როგორ უთხრის ძირს დასავლეთი საკუთარ განვითრებას - ნაწილი II

ველინგტონის ვიქტორიის უნივერსიტეტის ისტორიისა და პოლიტიკის მკვლევრის ამალ სამაჰას სტატია

უოლტერ როდნი

თარგმნა შოთა თხელიძემ

 

  • შესავალი
  • განვითარება და უოლტერ როდნი
  • განვითარების თანამედროვე თეორიები
  • დიაგნოსტიკოსები
  • განვითარების მიმართებითი მოდელის ესკიზი
  • ცენტრის პარაზიტული და აუტოგენური განვითარება
  • დასკვნა: განვითარების მიღმა?

 

ნაწილი I იხ. ბმულზე: https://1tv.ge/analytics/rogor-utkhris-dzirs-dasavleti-sakutar-ganvitrebas-nawili-i/

 

 

განვითარების თანამედროვე თეორიები

როდნის მიხედვით, გარკვეულ საფეხურზე განვითარება უმეტესწილად სუბიექტური ცნებაა, რომელსაც ინდივიდის მორალური მიზნები და საზოგადოებრივი ზედნაშენის ლიმიტები განსაზღვრავს. ესაა მიზეზი იმისა, რომ განვითარება ასე ამორფული ცნებაა და მისი იდეოლოგიური მიზნებისთვის დამახინჯება ძალიან ადვილია.

განვითარების კვლევების ისტორიის თვალის სწრაფი გადავლებაც კი, საშუალებას იძლევა დავინახოთ განვითარების თეორეტიკოსების დომინანტური ტენდენციები, რაც დაგვეხმარება განვასხვავოთ განვითარების მრავალგვაროვანი განმარტებანი და ის ღირებულებები, რასაც ის ეყრდნობა.

