უკვე მეექვსე წელი შესრულდა, რაც სირიაში სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება მიმდინარეობს. მას უკვე ნახევარ მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა და ხუთ მილიონამდე ლტოლვილად აქცია. სამოქალაქო კონფლიქტის პერიოდში არაერთი ომის დანაშაული მოხდა: მშვიდობიან მოქალაქეთა მასობრივი ჟლეტა, საჯარო სიკვდილით დასჯა და არაკონვენციური, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. ყოველივე ეს კონფლიქტს ერთ-ერთ ყველაზე დიდ შავ ლაქად აქცევს, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ასევე მსოფლიოს ისტორიაში.
სირია მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა, რომელსაც ალავიტების უმცირესობის (მოსახლეობის 11%) წარმომადგენელი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უკვე მეორე ათწლეულია მართავს, მაშინ როცა მოსახლეობის 70% სუნიტია. სირიაში მუსლიმებთან ერთად ქრისტიანების უმცირესობაც (10%) თანაცხოვრობს. ეთნიკურად მოსახლეობის 90% არაბია, 9% ქურთი, ხოლო დანარჩენი სომეხი და ასირიელია.
ქვეყნის შიგნით დაპირისპირებულ მხარეთა მრავალფეროვნებას, კონფლიქტში ჩართული რამდენიმე საერთაშორისო მსხვილი მოთამაშეც ემატება, რაც დაპირისპირების სწრაფ და მშვიდობიან შეწყვეტას მნიშვნელოვნად ართულებს. 3-4 მაისს, რუსეთის ინიცირებით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო მოლაპარაკებების რიგით მეოთხე რაუნდი გაიმართა, სადაც მონაწილე მხარეები სირიის ტერიტორიაზე ‘უსაფრთხო ზონების’ შექმნაზე შეთანხმდნენ.
დაპირისპირებული მხარეები
სირიის კონფლიქტში მთავარი სეკულარული ძალა, რომელმაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ საკუთარი მოსახლეობის მიმართ ცეცხლის გახსნას პირველად უპასუხა და შესაბამისად, სამოქალაქო ომის დაწყება თავის თავზე აიღო, 2011 წლის აგვისტოში, შვიდი გადამდგარი გენერლის მიერ ჩამოყალიბებული თავისუფალი სირიული არმიაა (FSA).
არმია შექმნის დღიდან რამდენიმე ბრიგადის სპონტანური ნაერთი იყო, რომელმაც მიუხედავად დასავლელი და არაბული ქვეყნების დახმარებისა, ერთიან სამხედრო ძალად ჩამოყალიბება ვერ მოახერხა. ის ძირითადად, სუნიტი და მათ შორის დაქირავებული მებრძოლებისგან შედგებოდა და რეალურად, ასადის სამთავრობო ძალებთან საბრძოლო მოქმედებებში მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევით ვერ გამოირჩეოდა. დღევანდელი მდგომარეობით, თავისუფალი სირიული არმიის მცირე დანაყოფებიღაა დარჩენილი, რომლებიც უმნიშვნელო ტერიტორიას აკონტროლებენ და სუსტი გავლენა აქვთ ამბოხებულებზე. არმიის წევრთა უმეტესობა უკვე რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებთან თანამშრომლობს.
თავისუფალ სირიულ არმიასთან ერთად 2012-13 წლიდან იწყება რადიკალი ისლამისტური – სალაფიტური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და გაძლიერება. ქვეყნის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული მსგავსი დაჯგუფება თუ ბანდფორმირება მოქმედებს, მაგრამ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი მათგანი გამოიკვეთა: ჯაიშ ალ-ისლამი და აჰრარ ალ-შამი. მათი მთავარი მიზანი სირიაში ისლამური, შარიათის კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნაა.
ჯაიშ ალ-ისლამი 2013 წელს 50 დაჯგუფების გაერთიანებით ჩამოყალიბდა, რომელიც 2015 წლის მონაცემებით, 25 000-მდე მებრძოლს აერთიანებდა. რადიკალი ისლამისტური ჯგუფი ძირითადად, ქვეყნის სამხრეთით, დამასკოს შემოგარენში ოპერირებს. აჰრარ ალ-შამი 2011 წლის მიწურულს შეიქმნა და 2013 წლისთვის უკვე 83 დაჯგუფება შემოიკრიბა. მათი სამოქმედო არეალი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იდლიბის პროვინცია და ალეპოს შემოგარენია.
