სოლიდური რეზერვი გააჩნდა, რომლებიც თანახმა იყვნენ უფრო სტაბილურ ინდუსტრიულ სამუშაოზე გადასულიყვნენ თუნდაც იმაზე ბევრად ნაკლები ანაზღაურებით, რასაც დასავლეთის განვითარებულ ეკონომიკებში იღებდნენ ლურჯსაყელოიანი მშრომელები.
ამ სიტუაციამ, მყისვე მისცა ბიძგი სახელმწიფოთა ე.წ. „რბოლას ფსკერისკენ“ („a race to the bottom“). საბრუნავი კაპიტალის მოსაზიდად, სახელმწიფოები ამას სხვადასხვანაირი, თუმცა ურთიერთდაკავშირებული მოტივების შექმნით ახორციელებდნენ – იქნებოდა ეს დაბალი გადასახადები, თუ იაფი და დისციპლინირებული მუშახელი. ამ ვითარებამ, გლობალური პროლეტარიატი ერთმანეთს დაუპირისპირა. კონკურენციამ ჩაანაცვლა კლასობრივი სოლიდარობები და ტრანსნაციონალური ალიანსები. ყოველივე ამან კი საბოლოო ჯამში, გლობალური მასშტაბით რეალური ხელფასების სტაგნაცია გამოიწვია.
ეს პროცესი, მის თანმხლებ ფართომასშტაბიან და კარგად დოკუმენტირებულ შედეგებთან ერთად, ცნობილია ნეოლიბერალიზმის სახელით – ანუ იმ ტერმინით, რომელიც იმდენად ყველაფრის ასახსნელად და არასწორად იქნა გამოყენებული, რომ ამ კონცეფციის ამხსნელად გამოყენება დღეისათვის საკმაოდ არაეფექტური გახდა. თუმცა, მიუხედავად იმისა თუ რას ვუწოდებთ, ეს პროცესი წარმატებული იყო და 1980-90-იან წლებში, დიდმა გლობალურმა კორპორაციებმა (რომელთა უდიდესი ნაწილი მართლაც უსამშობლო და ამასთანავე, ზომით სახელმწიფოსოდენა იყო) დაიწყეს უპრეცედენტო სიმდიდრის დაგროვება. მიუხედავად დროდადრო თანმხლები რეცესიებისა, ეს ორი ათწლეული, კაპიტალისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დიდისთვის, „ოქროს ხანა“ იყო. ეს იყო მომენტი, როდესაც უთანასწორობის დონე მატებას იწყებს, და რომელიც წინ უძღვის უთანასწორობის იმ საოცარ მაჩვენებელს, რომლის მოწმენიც დღეს ჩვენ ვართ. მოკლევადიან პერსპექტივაში, კაპიტალისტური კლასისთვის ხელსაყრელი დრო იდგა.
მაგრამ ნეოლიბერალიზმი, მოკლევადიანი კრიზისის დროებითი გამოსავალი იყო. გრძელვადიანი კრიზისი უფრო საშინელი, ნაკლებად თვალსაჩინო და ამდენად, უფრო რთულად მოსაგვარებელი იყო. ფაქტობრივად, ის დღემდე მოუგვარებელი რჩება. 1970 წლის კაპიტალის დაგროვების კრიზისი დაემთხვა უფრო ძლიერ „მოგების კრიზისს.“ საუკუნზე მეტი ხნის განმავლობაში (1873 წლის დიდი კრიზისიდან მოყოლებული), მიუხედავად დროებითი ზრდის ტენდენციებისა, ინვესტირებულ კაპიტალზე მოგების განაკვეთი მუდმივად ეცემოდა. la Belle Époque – ისა და „დიდებული 30 წლის“ განმავლობაში არსებული მოგების მაღალი განაკვეთებიდან, საუკუნის შუა პერიოდიდან, მოგებამ მნიშვნელოვანი ვარდნა დაიწყო და ათასწლეულის ცვლილებასთან ერთად, უკვე ერთეული ციფრებით გამოისახებოდა (Roberts, Minqi Li).