  1. ეკონომისტთა მიდგომები: მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, თითქმის ყველა ქვეყანა მის ეკონომიკურ განვითარებას მის წარსულ განვითარებასთან შედარებით ერთიანი ეროვნული აღრიცხვის მეთოდებით აფასებდა. 1944 წლის ბრეტონ ვუდსიდან 1993 წლამდე, მთლიანი შიდა პროდუქტმა (GDP) თანდათანობით ჩაანაცვლა, როგორც მთლიანი ეროვნული შემოსავალი (GNI), ასევე სოციალისტური სახელმწიფოების მატერიალური ბალანსის დაგეგმვის (Material-Balance Planning) მეთოდი. ეკონომიკური საზომი მეთოდები ყოველთვის იყო კრიტიკის სამიზნე, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პირდაპირი კავშირი არ ქონდათ ცხოვრების ხარიხსთან, თუმცა ეს მეთოდები დღემდე აქტიურად გამოიყენება განვითარების ციკლების შესაფასებლად.
  2. ჰოლისტური მიდომები: 1960-70-იანი წლებისთვის, ბევრმა ეკონომისტმა გაიაზრა განვითარების გაზომვის ეკონომიკური მეთოდების არაეფექტურობა. მათ შორის იყვნენ ნახევრად პროგრესული პერსონებიც, ისეთი, როგორიც იყო სოციალ-დემოკრატი გუნარ მირდალი. არსებული მეთოდების გადააზრების მოთხოვნა ძირითადად გაეროში განუვითარებელი ქვეყნების მოთხოვნით დადგა დღის წესრიგში, რათა ახალი „ერთიანი“ საზომი შექმნილიყო, რომელიც სხვადასხვა ტიპის ქვეყნების პრობლემებს ადეკვატურად ასახავდა. ეს მიდგომები იქნებოდა ტრანსისტორიული და ხშირად მათ დეკოლონიური სარჩული ექნებოდათ.
  3. რადიკალური მიდგომები: იმავე პერიოდში, ბევრმა მარქსისტმა ავტორმა დაიწყო განვითარების თეორიებზე წერა, რომელიც აკრიტიკებდა პერმამენტული პროგრესული განვითარების ლიბერალურ გაგებას, რომელიც მათთვის მოიზრებოდა ნულოვანჯამოვან თამაშად, სადაც ერთი ქვეყნის დანაკარგი, მეორის შენაძენს წარმოადგენდა. პოლ ბარანი, პოლ სუიზი და Monthly Review-ის ბევრი სხვა ავტორი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. მარქსისტულ კრიტიკა შემდგომში არგირი ემანუელის, ჩარლზ ბეტელჰეიმის და სამირ ამინის ნაშრომებმა გაამდიდრეს, რომლებიც არათანაბარი გაცვლის და განვითარების ბლოკირების სახელფასო თეორიები შექმნეს. ამ თეორიებმა წლების განმავლობაში გავლენა დაკარგეს, მაგრამ შემდგომ გარკვეულწილად გააცოცხლეს, მაგალითად ზაკ კოუპმა, რომელსაც მე ქვემოთ შევეხები.
  4. დიაგნოსტიკური მიდგომები: ეს არის მეთოდები, რომლებიც 1980-90-იან წლებში მოიპოვეს აღიარება. ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც თვლად, მონაცემებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ მოდელებს, ასევე ადამიანური კეთილდღეობის საკითხებს და ჰოლისტური მეთოდების ნაწილს. ამ პროცესში ისინი აყალიბებენ ერთიან საზომს, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს განვითარებას მისი ფართო გაგებით. ასეთი მიდგომების მოწინავე მეცნიერად ნობელის პრემიის ლაურეტია ამარტია სენი გახდა, რომლის ნაშრომმა ხელი შეუწყო გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსის (HDI) (რომელიც აერთიანებს ჯანდაცვას, განათლებას, შემოსავალს ერთ სტანდარტიზებულ შეფასებით საზომში) და შემდგომ „განვითარების, როგორც თავისუფლების“ თეზისის შექმნას. ეს მეთოდები, განსაკუთრებით კი, სენის „შესაძლებლობების მიდგომა“ გავლენიანია თანამედროვე არასამთავრობო ორგანიზაციებში, უფლებადამცველ ჯგუფებში და თავად გაეროშიც. აშშ-ის აკადემიურ და პოლიტიკის წარმოების წრეებში ამ თეორიების პოპულარობამ ბიძგი მისცა მათთვის „ამერიკული განვითარების დისკურსი“ დაერქვათ.
  5. კრიტიკული განვითარების მიდგომები: ამ მიდგომებმა პოპულარულობა 1990-2000-იან წლებში მოიპოვეს, როდესაც რამდენიმე ევროპელმა თეორეტიკოსმა სრულიად განვითარების პარადგიმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ტიპურად ეს თეორეტიკოსები ცდილობენ გამოიკვლიონ ის, თუ როგორ „მუშაობს“ განვითარება და მისი რაციონალურობის საკითხი. ამგვარები არიან კორნელიუს კასტორიადისი, ალან ტურენი და ზიგმუნტ ბაუმანი. ამ მოაზროვნეებმა პოლიტიკის წარმოების პროცესზე დიდი გავლენა ვერ მოიპოვეს, თუმცა გავლენიანები აღმოჩნდნენ თანამედროვე განვითარების დისკურსის წარმოებაზე. განვითარების დისკურსის მათი კრიტიკა ქვემოთ დახმარებას გაგვიწევს.

 

დიაგნოსტიკოსები

ზემოთ ჩამოთვლილი ხედვებიდან დიაგნოსტიკური მიდგომებია, რომლებიც განვითარების თანამედროვე დისკურსში დომინანტია. თითოეული მათგანი ეყრდნობა განვითარების შერჩეულ საზომს ან მეთოდს, რითაც შეწონილ შეფასებას ახდენენ სხვადასხვა მონაცემებიდან გამომდინარე. როგორც UNHDI, ეს შეფასებები ეყრდნობა იმ იდეას, რომ სოციალური ფაქტორები, როგორიცაა განათლება, პოლიტიკური თავისუფლება, ჯანდაცვა პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანურ განვითარებასთან.