ჯაიშ ალ-ისლამსა და აჰრარ ალ-შამთან ერთად სირიის მთელ ტერიტორიაზე 2012 წლიდან ალ-ყაედას სირიული ორგანიზაცია, ჯიჰადისტური ალ-ნუსრა ფრონტიც ეფექტურად მოქმედებს. აშშ-ის მიერ მას ოფიციალურად ტერორისტული ორგანიზაციის კავლიფიკაცია აქვს მინიჭებული, ხოლო ‘ვაშინგონტ პოსტის’ შეფასებით, იგი ყველაზე წარმატებული დაჯგუფებაა სირიის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ალ-ნუსრას იდეოლოგია სალაფიზმსა და ვაჰაბიზმზეა დაფუძნებული და მასაც სირიის ისლამური სახელმწიფოს შექმნა სურს. ორგანიზაციამ 2016 წელს ოფიციალური განცხადებით ალ-ყაედასთან კონტაქტი გაწყვიტა და დამოუკიდებლად, ახალი სახელით ფატე ალ-შამით განაგრძობს საქმიანობას. ჯიჰადისტური ჯგუფი სხვა ისლამისტური სამხედრო მოძრაობებისგან განსხვავებით, ბაშარ ალ-ასადის მთავრობის გარდა, აქტიურად ებრძვის სირიელი ქურთების სამხედრო ნაწილებსაც.
ზემოთ ჩამოთვლილ რადიკალურ ისლამისტურ და ჯიჰადისტურ ჯგუფებს სირიის სამთავრობო არმიის წინააღმდეგ მათი ეფექტური საბრძოლო მოქმედებების გამო ინტენსიურად აფინანსებს და სამხედრო დახმარებას უწევს სპარსეთი ყურის ქვეყნები და თურქეთი.
დღევანდელი მდგომარეობით, ყველა ჩამოთვლილი ისლამისტური ჯგუფის მებრძოლები სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა განხორციელებაში ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ.
სირიის კონფლიქტში არის კიდევ ორი დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელთაც განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ. ესენია ისლამური სახელმწიფო ე.წ. დაეში და სირიელი ქურთების ‘სახალხო დაცვის შენაერთები’ (YPG).
ისლამური სახელმწიფო (ISIS) ოფიციალურად 2014 წელს დაიწყო არსებობა, მას შემდეგ რაც მისმა სულიერმა ლიდერმა აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ პროტო-სახელმწიფოს დაარსების შესახებ ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მოსულში გამოაცხადა. მისი საბოლოო მიზანი ისლამის გავრცელების არეალში გლობალური ხალიფატის შექმნაა. დაარსებიდან მალევე ისლამურ ორგანიზაციამ მისი ძალაუფლება სირიის ტერიტორიაზეც განავრცო და მთავარ ქალაქად ალ-რაქა გამოაცხადა. მათი მთავარი იდეოლოგიაც სალაფიტური ჯიჰადიზმი და ვაჰაბიზმია. დაეში საერთაშორისო საზოგადოების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშიშროებად არის აღიარებული.
ისლამური სახელმწიფო აქტიურად ებრძვის, როგორც ასადის მთავრობის ძალებს, ასევე სირიელ ქურთებს და ყველა სხვა კონფესიისა თუ სექტების წარმომადგენლებს, რომლებიც სუნიტები არ არიან. წლების განმავლობაში მათ პასუხისმგებლობაზეა რამდენიმე ჟლეტვის მოწყობა, როგორც სირიის, ასევე ერაყის ტერიტორიაზე. ამასთანავე, ცნობილია მათ მიერ ისლამური პროპაგანდისთვის საჯაროდ სიკვდილით დასჯის აქტები. გაერო ორგანიზაციას ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევაში დადო ბრალი, ხოლო Amnesty International მათ მიერ ჩრდილოეთ ერაყში მოწყობილ მშვიდობიანი, სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის მქონე მოქალაქეების მასობრივ ხოცვას (სინჯარის ჟლეტვა) ისტორიულ დანაშაულად შეაფასა.
