გერმანია - COVID-19-თან ბრძოლის წარმატებული ქვეყანა

თენგიზ ვერულავა

მედიცინის დოქტორი, პროფესორი

 

 

 

 

მთელ მსოფლიოში გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია მოიცავს დაახლოებით ერთსა და იმავე ზომების მიღებას: სახელმწიფოები ხურავენ საზღვრებს, უნივერსიტეტებსა და სკოლებს, აუქმებენ ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებას და აწესებენ მეტ-ნაკლებად მკაცრ კარანტინს ან სხვა შეზღუდვებს. ამის მიუხედავად, კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგები, ყველასთვის განსხვავებულია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, გერმანიაში COVID-19-ით დაინფიცირებულ პირთა რიცხვი ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში, თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1,6%) დაბალია ვიდრე იტალიაში (12%), ესპანეთში, საფრანგეთში და ბრიტანეთში (10%), ჩინეთში (4%) და შეერთებულ შტატებში (3%). სამხრეთ კორეასაც კი, უფრო მეტი სიკვდილობის მაჩვენებელი აქვს (1,8%).

გერმანია ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესოდ მუშაობს COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისულ სიტუაციაში. ამის დასტურია Deep Knowledge Group-ის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გერმანიამ მეორე ადგილი დაიკავა სახელმწიფო უსაფრთხოების მსოფლიო რეიტინგში იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ კორონავირუსული პანდემიის პირობებში. Deep Knowledge Group-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული 40 ქვეყნის ჩამონათვალში, გერმანია მხოლოდ ისრაელს ჩამორჩება.

ფონდ Deep Knowledge Group-ის ექსპერტები თავიანთ კვლევაში იყენებენ ინფორმაციას ისეთ წყაროებიდან, როგორებიცაა: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები. კვლევა ეხება ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის ეფექტურობის შეფასებას თანამედროვე დროს და ახლო მომავალში, ასევე ეკონომიკური სტაბილურობის დონის და გრძელვადიან პერიოდში სახელმწიფოს შესაძლებლობების შეფასებას პანდემიის შემდეგ.

რეიტინგი აჩვენებს, თუ რომელ ქვეყნებს შეუძლიათ მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვან თავიანთი მოსახლეობა COVID-19 ინფექციის შედეგებისგან და კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური შოკისგან. რეიტინგის შედგენისას Deep Knowledge Group-ის ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა მონიტორინგის ეროვნული სისტემების და დაავადებათა გამოვლენის ეფექტურობა, კერძოდ, კორონავირუსის ტესტებზე ფართო ხელმისაწვდომობა. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს საკარანტინო და სხვა შემაკავებელი ზომების ეფექტურობაზე და ჯანდაცვის სისტემის რეზერვებზე.

 

კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვა

გერმანიის ისტორიაში, კრიტიკულ სიტუაციებში განსაკუთრებული როლი ენიჭება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW – Kreditanstalt für Wiederaufbau). იგი 1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, როგორც მარშალის გეგმის ნაწილი. პანდემიის კრიზისის დროს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა ის მექანიზმები აამოქმედა რასაც იყენებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის აღდგენის და 1980-1990-იან წლებში მისი გაერთიანების დროს: გარანტიები და სესხები ძალიან ხელსაყრელი პირობებით, თითქმის საპროცენტო განაკვეთი გარეშე.

მთავრობამ დაამტკიცა ფინანსური დახმარების გეგმა. პანდემიის დროს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი მეწარმეებს ნებისმიერ სესხს გასცემს, რათა კომპანიებმა არ შეწყვიტონ მუშაობა უსახსრობის გამო. ამასთან, კრედიტს არ აქვს ზედა ზღვარი. ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს არ მიუმართავს მსავსი ღონისძიებებისთვის, პირიქით, ცვლილება შეიტანა კონსტიტუციაში, რომელიც მთავრობას უკრძალავს ახალი სესხების აღებას, სანამ ძველს დაფარავენ (მათ გადააჭარბა 2 ტრილიონს). ხელისუფლება ჯიუტად არ იღებდა სესხს და მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდებდა ევროკავშირის ქვეყნებს.