არცერთი განვითარების თეორეტიკოსი არ არის ისეთი ციტირებადი, როგორც ამარტია სენი. მის ნაშრომებს ეყრდნობა თანამედროვე განვითარების კვლევების უმეტესობა. სენი 1970-იანებში შეეცადა კეთილდღეობის ეკონომიკებში არსებული თანასწორობის სხვადასხვა თეორიების სინთეზი მოეხდინა. სენი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ წმინდა შესაძლებლობის (opportunity) თანასწორობის (ბენთამისეული თანასწორობა) ან კეთილდღეობის მინიმალურ-მაქსიმალური მიდგომის (როულზისეული თანასწორობა) ნაცვლად, სადაც მხოლოდ ყველაზე უარესი სარგებლობს, კეთილდღეობა გაგებული უნდა ყოფილიყო „ძირეული შესაძლებლობების (Capability) თანასწორობის“ ჭრილში, სადაც ადამიანებს აქვთ რეალური საშუალება იმოქმედონ საკუთარი და მისი საზოგადოების ძირეული ინტერესების მიხედვით.

შესაბამისად, ამერიკული დიაგნოსტიკური მიდგომა, როგორც ჰოლისტური მიდგომები, ემყარება ადამიანს, როგორც სუბიექტს. მოგვიანებით, სენმა განვითარება თავისუფლების საკითხად გადააქცია – იდეა, რომელსაც ამერიკული განვითარების დისკურსში ღრმა ფესვები გააჩნია. მაშინ, როცა სენის თავისუფლების განმარტება შედარებით დახვეწილია, „განვითარება, როგორც თავისუფლების“ თეზისი ხშირად გამოიხატება მხოლოდ ამერიკული „ლიბერალური დოგმატიზმის“ მხარდაჭერაში, რაც ჩვეულია პოლიტიკის მწარმოებელთა წრეებისთვის.

უოლტერ როდნი ცოცხალი რომ ყოფილიყო, წარმომიდგენია მას იგივე კრიტიკა ექნებოდა ამერიკელი დიაგნოსტიკოსების მიმართ, რაც მას ეკონომიკური მიდგომების მიმართ გააჩნდა. ესენია:

  1. დიაგნოსტიკური მიდგომები შედეგებს მიზეზებში ურევს: როდნი დასავლელ „ექსპერტებს“ აკრიტიკებდა, რადგან ისინი განუვითარებლობის მიზეზებს სახავდნენ, როგორც შედეგებს. როდესაც გაეროს განვითარების პროგრამა ასახელებს განუვითარებელი ქვეყნების განათლების, ეკონომიკის და ჯანდაცვის დონეს, როგორც მათი განუვითარებლობის ძირითად მიზეზებს, რეალურად ეს ფაქტორები ხანგრძლივი იმპერიალიზმის შედეგებია.
  2. განუვითარებლობა მათთვის დანახულია, როგორც მუდმივი მოცემულობა: თუკი განუვითარებლობის შედეგები ასევე მისი მიზეზებია, მაშინ ვღებულობთ ჩაკეტილ წრეს, სადაც განვითარება შეუძლებელია. როდნი ამ აისტორიულ მტკიცებას აკრიტიკებს, რადგან ის ამყარებს მოსაზრებას, რომ განუვითარებლობა არის განუვითარებელი ხალხების ჩამორჩენილობის შედეგი.
  3. იმპერიალიზმის შედეგები მიჩქმალულია: თუკი განუვითარებლობა მისივე შედეგია, მაშინ განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნებს შორის მზარდი უთანასწორობა საერთოდ არ მიემართება განუვითარებლობის პრობლემას. როგორც როდნი ამბობდა: „განუვითარებლობის მცდარი ინტერპრეტაციები უმეტესწილად მომდინარეობს იმ მცდარი რწმენიდან, რომ განუვითარებლობის პრობლემებზე პასუხების მოსაძებნად ისევ ამ ქვეყნებში უნდა ჩავიხედოთ.“ განვითრების თანამედროვე თეორიებში ეს უფრო შემთხვევითია, ვიდრე გამიზნული ქმედება, როგორიც მაგალითად ამარტია სენის ნაშრომია ბენგალის შიმშილობაზე, სადაც მისი ვიწრო კვლევა არ აღნიშნავს ჩერჩილის აქტიურ გენოციდურ პოლიტიკებს. მსგავსად, დამოკიდებულება და ექსპლოატაცია ხშირად გამქრალია თანამედროვე „ურთიერთდამოკიდებული“ განვითარების თეორიების მოდიდან.