ისლამური სახელმწიფო აქტიურად ანადგურებდა სირიის კულტურულ მემკვიდრეობასაც. ცნობილია მათი ქმედებები ისტორიულ ქალაქ პალმირაში. სამოქალაქო ომის დამწყებამდე ქალაქი პალმირა ტურისტების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი იყო სირიაში, რომელსაც წელიწადში ათი ათასობით მნახველი სტუმრობდა. ქალაქის არქეოლოგიური მონუმენტები, ციტადელი და მუზეუმები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად იყო აღიარებული. დაეშის მიერ ქალაქის აღების შემდგომ ისტორიულ ძეგლთა ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო ნაწილი სრულად განადგურდა. მათ შორის იყო რომაული ხანის თეატრის ფასადი, რომელსაც უერთდებოდა ტეტრაპილონი – 1800 წლის წინადნელი უზარმაზარ სვეტთა კორიდორი.
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისი მთლიანი ტერიტორიის 1/5 ნაწილს, პრაქტიკულად, სამოქალაქო ომის დაწყებიდანვე ქურთული სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) აკონტროლებენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, სირიის სამთავრობო არმიამ ეს ტერიტორია საკუთარი ნებით დატოვა და ქვეყნის დასავლეთში მთავარი ურაბნული ცენტრების დაცვაზე კონცენტრირდა.
მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში მათზე არსებული მკაცრი რეპრესიებისა, სირიელი ქურთები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ პრაქტიკულად არ იბრძვიან. მათი მთავარი ამოცანა ქურთებით დასახლებული ტერიტორიების სამხრეთიდან ისლამური სახელმიწფოსგან, ალ-ნუსრასა და ჩრდილოეთიდან თურქული შეტევებისგან დაცვაა. ქურთები სუნიტები არიან, რომელიც მკვეთრად ეგალიტარული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას სხვა ეთნოსებისა და კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად ცდილობენ.
ქურთი მებრძოლები ერთ-ერთ საუკეთესო ჯარისკაცებად მიიჩნევიან, რომელიც ეფექტურად იბრძვიან ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. მათ უშუალო მხარდაჭერას უწევს ხმელეთიდან ერაყული, ქურთული საბრძოლო დანაყოფები ე.წ. ფეშმერგას მებრძოლები და ჰაერიდან აშშ-ის ავიაცია. თურქეთის ხელისუფლება ქურთების ‘სახალხო დაცვის შენაერთებს’ (YPG) თურქეთში მოქმედ ტერორისტული ორგანიზაციის ‘ქურთისტანის მუშათა პარტიის’ (PKK) სირიულ ნაწილად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ არაოფიციალურად საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს.
ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო არმიას ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, ურბანული დასავლეთ ნაწილი უჭირავს, რაშიც ქვეყნის ძირითადი სამი ქალაქი: დამასკო, ჰომსი და ალეპო შედის (მოსახლეობის 70%). მარტის დასაწყისში რუსული ავიაიერიშების დახმარებით სირიის არმიამ ქალაქი პალმირაც, უკვე მეორეჯერ, დაეშიგან გაათავისუფლა.
კონფლიქტში ჩართული საერთაშორისო მოთამაშეები
2010 წლიდან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის არაბულ ქვეყნებში დაწყებული ე.წ. არაბული გაზაფხულის ტალღის ბოლო ეტაპი სირიის 2011 წლის გაზაფხულის საპროტესტო დემონსტრაციები უნდა ყოფილიყო. როგორც წინა ქვეყნების შემთხვევაში მოხდა დასავლეთს მიაჩნდა, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმიც ამბოხებულებთან იოლად დამარცხდებოდა, ამიტომ პროცესების მიმართ მათ აქტიური პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მათი მოლოდინი არ გამართლდა, რასაც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებდა: ტუნისის, ლიბიის და ეგვიპტისგან განსხვავებით, სირია რელიგიურად, ეთნიკურად, კლასობრივად და თემურად რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სახელმწიფო იყო, რომელსაც ბოლო ნახევარი საუკუნე რეპრესიული ბაატისტური რეჟიმის არაბული ნაციონალიზმის იდეოლოგიის ქვეშ უხდებოდა არსებობა. საზოგადოების მრავალფეროვანმა ხასიათმა საპროტესტო აქციების დროს ერთიანი ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა. თვითონ ოპოზიციის რიგებშიც იყო მკვეთრი უთანხმოება და რიგ შემთხვევაში ურთიერთ სიძულვილიც კი. ამ გარემოებამ ასადის მთავრობას, რომელსაც როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური ელიტა ზურგს უმაგრებდა, საშუალება მისცა საკუთარი ხელისუფლებისთვის ებრძოლა.