კაპიტალისტური კლასი, ამას მშრომელთა კლასსა და სახელმწიფო ხარჯებს აბრალებდა – მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, მეტწილად ავტორიტარული და იმპერიალისტური წყობა ისე იყო ორგანიზებული, რომ შეერთებული შტატების სამხედრო და ეკონომიკური ჰეგემონია გლობალურად გაეფართოვებინა. როგორც ზემოთ იქნა ნახსენები, ნეოლიბერალიზმი პრობლემის გადაჭრის მხოლოდ მოკლევადიანი და დროებითი მცდელობა იყო – და ამან მხოლოდ ცოტა ხნით იმუშავა. მაგრამ მოგების (და უფრო ზოგადად, ატლანტიკური ჰეგემონიის) კლება სისტემური და სეკულარული კრიზისი იყო და არა უბრალოდ ომის შემდგომი პერიოდის მოვლენა. ნეოლიბერალიზმმა ცოტა ხანს „იმუშავა“, და მშომელებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტებისათვის, საყოველთაოდ ცნობილი შედეგები დადო, ხოლო კაპიტალისტური კლასი მნიშვნელოვნად გაამდიდრა მის მიერ სტიმულირებული კაპიტალის პირდაპირი ტრანსფერების საშუალებით. თუმცა, მოგება დაბალი რჩებოდა. წარმოებაში ჩადებულ ინვესტიციებს ნაკლები ამონაგები ჰქონდა. ამ სტრუქტურულ კრიზისზე პასუხი კი იყო კაპიტალისტური სახელმძღვანელოების ცნობილი ხრიკი: ფინანსიალიზაცია.
ფინანსიალიზაცია ნეოლიბერალიზმში არ უნდა აგვერიოს, როგორც ამას ხშირად ურევენ ხოლმე. ეს სრულიად განსხვავებული ტიპის ანტიკრიზისული გამოსავლია. დადგა რა ინვესტირებული კაპიტალზე მოგების კლების საშიშროების წინაშე, კაპიტალისტი (ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კაპიტალისტური საქმიანობა), ინვესტიციების განხორციელებას მთლიანად თავს არიდებს (მარქსისეული ცნობილი C – C’ ურთიერთობა) და სანაცვლოდ, ის ცდილობს ფულის ფულით გაკეთებას. ეს გულისხმობს მოგების მაქსიმიზაციისაკენ მიმართული ფარული მექანიზმების მთელ სერიას, რომელიც ძირითადად ეყრდნობა მომავალ მოგებაზე სპეკულირების უნარს. 2007-2008 წლის კრიზისი სწორედ ასეთი სპეკულაციური მექანიზმებით იყო წარმოქმნილი, რომელთა სისტემაც მაშინ ჩამოიშალა, როდესაც მის მიერ შექმნილი ფინანსური ბუშტი გასკდა. მაგრამ ამას არ გამოუწვევია ფინანსიალიზაციის დასასრული ან წარმოებაში ინვესტიციების განახლება. ამის სიახლოვესაც კი არ ყოფილა. პარადოქსულია, რომ კაპიტალისტური კლასის წნეხის ქვეშ მყოფმა სახელმწიფოებმა, ამას მხოლოდ იმით უპასუხეს, რომ არალიკვიდური ბანკების დასაცავად სისტემაში უფრო იაფი ფული გადაისროლეს. ამ მანევრმა, კიდევ უფრო მეტი სტიმული შექმნა კაპიტალისტური საქმიანობისათვის, რათა მათ უფრო მეტი მონდომებით ეცადათ ფულით ფულის კეთება, ვინაიდან ირგვლივ ამდენი ფული ტრიალებდა. ვის ჭირდება წარმოებაში ინვესტიციის განხორციელებით ზედმეტი თავისტკივილი, როდესაც ფასის მომავალი მატებით სპეკულაციას უფრო მეტი მოგების მოტანა შეუძლია? მომგებიანობის ეს გრძელვადიანი კრიზისი ფინიშისგან შორს არის, ვინაიდან ფინანსური კრიზისი ნამდვილად მოხდება რეგულარულად და უფრო მოკლევადიან ცილკებში.
