შრომა და შრომის საზოგადოება, სოციალური სახელმწიფო და დემოკრატია: გავლენები აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოზე ინტერვიუ პროფ. კლაუს ოფესთან

ესაუბრა მაია რაზმაძე

ბერლინი, 20 ივნისი

 

პროფ. დოქტ. კლაუს ოფე არის ბერლინის Hertie School of Governance-ის ემერიტუს პროფესორი პოლიტიკურ სოციოლოგიაში. სხვადასხვა დროს, იგი იყო ბილეფელდის, ბრემენისა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების პროფესორი პოლიტიკური მეცნიერებისა და პოლიტიკური სოციოლოგიის მიმართულებით. გადრა ამისა, კლაუს ოფე მოღვაწეობდა სტენფორდის, ჰარვარდის, კალიფორნია ბერკლისა და ავსტრალიის ნაციონალურ უნივერსიტეტებში, ასევე ნიუ-იორკის სოციალური კვლევების ახალ სკოლაში. პროფ. ოფეს კვლევის სფეროებს წარმოადგენს კაპიტალისტური სახელმწიფოს სტრუქტურული პრობლემები; შრომა, სამუშაო და დასაქმება ინდუსტრიულ საზოგადოებაში, კეთილდღეობისა და სოციალური სახელმწიფო, პოლიტიკური ინსტიტუტების ქმედითუნარინობა და ა.შ. იგი ავტორია მრავალი ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სოციოლოგიური ნაშრომისა, როგორებიც არის “კაპიტალისტური სახელმწიფოს სტუქტურული პრობლემები (1972)”, “შრომის საზოგადოება, სტრუქტურული პრობლემები და მომავლის პესპექტივები (1984)”, “კეთილდღეობის სახელმწიფოს წინააღმდეგობანი (Offe & Keane, 1984), “დემოკრატიის გამოწვევები. პოლიტიკური ინსტიტუტების ინტეგრაციის და შედეგების მიღწევის უნარიანობა” (2003). პროფესორ ოფეს ფრანკფურტის სკოლას მიაკუთნებენ, ის გახლდათ იურგენ ჰაბერმასის მოსწავლე და შემდგომში მისი კოლეგა.

დოქტ. მაია რაზმაძე არის სოციალური მეცნიერი, მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს პოლიტიკური სუბიექტურობა სოციო-კულტურულ რესურსებთან კავშირში, შრომისა და საცხოვრისის პოლიტიკა, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია, კულტურული მეხსიერება და მეხსიერების თეორია, ბიოგრაფიული და ცხოვრების ისტორიის კვლევები, ასევე პოლიტიკური განათლება და სასკოლო სახელმძღვანელოები.

 

მ.რ:    თუ შეიძლება “შრომისა” და “შრომის საზოგადოების” მნიშვნელობის განსაზღვრებით დავიწყოთ. “შრომის” ერთ ერთი პირველი განმარტება ფილოსოფოს ჰანა არენდტს ეკუთვნის. არენდტის მიხედვით, მე-17 საუკუნეში, ახალი ეპოქა იმით დაიწყო, რომ შრომამ, როგორც ადამიანების მიერ შესრულებულმა საქმიანობამ, დაფასება და ღირებულება შეიძინა. გასულ საუკუნეში კი საზოგადოება გარდაიქმნა შრომისა და მშრომელთა საზოგადოებად, ხოლო თვით შრომის მნიშვნელობა მარტოოდენ “სამუშაოს” ნიშნულამდე შეიკვეცა. ადამიანი სამუშაოზე  დამოკიდებული გახდა და მოხდა სამუშაოს, როგორც სოციალური ფენომენის აბსოლუტიზაცია. როგორია შრომის ბუნება დღეს?

კ.ო: დიახ, სამუშაოსთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, რომ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული შრომითი ურთიერთობა ნიშნავს ფორმალურ და თავისუფალ ურთიერთობას, რაც მას განასხვავებს ე.წ. ფეოდალური ურთიერთობის ფორმისაგან, სადაც ინდივიდის სოციალური ბედი უკვე დაბადებიდანვეა განსაზღვრული და შესაბამისად, იგი თავისუფალი არ არის. თუმცა, ხელშეკრულების დადების ფორმალური თავისუფლება ნიშნავს ასევე იმასაც, რომ სუსტ მხარეს არა აქვს შესაბამისი ძალა და საშუალება, უარი თქვას შრომითი ხელშეკრულების დადებაზე. ტექნიკური თვალსაზრისით, ხელშეკრულება ნიშნავს ნებაყოფლობით ურთიერთშეთანხმებას, ისეთს როგორიცაა მაგალითად ქირავნობის, ან შესყიდვის ხელშეკრულება. თუ ეს ნებაყოფლობითი შეთანხმება აღარ არსებობს, მაშინ ხელშეკრულებაც წყდება და უქმდება. თუ ამას ჩვენ მაკრო დონეზე გადავიტანთ, დავინახავთ, რომ უმუშევრობა შეიძლება იყოს დაუდებელი ან კიდევ გაუქმებული ხელშეკრულებების შედეგი. რაც მე მაინტერესებს და რაც მარქსთანაც ნათლად არის ხაზგასმული, არის ის ფაქტი, რომ ფორმალურად თავისუფალი შრომითი ხელშეკრულება, სინამდვილეში ეფუძნება ძალაუფლებრივ ურთიერთობას. ძალაუფლებრივი ურთიერთობა კი ისეთი ურთიერთობაა, სადაც ერთი მხარე მეორეზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე მეორე პირველზე. ამიტომაც, ე.წ. ხელშეკრულების დადების ფორმალური თავისუფლების მიღმა, სინამდვილეში ასიმეტრიული დამოკიდებულებითი ურთიერთობა არსებობს.