უფრო მეტიც. ეკონომიკის გადარჩენის მიზნით, მთავრობა მზად არის თავის თავზე აიღოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების მართვა. ერთი შეხედვით, ამას შეიძლება ვუწოდოთ ნაციონალიზაცია, მაგრამ მეორეს მხრივ, მთავრობა იძულებულია გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს ეკონომიკურად წარმატებული, სიცოცხლისუნარიანი საწარმოების გაკოტრება.

რადგან იზოლაცია, პირველ რიგში, მცირე ბიზნესსა და ნაკლებად დაცულ მუშაკებს შეეხება, გერმანელებს უფრო მეტი შანსი აქვთ შეინარჩუნონ სამსახური, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების დასაქმებულებს. 2018 წლის ევროპული სოციალური კვლევის თანახმად, გერმანიას უფრო მეტი კონტრაქტით დასაქმებული მუშაკი (52%) ჰყავს, ვიდრე იტალიას (43%). ასევე, უფრო მეტი მუშაკი ჰყავს, რომლებიც მუშაობენ მსხვილ კომპანიებში, სადაც დასაქმებულია 50-ზე მეტი თანამშრომელი (37%), ვიდრე იტალიას (15%). უფრო მეტიც, 10-დან ერთი გერმანელი აცხადებს, რომ ცუდ ეკონომიკურ პირობებში უწევს არსებობა, მაშინ როდესაც ყოველი მეოთხე იტალიელია უკმაყოფილო.

მანჰეიმის უნივერსიტეტი ყოველკვირეულად ატარებს ონლაინ გამოკითხვებს (Corona-Studie, 2020). უახლესი ანგარიშის თანახმად, გერმანელთა უმრავლესობას (58%) არ შეუწყვეტია მუშაობა და ძველებურად აგრძელებს საქმიანობას, 21% გადავიდა იზოლაციის რეჟიმში, დანარჩენებს აქვთ მოქნილი გრაფიკის სხვადასხვა ვარიანტები. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, იგი მკვეთრად შეიცვალა. ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა მხოლოდ 6% ხვდებოდა კოლეგებს მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ან რეგულარულად, გამოკითხულთა 69% კი საერთოდ არავისთან შეხვედრია.

 

ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისადმი სწრაფვა

ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, მიუხედავად შემზღუდავი ზომების მიღებისა, ქვეყნის ქარხნების უმეტესი ნაწილი აგრძელებს ფუნქციონირებას. შედეგად, გერმანული წარმოება გაცილებით მცირედ შემცირდა, ვიდრე საფრანგეთსა და აშშ-ში. პანდემიის პირობებში გერმანის წარმოების შეუფერხებელი მუშაობის მთავარი ფაქტორია წარმოების სისტემებსა და პროცესებში ციფრული ტექნოლოგიის დიდი ხნით ადრე დანერგვა. მათ შექმნეს „ინდუსტრიული 4.0 სტრატეგია“, რაც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისათვის, ანუ  ციფრული ხანისთვის გერმანული კომპანიების მომზადებას გულისხმობს.

გერმანია ფართოდ იყენებს ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, დიდი მონაცემები (Big Data – დიდი რაოდენობის რთულად სტრუქტრურირებულ მონაცემებთან მუშაობა), მანქანური სწავლება (ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რაც უზრუნველყოფს სისტემის ავტომატურ სწავლებასა და გამოცდილების გაუმჯობესებას პირდაპირი დაპროგრამების გარეშე) და ავტომატიზაცია მთელი წარმოების პროცესში. აღნიშნული გვიჩვენებს, რომ გერმანიას აქვს „ჭკვიანი ქარხნების“ მრავალი მაგალითი. მართლაც, „ინდუსტრიული 4.0 სტრატეგია“ სწრაფად იქცა გერმანიაში წარმოებისა და ინდუსტრიალიზაციის განუყოფელ ნაწილად, რამაც ხელი შეუწყო ლოჯისტიკის, წარმოების ოპტიმიზაციას და განსაკუთრებით წინასწარი დაგეგმვის, პროგნოზირების უნარების ამაღლებას.