მოკლე და გრძელვადიანი კრიზისების გადაჯაჭვულობამ, და მათზე კაპიტალისტური პასუხებმა, წარმოქმნეს გლობალური ტურბულენტურობა, რომელმაც ძირფესვიანად მოშალა ადრე არსებული წესრიგები, და ახალ ტრაექტორიებსა და სტრუქტურულ წნეხებს დაუდო სათავე. როგორც 1970-იანი წლების ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების შედეგი, ეს ორი კრიზისი, 1980-იან წლებში შეერთდა, და არსებული ტენდენციები კიდევ უფრო დააჩქარა. ამდენად, 1980-იანი წლები წარმოადგენდა პერიოდს, რომელშიც ნეოლიბერალიზმიცა და ფინანსიალიზაციაც გაძლიერდა და კაპიტალისტური კლასის მიერ დე ფაქტო ნაწარმოები პოლიტიკა გახდა, და ეს ასე გაგრძელდა გლობალური მასშტაბით (თუმცა განსხვავებული კონფიგურაციებით) 2008/9 წლების ფინანსურ კრიზისამდე.
აღმოსავლეთ ევროპაში, ეს გლობალური ტურბულენტურობა ზედ დაერთო რეგიონულს: ეს იყო კომუნისტური პარტიების პოლიტიკური მონოპოლიით განხორციელებული სოციალისტური დეველოპმენტალიზმის ამოწურვა. ეს უცაბედად არ მომხდარა – როგორც ამას 1989 წელზე ფიქსაცია გვთავაზობს. ეს იყო კომპლექსური და გაჭიანურებული პროცესი გაუთვალისწინებელი და წინააღმდეგობრივი შედეგებით.
დავიწყოთ იმით, რომ თეორიული და ისტორიული შეცდომა იქნებოდა კომუნისტური ბლოკის კაპიტალისტური სამყაროსაგან რადიკალურად განსხვავებულ მოცემულობად განხილვა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის (ან გნებავთ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის) განსხვავებები ნამდვილად არსებობდა, სოციალისტური აღმოსავლეთი იმ გლობალური ეკონომიკური სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც თავისი ბუნებით კაპიტალისტური იყო. იდეოლოგიურად, საბჭოთა კავშირი და მისი სატელიტები, შეიძლება საკუთარ თავს კაპიტალიზმის ალტერნატივად და გარკვეული გაგებით ანტიკაპიტალისტურადაც წარმოადგენდნენ. თუმცა პრაქტიკაში, ისინი ჩვეულებრივი ნაწილები იყვნენ იგივე სისტემისა, და მათზე იგივენაირ გავლენას ახდენდა სისტემის ტურბულენტურობა და კრიზისები.
ეკონომიკასა და საზოგადოებაზე პოლიტიკური მონოპოლია, რომლითაც კომუნისტური პარტიები სარგებლობდნენ, მათ საშუალებას აძლევდა კრიზისული წნეხები განსხვავებულად შეეწოვათ, და დროში გადაევადებინათ ის მომენტი, როდესაც რეალურად მოუწევდათ კრიზისებთან გამკლავება. სისტემის კრიზისი კი ამ რეჟიმების დამხობას წინ უსწრებდა როგორც მინიმუმ ერთი ათწლეულით. ისეთი ფაქტორების ერთობლიობამ, როგორიც იყო ინერცია, რეპრესია და ცენტრალური დაგეგმარება, თავიდან აირიდა გარდაუვალი დასასრული ეკონომიკური და სოციალური დეგრადაციის ხარჯზე. პარტიების ერთი შეხედვით ტოტალური კონტროლისა და ჰეგემონიის მიუხედავად, კომუნისტური რეჟიმები ბანქოს სახლებივით ჩამოიშალნენ. ფაქტობრივად, სახელმწიფოს შიდა სტრუქტურები, ეკონომიკა და საზოგადოება გამოუსწორებლად დაიბზარა. მათ ვერ მოახერხეს ვერც ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმებთან დაკავშირებული შიდა წნეხებთან გამკლავება, და ვერც ფუნდამენტური ტრანსფორმაციების პროცესში მყოფი გლობალური ეკონომიკის საგარეო წნეხის შერბილება.