შრომითი ხელშეკრულების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ორმაგი საკუთრებისგან შედგება. სამუშაო ძალის მყიდველს შეუძლია, და უფლება აქვს, სარგებელი მიიღოს დაქირავებული შრომისგან. მეორეს მხრივ, სამუშაო ძალა თვით მშრომელს ეკუთვნის, რომელმაც დაქირავების შემთხვევაში თავისი ინტელექტუალური თუ ფიზიკური შესაძლებლობები დამქირავებლის ნებისა და მიცემული დავალების შესატყვისად უნდა დახარჯოს. დაქირავებულმა მშრომელმა არა მარტო უნდა იმუშაოს, არამედ მას შრომის სურვილიც უნდა გააჩნდეს. თუკი ის ამას არ შეასრულებს, მაშინ მას უწესდება სანქციები. ეს ნიშნავს, რომ შრომით ორგანიზაციაში, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შიდა ძალაუფლებრივი სტრუქტურა არსებობს, რაც მოიცავს დავალდებულების უფლებას, გერმანულად რომ ვთქვათ “ბრძანების” უფლებას. ორმაგ ძალაფლებრივ ურთიერთობაზე სწორედ იმიტომ ვსაუბრობ, რომ დამქირავებელს ჯერ უფროსი უსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს, ხოლო მეორეს მხრივ, ის თუ რა უნდა გაკეთდეს, ამას უფროსი საზღვრავს საწარმოში/ორგანიზაციაში შემოსული შეკვეთების მიხედვით. გარდა ამისა, დაქირავებულის შრომა შეიძლება ჩანაცვლებულ იქნას ახალი ტექნიკური გარდაქმნით, ან ახალი სამუშაო ენის შემოტანით. თვით დაქირავებულს კი არ აქვს იმის საშუალება საკუთარი შრომა ახალი ტექნიკური გარდაქმნით ჩაანაცვლოს.

ფორმალურად თავისუფალი შრომითი ხელშეკრულება, სინამდვილეში ეფუძნება ძალაუფლებრივ ურთიერთობას. ძალაუფლებრივი ურთიერთობა კი ისეთი ურთიერთობაა, სადაც ერთი მხარე მეორეზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე მეორე პირველზე.

პოლიტიკური სიტუაცია კი შემდეგია: როგორც დამქირავებელი ისე დაქირავებული (ამ შემთხვევაში პროფკავშირი – რომელიც დასაქმებულთა მოთხოვნებს კოლექტიურად წარმოადგენს), ცდილობს ამ ზემოთ აღწერილი ძალაუფლებრივი სიტუაციის გაწონასწორებას. პროფკავშირები ცდილობენ სუსტი მხარის არათანაბარი შესაძლებლობების აამაღლონ და სიტუაცია შეცვალონ. სწორედ ამიტომ, მთელი ეს სიტუაცია მოიცავს გაწევ-გამოწევას, ბრძოლას, არსებული რესურსების აქეთ-იქით გადაქაჩვა-გამოქაჩვას კოლექტიური მოქმედების გამოყენებით და აგრეთვე, სამართლიანობასა და ადამიანობაზე აპელირებით. კლასობრივი კონფლიქტის დინამიკა სწორედ ასე ხდება გასაგები და ხელშესახები. თქვენს შეკითხვასაც შესაძლოა ასე ეპასუხოს. ეს არა მარტო მარქსთან, ასევე მაქს ვებერთანაც, მისი ე.წ. “პროფესიული ადამიანების” (“Berufsmenschen”) ცნების სახით თვალსაჩინოდაა ახსნილი: თუ რა სოციალური ხასიათი და სოციალიზაციის რა ეფექტები უკავშირდება “პროფესიულ ადამიანებს.” “პროფესიულმა ადამიანებმა” შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები პირნათლად უნდა შეასრულონ. ამგვარ დაქირავებულ შრომით პირობებში კი, როგორც ვებერი ცნება “ფელახიზაციით” (“Fellachisierung”) მიუთითებდა, სულიერების სრული დაქვეითება ვითარდება, რაც გამოიხატება დაკისრებული სამუშაო დავალებების მხოლოდ რუტინულად შესრულებით, ყოველგვარი საზრისის გარეშე და სულიერებისაგან დაცლით. ეს სიტუაცია ადამ სმიტის ქინძისთავის მაგალითსაც გვაგონებს – “პროფესიულ ადამიანებს,” გარდა ავტომატური ფუნქციონირებისა სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, რასაც საბოლოოდ მივყავართ იქამდე, რომ საკუთარი შრომის საზრისი იკარგება და სულიერი დაქვეითება მძაფრდება.

მ.რ. თქვენ ახლა აღწერეთ დაქირავებული შრომის პირობებში შრომის საზრისისაგან დაცლის პრობლემატიკა. მიუხედავად ამ დრამატული სურათისა, სამუშაო ანუ ანაზღაურების მიღებაზე ორიენტირებული, დაქირავებული შრომა, დღეს მაინც საზოგადოების უმთავრესი განმსაზღვრელი ელემენტია. მაშინ როგორ შეგვიძლია ავხსნათ დაქირავებული შრომისა და სამუშაოს ამგვარი უწყვეტი დომინირება ხანგრძლივი დროის მანძილზე?

