ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

ფოტო გარეკანზე: Independent.co.uk

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტებმა და ომებმა  რეგიონიდან ლტოლვილთა მასიური ნაკადის წარმოქმნა გამოიწვია, რომელიც ძირითადად ევროპის კონტინენტისკენ იქნა მიმართული. მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობით ნომერ პირველი მიმღები ქვეყანა თურქეთია. დღევანდელი მონაცემებით, თურქეთში 3.4 მილიონი რეგისტრირებული ლტოლვილია, რომელთა უმრავლესობა სირიიდან, ავღანეთიდან, ერაყიდან და სომალიდანაა. ამ რიცხვიდან სამი მილიონი სირიელია, რომელთაგან მხოლოდ 250 000 მათგანი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ 23 ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობს. ბანაკებს თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (AFAD) ხელმძღვანელობს. რეგისტრირებულ ლტოლვილებს საჯარო სერვისებზე, მათ შორის განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელი მიუწვდებათ, მაგრამ ხშირად ეს სერვისები სხვადასხვა მიზეზებით შეზღუდულია, როგორიცაა სარეგისტრაციო ხარვეზები, ენობრივი ბარიერი და ა.შ.

თურქეთში ლტოლვილთა ამ რაოდენობით კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განაპირობა 2016 წლის მარტში ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის დადებულმა გარიგებამ, რომლის მიხედვითაც, თურქეთი მისი ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით უკანონო ლტოლვილთა შედინებას შეაჩერებდა და საბერძნეთის კუნძულებზე შესულ მაღალი რაოდენობით ლტოლვილებს უკან გადასახლებას მოახდენდა. სანაცვლოდ, თურქეთი ორი წლის განმავლობაში 3 მილიარდი ევროს დახმარებას, ევროპის კავშირთანუვიზო მიმოსვლას და გაერთიანებაში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაყინულ პროცესის განახლებასმიიღებდა. გარიგება მხარეებს შორის ფორმალურად არ დარღვეულა, მაგრამ გარიგებით გათვალისწინებული დაპირებების შესრულება ჯერ სრულად არ ხდება.

 

ევროპის კავშირის ლტოლვილთა კეთილმოწყობის პროგრამა თურქეთში

2015 წელს, ევროპის კონტინენტზე მოსაზღვრე რეგიონებიდან შესულმა მიგრანტებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 1.3 მილიონ ადამიანს გაუთანაბრდა. ამ რაოდენობამ ევროპაში მიგრანტთა კრიზისი წარმოქმნა – ლტოლვილთა უმეტესობა რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ან საზღვართან (საბერძნეთი, იტალია, უნგრეთი) კონცენტრირდა. ოფიციალურმა ბრიუსელმა კრიზისის მოგვარების გეგმაზე დაიწყო მუშაობა. 2015 წელს ევროკომისია ინიციატივით გამოვიდა ევროპაში შემოსული მიგრანტები კვოტირების სისტემით გაერთიანების წევრ ქვეყნებზე გადაენაწილებინა. შეიქმნა სპეციალური ცხრილი თუ რომელ ქვეყანას რა ოდენობით მიგრანტი უნდა მიეღო. ბრიუსელის გეგმას ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხირდან ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. უნგრეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა მიგრანტთა მათ ქვეყანაში გადანაწილებაზე უარი განაცხადეს. უნგრეთში აღნიშნული საკითხი ხელისუფლებამ რეფერენდუმზეც კი გაიტანა, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ინიციატივას უარი გამოუცხადა. მიგრანტთა დიდი წილი გერმანიამ, შვედეთმა, საფრანგეთმა, იტალია და საბერძნეთმა მიიღო.

მიგრანტთა მზარდ ნაკადთან გასამკლავებლად 2015 წლის ბოლოს ევროპის კავშირმა თურქეთს მისი შეკავების სანაცვლოდ ფინანსური და პოლიტიკური დახმარება შესთავაზა. გარიგება ოფიციალურად 2016 წლის 18 მარტს შევიდა ძალაში –  ევროპის კავშირმა ლტოლვილთა კეთილმოწყობის პროგრამა თურქეთში აამოქმედა (The EU Facility for Refugees in Turkey).