ამგვარი თეორიების მიმართ როდნის მწვავე კრიტიკის გარდა, მე კიდევ ერთს დავამატებ: განუვითარებელი ქვეყნების პრობლემებზე გადამეტებულმა ფოკუსმა მიჩქმალა არა მხოლოდ იმპერიალიზმი, არამედ დღეს მიმდინარე განუვითარებლობა ე.წ. განვითარებულ ქვეყნებში. შეუძლებელია დღეს მსოფლიო გამოკვეთილ ბანაკებად დავყოთ, თუ სად მიმდინარეობს განვითარება და სად არა. შედეგად, საკითხი თუ „ვინ არის განვითარებადი?“ კიდევ უფრო რთულად საორიენტაციო ხდება.

ყველაზე მარტივი გზა რომ გავიგოთ კომპლექსურობა, თუ რამდენადაა დასავლეთი „განვითარებული“, უნდა დავყოთ საკითხი ნაწილებად და აღვწეროთ თუ რამდენად ესადაგება დასავლეთი განვითარების იმ თვლად კრიტერიუმებს, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა. მე დავიწყებ იმ გზით, რაშიც „განვითარებული“ ქვეყნები უპირატესები არიან.

როდესაც საკითხი ეხება ინდუსტრიულ წარმოებას, აქ განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებს შორის სხვაობა ნათელია, თუმცა ის კლებადია. განვითარებული ქვეყნებში (აშშ, ევროპის ქვეყნები, იაპონია) ინდუსტრიაში დასაქმება მცირდება, ხოლო პროდუქტიულობა და ასევე ავტომატიზაცია შრომასთან შეფარდებით იზრდება.

განვითარებულ ქვეყნებს ასევე აქვთ რადიკალურად მაღალი საშუალო და მედიანური შემოსავლები სხვა ქვეყნებთან შედარებით. დასაქმებულთა დიდი ნაწილი დასაქმებულია “FIRE” ეკონომიკაში: ფინანსების (F), დაზღვევისა (I) და უძრავი ქონების სფეროში (RE), ხოლო სხვა სექტორებში დასაქმება მცირდება.

ბოლოს, განვითარებულ ქვეყნებს გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანური განვითარების ინდექსის (HDI) გაცილებით მაღალი მაჩვნელებლები აქვთ, რომელიც იყენებს, მშპ-ის, განათლების და ჯანდაცვის სფეროების მაჩვენებლებს ერთად. მაშინ როცა „განუვითარებელი“ ქვეყნების ნაწილს რიგ შემთხვევებში, მაღალი მშპ-ის მაჩვენებლები აქვთ, განვითარებულ ქვეყნებს უკეთესი განათლების და ჯანდაცვის პოზიციები უკავიათ, შესაბამისად მათი ადამიანური განვითარების ინდექსიც, მშპ-ის მიუხედავად, მაღალი ფიქსირდება ხოლმე.

მიუხედავად ამისა, რიგ შემთხვევებში განვითარებული ქვეყნები ჩამორჩებიან, ან მათი შედეგები ზომიერია. განვითარებულ ქვეყნებს მაღალი ქულები აქვთ იმ საზომებში, რომლებიც განვითარების ექსპერტებმა შექმნეს, მაგრამ ხშირად მათი წარმატება სულაც არ არის იმ პარამეტრით ნიშანდობლივი, რასაც ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების მოსაზრებები ეწოდება. ხშირად ამ კუთხით შედეგებს ჩამოწერენ, რადგან მას განათლების ცუდ სისტემას აბრალებენ ხოლმე. განვითარებულ ქვეყნებს ხშირად არაპოპულარული მთავრობები ჰყავს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი კიდევ უფრო უარესობისკენ მიდიან, განსხვავებით ზოგიერთი განუვითარებელი ქვეყნის მოსახლეობისგან. მოსახლეობის ამ ნაწილს საკუთარი პოლიტიკურ ხმა არ გააჩნია, რადგან ფასადურ დემოკრატიაში მასობრივი მონაწილეობა უკვე მოძველებული ნორმაა. ასე თუ ისე მათი პასუხი ლოგიკურია, რადგან განვითარებულ სამყაროში შედარებითი გაღარიბება გავლენას ახდენს მათ ფსიქიკურ კონდიციაზე. ამიტომაც არის, რომ ყველაზე განვითარებულ რეგიონებშიც კი სუიციდის მაჩვენებელი მაღალია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან იქცნენ მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკებად.