კ. ო.  დიახ, მართალია. სამუშაო რასაკვირველია დისციპლინირების წყაროა, არა?! ამ ურთიერთობიდან, მოგებულები, ისევე როგორც ყველა სხვა სახის მოგებულები, რასაკვირველია დაინტერესებული არიან იმით, რომ ამგვარი შრომითი ურთიერთობა შენარჩუნებული იქნას. მეტიც, ისინი დაინტერესებულნი არიან ის ერთადერთ ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადდეს და დამკვიდრდეს. განვითარებულ კაპიტალიზმში,სადაც ეს ყველაფერი ხდება, ვინც არ მუშაობს, არ ასრულებს სამუშაოს და არაა ჩაბმული სამუშაო ფერხულში, ითვლება ნაკლებად ღირებულად, ის ნაკლებად ფასობს და ეს პირდაპირი გაგებითაც ასეა. ვისაც არა აქვს სამუშაო, მას არც საშუალებაა გააჩნია საზოგადოებრივ წარმოებაში თანასწორი მონაწილეობა მიიღოს, ის სხვაზე დამოკიდებული ხდება. მაგ. დიასახლისი მეუღლეზე ან ოჯახის სხვა წევრებზე, და ცდილობს ეს დამოკიდებულება გადალახოს სამუშაოს შოვნითა და ანაზღაურებად შრომით ურთიერთობაში ჩაბმით. ისეთი შრომა კი, როგორიცაა, მაგალითად საოჯახო საქმე, ბავშვებთან მუშაობა, ყველა სხვა სახის შრომა, რასაც შედეგად არ მოსდევს შემოსავლის მიღება, არ ითვლება და არ ფასობს ისევე ღირებულად, როგორც ანაზღურებადი სამუშაო. ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ანაზღაურებადი სამუშაოს ამგვარი მობილიზება და გაფეტიშება ჩვენი საზოგადების განმსაზღვრელი კულტურული მახასიათებელია.

ანაზღაურებად სამუშაოს ამგვარი აბსოლუტიზირება გამართლებული და სწორი იქნებოდა, თუ ყველას ყოველთვის ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მოენახა სამუშაო ადგილი და დაეწყო მუშაობა, და გამხდარიყო დაქირავებული მუშაკი. თუმცა, ასეთი რამ სინამდვილეში არ ხდება სხვადასხვა ფაქტორების გამო. ეკონომიკის კონიუნქტურული ფაქტორები და ხანგრძლივად განვითარებული ტენდენციები უფრო და უფრო გაურკვეველს ხდიან იმ ფაქტს, შეძლებს თუ არა ყველა ადამიანი ანაზღაურებადი სამუშაო ადგილის მონახვას. ამას ბევრი ახსნა არც სჭირდება. სამუშაოს შოვნა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე, რომელზეც კონტროლი სამუშაოს მაძიებელს არ აქვს. მაშინაც კი, როდესაც პოტენციური მუშაკი ყველაფერს ცდილობს სამუშაოს საშოვნელად, ცდილობს აიმაღლოს საკუთარი კვალიფიკაცია, რათა უფრო მოთხოვნადი გახდეს სამუშაო ბაზარზე მომავალი დამქირავებლისათვის, იგივეს აკეთებს ყველა სხვა მომავალი სამუშაოს მაძიებელიც. ამიტომაც აქ ეს ანდაზა მოქმედებს, რომელსაც ხშირად ციტირებენ: “თუ ყველა ცერებზე შედგება, ვერავინ დაინახავს უკეთესად.”

რაც შეეხება კონკურენციას, ერთდროულად არსებობს სამი სახის კონკურენტული ურთიერთობა: პირველია კონკურენცია დაქირავებულ მუშაკთა შორის, რომელთაც უკეთესი კვალიფიკაციის დაუფლება სურთ (და კვალიფიკაციასთან მიმართებაში სიტუაციის გარკვეულწილად გამოსწორება შეიძლება კოლექტიური ტარიფების მიღებით); მეორეა კონკურენცია დამქირავებლებს შორის, რომლებიც საუკეთესო მუშაკების მოზიდვას ცდილობენ; და მესამეა კონკურენცია კაპიტალსა და სამუშაოს შორის, რაც ერთი მხარისათვის მოგება და უსაფრთხოებაა, ხოლო მეორე მხარისათვის – წაგება და მოგების შანსების დაკარგვა. ეს ურთიერთობა ყველაზე უკეთესად მაქს ვებერმა ახნა და გააანალიზა. ჩვენს დროში, კულტურულ თავისთავადობად იქცა შეხედულება, რომ სრულყოფილი, ფუნქციონირებადი ადამიანი მხოლოდ “პროფესიული ადამიანი” შეიძლება იყოს, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში, და სხვა ალტერნატივის გარეშე, რომელიმე განსაზღვრულ პროფესიას მისდევს. პროფესიას, რომელიც სამუშაო ხელშეკრულებების ფარგლებშია მოქცეული და ანაზღაურებას მოიაზრებს.

მ.რ: ანაზღაურებადი შრომის, სამუშაოს და “შრომის საზოგადოების” განხილვისას საინტერესოა სოციალურ და კეთილდღეობის სახელმწიფოსაც შევეხოთ. ისტორიული პერსპექტივიდან, სწორედ სამუშაო და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გახდა სოციალური სახელმწიფოს წარმოშობისა და განვითარების ფუნდამენტი ევროპაში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სახელმწიფო პოლიტიკები შრომითი ურთიერთობების რეგულაციისა და სტაბილიზაციისაკენ იყო მიმართული, დღესდღეობით, კი ასეთი სიტუაცია გვაქვს, რომ საბჭოთა სოციალისტური ფორმის სოციალური სახელმწიფო, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი, საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად მოიშალა, ხოლო დასავლური, კაპიტალისტური სოციალური სახელმწიფო 70-იანი წლებიდან მოყოლებული შეიცვალა, ვინაიდან სამიზნე გახდა არაერთი ლიბერალური რეფორმისა. თუ შეიძლება გვითხარით, რა მდგომარეობაშია დღევანდელი გერმანული და ევროპული სოციალური სახელმწიფო და რამდენად შეუძლია მას საბაზრო წნეხისა და დესტრუქციული საბაზრო ეფექტების დაბალანსება?