პროგრამის განსახორციელებლად 2016-17 წლისთვის 3 მილიარდი ევრო გამოიყო, მათგან ერთი მილიარდი ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ხოლო 2 მილიარდი წევრი ქვეყნების ბიუჯეტებიდან იქნა აკუმულირებული. აღნიშნული თანხა მოიცავდა მიგრანტთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაღებას, განათლების და ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის მიხედვით, თურქეთში მყოფმა ნახევარმა მილიონმა სირიელმა ბავშვმა დაწყებითი განათლება უნდა მიიღოს; უნდა აშენდეს 70 ახალი სკოლა და ამისთვის გადამზადდეს მასწავლებლები; ამასთანავე, ორ მილიონამდე მიგრანტს პირველადი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს.

მიმდინარე წლის სეტქმებრისთვის, ევროკომისიამ 3 მილიარდიდან 2.9 მილიარდი ევროს გადარიცხვაუკვე განახორციელა; დაფინანსდა 1.6 მილიარდის ღირებულების 48 პროექტი, საიდანაც 838 მილიონიევრო უკვე გადაიხადეს.

2016 წელს, ევროკომისიამ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ‘ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების გეგმა’ (HIP) წარმოადგინა, რომელსაც 2017 წლის გეგმაც მოჰყვა. პირველი მათგანი 505, ხოლო მეორე 714 მილიონი ევროს თურქეთში მყოფ სირიელი ლტოლვილებისთვის გამოყოფას ითვალისწინებდა.

გასული წლის სექტემბრიდან ევროპის კავშირი მის ისტორიაში ყველაზე ფართო ჰუმანიტარული დახმარების – ‘საგანგებო მდგომარეობის სოციალური უსაფრთხოების ქსელის’ (ESSN) განხორციელება დაიწყო, რომლისათვისაც 348 მილიონი ევრო გამოიყო. გამოყოფილი თანხით სირიელ ოჯახებს 30 ევროს ოდენობის ყოველთვიური დახმარება საკვების და სხვა საჭიროებებისათვის მიეცათ. ჰუმანიტარული დახმარების განკარგვას თურქეთში მსოფლიოს საკვები პროგრამისა და თურქული წითელი ჯვრის ორგანიზაციები ახორციელებენ. მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდა კიდე ერთი პროგრამა ‘პირობითი თანხის გადარიცხვა განათლებისთვის’ (CTTE), რომლისთვისაც 34 მილიონი ევრო გამოიყო. პროგრამის ფარგლებში დასაწყისისთვის 72 000 ბავშვს შესაძლებლობა მიეცა სკოლაში ისწავლოს, ხოლო საბოლოოდ, პროგრამა 230 000 ბავშვის დაწყებითი განათლებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს პროექტიც თურქული წითელი ჯვრის და UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ESSN-ისა და CCTE-ს გარდა, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით კიდევ 593 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც ძირითადად, მიგრანტთა პირველადი საჭიროებებით უზრუვნელყოფას, უსაფრთხოების გარანტირებას და ზამთრის პირობებთან ეფექტურად გამკლავებას მოიცავს.

ჰუმანიტარული დახმარების გარდა, ევროპის კავშირი მიგრანტთა კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში თურქეთს არაჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს, რაც სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის სამინისტროების, დაფინანსებას გულისხმობს. გამოყოფილი თანხებით დაფინანსდება იმ პროვნიციათა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხოთ ლტოლვილთა ნაკადების მიღება. ამ პროგრამისთვის უკვე გამოიყო 600 მილიონის ღირებულების ორი გრანტი.

გარიგების მიხედვით, თურქეთმა მიგრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების ვალდებულება აიღო, რაც გულისხმობდა ევროპიდან უკან დაბრუნებული სირიელი ლტოლვილებისთვის დროებითი სტატუსის მინიჭებას და გაემარტივებინა თავშესაფრის მიღების პროცედურა მათთვის ვისაც ამის საჭიროება გააჩნდა (უპირატესობა ენიჭებოდა თურქეთში დარჩენილ სირიელ მიგრანტებს). ამასთანავე, თურქეთს უნდა მოეხერხებინა მიგრანტთა ევროპისკენ მიმავალი ახალი არალეგალური სახმელეთო თუ საზღვაო გზების აღკვეთა.