განუვითარებელ ქვეყნებს ასევე აქვთ მაღალი მოგების მაჩვენებლები, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისტორიულად მათში კაპიტალის ორგანული შემადგენლობა დაბალია (Organic Composition of Capital), რის გამოც მათი ინდუსტრიები არ არიან მიდრეკილნი ჭარბი წარმოების კრიზისების და მომგებიანობის კარგვისკენ. ამიტომაც, განვითარებული ქვეყნების ჭარბი ძირითადი კაპიტალის გადატვირთვის საჭიროებიდან გამომდინარე, განუვითარებელ ქვეყნებს კაპიტალის ინტენსიფიკაციის მაღალი მაჩვენებელბი აქვთ. კაპიტალის ინტენსიობის ამგვარი რადიკალური ცვლილება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ არაერთ პერიფერიულ ქვეყანას აქვს ან მალე ექნება კაპიტალის ორგანული შემცველობის უფრო მაღალი დონე ვიდრე ეს ცენტრს გააჩნია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ხელოვნურად ამცირებს ამ მაჩვენებელს არაპროდუქტიული მშრომელების არსებობით.

მთლიანობაში, არ შეიძლება ითქვას, რომ თვლად ასპექტებში, სადაც დასავლეთი ჩამორჩება, გადაწონის იმ ასპექტებს, სადაც ის ნადვილად განვითარებულია. თუმცა ამასთანავე არ არსებობს „მწიფე“ განვითარებულობის ცხადი სტანდარტიც.

ასე, რომ განვითარების დიაგნოსტიკური თეორიები „მუშაობს“ იმგვარად, რომ განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებს შორის თვლად შედარებებში დაგვეხმაროს, მაშინაც კი, როდესაც ეს თვლადი სხვაობა მთელ რიგ მაჩვენებლებში მცირდება. თუმცა ეს თეორიები ასევე არ „მუშაობს“, რადგან მათ შინაგანი რაციონალურობა აკლია. როგორც კასტორიადისი გვთავაზობს, განვითარების კონვენციური გაგება განისაზღვრება ვირტუალური სახელმწიფოს აქტუალიზაციით, რაც გულისხმობს „მწიფე განვითარების“ განმარტების არსებობას, რომელიც დღევანდელ განვითარების დისკურსში არ არსებობს. განვითარების საბოლოო წერტილის არ არსებობის გამო, განვითარება გვთავაზობს სოციალურ-ისტორიულ სამყაროში მუდმივობის ინექციას, როგორც კარაგიანის იტყვის, რაც გულისხმობს უსასურლო ზრდა/განვითარებას.

ამგვარი გადაჭარბებული, თუნდაც აბსურდული ფოკუსი განვითარების თვლად ასპექტებზე მალავს ხარისხობრივ, სტრუქტურულ და ურთიერთმიმართებით ცვლილებებს, რომელთაც ადგილი აქვთ განვითარებულ ქვეყნებში და მათსა და განუვითარებელს ქვეყნებს შორის. ის ფაქტი, რომ განვითარების თანამედროვე თეორია თვლად ცვლილებებს ადეკვატურად ასახავს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მზარდად მოძველებული პარადიგმა არ ხდება. როგორც კიბერნეტიკოსი სტეფორდ ბეერი იტყოდა ამგვარი სისტემების მიმართ: „absolutum obsoletum” – თუკი მუშაობს, ე.ი. მოძველებულია.