კ.ო: სოციალურ და კეთილდღეობის სახელმწიფოს ერთი და იგივე მნიშვნელობით გამოვიყენებ ქვემოთ. სოციალური სახელმწიფო ეს არის სხვადასხვა ინსტიტუციებისგან შემდგარი, კომპლექსური სისტემა, რომლის სრულყოფილ მოცულობას არავინ იცნობს. ეს არის წარმოუდგენლად კომპლექსური, მუდმივად ცვალებადი ისტორიული მიღწევა, ისტორიული განვითარება. ხატოვნად შეიძლება ჩვენ ის შენობის სტრუქტურასაც შევადაროთ: დაბლა სარდაფში ისეთი პრემოდერნული დახმარებაა, როგორიცაა შემწეობა ღარიბთათვის, რომელიც უფრო საგნობრივი დახმარებით გამოიხატებოდა, ვიდრე ფულადი დახმარებით. სარდაფშია ასევე სამუშაოს დაცვის პირველადი რეგულაციები, რომელთა მიღებაც საკანონმდებლო დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. აქაა ასევე, სამუშაო ტრავმების დაზღვევა, ბავშვთა შრომის აკრძალვა, 10 საათიანი და შემდგომ 8 საათიანი სამუშაო დღის განსაზღვრა ა.შ.

ამიტომაც შეიძლება ვთქვათ, რომ სოციალური სახელმწიფო,  მშრომელთა კაპიტალისტური საზოგადოების მაკორექტირებლის, ანუ შემსწორებლის, ფუნქციას ასრულებს, ამადრულად, კი მისი ფუნქციონირება სწორედ შრომის საზოგადოების ფორმაციაზე დამოკიდებული.

პირველ სართულზე, გერმანული ნარატივის მიხედვით, უკვე პროფკავშირების ლიცენზირებაა. ანუ აქ ხდება განსაზღვრა იმისა, თუ რომელ პროფკავშირებს აქვთ გაფიცვის მოწყობის უფლება. აქ საქმე ეხება ლიბერალური პრინციპის, ანუ ინდივიდუალურად ხელშეკრულების დადების გადალახვას და კოლექტიური ხელმშეკრულების დადების შესაძლებლობას სამუშაო პირობებსა და ანაზღაურების, ანუ ტარიფები შესახებ. მაგრამ აქ საქმე არ ეხება თვით დასაქმების პრობლემების მოგვარებას. მეორე სართულზე უკვე დაზღვევაა, რაც ნიშნავს, რომ მშრომელები იხდიან შენატანებს, ე.წ. პარიტეტულ შენატანებს, რათა შემდგომში, ხანში შესულობისას, ავადმყოფობისას, ან უმუშევრობისას, ან კიდევ მოხუცთა მოვლის საჭიროების შემთხვევაში, ტანსფერული დახმარების მიღების უფლება მოიპოვონ. ეს ძალიან რთული დაფინანსების მოდელია და სხვადასხვა ქვეყნების შორის ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. მესამე სართულზე, რომელიც შედარებით ახალია, უკვე ე.წ. “ტრანსფრული ბენეფიტებია”, მაგალითად ბავშვებისათვის განსაზღვრული ფულადი დახმარება და სხვები, რომელიც თავის მხივ, ძალიან რთული სისტემაა და მუდმივად იცვლება, ასევე არსებობს ისეთი სერვისები, რომლებიდანაც, მაგალითად, განათლების დაფინანსება ყველაზე მნიშნელოვანია. აქ საქმე ეხება ისეთ ბენეფიტებს, რომლებიც უკვე შრომით ურთიერთობაზე და სამუშაოზე აღარაა მიბმული, არამედ მოქალაქეებზე და მოქალაქეების როლზე.

სოციალური სახელმწიფოს ფუნქციონირება და დაფინანსება ყველა ამ შემადგენელ სისტემებზეა დამოკიდებული, რომლებიც თავის მხრივ, მუდმივად ცვლილებებს განიცდიან. სოციალური სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ამ შენობის სახურავი კარგად უნდა იყოს დახურული, რაც ნიშნავს, რომ მიახლოებითი სრული დასაქმება მაინც უნდა არსებობდეს. სრული დასაქმება მნიშნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის სიმდიდრე წინასწარი ხარჯებით ასე რომ ვთქვათ, ბევრ სამუშაო ძალას ამყარებს და იცავს, არამედ ის მნიშნელოვანია იმიტომაც, რომ სოციალური სახელმწიფოს შემოსავლები ძირითადად  ეყრდნობა შენატანებს და არა გადასახადებს. მთელი შენატანების მობილიზირება კი შეიძლება მაშინ, თუ არსებობს სრული დასაქმება. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ არ არსებობს სრული დასაქმება და აქედან მომდინარე რეალური შემოსავალის მუდმივად ზრდა. სწორედ ეს არის საკითხავი. ამიტომაც შეიძლება ვთქვათ, რომ სოციალური სახელმწიფო,  მშრომელთა კაპიტალისტური საზოგადოების მაკორექტირებლის, ანუ შემსწორებლის, ფუნქციას ასრულებს, ამადრულად, კი მისი ფუნქციონირება სწორედ შრომის საზოგადოების ფორმაციაზე დამოკიდებული.