ეს არ ნიშნავს, რომ ამ რეჟიმებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს: ფაქტობრივად, მათ კოლაფსი იმიტომ განიცადეს, რომ ზედმეტად წარმატებულნიც კი იყვნენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი ისტორიული სცენიდან გავიდნენ მაშინ, როდესაც საკუთარი მისია უკვე შეასრულეს. მიუხედავად იდეოლოგიური გაურკვევლობისა, რაც ამ რეჟიმებს გარს არტყავს, პრაქტიკაში, ისინი შეეცადნენ, და დიდწილად მოახერხეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდგომ, 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის მოდელზე დაფუძნებით, დაჩქარებულად განევითარებინათ აღმოსავლეთ ევროპის (და გლობალური სამხრეთის) აგრარული ქვეყნები. ცხადია, არსებობდა განსხვავებები ადგილობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მაგრამ მეტწილად, ამ რეჟიმებმა, 1950-60-იან წლებში, წარმატებით შეამცირეს განვითარების დონის განსხვავებები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მძიმე ინდუსტრია, მასობრივი დასაქმება, ურბანიზაცია, მსხვილი ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანი სოციალური კეთილდღეობა – ეს ამ რეჟიმების მთავარი მახასიათებლებისა და მიღწევების ჩამონათვალია. ამ ყველაფერმა, მეორე მსოფლიო ომიდან სულ რაღაც ერთ თაობაში, რადიკალურად შეცვალა იმ საზოგადოებების სოციალური ლანდშაფტი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და წინ უძღოდნენ სრულიად განსხვავებულ სოციალურ ურთიერთობების, ინსტიტუციებისა და ცხოვრების სტილის დამკვიდრებას.
თუმცა, 1970-იანი წლებისთვის, ეს მოდელი, კომუნისტური ქვეყნების უმრავლესობაში უკვე კრიზისში იყო. ამას ჰქონდა როგორც შიდა – მძიმე ინდუსტრიულ ექსპანსიაზე დაფუძნებული ზრდის შემცირებასთან დაკავშირებული მიზეზები, ისე საგარეო გამომწვევი ფაქტორები – ანუ ზემოთხსენებული ცვლილებები გლობალურ კაპიტალისტურ ეკონომიკაში. გარდა ამისა, დასავლეთის მხრიდან, ინდუსტრიის დელოკალიზაციის დაწყებამ, გააუფასურა კომუნისტური ქვეყნების კონკურენტული უპირატესობა: მათი იაფი და დისციპლინირებული სამუშაო ძალა არაფერი იყო გლობალური სამხრეთის მშრომელებთან შედარებით. ვინაიდან დასავლეთში კომპანიებმა შეამცირეს წარმოების დანახარჯები რელოკაციის საშუალებით, კომუნისტური რეჟიმები დადგნენ შრომისა და რესურსების მომატებული ხარჯების პირისპირ. ამ ქვეყნების გლობალური კონკურენტულობა დაეცა და მათ პრობლემები შეექმნათ შიდა მოთხოვნის საკმარის დაკმაყოფილებასთანაც კი. ამას დაემატა 70-ანი წლების ნავთობის კრიზისი და მის მიერ წარმოქმნილი ინფლაციური წნეხი; იაფი კრედიტის უცაბედი ამოწურვა, რაც დაკავშირებული იყო 1970-ანი წლების ბოლოს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ (FED) საპროცენტო განაკვეთის აწევასთან; ასევე, იმ ინდუსტრიების ტექნოლოგიური მოძველება, რომლებიც ამ დროისათვის უკვე არაეფექტური იყო; და უკვე ცხადი ხდება, თუ რატომ ჰქონდათ კომუნისტურ რეჟიმებს პრობლემები 1989 წლამდე ბევრად უფრო ადრე.
ე.წ. „ტრანზიციის პერიოდი“, რომელიც ამ პროცესებს მოყვა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ისტორიული პროპორციების მასშტაბური სოციალური კატასტროფა. ამ მოვლენებიდან 30 წლის შემდეგაც კი, მთლიანი სურათი იმ ადამიანური და სოციალური ტრაგედიისა, რომელიც ტრანზიციამ აღმოსავლეთ ევროპისათვის წარმოშვა, ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი და გადმოცემული, ვინაიდან ანტიკომუნიზმი, როგორც ელიტების იდეოლოგია, ჯერ კიდევ ჰეგემონურია. მისი ფუნქცია არა მხოლოდ სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, არამედ მისი ახსნა და გამართლება. მოკლედ რომ ვთქვათ, ანტიკომუნიზმი ლეგიტიმაციას აძლევს იმ კლასის მცირე ნაწილის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტროლს, რომელმაც კომუნიზმის დაცემით სარგებელი ნახა.
