რატომ იზრდება ფასები?

 

ორშნა ინფლაციის ფონზე, ეროვნული ბანკი საკუთარ ბრალს ვერ ხედავს

საქართველოს ეროვნული ბანკი: გვაჩვენეთ პრობლემა და მოვძებნით გადასაბრალებელ მიზეზს, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან კავშირშიც არაა.

 

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.8%-ი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 1.3%-ია. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.2% იყო, ხოლო წლიური – 12.3%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც საერთო მატება 18.4% იყო. ოფიციალური სტატისტიკით, წლის განმავლობაში, ამ ჯგუფში ყველაზე მეტად, 43%-ით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული. მას მოსდევს ზეთი და ცხიმი (+31.6%) და პური და პურპროდუქტები (+19.4%). წლის განმავლობაში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6%-ით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში – 11.9%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში – 8.4%-ით.

საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაციით მეთექვსმეტე ადგილზეა – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ გლობალურ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის საუბარი. ფონდის პროგნოზის თანახმად, 2021 წლის ბოლოს საქართველოში 13.05%-ის ინფლაცია იქნება. უფრო მაღალი ინფლაცია 2021 წელს მხოლოდ 15 ქვეყანაში არის მოსალოდნელი.

2021 წლის ბოლოსთვის სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია შემდეგ ქვეყნებში იქნება:

1 ვენესუელა – 2,700%;

2 სუდანი – 115%;

3 სურინამი – 48%;

4 იემენი – 45%;

5 ზიმბაბვე – 40.9%;

6 ირანი – 30%;

7 ზამბია – 23.2%;

8 ანგოლა – 22%;

9 ლიბია – 21.1%;

10 თურქეთი – 16.7%;

11 თურქმენეთი – 16%;

12 კომორის კუნძულები – 15.6%;

13 ნიგერია – 14.9%;

14 ჰაიტი – 14.9%;

15 სიერა ლეონე – 14.6%;

16 საქართველო – 13.05%.

მაღალი ინფლაცია საქართველოს ეკონომიკას უკვე ორი წელია, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. 12%-იანი წლიური ინფლაცია ბოლო ათი წლის ანტირეკორდია. მიუხედავად ფასების საერთო დონის ორნიშნა ზრდისა, პრობლემაზე პასუხისმგებლობას ყველა გაურბის. საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია.

საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ,  მუხლი 3 – ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციები: ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. თუმცა როგორც ლარის კურსს, ისე ინფლაციასაც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა ეგზოგენურ ფაქტორებს აბრალებს.

სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციაში ეგზოგენური ანუ გარეგანი ფაქტორების წილი დაახლოებით რვა პროცენტული პუნქტია. საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად, უცხოეთში წარმოებული პროდუქციისა და მის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ამას აქვს წინაპირობები”. ის ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს შორის, საგარეო ფაქტორებთან ერთად, ტურიზმის შემცირებასა და მაღალ ფისკალურ დეფიციტს ასახელებს.

“არის ხოლმე კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია; რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ინფლაციებს შორის მე-16 ადგილზე არის, მაგრამ მათ, ვისაც ეს სტატისტიკები მოჰყავს, უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები პანდემიის გამო უფრო მეტად დაზარალდნენ. თუ 2019 წელს ტურიზმის კონტრიბუცია მშპ-ში დაახლოებით 12% იყო, ეს 2020 წელს 2%-მდე შემცირდა. ანუ, საქართველოსთვის ეს შოკი არის უფრო მაღალი. როდესაც ვამბობთ, რომ [ინფლაცია] ერთ-ერთ მაღალი არის, დიახ, არის, მაგრამ ამას აქვს წინაპირობები, რადგან ტურიზმთან, შემოსავლების დაკარგვასთან, ფისკალურ დეფიციტთან დაკავშირებით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა”, — განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს  პარტია „გირჩის“ წევრმა შემდეგნაირად უპასუხა: „ისევ აცდით მიზანს: 40 ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყანას შორის ინფლაციის მაჩვენებლით ჩვენ კიდევ უფრო სამარცხვინო 3 ადგილზე ვიმყოფებით, ხოლო ამ ქვეყნების უმეტესობაში ინფლაცია 3%-ს არ აღემატება. ასე რომ, გირჩევთ სამსახურიდან გაუშვათ ადამიანი, ვინც ამ არგუმენტით მოგამარაგათ, ხოლო, თუ ეს თქვენივე შემოქმედებაა, კი იცით, რა არის გასაკეთებელი“.

საქართველოში არსებულ მაღალ ინფლაციაზე განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი ქვეყანაში და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე საქართველოს ეკონომიკას.

„გახსოვთ, რომ გასული წლის დეკემბრიდან მე ამ საფრთხეზე ვსაუბრობდი, ფასების ზრდის რისკზე მუდმივად ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი სამწუხაროდ რეალობად ახდა. ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი ქვეყანაში და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, თითოეულ ჩვენგანს, ასევე საქართველოს ეკონომიკას. საჭიროა და აუცილებელია მეტი კოორდინაცია, უფრო მკვეთრი, ხისტი და დროული გადაწყვეტილებები მონეტარული ხელისუფლების მხრიდან და ინფლაცია უნდა დაითრგუნოს. ეს აუცილებელია. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა – კოვიდი და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და ჩვენი ეკონომიკის მომავალი, უახლოესი წლების განმავლობაში“, – განაცხადა კოვზანაძემ.

2019 წლის მეორე ნახევრიდან როდესაც საქართველოში ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბა, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ უახლოესი მომავლიდან ფასების ზრდის ტემპი შემცირდება, თუმცა რეალობაში პროცესები საპირისპიროდ მიმდინარეობს. აი რას აცხადებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში გაზრდილი ინფლაციის შესახებ: „ჩვენი პროგნოზი დღესდღეობით ასეთია, რომ დაახლოებით წელს შენარჩუნდება იმ დონეზე რაც ახლა გვაქვს, 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას და წლის ბოლოს მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს“.