„ინდუსტრიული 4.0 სტრატეგია“ გერმანიას საშუალებას აძლევს ისეთ სიტუაციაში, როგორიცაა პანდემია, რომელიც მოითხოვს სოციალურ დისტანციას და იზოლაციას, აწარმოოს ადამიანური რესურსების გარეშე. მაგალითად, უკვე რამდენიმე წელია, ფოლკსვაგენი იყენებს რადიოსიხშირით იდენტიფიკაციის (RFID – Radio Frequency Identification) ტექნოლოგიას, რომელიც დაქირავებულ მუშაკებს შესაძლებლობას აძლევს შეამცირონ კონტაქტი სხვებთან, ამასთან მიაღწიონ ბიზნესის მიზნებს და ამოცანებს. ასეთი მიღწევების ფონზე გერმანიას უფრო მეტი უნარი და შესაძლებლობა აქვს დაიცვას ინდუსტრია პანდემიის დამანგრებელი ზეგავლენისაგან.

 

სათანადო აღჭურვილობის საავადმყოფოები

გერმანიის წარმატება დაკავშირებულია ეფექტურ ჯანდაცვის სისტემასთან, თავისი საზოგადოებრივი და კერძო ვარიანტებით. გერმანია, 2017 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვაზე წელიწადში თითო სულზე ხარჯავს 5,033.45 აშშ დოლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. შედარებისათვის, საფრანგეთში იგი შეადგენს 4,379.73 აშშ დოლარს, ბრიტანეთში – 3,858.67 აშშ დოლარს, იტალიაში – 2,840.13 აშშ დოლარს, ესპანეთში – 2,506.46 აშშ დოლარს.

წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საკმარისი რაოდენობით საავადმყოფოები და სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოების აღჭურვილობა და რეანიმაციული საწოლების დიდი მარაგი.

გერმანიაში საწოლების რაოდენობა 100,000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონში და შეადგენს 823-ს; შედარებისათვის, საფრანგეთში – 621-ს, იტალიაში – 331-ს, ესპანეთში – 297, ბრიტანეთში – 273-ს.

კვლევების მიხედვით, გერმანია ლიდერია ევროპაში სარეანიმაციო საწოლების რაოდენობის მიხედვით. იანვარში, გერმანიას ჰქონდა დაახლოებით 28,000 ინტენსიური თერაპიის საწოლი, რომლებიც აღჭურვილი იყო ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით, ანუ 34 საწოლი 100,000 ადამიანზე. შედარებისთვის, სარეანიმაციო საწოლების რაოდენობა საფრანგეთში შეადგენს 11.6 საწოლს, იტალიაში – 12.5 საწოლს, ესპანეთში – 9.7 საწოლს.

2017 წლის გერმანიის ფედერალური სტატისტიკის ოფისის მონაცემები აჩვენებს, რომ გერმანიაში ინტენსიური თერაპიის საწოლებიდან 14% განთავსებულია 840 პატარა ზომის საავადმყოფოში, სადაც 200-ზე ნაკლები საწოლია. შედარებით მცირ ზომის საავადმყოფოები უფრო მოსახერხებელია ინფექციური ავადმყოფების განთავსებისათვის.

მთელ გერმანიაში, საავადმყოფოებმა გააფართოვეს ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობები. სულ რაღაც 2 თვეში გერმანიაში ინტენსიური თერაპიის საწოლები 28,000-დან 40,000-მდე გაიზარდა. მთავრობამ საავადმყოფოებს მოუწოდა გადაედოთ ყველა გეგმიური ქირურგიული ოპერაცია და ამავე დროს დაპირდა სათანადო ანაზღაურებას დაკარგული შემოსავლისთვის. საავადმყოფოები სახელმწიფოსგან მიიღებენ 560 ევროს დღეში ყოველ საწოლზე, თუ ამ საწოლს დატოვებენ პოტენციური Covid-19 პაციენტისთვის, ხოლო 50,000 ევროს დამატებით შექმნილი ინტენსიური თერაპიის საწოლისთვის. გატარებული ღონისძიებების შედეგად, გერმანიის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლთა დატვირთვის მაჩვენებლები შემცირდა 75-80%-დან 50%-მდე, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ხელმისაწვდომი საწოლების რაოდენობა.