ამის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებებში, უამრავი ადამიანისათვის, ტრანზიცია შეუქცევადი კატასტროფა იყო. მეტიც, ტრანზიციამ „ააორთქლა“ თუნდაც ის მწირად შემორჩენილი სოციალური კეთილდღეობა და ინკლუზიური დეველოპმენტალისტური სტრატეგია, რომელსაც კომუნისტური რეჟიმები ქმნიდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში, ტრანზიცია იყო ნეოლიბერალიზმის სრულმასშტაბიანი სოციალური ექსპერიმენტი, რომელიც ამ მასშტაბებით, დასავლეთშიც კი არასოდეს განხორციელებულა. ამასთან, მსოფლიოს სხვა ნაწილებთან შედარებით, რომლებიც ასევე გაანადგურა ნეოლიბერალურმა დოქსამ (მაგალითად ლათინური ამერიკა) რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპა უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩავარდნენ: მათ არანაირი დაცვის მექანიზმები და ხელსაწყოები არ გააჩნდათ, რომ ებრძოლათ ამ პროცესების შესაჩერებლად. ლათინური ამერიკისგან განსხვავებით, რომელმაც წინააღმდეგობის ტრადიცია განავითარა განახლებული მემარცხენე იდეოლოგიის საშუალებით, რუსეთმა და აღმოსავლეთ ევროპამ ინტელექტუალური გაუდაბნოება განიცადეს. მემარცხენეობა კანონგარეშედ და „ეშმაკისეულად“ იქნა გამოცხადებული და „დასავლური ინტეგრაცია“ შეირაცხა ერთადერთ სიცოცხლისუნარიან შესაძლებლობად. ამ ვითარებამ, მხოლოდ და მხოლოდ გაამწვავა კატასტროფის ხარისხი და მასშტაბი.
ამდენად, პიროვნებას, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპაში დაიბადა, ორი განსხვავებული სამყაროს უარესი ნაწილი ერგო. იმ დროისათვის როცა ის გაჩნდა, კომუნისტური რეჟიმი უკვე კრიზისში იყო შესული და თავის თავდაპირველ დანაპირებს ვეღარ ასრულებდა. ეს პიროვნება, კომუნიზმის ადრეული წარმატებისაგან სარგებელს მხოლოდ სისტემაში მისი მშობლების სტატუსითა თუ პოზიციით ნახავს – რაც შემდგომში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ რა გავლენა ექნება ტრანზიციას მასზე. მეორეს მხრივ, ტრანზიციის პერიოდი, საწყის ეტაპზე, შეინარჩუნებს ძველი ბენეფიტების ნაწილს (მაგალითად უფასო სასკოლო განათლება), მაგრამ დროსთან ერთად, პიროვნება იზრდება იმგვარ სამყაროში, რომელიც განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ კონკურენციით, მოგებისაკენ სწრაფვით და ნეოლიბერალიზმის ეგიდის ქვეშ დაგროვებით. არ აქვს რა რეალური მახსოვრობა ძველი წესრიგისა რომლითაც იხელმძღვანელებდა, და შეიარაღებულია რა მხოლოდ იმ შეზღუდული პრაქტიკული ცოდნით, რომელიც ამ სამყარომ შესთავაზა, ასეთი პიროვნება, ხდება ტრანზიციაში განვლილი ცხოვრების რეალური განსხეულება.
დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიტუაციის კიდევ ერთი თანმხვედრი მახასიათებელი, ასევე ფართო სპექტრის მქონე გლობალური ისტორიული ფენომენია: კონკრეტულად, 1789 წელს, საფრანგეთის რევოლუციით დაწყებული რაციონალური და რევოლუციური წყობის ამოწურვა. ეს წყობა, 1968 წლის გლობალური რევოლუციის მარცხით დამთავრდა. ხოლო მისი იდეები გაიბნა და ჩაიკარგა მრავალ განსხვავებული ტიპის იდეოლოგიაში, ცხოვრების სტილსა თუ პოლიტიკურ პრაქტიკებში, რომლებიც ან ნეოლიბერალიზმის მიერ იქნენ კოოპტირებულნი, ან უბრალოდ გაქრნენ. ეს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივი პროცესი იყო. დღეს კი მისი შედეგები საკმაოდ თვალსაჩინოა ანტი-რაციონალური, ანტი-მეცნიერული, და ანტი-განმანათლებლური იდეოლოგიებისა და პრაქტიკების სახით. გლობალური მემარცხენეობის დაღმასვლა, მისი კრიზისი და წყვეტა – რომელზედაც ხშირად გამოთქვამენ ხოლმე წუხილს – ფაქტობრივად წარმოადგენს ამ უფრო ფართო იდეოლოგიური ცვლილების სიმპტომს.
ამ პერსპექტივიდან, გარკვეული აზრით, აღმოსავლეთ ევროპა ავანგარდში იყო. ირაციონალიზმი, მისტიციზმი, სიმართლის, გონიერებისა და მეცნიერების მიმართ „ზიზღი“ და მიუღებლობა – კომუნისტური რეჟიმების ბოლო ეტაპზე ეს ყველაფერი უკვე სახეზე იყო. გარდა ამისა, ამ რეჟიმების მიმართ წინააღმდეგობა გამოიხატა ნაციონალისტური იდეოლოგიით, რელიგიური დისკურსითა და აღტკინებით, 30-იანი წლების ფაშიზმისადმი ნოსტალგიით, და ინტერნაციონალიზმისა და გლობალური მემარცხენე რევოლუციის შესაძლებლობის ცალსახა უარყოფით. როცა სისტემა დაინგრა, ეს ტენდენციები სააშკარაოზე შურისმაძიებელი სულისკვეთებით გამოჩნდნენ, და უპირატესი პოზიციები დაიკავეს. დემონიზებულ იქნა არა მხოლოდ მემარცხენეობა, როგორც მკვლელი იდეოლოგია, არამედ მატერიალიზმიც: მატერიალისტური აზროვნება და ემპირიული სწავლება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. 1989 წლის შემდგომ, ანტიინტელექტუალიზმი გახდა ღირსებისა და პატივის სიმბოლო. კვლევა და არგუმენტები ჩაანაცვლა შთაგონებებმა და გრძნობებმა. ისტორიული ფაქტები და სიზუსტე კი – ზერელე და ზედაპირულმა მეხსიერებამ და მხოლოდ ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაყრდნობამ. 30 წლის შემდეგ, სწორედ ეს არის მთელი მსოფლიოს რეალობა, რომელიც უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გახვეულია მითებში, ფეიკ ნიუსებში, პოპულარიზებულ გმირებსა და ზიზღში ყველაფრის მიმართ რაც შეიძლება წააგავდეს რაციონალურ, ან კოლექტიურ ქმედებას.
აქედან გამომდინარე, პირონება, რომელიც 1980-იან წლებში გაჩნდა, თავიდანვე ჩაძირულ იქნა იმგვარ ადგილობრივ და გლობალურ სააზროვნო გარემოში, რომელიც სტრუქტურულად ეწინააღმდეგებოდა დებულებას იმის შესახებ, რომ საჭიროა ადამიანის ირგვლივ არსებული სამყაროს გააზრება. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც ამ წლებში დაიბადა, პოლიტიკური სუბიექტივიზაცია (ანუ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბება) მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც მას გაუჩნდა ირგვლივ არსებული სამყაროსა და ისტორიული ქმნადობის – ანუ სტრუქტურირებული ბიოგრაფიის – გააზრების სურვილი და მცდელობა. ამიტომაც, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანის ყველა (ავტო)ბიოგრაფია აუცილებლად პოლიტიკურია და წარმოადგენს სოციოლოგიურ წარმოსახვას იმ აზრით, როგორც ამას ჩარლზ ვრაით მილსი გვთავაზობს.