დასავლური სოციალური სახელმწიფოს დაარსებასა და განვითარებაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონკურენციის სიტუაციამ: ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებული ე.წ. “სისტემების კონკურენცია”: კონკურენცია დასავლური და ე.წ. სახელმწიფო სოციალიზმის სისტემების შორის. ჩვენ დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფოს არ განვავითარებდით, რომ არ ყოფილიყო ეს სისტემების კონკურენცია. ადენაუერის ჰიპოთეზა, რომ აღმოსავლეთში, ანუ სახელწიფო სოციალიზმის სისტემაში, შესაძლოა საზოგადოება უკეთესად განვითარებულიყო, უკეთესი შემოსავლებითა და უფრო ღირსეული ფუნდამენტით, ამის შედეგად, მცადრი აღმოჩნდა. ადენაუერი ფიქრობდა, რომ სოციალისტურ სისტემას შესაძლოა ეჯობნა ჩვენთვის, ამიტომაც თვლიდა, რომ აქ, გერმანიასა და ევროპაში, მომზადებული უნდა ვყოფილიყავით ამისთვის, რათა კონკურენციაში არ წაგვეგო. ეს იყო მამოძრავებელი ძალა. 1957 წელს, გერმანიაში იქამდე წარმოუდგენელი რამ დაიწყო, კონკრეტულად კი მოხდა პენსიების დინამიზება, ანუ პენსიების დაანგარიშება ხდებოდა არა მარტო ნამუშევარი წლებისა და მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, არამედ აქტუალურად სამუშაოდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ 80 წლისანი სარგებელს ნახულობენ იმით, რომ 40-50 წლისანი უფრო მაღალ შემოსავლებს იღებენ. პენსიების დინამიზება სწორედ ეს არის. ადენაუერმა ამით მოიგო 1957 წლის არჩევნები აბსოლუტური უმრავლესობით. ადენაუერი ამბობდა, რომ კომუნისტებსაც შეიძლება იგივე გაეკეთებიათ, ამიტომაც ჩვენ ეს უნდა დაგვესწრო მათთვის. მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ კომუნისტებს ასეთი რამ არ შეეძლოთ და არც თავისი ქმედითუნარიანობის ამგვარად განვითარების საშუალება ქონდათ. როგორც კი კომუნიზმი დამთავრდა, დასავლეთში სოციალური სახელმწიფოს განვითარებაც უკან უკან წავიდა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) პირველი კანცლერი კონრად ადენაუერი

სხვანაირად რომ შევხედოთ, დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფოს ომის შემდგომ დროინდელ განვითარებაში იყო სამეტაპიანი ფაზა. გერმანიის შემთხვევაში, ეს იყო 1949-1974 წლები, რომელიც გამსჭვალული იყო სოციალური საბაზრო ეკონომიკის იდეით. ეს თავის მხრივ, ცხადდებოდა სამართლიანობის, კეთილდღეობის, და ყველასათვის უსაფრთხოების წყაროდ. ცივი ომის პირობები აქ წამახალისებლის როლს თამაშობდა. პირველი სერიოზული გარდატეხა 1974 წელს მოხდა და ამით ბევრი რამ შეიცვალა და არა მხოლოდ დასავლეთში: სწორედ ამ დროს იწყება პირველი გაფიცვები მაგალითად პოლონეთშიც. ასე დაიწყო მეორე ფაზა, როდესაც კაპიტალი და კონსერვატორი მთავრობები ამერიკასა და ინგლისში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოს დაფინანსება ძალიან ძვირი ჯდება და რომ ეს ჩვენ აღარ შეგვიძლია. ამ დროს იწყება ე.წ. ინტენსიური სოციალური პოლიტიკის განვითარება. აქ უკვე მნიშვნელოვანი აღარაა უსამართლობის აღმოფხვრა და სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება, არამედ მნიშვნელობა უკვე ენიჭება ისეთ ინვესტიციებს, რომლებიც შემდგომში სარგებელს მოიტანენ (მაგალითად ინვესტიციები განათლების სისტემაში, ბინათმშენებლობა, სამუშაო ბაზრის პოლიტიკის შემუშავება და ა.შ). ინტენსიური სოციალური პოლიტიკა ამ დროს სოციალურად დაუცველების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას კი არ ემსახურება, არამედ მისი მიზანი ეროვნული ეკონომიკის, როგორ ერთიანი ფორმაციის ეფექტიანობის გაზრდა იყო.

დასავლური სოციალური სახელმწიფოს დაარსებასა და განვითარებაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონკურენციის სიტუაციამ: ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებული ე.წ. “სისტემების კონკურენცია”: კონკურენცია დასავლური და ე.წ. სახელმწიფო სოციალიზმის სისტემების შორის. ჩვენ დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფოს არ განვავითარებდით, რომ არ ყოფილიყო ეს სისტემების კონკურენცია.