გარდა ამისა, გერმანია უკეთ არის აღჭურვილი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით ვიდრე სხვა ქვეყნები და დაახლოებით 25 ათას შეადგენს. ასევე, გერმანიას აქვს შესაძლებობა ქვეყნის შიგნით აწარმოოს სამედიცინო აღჭურვილობა და სამკურნალო საშუალებები. იზოლაციის პირობებში მას შეუძლია თავად მოაგვაროს პრობლემები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის კიდევ 10 ათასი აპარატის მიწოდება საავადმყოფოებისთვის, რომელთაც სახელმწიფო დაკვეთით გერმანული კომპანია Draegerwerk აწარმოებს.

წყარო: Eurostat Database, 2019.

ჯანდაცვის არსებული სისტემა დაინტერესებულია გაზარდოს ინტენსიური საწოლების რაოდენობა, რადგან საავადმყოფოების დაფინანსება ხორციელდება თითოეულ პაციენტზე ჩატარებული მკურნალობის მიხედვით. სოციალური დაზღვევის სისტემა, კერძოდ, ჯანმრთელობის დაზღვევის საზოგადოებრივი ფონდები (ე.წ. საავადმყოფოს სალაროები – Krankenkassen) ახდენენ სტაციონარული მომსახურების დაფინანსებას.  შესაბამისად, საავადმყოფოებს აქვთ ფინანსური სტიმული, რაც შეიძლება მეტი სტაციონარული მომსახურება გაუწიონ პაციენტებს.

აღნიშნული ამცირებს სტაციონარულ სერვისზე მოცდის პერიოდს. თუმცა, ექსპერტთა მტკიცებით, ზოგი მცირე საავადმყოფო არ აკმაყოფილებს ხარისხის სათანადო სტანდარტებს, არ ჰყავს საკმარისი პერსონალი და აღჭურვილობა. შესაბამისად, შედარებით მცირე საავამყოფოებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის გაზრდა.

 

ლაბორატორიული ტესტები

გერმანელმა მეცნიერებმა  ვირუსის აღმომჩენ ტესტზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც მხოლოდ ჩინეთი ითვლებოდა დაავადების ერთადერთ წყაროდ. COVID-19 პირველი ტესტი ბერლინის შარიტეს ჰოსპიტალის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა (დაარსდა 300 წელზე მეტი ხნის წინ, შავი ჭირით დაინფიცირებულთა სამკურნალოდ) უკვე იანვრის შუა რიცხვებში შეიმუშავა.

Covid-19-ის პირველი შემთხვევა გერმანიაში თებერვლის დასაწყისში დაფიქსირდა. ამ დროისათვის კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიებს უკვე ჰქონდათ სადიაგნოსტიკო ტესტების მარაგი და შესაბამისად, მალევე დაიწყეს მასობრივი ტესტირება. ტესტების შემუშავებას ხელმძღვანელობდა ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი კრისტიან დროსტენი, რომელმაც ჯერ კიდევ 2003 წელს შეიმუშავა ტესტი SARS-ისთვის.

პანდემიის დროს, მთავარი ცენტრი, საიდანაც მთავრობა ღებულობს რეკომენდაციებს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, არის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი. რობერტ კოხის ინსტიტუტმა ადრეულ ეტაპზე გასცა მასობრივი ტესტირების დაწყების რეკომენდაცია, რათა რაც შეიძლება ადრე გამოვლენილიყო ინფიცირების შემთხვევები და ამით შეენელებინათ მისი გავრცელება.

გერმანიაში გამოიყენება სამივე ჯგუფის ტესტები: პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR), რომელიც განიხილება, როგორც ოქროს სტანდარტი; ანტისხეულებზე სწრაფი ტესტი და ანტიგენის სწრაფი ტესტი. გერმანია იმაზე მეტ ტესტს ატარებს, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა. განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან ტარდება მოსახლეობის მასობრივი აგრესიული ტესტირება, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობით მსუბუქი მიმდინარეობით ან უსიმპტომო ინფიცირებულების გამოვლენას. ტესტირების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, იგი უფასოა ყველასათვის და ფინანსდება სოციალური დაზღვევის სისტემით. ქვეყანაში ახალი ვირუსის გამოსავლენად 1 728 357 ადამიანს ჩაუტარეს ტესტი.