აშშ
ბაატისტური იდეოლოგიის ანტიამერიკული იმპერიალიზმის ბუნებიდან და ათწელულების განმავლობაში აშშ-ისა და სირიას შორის პოლიტიკური დაპირისპირებიდან გამომდინარე, ობამას ადმინისტრაციამ სირიული რეჟიმის შეცვლას მკვეთრად დაუჭირა მხარი – ‘ასადი უნდა წავიდეს!’
მიუხედავად, ამგავრი გამოკვეთილი პოლიტიკისა აშშ-ის პრეზიდენტმა კონფლიქტში აქტიური სამხედრო ჩარევისა და შესაბამისად, სახმელეთო ჯარების ქვეყანაში შეყვანისგან თავი შეიკავა (No Boots on the Ground). ამგვარი გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დაპირებით ხელისუფლებაში მოსულ პრეზიდენტს, ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთში ახალი სახმელეთო ომის წარმოება არ სურდა. მან გადაწყვიტა, რომ კონფლიქტში, რომლიდანაც ნათელი გამოსავალი არ ჩანდა, არ ჩარეულიყო და როგორც ერაყში კვირაში ხუთი მილიარდი დოლარი არ ეხარჯა. შედეგად, წლების განმავლობაში ამერიკული სარდლობა ამბოხებულების მხოლოდ ავიაიერიშების დახმარებით და იარაღის მიწოდებით შემოიფარგლებოდა.
ამერიკის ამგვარმა არასისტემურმა და არასაკმარისმა სამხედრო დახმარებამ დროთა განმავლობაში ამბოხებულთა სეკულარული ნაწილის (თავისუფალი სირიული არმია FSA) ბრძოლისუნარიანობა, როგორც შეიარაღების თვალსაზრისით, ასევე მოტივაციის კუთხით, საგრძნობლად შეასუსტა. საპირისპიროდ კი, წარმოიქმნენ და გაძლიერდნენ რადიკალი ისლამისტური დაჯგუფებები, რომლებიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გაცილებით უკეთ და ეფექტურად იბრძოდნენ. შედეგად მათი საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა სპარსეთის ყურის და თურქეთისგან გაიზარდა.
სირიის კონფლიქტში აშშ ასევე არასისტემურ და არასაკმარის წინააღმდეგობას უწევს საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საფრთხედ აღიარებულ ტერორისტულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, ისლამურ სახლმეწიფოს. აშშ ეფექტური სამხედრო მხარდაჭერით მხოლოდ სირიელი ქურთების მიმართ გამოირჩევა.
კონფლიქტის ექვსი წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ აშშ სირიაში პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მარცხდება, ვიდრე სამხედრო კუთხით. აშშ-მ სირიის სამოქალაქო ომის მიმართ მისი ცხადი პოლიტიკის არარსებობისა: სეკულარული ძალების არაეფექტური მხარდაჭერით, ქვეყანაში სალფიტი ისლამისტების გაძლიერებით, გაცხადებული არასახმელეთო ჩარევით, დაეშის წინააღმდეგ არამიზანმიმართული ბრძოლით და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციის ხელიდან გაშვებით, დღევანდელი სიტუაციით, ამ კომპლექსურ კონფლიქტში მისი აქტიური ჩარევის შესაძლებლობა პრაქტიკულად მიზერული გახადა. ამასთანავე, მისი ნდობა რეგიონის ქვეყნების მხრიდან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერის სტატუსი საკმაოდ შეილახა.
აშშ-ის სუსტმა პოზიციონირებამ სხვა, როგორც მის მოკავშირე, ასევე მოწინააღდმეგე ქვეყნებს კონფლიქტში ჩარევის და საკუთარი ინტერესების გატარების შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა. ამან კიდევ უფრო გაართულა კონფლიქტის მშვიდობიანი, დროული და ეფექტური გადაჭრა.
თურქეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები
სამოქალაქო ომის დაწყებამდე სირიასა და თურქეთს შორის დამთბარი ურთიერთობის მიუხედავად, რომელიც სირიიდან ქურთების ლიდერის აბდულა ოჯალანის გაძევებას მოჰყვა, საპროტესტო გამოსვლების შემდგომ თურქეთმა ასადის გადადგომას დაუჭირა მხარი. თურქეთის მთავრობამ მკაცრად დაგმო ასადის მიერ საკუთარი მოსახლეობის მიმართ ცეცხლის გახსნა. იგი კონფლიქტის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებებსაც რეგულარულად აკრიტიკებდა. ურთიერთობა ქვეყნებს შორის მას შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა, რაც 2012 წელს, სირიის არმიამ თურქული ავიამოიერიშე ჩამოაგდო.
თურქეთმა 2011 წელს იმ ამბოხებულების წვრთნა დაიწყო, რომლებმაც შემდგომ თავისუფალი სირიული არმია ჩამოაყალიბეს. შემდეგ ეტაპზე თურქეთი რადიკალი ისლამისტების აქტიური დაფინანსებაზე გადავიდა. 2016 წლიდან თურქეთმა სირიის სასაზღვრო ზოლში უშუალო საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, სადაც იგი, როგორც ასადის ძალების, ასევე სირიელი ქურთების და ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის. 2017 წლის თებერვალში, თურქულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთი მდებარე სტრატეგიული ქალაქი ალ-ბაბი დაეშისგან გაათავისუფლეს და მასზე კონტროლი დაამყარეს. ალ-ბაბი სირიელი ქურთებით დასახლებულ ორ პროვინციას ქობანის და აფრინის კანტონებს ერთმანეთისგან ჰყოფს.
თურქეთი და აშშ, როგორც ასადის რეჟიმის საწინააღმდეგო კოალიციის ლიდერები, კონფლიქტის განმავლობაში იშვიათად თუ ახორციელებდნენ საერთო, კოორდინირებულ ქმედებებს. ხშირად, მათი ინტერესები ანტაგონისტურიც კი იყო (ქურთების საკითხი). ბუნებრივია, ეს კოალიციას მნიშვნელოვნად აზარალებდა და ასადის მთავრობის წისქვილზე ასხამდა წყალს. თურქული პოზიციები რუსეთის მიერ კონფლიქტში ჩართვის შემდგომ ნელ-ნელა შერბილებას იწყებს.
სპარსეთი ყურის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ყატარი და გაერთიანებული არაბული ემირატები სირიის კონფლიქტში მისი დაწყებიდან ინტენსიურად არიან ჩართულნი და როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას უწევენ თითქმის ყველა მხარეს, ვინც ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის, იქნება ეს თავსიუფალი სირიული არმია, რადიკალი ისლამისტები, დაეში თუ ალ-ნუსრა. მათი მიზანი სირიაში ალავიტების უმცირესობის მმართველობის დასრულება და სალაფიტური ისლამური ძალების ძალაუფლებაში მოყვანაა. სირიაში ისინი ირანის გავლენის გავრცელების წინააღმდეგაც გამოდიან, რომელიც აქტიურად ეხმარება ასადის მთავრობას.
ბოლო პერიოდში, რაც სირიაში რუსეთმა საკუთარი პოზიციები გაიმყარა (ალეპოს აღება), ხოლო ამბოხებულებისა და ტერორისტების შესუსტდა, სპარსეთი ყურის ქვეყნებში სირიის პრიორიტეტულობამ იკლო და მათ კონცენტრაცია იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომზე გადაიტანეს, რომელიც მათთვის უფრო მნიშვნელოვანია.
რუსეთი
რუსეთი სირიის კონფლიქტში 2015 წლის შემოდგომაზე მას შემდეგ ჩაერთო, რაც იგი ბაშარ ალ-ასადმა ოფიციალურად მიიწვია ქვეყანაში ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შედეგად რუსეთის დისკრედიტებული საერთაშორისო მდგომარეობის გამოსასწორებლად ახლო აღმოსავლეთში მისი ერთადერთი მოკავშირის სამხედრო დახმარებაზე დათანხმდა.
2015 წლიდან მოყოლებული რუსეთის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალები ასადის სამთავრობო ძალებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, რის შედეგადაც სირიის არმია შესუსტებული თავდაცვითი პოზიციებიდან თავდასხმით პოზიციებში გადავიდა და საკუთარი წარმატება გასული წლის მიწურულს ალეპოს აღებით დააგვირგვინა.
2016 წლის დეკემბერში, ალეპოს ამბოხებულებისგან/ტერორისტებისგან გათავისუფლების შემდგომ რუსეთის ინიციატივით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, რომლის დაცვის გარანტორებად რუსეთის გარდა, თურქეთი და ირანი გამოვიდნენ. ზავი დღემდე სიცოცხლისუნარიანია. მისი მიხედვით განისაზღვრა სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვაც, რომელიც ასტანაში უკვე მეოთხე თვეა რაც რაუნდებად მიმდინარეობს.
რუსეთი, ამბოხებული რადიკალი ისლამისტების ნაწილის გარდა, სირიაში აქტიურად ებრძვის ისლამურ სახელმწიფოსაც. რუსული სამხედრო დახმარებით სირიის არმიამ ისტორიული ქალაქი პალმირა მათგან მარტის დასაწყისში გაათავისუფლა და მეორე, ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის დერ ეზურის საბოლოო აღების პროცესში, ისევ რუსული მხარის თანამონაწილეობითაა, ჩართული.
სირიის კონფლიქტში ჩარევით რუსეთმა რამდენიმე პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწია. პრაქტიკულად უკვე ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში ეფექტური ჩართულობით, რადიკალ ისლამისტური დაფგუფებების მიერ სირიის ხელისუფლების ხელში ჩაგდების პრევენციით, რომელიც მომავალში დიდი ალბათობით, საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთლიანად დასავლეთს, და ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური, სწორხაზოვანი პოლიტიკის გატარებით რუსეთმა საერთაშორისო ასპარეზზე მისდამი ნდობა გაზარდა და ანგარიშგასაწევ საერთაშორისო მოთამაშედ აქცია. ამას გარდა მან სხვა დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, სასაუბრო ენა გამონახა თურქეთსა და ირანთანაც.
გარდა სამხედრო და პოლიტიკური წარმატებისა, რუსეთმა იდეოლოგიური მხარდაჭერაც მოიპოვა. პუტინს არ სჯერა არაბული დემოკრატიის, რომ კორუმპირებული დიქტატურის ჩამოგდების შემდეგ არაბულ საზოგადოებებში პლურალისტური დემოკრატია შეიქმნება. მას რეგიონში მკაცრი ადმინისტრატორის არსებობის აუცილებლობის სჯერა; რომ მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერს შეუძლია საფრთხეების თავიდან არიდება. იგი აშშ-ს დემოკრატიის გავრცელების მოტივით რეგიონში შექმნილ ქაოსსა და ჯიჰადისტური რადიკალიზმის აღზევებაში ღიად სდებს ბრალს. მის მოსაზრებას ერაყის, ლიბიისა და ეგვიპტის შემთხვევები უმაგრებს მხარს. შესაბამისად, პუტინი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ასადია ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც მომავალში სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა განაპირობოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სირიის სახელმწიფო ნაწილებად დაიშლება, რაც შორს არ არის რაციონალური აზრისგან.
ირანი და ლიბანური ‘ჰეზბოლა’
ირანი სირიის კონფლიქტში ადრეული ეტაპიდანვე, 2011 წელს, არაფორმალურად ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად ჩაერთო, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა. სირია რეგიონში ირანის ტრადიციული მოკავშირეა. იდეოლოგიური თვალსაზრისით, ასადის ალავიტური ხელისუფლება ირანული შიიტური თეოკრატიისთვის მისასალმებელია. ასადის რეჟიმი ირანთან ერთად ანტისიონისტური ძალებია, რომლებიც რეგიონში ებრაულ საფრთხეს აკავებენ. ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ სირიის კონფლიქტს მორწმუნეთა და ურწმუნოთა ომი უწოდა.