მესამე ფაზა სახელმწიფო სოციალიზმის დასრულების შემდეგ იწყება. აქ უკვე უფრო მეტად გამოკვეთილად ითქვა, რომ ამგვარი სოციალური სახელმწიფოს არსებობა ძალიან ძვირი გვიჯდება, ამიტომაც ბენიფიციარები უნდა დავავალდებულოთ თავიანთ უსაფრთხოებაზე თვითონაც იზრუნონ. მთავარი ტერმინი აქ “აქტივირებაა.” უკიდურესად ნეოლიბერალი ამერიკელი ავტორი ლორენს მიდი (Lawrence Mead) ამბობდა, რომ ადამიანს აქვს ხუთი მოვალეობა. ესენია: პირველი, განავითაროს თავისი ჰუმანური კაპიტალი, ისწავლოს და მომავალი პროფესიისთვის მოამზადოს; მეორე, იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, იზრუნოს ოჯახისათვის და დააფუძნოს სტაბილური ოჯახი; მესამე, გაზარდოს საზოგადებისათვის გამოსადეგი ბავშვები, მეოთხე დაიცვას კანონები, მეხუთეც დაახლოებით ასე… ეს მოვალეობები ახასიათებს ე.წ. “ეკონომიკურ მოქალაქეს”, ანუ “სახელმწიფოსა და ეკონომიკურ მოქალაქეს,” და თუ მან ესენი არ შეასრულა, მაშინ შეგვიძლია ის მშვიდად გავწიროთ დასაღუპად. შერბილებული ვერსიით, ეს ნიშნავს, რომ უკვე მოქალაქეებს ევალებათ სამუშაოს შოვნა, ქონა და მისი შენარჩუნება და ასევე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის გზა კი, ამ ლოგიკით, სოციალური უსაფრთხოების ფინანსიალიზაციაა, რაც ნიშნავს რომ ადამიანებმა უნდა დაზოგონ, რათა ხანშიშესულ ასაკში ცხოვრება შეძლონ, რადგანაც პენსია უკვე სამსახურის შემოსავლის მხოლოდ 40 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, ჯანმრთელობის დაცვაში, სკოლისა და ზოგადად განათლების დაფინანსებაშიც საკუთარი წვლილია შესატანი. ახლა უკვე მოქალაქეც ვადებულია, ყველა ის მომსახურეობა და ბენიფიტი, რასაც აქამდე სახელმწიფო იხდიდა, როგორც სატრანსფერო ბენიფიტს, საკუთარი ჯიბიდანაც დაფინანსოს. ცნება “აქტივირებაც” იმას ნიშნავს, რომ მოქალაქემ “თავისი უსაფრთხოებისათვის თვითონ უნდა იზრუნოს” და ეს პასუხიმგებლობა თავად მას ეკისრება. ასევე საკუთარი შრომისუნარიანობის შენარჩუნებაზეც თვითონაა პასუხიმგებელი.

როგორც კი კომუნიზმი დამთავრდა, დასავლეთში სოციალური სახელმწიფოს განვითარებაც უკან უკან წავიდა.

ეს არის ის ძირითადი სამი ფაზა, რაც დასავლურმა სოციალურმა სახელმწიფომ განვლო და მესამე ფაზა განსაკუთრებით ინტენსიური იყო სახელმწიფო სოციალიზმის დასრულების გამო. ადენაუერის შიშები, რომ სისტემების კონკურენციაში, აღმოსავლეთში შეიძლებოდა რაღაც ისეთი მომხდარიყო, რაც ჩვენ გვაჯობებდა, არ გამართლდა და ეს შიშები აღარც არსებობს, უფრო მეტად ისე მოხდა, რომ სახელმწიფო სოციალისტურმა აზროვნებამ ყოველგვარი ჰეგემონური პოტენცია დაკარგა. კაპიტალისტური კეთილდღეობის სახელმწიფო ასე ფიქრობს, რომ პირველ ადგილზეა სამუშაო, ჯერ უნდა იმუშაო და თუ იმუშავე, მხოლოდ შემდეგ იწყებენ მოქმედებას სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც შემდგომ უმუშევრობისგანაც გვიცავენ. სახელმწიფო სოციალიზმი სხვანაირად ფიქრობს, პირიქით, თავდაპირველად ინდივიდი ყალიბდება მუშა/მოსამსახურედ, რამდენადაც ის სახელმწიფოსგან იღებს განათლებას, ბინას, და სამუშაოს გადანაწილების მექანიზმებით. ამის შემდეგ იწყება მორალურ-პოლიტიკური ფორმაცია, რათა მუშაკი სამშობლოსა და პარტიის ერთგული მშრომელი გახდეს. პარტია ზრუნავს შენთვის და შენც შენის მხრივ, მისი მოთხოვნები უნდა შეასრულო. სახელმწიფო სოციალიზმი სხვა ლოგიკას ემყარება და აცხადებს პრეტენზიას, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, მრავალი ინდივიდის  კეთილღეობის გარანტი იყოს.

მ.რ. საინტერესოა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც შევეხოთ. თქვენს ბოლო ლექციაში, რომელიც ბერლინში წაიკითხეთ, ძალიან საყურადღებო წინადადება თქვით, რომელიც აღმ. ევროპაში არსებული განვითარების ასახსნელად ძალიან გამოსადეგია. “დემოკრატიულ სახელმწიფოდ მხოლოდ ქმედითუნარიანი სახელმწიფო შეიძლება ჩაითვალოს. სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ ფორმალური წესების განსაზღვრით არის დაკავებული, ანდა ქუჩების სახელების არქმევს, დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იქნება და ასეთად ვერ ჩაითვლება” (ოფე 2018). სხვანაირად რომ ვთქვათ, სახელმწიფო, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური საკითხების ნაცვლად, მხოლოდ წვრილმანებითა და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების კეთების არის დაკავებული, დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იქნება. თუ არსებობს ურთიერთკავშირი დემოკრატიასა და სოციალურ/კეთილდღეობის სახელმწიფოს შორის? შესაძლებელია, რომ სუსტი, არაქმედითუნარი ან საერთოდ გაუქმებული სოციალური სახელწიფო იყოს მიზეზი იმ ბოლოდროინდელი განვითარებებისა, რასაც დღეს ადგილი აქვს აღმოსავლეთ ევროპაში, ვგულისხმობ ავტორიტარულ, დემოკრატიის საწინააღმდეგო ტენდენციებს და ნაციონალიზმის აღმავლობას.