გერმანიას ტესტირების განსახორციელებლად გააჩნია საკმარისი რაოდენობის ლაბორატორიები, რაც დაკავშირებულია კონკურენტულ ბაზართან. ლაბორატორიულ გამოკვლევებს ატარებენ როგორც საზოგადოებრივი ასევე კერძო ლაბორატორიები.

კოხის ინსტიტუტი მასობრივ ტესტირებას წარმატების ერთ–ერთ ფაქტორად მიიჩნევს. კრისტიან დროსტენის აზრით, გერმანიას შეუძლია კვირაში დაახლოებით 500 ათასი ტესტის ჩატარება. ამ დროისთვის, გერმანია კვირაში ატარებს დაახლოებით 350,000 კორონავირუსის ტესტს, ბევრად მეტს, ვიდრე რომელიმე სხვა ევროპული ქვეყანა. შედარებისათვის, ესპანეთს შეუძლია კვირაში 140 ათასი ტესტის ჩატარება, იტალიას – 200 ათასის.

ადრეულმა და მასობრივმა ტესტირებამ შესაძლებელი გახადა ასიმპტომური ინფიცირებულებისა და მსუბუქი სიმძიმის პაციენტების იდენტიფიცირება, რათა მომხდარიყო მათი დაუყოვნებლივ იზოლირება, რამაც მკვეთრად შეანელა ვირუსის გავრცელება. ტესტირება განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა სამედიცინო პერსონალისათვის, რომელთაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.

 

საკონტროლო აპლიკაცია

რობერტ კოხის ინსტიტუტმა არაკომერციულ ორგანიზაცია Pan-European Privacy Preserving Proximity Tracing-თან ერთად შეიმუშავა საკონტროლო აპლიკაცია, რომელიც კორონავირუსის გეოგრაფიული გავრცელების შესახებ მონაცემთა შეგროვების საშუალებას იძლევა. მას წარმატებით იყენებენ სამხრეთ კორეასა და სინგაპურში, სადაც შესაძლებელი გახდა ვირუსის გავრცელების შეზღუდვა. გერმანელები ამ პროგრამაზე წვდომას, უახლოეს დღეებში შეძლებენ. აპლიკაცია ევროპის ინფორმაციის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება.

მოქალაქეებს შეუძლიათ აპლიკაციის ნებაყოფლობით დაყენება თავიანთ მობილურ ტელეფონებში. COVID-19-ის გეოგრაფიული გავრცელების ტენდენციების გასაგებად, მომხმარებლებს სთხოვენ შეიყვანონ საფოსტო კოდი. გარდა ამისა, მათ უნდა მიუთითონ მათი სქესი, ასაკი, სიმაღლე და წონა. ციფრული აპლიკაცია აკონტროლებს და ჩაიწერს ადამიანების ურთიერთქმედებას ბლუთუზის მეშვეობით ორი კვირის განმავლობაში. თუ აპლიკაციის მფლობელს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამის შესახებ ავტომატურად ეგზავნება დაშიფრული და ანონიმური გაფრთხილებები ყველა სხვა პირთან, რომელთანაც მას ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი. შედეგად, ამ პირებმაც უნდა გაიარონ ტესტირება. Apple და Google მსგავს ტექნოლოგიას ქმნიან, რომელიც მომხმარებლებს Covid-19-ის მქონე პირთან კონტაქტს ამცნობს.

ამგვარად, აპლიკაციის მეშვეობით ტესტის დადებითი შედეგების მიღებისთანავე მყისიერად ხდება რეაგირება, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანების იზოლირება.

 

მთავრობისადმი ნდობა

Deep Knowledge Group-ის დასკვნაში ხაზგასმულია კრიზისული სიტუაციების მართვისთვის გერმანიის ხელისუფლების შესაძლებლობები, როგორც ფედერალურ, ისე რეგიონულ დონეზე. გერმანიამ საწყისი ეტაპიდანვე წარმატებით შეაჩერა დაავადების გავრცელება.