გარდა პირდაპირი სამხედრო დამხარებისა, ირანის რევოლუციური გვარდია აქტიურად ეხმარება ლიბანური, ისლამისტური ორგანიზაციის ‘ჰეზბოლას’ მებრძოლებს წვრთნასა და აღჭურვაში. თვითონ ‘ჰეზბოლას’ მიერ ასადის მთავრობის მხარდაჭერაც მათი საერთო ანტისიონისტური ხედვითაა განპირობებული.
ირანსა და ‘ჰეზბოლას’ ერთად, ჯამში რამდენიმე ათასამდე მებრძოლი ჰყავს სირიაში გაგზავნილი. მათი პოზიციები რამდენჯერმე გამხდარა ისრაელის ავიაიერიშების სამიზნეები, რომელსაც ისრაელი ოფიციალურად არ აღიარებს.
ასტანას მოლაპარაკებები
გასული წლის დეკემებერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, დაპირისპირებულ მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაეწყოთ. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იანვარში, რუსეთის შეთავაზებით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა, სადაც ამერიკულ წარმომადგენლობას მონაწილეობა არ მიუღია.
სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობდა და თვლიდნენ, რომ სამშვიდობო ზავი მალე დაირღვევოდა. მაგრამ რუსეთის, თურქეთისა და ირანის გარანტიით იგი ჯერ კიდევ ძალაშია. ზავმა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის საერთაშორისო მოდერაციით დიალოგმა უკვე რამდენიმე თვეა ამბოხებულებსა და ასადის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები და შესაბამისად, მსხვერპლი აირიდა თავიდან. აღსანიშნავია, რომ ზავი არ ეხება ტერორისტულ დაჯგუფებებს, ალ-ნუსრასა და ისლამურ სახელმწიფოს, ამიტომ იგი სირიის მთელ ტერიტორიას არ ფარავს და ყოვლისმომცველი არ არის.
მაისში დაწყებულმა მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო და კონფლიქტის დასრულებისკენ ღირებული ნაბიჯი გადადგა. კვლავ რუსეთის ინიციატივით, სირიის ტერიტორიაზე შეიქმნება ოთხი ‘დეესაკალაციის ზონა’, რომელთა უსაფრთხოების გარანტირებაში კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე ჩაერთვება. ამ ზონებში მოხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და ლტოლვილების დაბრუნება. მაისის ბოლოსთვის, მხარეები ზონების საზღვრებზე უნდა შეთანხმდნენ, რომლებსაც შემდგომ გაერთიანებული საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფები გააკონტროლებენ. ამ ზონების საჰაერო სივრცეც საერთაშორისო აქტორებისთვის ჩაიკეტება და ისინი ფრენებს შეწყვეტენ.
შეთანხმება დადებითად შეაფასა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, რომელის თქმით, თუკი „უსაფრთხო ზონები ეფექტურად განხორციელდება, ეს სირიის პრობლების 50% მოგვარებას ნიშნავს.“ ღიად რჩება თურქეთისა და სირიელი ქურთების დაპირისპირების საკითხი, სადაც ისევ რუსეთი ცდილობს შუამავლის როლის თამაშს.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა უსაფრთხო ზონების იდეა მოიწონა და მხარი დაუჭირა. აღასანიშნავია, რომ ასატანას მოლაპარაკებებში ტრამპმა ოფიციალური დავალებით სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტიუარტ ჯონსი მიავლინა, რითაც სამშვიდობო პროცესში ჩართვის სურვილს გაუსვა ხაზი.
თუკი მოვლენები ისე განვითარდა, როგორც მოლაპარაკებებისას მხარეები თანხმდებიან, მაშინ იზრდება შანსი, რომ კონფლიქტი თანმიმდევრულად გადაიჭრას. დეესკალაციის ზონები, რეალურად, ამ გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც შესაძლოა, პროცესი შეუქცევადი გახადოს.
პროცესების ამგავრი განვითარება რუსეთის მნიშვნელოვანი დამსახურებაა; ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ასტანას მოლაპარაკებები, თურქული მხარის გარკვეულ დათმობებზე დათანხმება, უსაფრთხო ზონები და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები რუსული დიპლომატიის ცალსახა გამარჯვებას წარმოადგენს. იგი დღემდე ერთადერთ აქტორად რჩება, რომელსაც საუბარი შეუძლია დაპირისპირებულ მხარეებთან და კონფლიქტში ჩართულ ყველა საერთაშორისო მოთამაშესთან.