განვითარების პარადიგმამ სისტემის ძირეული ურთიერთობები შეცვალა, რომელსაც ის აღწერდა. მან მსოფლიოს რეალური კონდიციები საკუთარ თავზე მოირგო, სხვა სიტყვებით, რუკა გახდა მხოლოდ ტერიტორია. დიდი ხნის განმავლობაში, განვითარებული ქვეყნები ვითარდებოდნენ ზუსტად იმიტომ, რომ ისინი განვითარებულნი იყვნენ, ხოლო განუვითარებელი ქვეყნები ჩამორჩებოდნენ, რადგან ისინი განუვითარებლები იყვნენ. რწმენა ძლიერი რამაა და სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით: ინვესტორის თავდაჯერებულობამ რომელიც ამ ტრენდს ამყარებდა, რასისტული იდეების გაჯერებამ, განვითარების დეტერმინიზმის ნორმად ქცევამ, არსებული სტატუს კვოს გამყარებას შეუწყო ხელი.

ფაქტი, რომ რამდენიმე განუვითარებელი ქვეყანა ამ თარგში გამოყვანილი სისტემის გარღვევას ცდილობს ღრმა ცვლილებებისკენ მიანიშნებს. თვლადი საზომები კვლავ გააგრძელებენ ხარიხობრივი ცვლილებების არეკვლას, რომელიც ზედაპირს ქვემოთ მიმდინარეობს, ხოლო ჩვენ ამ ცვლილებებს დავინახავთ მხოლოდ დიაგნოსტიკური განვითარების პარადიგმის მიღმა გახედვით.

 

 

განვითარების მიმართებითი მოდელის ესკიზი

გარკვეული კუთხით, უოლტერ როდნი მიანიშნებდა განვიტარების ახალ პარადიგმაზე, ისე რომ არსებულის საჭიროების უარყოფა სრულად არ მომხდარიყო. როდნის ესმოდა არსებული კონვენციური პარადიგმების საჭიროებაც და ის გზები, თუ როგორ შეეძლოთ განუვითარებელ ქვეყნებს მათი გამოყენება, მიუხედავად ამ მიდგომების ხარვეზებისა. ის იაზრებდა განვითარების პარადგიმის მოუმწიფებელი უარყოფის შედეგებს და ამბობდა, რომ მას არ სურდა „აფრიკელთა მხრებიდან სრულად მოეხსნა განვითარების პასუხისმგებლობა“. მე მგონია, რომ მის ნაშრომებში შეიძლება მივაკვლიოთ განვითარების ურთიერთმიმართებითი მოდელის საფუძვლებს. ამ შემთხვევაში ხუთი პუნქტია მნიშვნელოვანი:

  1. პერიფერიული ეკონომიკები ცენტრის ეკონომიკებთან სრულადაა ინტეგრირებული და ის, როგორც ერთი სისტემა უნდა გაანალიზდეს.
  2. ცენტრისა და პერიფერიის ეკონომიკები დიალექტიკურ ურთიერთობაში არსებობენ და ერთგან ცვლილება მეორეში ცვლილებების პროპორციულია. ერთის განვითარება მეორის განუვითარებლობის გარეშე შეუძლებელია.
  3. პერიფერიული ქვეყნები ყველაზე მეტად ზიანდებიან, როდესაც ცენტრის ის ქვეყანა, რომელზეც ისინი არიან მიბმულნი კრიზისშია ან საკუთარ განვითარებას აფერხებს.
  4. ხშირ შემთხვევაში, ის რაც განვითარებად არის წარმოდგენილი, რეალურად რეტროგრესიაა.
  5. განვითარება და განუვითარებლობა არ არის ფუნდამენტურად თვითწარმოებადი მუდმივობა, არამედ ისინი იდეოლოგიის შედეგებია.

შეჯამებისთვის, მე მჯერა, რომ განვითარების წინა თეორიების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა მდგომარეობდა კითხვაში, თუ „სად ხდება განვითარების გენერაცია?“ ის არ წარმოიქნება ლოკალურად ადგილზე, არამედ ურთიერთმიმართებითი განვითარების თეორია ამტკიცებს, რომ განვითარება წარმოიქმნება  ქვეყნებს შორის სივრცეში, რომელიც ღირებულებისა და ძალაუფლების მიმოცვლაში გაიზომება. ეს არის როდნის მტკიცების ლოგიკური შეჯამება, რომ განვითარების თეორია ცალსახად შედარებითი მიდგომაა და განვითარების გაზმოვადი მახასიათებლები პროპორციულად იზრდება და მცირდება ცენტრსა და პერიფერიაში.