ექსპერტები წარმატებას უკავშირებენ მთავრობისადმი ხალხის ნდობა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავიდანვე განაცხადა: ”თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ, არ არსებობს ვაქცინა, შესაბამისად, არც მკურნალობა. მოსალოდნელია ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა – 60-70%”. ხელისუფლების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ეპიდემიის გავრცელების შემცირება.

მერკელის გეგმა ეყრდნობა რობერტ კოხის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლოთარ ვილერის რეკომენდაციას. თუმცა, უფრო ადრე ამის შესახებ განაცხადა ბერლინის შარიტეს ჰოსპიტალის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა კრისტიან დროსტენმა. მერკელის მტკიცებით, „მთავარია დროის მოგება, ჩვენ უნდა მოვიგოთ ძვირფასი დრო, მანამ სანამ მეცნიერები შეძლებენ გამოიგონონ მედიკამენტები და ვაქცინა“.

მთელი კრიზისის განმავლობაში, მერკელი რეგულარულად უხსნიდა თავის ხალხს სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას. მისი მშვიდი, გახსნილი და უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან ზრდიდა მთავრობისადმი ხალხის ნდობას. დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკური ოპოზიცია გაგებით შეხვდა. კანცლერის რეიტინგები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ზოგიერთი ექსპერტის მიხედვით, პანდემიის პერიოდში გერმანიის ყველაზე დიდი სიძლიერე შესაძლოა იყოს ხელისუფლების მიერ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, და მოსახლეობის მთავრობისადმი ნდობა.

სამეცნიერო ჟურნალში „Journal of Economic Behavior and Organization“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამტკიცებს ნდობისა და პოზიტიური სოციალური ურთიერთქმედებების დადებით როლს ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისათვის. ისტორიკოსი და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი იუვალ ნოა ჰარარი, Financial Times-ის ინტერვიუში, მიგვანიშნებს COVID-19-ის შემდგომ პერიოდში “ახალ მოცემულობაზე”, რომელშიც წარმოდგენილი იქნება, ერთი მხრივ, ავტორიტეტული კონტროლი, მეორეს მხრივ, კი ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

გერმანია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე გეგმავს პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების მოხსნას. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შფანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვირუსს აკონტროლებს – “დაინფიცირების რიცხვმა საგრძნობლად იკლო, განსაკუთრებით ყოველდღიურმა ზრდამ”. გერმანიაში ახალი ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების მაჩვენებელი 0.7-მდე დაეცა. ეს იმას ნიშანვს, რომ თუ გერმანიაში პირი დაინფიცირებულია, ის საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აავადებს.

შესაძლოა, ჯერ კიდევ ადრეა გლობალური პანდემიისგან დასკვნის გაკეთება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ტექნოლოგიური ინოვაციებისადმი სწრაფვა გერმანიას შესაძლებლობას აძლევს შედარებით შეამციროს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

ლიტერატურა:

  1. Yuval Noah Harari. Yuval Noah Harari: the world after coronavirus. Financial Times. March 20 2020.
  2. Die Mannheimer Corona-Studie: Das Leben in Deutschland im Ausnahmezustand Bericht zur Lage vom 20. März bis 31. März 2020.
  3. COVID-19 Dashboard by the Center for Systems Science and Engineering (CSSE) at Johns Hopkins University (JHU)
  4. GMIS Knowledge Hub. COVID-19: How Germany Bucked the Trend.
  5. Katrin Bennhold. A German Exception? Why the Country’s Coronavirus Death Rate Is Low. The New York Times. April 6, 2020.
  6. Stefano Vergine, Luciano Canova. Coronavirus: Italians compared with Germans. Saturday. EUOBSERVER. 18th Apr 2020.
  7. Guy Chazan. Oversupply of hospital beds helps Germany to fight virus. Berlin APRIL 13 2020.
  8. Mannheim University. Corona Study. 2020. https://www.uni-mannheim.de/en/gip/corona-study/

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.