„2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და წლის მეორე ნახევრისთვის მიუახლოვდება სამიზნე მაჩვენებელს“, – ამის შესახებ განცხადება უკვე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა 5 ნოემბერს გააკეთა. მისი თქმით, ინფლაციის ზრდის პროცესი კიდევ რამდენიმე თვეს შენარჩუნდება, რის შემდეგაც ინფლაციის მკვეთრი შემცირების მოლოდინები არსებობს.

„ინფლაცია არის დღეს ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის. ერთ-ერთი ძირითადი ამის განმაპირობებელი ფაქტორი არის პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკის არათანაბარი ზრდა. ჩვენ მსოფლიოში გვაქვს 2011 წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ფასები თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. ნავთობზე გაძვირებულია საერთაშორისო გადაზიდვები და ეს ბუნებრივია აისახა ინფლაციაზე და გამონაკლისი არც საქართველო იყო. საბაზრო ინფლაცია შესაძლოა კიდევ გაიზარდოს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ უკვე მკვეთრად დაიწყება მისი შემცირება. გაზაფხულიდან ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და უკვე წლის მეორე ნახევარში იქნება მიზნობრივთან ახლოს“, – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

ამ კიდევ ერთი უსაფუძვლო პროგნოზიდან სულ რაღაც ხუთ დღეში, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი უკვე შეცვლილი პოზიციით წარდგა საზოგადოების წინაშე: “მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის ალბათ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით” .

ორი წელია, რაც სებ-ის ხელმძღვანელობა ყოველი მომდევნო კვარტლიდან ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს, რაც არ მართლდება. ასევე, ამ ხნის მანძილზე  პასუხისმგებლობას ყოველთვის ეგზოგენურ და სხვა ფაქტორებს აკისრებენ.

„ჩვენ წლიდან წლამდე ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს. წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი გადახრით გვაქვს შედეგი“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

„ეროვნული ბანკის საქმიანობა მიზანშეწონილია ატარებდეს წინმსწრებ და არა შედეგებზე რეაგირების ხასიათს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა მაღალ ინფლაციაზე, მკვეთრად გაუფასურებულ ლარზე. ხაზი გაუსვა, რომ ლარის კურსზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, ისევე როგორც გაზრდილ ფასებზე. მან საპარლამენტო ტრიბუნიდან ეროვნულ ბანკს კიდევ ერთხელ შეახსენა მისი მთავარი ფუნქციები.

მაღალი ინფლაციის გამო ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდის პარალელურად, საპენსიო დანაზოგებიც იკლებს. საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, ქვეყანაში არსებული 12.8%-იანი ინფლაციის გამო საპენსიო ფონდის ეფექტური შემოსავლიანობა უარყოფითია და ეს პროცესი, შესაძლოა, წელიწადზე მეტიც გაგრძელდეს, თუმცა ის ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

“ფონდის ეფექტური შემოსავლიანობა (შემოსავლიანობას გამოკლებული ინფლაცია) ახლა უარყოფითია. გარკვეული პერიოდი ეს ნამდვილად ასე გაგრძელდება, შესაძლოა, ერთი წელი და მეტიც. თუ ასე გაგრძელდება და ფონდი მთლიანად ბანკში დარჩება, მინუსში ან ნულთან ახლოს იქნება. მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბენეფიციარებისთვის საპანიკო ნამდვილად არაფერია. ეს გრძელვადიანი საკითხია, ინფლაცია ოდესმე დასრულდება და საპენსიო ფონდიც, რა თქმა უნდა, დადებით შემოსავლიანობაზე გავა. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ეს ფული გაუოთხმაგდებოდათ. იმასაც ვპირდებოდით, რომ ამ ფულის ინვესტირებას მოვახდენდით სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში და შემდგომ ისინი კიდევ დამატებით სარგებელს მიიღებდნენ.

ჩვენი კალკულაციებიც ამაზე იყო გათვლილი, ანუ რამდენი იქნებოდა ჩანაცვლების კოეფიციენტი, როცა ხალხი პენსიაზე გავიდოდა. ასე რომ, უარყოფითი შემოსავლიანობა ჩვენს კალკულატორებში არ დევს, შესაბამისად, ინფლაცია კარგი არ არის, მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ის ოდესმე დასრულდება”, – ამბობს სურგულაძე.

აღსანიშნავია, რომ თუკი საპროცენტო განაკვეთით მიღებული სარგებელი ვერ გადააჭარბებს ინფლაციის მაჩვენებელს, მაშინ საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება.

დასკვნის მაგიერ

სანამ ქვეყანაში პასუხისმგებლობის აღების პრობლემა გვიდგას, ძნელია რაიმე საკითხის გადაჭრაზე იზრუნო. ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია. კანონმდებლობით ფასების საერთო დონის სტაბილურობა ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, და თუ საქმე ცუდად სრულდება, სწორედ მათვე უნდა აგონ ამაზე პასუხი. მაგრამ როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, ცენტრალური ბანკი ლარის პრობლემებს, რომელიც ხან სავალუტო კურსის არასტაბილურობით, ხანაც მსყიდველობითი უნარის შემცირებით გამოიხატება, მხოლოდ ეგზოგენურ ფაქტორებს მიაწერს. საქართველოს ეროვნული ბანკი: გვაჩვენეთ პრობლემა და მოვძებნით გადასაბრალებელ მიზეზს, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან კავშირშიც კი არაა.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 

დატოვე კომენტარი