მიმართებით მოდელში, ჩემი აზრით, აუცილებელია გამოიყოს განვითარების ორი განსხვავებული ფორმა. ერთის მხრივ, არსებობს განვითარება, რომელიც წარმოადგენს მცდელობას, მოახდინოს ცენტრი-პერიფერიის დიალექტიკის სინთეზი ან გადალახოს ის. ამას მე ვუწოდებ აუტოგენურ განვითარებას. ამისგან განსხვავებით, არსებობს განვითარება, რომელიც აღრმავებს სხვა ქვეყნების განუვითარებლობას და აყალიბებს სპეციალიზირებულ საზოგადოებებს, რომელიც პარაზიტულად არსებობს პერიფერიული ქვეყნების სხეულზე. ამა მე ვუწოდებ პარაზიტულ განვითარებას.

ეს მსჯელობა გარკვეულწილად წააგავს სამირ ამინის აუტოცენტრული აკუმულაცია  ექსტრავერტულის წინააღმდეგ ფორმულირებას, სადაც აუტოცენტრული ნიშნავს სისტემის გარე გაფართოების გარეშე დოვლათის აკუმულაციას, წარმოების საშუალებებისა და მოხმარების ურთიერთშემავსებელი ურთიერთობის მეშვეობით, ხოლო ექსტრავერტული ნიშნავს ცენტრისტული ეკონომიკების საჭიროებას მიიღონ იაფი საქონელი და მოიმკან არათანაბარი გაცვლის სარგებელი. ამინის თეორია მსგავსია იმ კუთხით, რომ იგი ადგენს „კარგ“ და „ცუდ“ განვითარებას, მაგრამ ამინთან განხილულია მხოლოდ ქვეყნებს შიგნით პირობებსა და აკუმულციაზე, ხოლო უგულებელყოფილია ქვეყნებს შორის ეკონომიკური მიმართებები. აუტოცენტრული/ექსტრავერტული აკუმულაციის დიქოტომია არ მოიცავს ცენტრს შიგნით ცვლილებებს, სადაც ნაკლებად მიმდინარეობს კონვენციური აუტოცენტრული აკუმულაციის პროცესი.

ამინის თეორიას ასევე განსხვავებული შინაგანი რაციონალურობა აქვს, რაშიც ის განსაზღვრავს განვითარების სიმწიფეს, როგორც კავშირგაწყვეტილს ქვეყანას, რომელმაც შექმნა ეკონომიკის „სუვერენული პროექტი“. ეს სუვერენული პროექტი შეიძლება გავზომოთ პროცენტებში, მაგალითად, ამინი ამბობს, რომ ჩინეთი 50%-ით არის სუვერენული პროექტი, სამხრეთ აფრიკა 0%-ით და ა.შ. ამინს ასევე განსხვავებული დასკვნები აქვს, რასაც მე ბოლო თავში შევეხები.

საზოგადოების აუტიგენური განვითარება არის მწიფე, როდესაც ის ერწყმის ცენტრი-პერიფერიის დიალექტიკას (განვითარება, რომელიც განუვითარებლობის პროპორციუალი აღარაა), ხოლო პარაზიტული განვითარება მის სიმწიფეს აღწევს, როცა ის ათვისებულია ცენტრი-პერიფერიის დიალექტიკის მიერ და აწარმოებს პარადოქსულ შედეგებს (ცენტრის ქვეყანა საკუთარ განვითარებას უთხრის ძირს). როგორც ჩვენ დავინახავთ, პარაზიტული განვითარება საკუთარი ბუნებით აუტიკანიბალისტურია. ის ნაწილობრივ გულისხმობს დასავლეთში ნეოლიბერალური რევოლუციის ლოგიკას, ლიბერალ-დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კლასობრივი კომპრომისის პერიოდის შრომასა და არისტიკრატიას შორის კონსოლიდირებულ მიღწევების გამოფიტვას. პარაზიტული განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ცენტრის განუვითარებლობას გამოიწვევს, თუკი მანამდე მისი საწინააღმდეგო ტენდენციები არ აღმოცენდა.