კ.ო:    დიახ, ეს მართლაც ასეა და ეს ფართო განხილვას საჭიროებს. დასავლური ლიბერალური დემოკრატიის სოციალური და ისტორიული განვითარების სხვადასხვა თეორიები არსებობს. მოკლედ რომ ვთქვათ, 18-ე საუკუნე სამართლებრივი სახელმწიფოს დაბადების დროდ ითვლება, როდესაც ყველა ძალაუფლება დაექვემდებარა სახელმწიფო და საკონსტიტუციო ძალაუფლებას. რიგ შემთხვევაში, ეს დაქვემდებარება ძალითაც მოხდა. აქ დიდი გავლენა მოახდინეს ფრანგულმა და ამერიკულმა რევოლუციებმა. 19-ე საუკუნეში დემოკრატია იქნა აღმოჩენილი, რაც ნიშნავს ხალხის პოლიტიკურ მოწიფულობას, რათა მოსახლეობას პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ნების ფორმირების პროცესში შეძლებოდა მონაწილეობის მიღება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. მე-20 საუკუნეში სოციალური სახელმწიფო გამოიგონეს. ასე რომ, სახეზე გვაქვს კუმულაციური განვითარება. ამის შედეგად, სახელმწიფო დემოკრატიული და სამართლებრივი უნდა იყოს და მას ქმედითუნარიანი ადმინსტრაციული აპარატი, ბიოროკრატია უნდა ქონდეს. არსებობს სამინისტრო ადმინისტრაცია, ასევე ლოკალური, მუნიციპალური ადმინისტრაცია, ფინანსური ადმინისტრაცია, სამშენებლო დარგის, სასკოლო, სოციალური და ა.შ. ადმინისტრაციები. მათი თანამშომლები ფლობენ ფორმალურ განათლებას, იციან რა უნდა გააკეთონ და რა არის გასაკეთებელი. ისინი არიან კომპეტენტურები და არაკორუმპირებულები. ვებერის მიხედვით, “რაციონალური ბიუროკრატია” სწორედ ამას წარმოადგენს და შემდეგ სამ ელემენტს მოიცავს: სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო და სოციალური სახელმწიფო – ანუ სახელმწიფო, როგორც სოციალური ადმინისტრაცია, ვინაიდან სკოლებს, საავადმყოფოებს, სიღარიბეს, ყველაფერს სჭირდება მართვა და ადმინისტრირება. აღმ. ევროპაში, ამ სამი ელემენტიდან არც ერთი არ არსებობდა, არც სამართლებრივი, არც დემოკრატიული და არც სოციალური. დემოკრატიული იმ აზრით, რომ არ არსებობდა პარტიების კონკურენცია, არჩევნები იყო, მაგრამ ისიც წინასწარ განსაზღვრული.

ჩემის აზრით, 1953 წელს პოლიტიკური მოდერნიზაცია დაიწყო, რაც შემდეგ მოქალაქეთა უფლებებით და ა.შ. გამოიხატა. საერთოდ, ტოტალიტარიზმის გამოყენება აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში 1953 წლიდან უკვე მცდარია. ჩემი თეორიის მიხედვით (და რასაკვირველია სხვა თეორიებიც არსებობს), სახელმწიფო სოციალიზმის ნაკლოვანება მდგომარეობდა საზოგადოების უუნარობაში, მოეხდინა საკუთარ თავზე დაკვირვება, შემეცნება, საკუთარი თავზე მონიტორინგი და თვით გამოცდა. მან ეს უნარი დაკარგა. ესენი ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. პრესის თავისუფლება მნიშნელოვანია საზოგადოების თვითდაკვირვებისათვის: ჟურნალისტები დაუბრკოლებლად უნდა აღწერდენ რეალობას და გვაწვდიდნენ ინფორმაციას. მეცნიერებაც ახდენს საზოგადოებაზე დაკვირვებსს თავისი მეთოდებით, პრესაც, ხელოვნებაც და ასევე ბუღალტერიაც. ეს ელემენტები აღმ.  ევროპაში არ იყო და თუ იყო, არასაკმარისი ფორმით. პოლიტიკურ ელიტას არასასურველი ინფორმაცია ან არ მოეწოდებოდა, ან ამ ინფორმაციას თვითონ თრგუნავდნენ და არ შეიმეცნებდნენ. სისტემის თვით იგნორირება ძალიან დიდი ნაკლი იყო.

მეორეს მხივ, მთელი დემოკრატიისა და ლიბერალიზაციის პროცესი პოსტსოციალისტურ აღმოსავლეთ ევროპაში ეყრდნობა გასაოცრად მცდარ შეხედულებას, ნეოლიბერალურ სიცრუეს, რომ თუ საბაზრო ეკონომიკას შემოვიღებთ, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. ერთმა კოლეგამ ფრანკფურტის ოდერიდან, ამას “grap and run Capitalism”-ის კარიკატურა უწოდა: მიიტაცო, სარგებელი და მოგება გამოადნო მისგან და გაიქცე, ყოველგვარი პასუხიმგებლობისა და წესრიგის გარეშე, სრულიად დაურეგულირებლად. კონკურენცია სამართლებრივ ჩარჩოებს, სამართლებრივი ნორმებსა და ფორმას მოითხოვს. იქ კი ამოვიდნენ დაშვებიდან, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს და მოაწესრიგებს. თუ შევქნით პარტიებს, პარტიულ კონკურენციას, პარლამენტს და საპარლამენტო საკანონდებლო სამუშაოს დავიწყებთ, როგორც დასავლეთია, მაშინ ჩვენთანაც კეთილდღეობა დაისადგურებს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა და დასაწყისშივე მცდარი იყო.

ჩემი თეორიის მიხედვით (და რასაკვირველია სხვა თეორიებიც არსებობს), სახელმწიფო სოციალიზმის ნაკლოვანება მდგომარეობდა საზოგადოების უუნარობაში, მოეხდინა საკუთარ თავზე დაკვირვება, შემეცნება, საკუთარი თავზე მონიტორინგი და თვით გამოცდა. მან ეს უნარი დაკარგა. ესენი ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.

სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო ბიუროკრატიის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ შეტევებმა და თავდასხმებმა, ნეოლიბერალური გადმოსახედიდან, უკვე ძალადობის უმაღლეს დონეს მიაღწია. თუ რაიმე საერთოდ ხდება, ეს ხდება მხოლოდ ოლიგარქთა მიერ, კორუფციის მეშვეობით, ოჯახური კლანებით, რაც ვებერისეული რაციონალიური ბიოროკრატიის საწინააღმდეგოა. არავინ ემორჩილება წესებს და ეს საბედისწერო შეცდომაა. ვიღაცები ამ პროცესში ძალიან მდიდრდებიან, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება როგორც დემოკრატიული ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მატულობს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ სომხეთში მოხდა. ხალხი სამართლიანად არის გაბრაზებული და იმედგაცრუებული, რადგანაც ეს მცდარი დაპირება (რაც მათ საბაზრო ეკონომიკის სახელით წარმოუდგინეს) არ ახდა და ვერც ახდებოდა და ამასობაში არც სოლიდური სახელმწიფოებრიობა ჩამოყალიბდა.

სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო ბიუროკრატიის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ შეტევებმა და თავდასხმებმა, ნეოლიბერალური გადმოსახედიდან, უკვე ძალადობის უმაღლეს დონეს მიაღწია.

თემას რომ დავუბრუნდეთ, მსგავსი ფენომენი ევროპაშიც გვაქვს. სახელმწიფოს აქაც ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამას აქტუალურად აკეთებს, მხოლოდ ქუჩებზე სახელების დაქმევა არ არის მარტო სახელმწიფოს საქმე. ბერლინში აეროპორტი ვეღარ აუშენებიათ! ევროკავშირის დონეზეც ბევრი სისუსტეებია. თუ გვინდა, რომ თავი გავართვათ საემიგრაციო კრიზისს, მაშინ უნდა არსებობდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ინსტანცია. ამის ნაცვლად კი სახეზე გვაქვს ქ-ონ მერკელს, ბ-ონ ზეეჰოფერსა და ბ-ონ მაკრონს შორის მოსაწყენი და გაურკვეველი ფუსფუსი და არავინ იცის რა მოხდება. მოწესრიგებული სახელმწიფოსთვის ეტიკეტს შეადგენს ასევე სანდო და მყარი წესების ჩამოყალიბების სისტემის არსებობა. რომელიმე ინსტანციას ხომ უნდა გააჩნდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია, თუ როგორ გვინდა გადავჭრათ მიგრანტების პრობლემები, როგორ უნდა ავუხსნათ ეს შიდა მოსახლეობას და როგორ უნდა დაფინანსდეს ეს?! აქ მთავარი ისაა, რომ მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური საკითხები გვერდზეა გაწეული და მათ შესახებ არ მსჯელობენ. დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ჩვენ ის საერთო გვაქვს, რომ სახეზე გვაქვს სუსტი სახელმწიფო – სახელწიფო უფრო და უფრო უუნარო, უიდეო, უძლური და უშინაარსო ხდება.

დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ჩვენ ის საერთო გვაქვს, რომ სახეზე გვაქვს სუსტი სახელმწიფო – სახელწიფო უფრო და უფრო უუნარო, უიდეო, უძლური და უშინაარსო ხდება.

მ.რ:    საქართველოში უკვე დიდი ხანია ე.წ. “მცირე სახელმწიფოს” იდეალი და მოდელი ინერგება…

კ.ო: დიახ. ეგ ნეოლიბერალების მიერ შემოღებული ტვინის რეცხვაა და მეტი არაფერი. მე ცოტა ხნით ვიყავი თქვენს ქვეყანაში და რაც მე იმ ნაღვლიანმა სოციალ-დემოკრატებმა, პარლამენტის წევრებმა მომიყვეს, ძალიან დიდი უიმედობაა. მათ იციან, თუ რა წინაპირობები სჭირდება, აქტიურ, ქმედით სახელმწიფოს. მაქს ვებერი ამბობდა, რომ რაც უფრო მეტად დემოკრატიულია სახელმწიფო, მით მეტ საკითხებზე უწევს პასუხების გაცემა და პრობლემების გადაწყვეტა. ეს კი ბიოუროკრატიის გარეშე შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მოწესრიგებული ადმინისტრაცია, რომელსაც სკოლების, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის, ბინათმშენებლობის პირობებს ქმნის და ამასთანავე არაკორუმპირებულია, ძალიან ძვირფასი და ღირებულია. ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ეს არ გვხვდება. თქვენთან სახელმწიფომ ფაქტიურად თავის თავს აუკრძალა ქმედითი ფინანსური და ფისკალური სისტემის შექმნა, რადგან ამით თავიანთი აზრით ინვესტორების მოზიდვას ცდილობენ. “მცირე სახელმწიფო” მოდელი მცდარი, ცრუ სწავლებაა. ეს თამაში ამერიკელი ულტრებისა და აღმ. ევროპელი ცინიკოსების მიერ ერთობლივად შეიქმნა და ეს სამწუხაროდ ღრმად ფესვგამდგარი მოვლენაა. ის მოკლებულია ყოველგარ წესრიგის, საზრისა და საღ აზრს და არავითარი პოზიტიური შედეგის მოტანა არ შეუძლია.

მაია რაზმაძე: დიდი მადლობა!

კლაუს ოფე: მადლობა.

 

გამოყენებული მასალები: flickr.com

დატოვე კომენტარი