მიუხედავად მაღალი სკეფსისისა, ევროპის კავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტთა შესახებ დადებული გარიგების ერთი წლის თავზე შეთანხმებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. მიგრანტთა არალეგალური ნაკადი 97%-ით შემცირდა, ხოლო ზღვაში დაღუპულ ლტოლვილთა რაოდენობამაც მნიშვნელოვნად დაიკლო. თუკი 2015 წლის ოქტომბერში თურქეთიდან ევროპაში ყოველდღიურად 10 000 მიგრანტი შედიოდა 2017 წლის პირველი ნახევრისთვის ეს მაჩვენებელი 43 მიგრანტამდე დავიდა. ეგეოსის ზღვაში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა წლიური 1145 ადამიანიდან 80-მდე შემცირდა. როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ერთ წელიწადში თურქეთმა მილიონამდე მიგრანტის ევროპის კონტინენტზე შედინების პრევენცია მოახდინა.

 

შეთანხმების მიმართ კრიტიკა და მისი პრობლემები

მიგრანტთა შეთანხმებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისიარიატმა (UNHCR) განაცხადა, რომ შეთანხმება თავშესაფრის საერთაშორისო კანონმდებლობას ძირს უთხრის და ამ სფეროში სამართლის მთავარ პრინციპს, რომელიც ლტოლვილის უკან არ გაბრუნებას გულისხმობს, უგულებელყოფს.

შეთანხმების აღსრულება და პრაქტიკაში გამოვლინება გააკრიტიკა Amnesty International-მა და შეთანხმებას ‘ევროპის სირცხვილი’ უწოდა. ორგანიზაციამ ყურადღება ბერძნულ კუნძულებზე და თურქეთის გარკვეულ ადგილებში მყოფ მიგრანტებისთვის შექმნილ პირობებზე გაამახვილა.

Migration Policy Institute-მა ევროკავშირის მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა და მას მისი პრინციპების ღალატში დასდო ბრალი – მაშინ როცა ბრიუსელი მის მეზობლებს თავშესაფრის კანონდმებლობის მაღალ სტანდარტს სთხოვს თვითონ არ უნდა არღვევდეს მას. ევროპის კავშირი რეალურად საკუთარ კანონს არღვევს, როდესაც უკანონო მიგრანტს დაკავების და გასაჩივრების უფლების გარეშე უკან აბრუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთიდან თურქეთში ლტოლვილთა დაბრუნება შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, მთელი წლის განმავლობაში მიგრანტთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა უკან. მსგავსი ტენდენცია ბრიუსელში შეშფოთებას იწვევდა, საპასუხოდ, თურქეთი ევროპის კავშირისგან გარიგებით გათვალისწინებული დაპირებების – უვიზო რეჟიმი და გაწევრიანების მოლაპარაკებების გააქტიურება – შესრულებას მოითხოვდა. ევროგაერთიანების მხრიდან ამ დაპირებების შეუსრულებლობა 2016 წლის ივლისში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდგომ ქვეყანაში დაწყებულმა მასშტაბურმა რეპრესიებმა და ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებამ გამოიწვია. თურქეთში განვითარებული მოვლენები და მისი ლიდერის რეჯებ ტაიპ ერდოღანის დისკურსი ევროპელმა ლიდერებმა მათ წინასაარჩევნო კამპანიებში გამოიყენეს და თურქეთის დისკრედიტაცია დაიწყეს.

2017 წელს მხარეებს შორის გამძაფრებულმა ურთიერთობამ გარიგების სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რეალურად, შეთანხმება თურქეთის მხრიდან ევროპის კავშირზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა. შეთანხმება დღეს საკმაოდ მყიფეა და მისი მომავალი გაურკვეველია. მისი გაუქმების შემთხვევაში ჰუმანიტარული კატასტროფის ალბათობა მაღალია. მიგრანტთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება ეგეოსის ზღვაში მდებარე საბერძნეთის კუნძულებზე, საიდანაც საბერძნეთს მათი კონტინეტზე გადმოყვანა მოუწევს. ბალკანეთის ჩაკეტილი გზის პირობებში კი მიგრანტთა კონცენტრაცია ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდება და შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ კრიზისს წარმოქმნის. ბუნებრივია, მსგავსი სცენარი ევროპის კავშირის პოლიტიკურ დისკურსზეც აისახება, რაც ულტრა-მემარჯვენე პოპულისტ ძალებს წევრ ქვეყნებში კიდევ უფრო გააძლიერებს და გაერთიანების სიმყარეს ეჭვის ქვეშ დააყენებს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას