რეცენზია - ერიკ რეინარტის წიგნზე „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები …და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად“

ავტორი: კონსტანტინე ანთელავა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტი

 

 

ერიკ ს. რეინარტი, როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები …და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად  (მთარგმნელები  ტატო ხუნდაძე და ივანე აბრამიშვილი). თბილისი: საზოგადოების კვლევის ცენტრი და კავკასიური სახლი, 2019, 579 გვ.

 

          XX საუკუნეში განვითარებული დეკოლონიზაციის პროცესის და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დასრულებული ცივი ომის შემდეგ, ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა. ეს ახალი წყობა არა მხოლოდ პოლიტიკური, შესაბამისად საერთაშორისო მნიშვნელობის, არამედ ეკონომიკური ხასიათის იყო. სწორედ ცივი ომის დასრულების ჟამს,  პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ გამოთქვა ვარაუდი, რომ კაცობრიობამ მიაღწია  თავისი განვითარების უკანასკნელ სტადიას – კაპიტალისტურ ლიბერალურ დემოკრატიას.   მიუხედავად იმისა, რომ ფუკუიამა ცალსახად შეცდა (ჩინეთის, ინდოეთის და სამხრეთ კორეის განვითარების მაგალითების გათვალისწინებით), და ეს შემდგომ თავადაც აღიარა, მის ამ ვარაუდში სიმართლის მარცვლის პოვნა მაინც შეიძლება. კაპიტალისტური ლიბერალური დემოკრატია ნამდვილად არ აღმოჩნდა კაცობრიობის განვითარების კულმინაციური პუნქტი, მაგრამ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე რიგ სახელმწიფოებს, ნებსით თუ უნებლიედ, მოუწიათ ამ პოლიტეკონომიკური წყობის მიღება, თუმცაღა, ეს არ იყო ამ ქვეყნების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის გზა. პირიქით, მათთვის ეს გამოწვევა გახდა. XXI საუკუნეში ჩამოყალიბებულმა რამდენიმე ყურადსაღებმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყო. დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია ორი კითხვა – როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად?

          ერიკ რეინერტი ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალურად მოაზროვნე  ეკონომისტია. ის 1949 წელს ნორვეგიაში დაიბადა. რეინერტმა ბაკალავრის ხარისხი – შვეიცარიაში, სენტ-გალენის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში  -ჰარვარდში, ხოლო დოქტორის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტში მიიღო. 2004 წელს გამოცემული ნაშრომი „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად“ მის მთავარ ნაშრომად ითვლება.  წიგნი ქართულად ტატო ხუნდაძისა და ივანე აბრამიშვილის მიერ ითარგმნა და 2019 წელს „კავკასიური სახლისა“ და საზოგადოების კვლევის ცენტრის მიერ გამოიცა. საგულისხმოა, რომ ეს ნაშრომი უკავშირდება ავტორის მოგზაურობას პერუში, სადაც მან საკმაოდ საინტერესო ფაქტი შენიშნა: რეინერტის მშობლიურ ნორვეგიაში სხვადასხვა პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს ბევრად მეტი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე იგივე საქმით დაკავებულ ადამიანებს პერუში. არადა, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეები მსგავსი ეფექტურობით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს. სწორედ ამ დაკვირვებიდან იწყება წიგნის ისტორია. ეს ნაშრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი მკითხველისთვის, რადგან გარდა ეკონომიკური თეორიების განხილვისა და მათი შედარებისა, წიგნი წარმოადგენს ე. წ. „გაიდლაინს“, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ისეთმა სახელმწიფომ, როგორიც საქართველოა, საიმისოდ, რომ, კაპიტალის დაგროვებასთან ერთად, შექმნას მრავალი სხვა საზოგადოებრივი სიკეთე.

       როდესაც ეკონომიკას ეხება საქმე, უმნიშვნელო მათემატიკური გამოთვლების გარდა, დისკუსია კონკრეტული საკითხების რელევანტურობაზეც უნდა მიმდინარეობდეს. როგორც რეინარტი  დასაწყისშივე აღნიშნავს,  მითითებული ნაშრომის მიზანია ისტორიის, როგორც ეკონომისტების ხელთარსებული მნიშვნელოვანი და დიდი ხნის ტრადიციის, გამოყენება თანამედროვე ეკონომიკური დღის წესრიგის უკეთ ასახსნელად. უკვე ნახსენები ცივი ომის დასრულების შემდეგ, ახალი მსოფლიოს ეკონომიკური წესრიგი ემყარებოდა ისეთ თეორიას, რომელიც არსებულ რეალობასთან შეუსაბამობაში იყო და დღემდე ასეთად რჩება. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, მსოფლიოს თავისუფალი ვაჭრობა უნდა დამყარებოდა ისეთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც მდიდარი და ღარიბი ქვეყნები ერთმანეთის შემოსავლებს შეავსებდნენ. ასეთი ტიპის „თავისუფალი ბაზრის“ კრიტიკა კი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა შემოგვთავაზა. მან თავის ნაშრომში („ჩაურევლობის პრინციპის დასასრული“) შეისწავლა ახალი საუკუნის დასაწყისში მომხდარი „დიდი დეპრესია“ და სწორი დასკვნებიც გამოიტანა. ამას კი ცხადყოფს აშშ-ის ოცდამეთორმეტე პრეზიდენტის, ფრენკლინ დელანო რუზველტის, მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, რაც ნამდვილად არ ეფუძნებოდა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. წიგნის მსვლელობას თუ მივყვებით, მრავლად აღმოვაჩენთ თავისუფალი ბაზრის გარშემო არსებული მითების მსხვრევას.

Erik Reinert

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რჩევები მესამე მსოფლიოს ქვეყნებს უბიძგებს, გაატარონ ისეთი პოლიტიკა, რომლის გატარების შემთხვევაშიც განვითარებულ ქვეყნებს დღეს განვითარებულს ნამდვილად ვეღარ ვუწოდებდით. რეინარტი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონში მდებარე ეს ინსტიტუტები, XX საუკუნეში წამოსულ თავისუფალი ბაზრის მეხოტბე ეკონომისტების ტალღასთან და თანამედროვე მასმედიასთან ერთად, წარმოადგენენ ერთგვარ ბუფერულ ზონას განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებს შორის. მათი თეორიების საფუძველზე კი მდიდარი ქვეყნები განვითარებას აგრძელებენ და ღარიბი ქვეყნები უფრო ღარიბდებიან. სწორედ ამ თემაზე აქვთ საუბარი ნოამ ჩომსკისა და ედუარდ ჰერმანს თავიანთ ნაშრომში „თანხმობის წარმოება“ (რომელიც ასევე მცირე ხნის წინ ქართულად ითარგმნა და გაყიდვაშია). აშშ-ის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების კვლევის საფუძველზე, ავტორები ამტკიცებენ, რომ პოლიტ-ეკონომიკის კონტექსტში, მასმედია წარმოადგენს ძლიერ იდეოლოგიურ ინსტიტუტს, რომელიც საბაზრო ძალებზე დამოკიდებულებით ასრულებს სისტემის მხარდამჭერ პროპაგანდისტულ ფუნქციას. მსგავსი ტიპის მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში იქნა ადაპტირებული (განსაკუთრებით სსრკ-ის დაშლის შემდეგ) ჰეგემონიური ეკონომიკური იდეოლოგიის სასარგებლოდ.  უკეთ რომ გავიგოთ პრობლემის არსი, უნდა მოვიშველიოთ რამდენიმე ეკონომიკური ტერმინი და მდიდარი ქვეყნების ისტორიული მეხსიერება.

       რეინერტს მრავალი ქვეყნის ისტორიიდან მაგალითად მოჰყავს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები. თუ განვიხილავთ ორი ქვეყნის, ინგლისისა და ესპანეთის, გამოცდილებას, ადვილად შევამჩნევთ, რომ პირველ შემთხვევაში გვაქვს მაგალითი იმისა, თუ როგორ მოიქცა ქვეყანა, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ეკონომიკური განვითარება და მეორეს შემთხვევაში ვნახავთ იმას, რასაც ავტორი უწოდებს „შიშისმომგვრელ მაგალითს იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცე“ (გვ.166). 1485 წელს, მას შემდეგ, რაც ჰენრი VII-მ დაიკავა სამეფო ტახტი, ინგლისმა გადმოიღო სამმაგი რენტის სტრუქტურა, რომელიც არსებობდა რესურსების არმქონე იტალიისა და ჰოლანდიის ქალაქ-სახელმწიფოებში. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იმ დროს ქალაქების სიმდიდრე მათ ბუნებრივ რესურსებზე საერთოდ არ იყო დამოკიდებული. ამავე დროს გაჩნდა შეხედულება, რომ ქალაქის სიმდიდრე მეტწილად სინერგიებზე იყო დამოკიდებული, რომლებსაც ფლორენციელი მეცნიერი ბრუნეტო ლატინი, ჯერ კიდევ XIII საუკუნეში „საერთო კეთილდღეობას“ უწოდებდა. უშუალოდ სამმაგი რენტა, რომელიც ინგლისმა გადმოიღო ეკონომიკურ სტრატეგიად, წარმოადგენდა სამი ეკონომიკური საქმიანობის კომბინაციას, რომელიც იმ დროს ეხმარებოდა ქვეყნებს გამდიდრებაში: მრეწველობა, მნიშვნელოვან ნედლეულზე ფაქტობრივი მონოპოლია და მომგებიანი საგარეო ვაჭრობა. ჰენრი VII-ის მიზანს წარმოადგენდა ინგლისი ყოფილიყო – არა ნედლეულის ექსპორტიორი, არამედ მწარმოებელი ქვეყანა. ინგლისს ჩამოუყალიბდა ქსოვილის წარმოების მონოპოლია. შესაბამისად, ამ სახელმწიფომ, ძირეული რეფორმების გატარების შემდეგ, სამმაგი რენტის მდგომარეობას მარტივად მიაღწია: გაჩნდა ძლიერი ინდუსტრიული სექტორი, ნედლეულზე მონოპოლია და წარმატებები საგარეო ვაჭრობაში. ასეთი ეკონომიკას ახასიათებდა მზარდი უკუგება, ანუ წარმოების გაფართოებასთან ერთად საწარმოო ხარჯები მცირდებოდა. ამას დამატებული ეკონომიკის რეგულაციებითა და სხვა ხერხებით პროტექცია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის განვითარებაში. ინგლისს ამის 500 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შედეგად, ესპანეთში დაგროვებული დოვლათი კი მრეწველობაში საერთოდ არ დაბანდებულა. მეტიც, ამან ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია გამოიწვია. შესაბამისად, ესპანელებმა გამდიდრებისთვის სოფლის მეურნეობას მიმართეს და ეს სფერო თავისი ფუნქციონირებით დაფუძნებულია კლებადი უკუგების პრინციპზე – წარმოების გაფართოებასთან ერთად, პროდუქტის დასამზადებლად გაღებული რესურსი იზრდება, როგორც რეინარტი ამბობს: „ასეთი ტიპის საქონლის მიწოდება მოუქნელია და არა მზარდი, არამედ კლებადი უკუგება ახასიათებს“ (გვ.167).

ამ ორი ქვეყნის ისტორიული გამოცდილება მესამე მსოფლიოს სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე, გლობალიზებულ სამყაროში. აუცილებლად უნდა შევეხოთ ფენომენს – რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად. ცივი ომის დასრულების შემდეგ მრავალი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა „შოკურ თერაპიას“ დაეფუძნა. ეს თერაპია გულისხმობს რაც შეიძლება მოკლე ვადაში, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ეკონომიკის თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე გადასვლას. „შოკური თერაპია“ კი არ ითვალისწინებდა იმ ქვეყნების მდგომარეობას, რომლებიც დეინდუსტრიალიზაციის პროცესში იყვნენ ან ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაწყებული ინდუსტრიალიზაციის პროცესი. შედეგი, ამ ორივე ტიპის ქვეყანაში საბოლოო ჯამში ერთნაირია: ფოკუსირება სოფლის მეურნეობაზე ან სხვა ისეთ დარგებზე, რომლებიც კლებად უკუგებაზეა დაფუძნებული და იმპორტის მეტობა ექსპორტთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ კოლონიზაციის პროცესი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, მან იცვალა ფორმა და ახლა ეკონომიკური კოლონიზაციის სახით გვევლინება. ეკონომიკური გიგანტები, რომლებსაც ამოძრავებთ მსოფლიოს თავისუფალ ბაზარზე მოხვედრის წყურვილი, თავადვე იქმნიან ამისთვის პირობებს. განვითარების პირველ ეტაპზე მდგარი ქვეყნები იძულებულნი არიან აღარ იფიქრონ ინდუსტრიალიზაციაზე და ფოკუსირდნენ ექსპორტზე სოფლის მეურნეობის ნაწარმის გატანაზე. როგორც ავტორი განმარტავს: „მდიდარი ქვეყნების მზარდი დამოკიდებულება ღარიბების მიერ წარმოებულ საკვებ პროდუქციაზე ქმნის საშიშროებას, რომ ამ უკანასკნელთ საკვები თავად აღარ ეყოთ“ (გვ.296). მოვლენების ასეთი განვითარება ღარიბ ქვეყნებში ზრდის პრიმიტივიზაციის საშიშროებას: დეინდუსტრიალიზაციას ემატება უმუშევრობა, ადამიანებს უწევთ მიგრაციულ პროცესებში ჩართვა, რაც იწვევს ქვეყნების შიგნით დეპოპულაციას და სახელმწიფოების უფრო გაღარიბებას.

         მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტი ამ წიგნში განხილულ საკითხებთან მიმართებით. უკანასკნელ ხანებში საქართველოსა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ადამიანებს სურვილისამებრ შეეძლებათ ჩაერთონ 3-თვიან პროგრამაში, ლეგალურად დასაქმდნენ სოფლის მეურნეობის სექტორში, დატოვონ ქვეყანა და დროებით იმუშაონ გერმანიაში. ესაა ცალსახა მაგალითი ქვეყნის ეკონომიკის კრახის ინსტიტუცინალიზაციისა. პრაქტიკულად სახელმწიფო მოგიწოდებს,  დატოვო ქვეყანა, რადგან საკმარისი სამუშაო ადგილები არ არსებობს. დღევანდელ რეალობაში კი სამუშაო ადგილებს კერძო სექტორი ქმნის. როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ერიკ რეინარტის მიერ ნახსენებ კლებად უკუგებასა და იმპორტზეა დამოკიდებული, როგორც სახელმწიფოს შიგნიდან, ისე მის ფარგლებს გარედან წამოსული სიგნალები გვამცნობენ, რომ „თავისუფალ ბაზარს“ ალტერნატივა არ გააჩნია.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 

(ასევე,  წიგნის ავტორთან 42-ე პარალელში ჩაწერილ ინტერვიუს ქართულად შეგიძლიათ იხილოთ აქ; რედ.)

დატოვე კომენტარი