სამუშაო საათების პოლიტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში, ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის თითქმის 60% თავს დასაქმებულად არ თვლის. დასაქმებაში აქ იგულისხმება სრული ან ნახევარი განაკვეთის, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, ან თვითდასაქმებული, რომლის საქმიანობასაც მოაქვს შემოსავალი. ამ მასიური უმუშევრობის აღმნიშვნელი მონაცემის ფონზე, ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს ირგვლივ, ქალაქებსა თუ სოფლებში დასაქმებული ადამიანები, ერთი შეხედვით პრივილეგირებულად არიან აღქმული სამუშაოს ქონის გამო. სინამდვილეში კი მათი დასაქმების პირობები და სიტუაცია, საკმაოდ რთული და პრობლემატურია, და დასაქმება ხშირ შემთხვევაში საერთოდ არც კი ნიშნავს რაიმე ტიპის კეთილდღეობას.

სამუშაო საათები: კანონმდებლობა და პრაქტიკა საქართველოში

.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით (თავი IV, მუხლი 14), სამუშაო დროის ხანგრძლივობა შემდეგნაირად განისაზღვრება: სამუშაო დროის ხანგრძლივობა, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი 8 საათზე მეტი დროის უწყვეტ რეჟიმს მოითხოვს – 48 საათს. ამ სპეციფიკური სამუშაო რეჯიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს. აქვე, საგულისხმოა, რომ 2013 წლამდე, სამუშაო დროის ხანგრძლივობის საკითხი არ რეგულირდებოდა შრომის კოდექსით.

ნორმატიული ხასიათის საკანონმდებლო დონეზე არსებული ჩანაწერი ერთი საკითხია, თუმცა მეორე საკითხია ის, თუ პრაქტიკაში რამდენად ასრულებენ დამსაქმებლები შრომის კოდექსით დადგენილ ნორმებს დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – „სოლიდარობის ქსელისმიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც მომსახურების სფეროში, კერძოდ კი სუპერმარკეტებში არსებულ გამოწვევებს ეხება, ამ სფეროში დასაქმებულთა 90% კანონით განსაზღვრულ 40 სთზე მეტს მუშაობს და ეს ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია სამუშაო გრაფიკითა და კადრების ნაკლებობით: „გამოკითხულთა 41% სწორედ ამ ორ პრობლემაზე მიუთითებს. ამასთანავე, 51% ამბობს, რომ სამსახურში ზედმეტი დროით დარჩენა კვირაში რამდენჯერმე უწევს, მათგან კი 49% თითქმის ყოველდღე რჩება. ეს ნიშნავს, რომ კადრების ნაკლებობას სუპერმარკეტების ქსელებში აქვს სისტემური ხასიათი და გავრცელებული პრაქტიკაა. ამასთან, გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ დამატებით ნამუშევარ საათებში ანაზღაურებას არ იღებს.“

საქართველოში, ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის თითქმის 60% თავს დასაქმებულად არ თვლის.

აქცია “40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის!” 19.09.2018

მხოლოდ სუპერმარკეტების ქსელის ანალიზი შესაძლოა არ ასახავდეს სერვისის სექტორში მთლიანად არსებულ სიტუაციას და მთლიანი სერვის სექტორის ანალიზი შესაძლოა სისტემატურ კვლევას მოითხოვდეს, თუმცა, ეს მონაცემები მაინც მნიშვნელოვან წარმოდგენას იძლევა ზოგად სიტუაციაზე და იმაზე, რომ სამუშაო საათების შრომის კოდექსით დადგენილი ნორმები მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან ნაწილში არ სრულდება, ხოლო ამ სფეროში დასაქმებულები ხშირ შემთხვევაში ზედმეტად ხანგრძლივად მუშაობენ. ამასთან, ვინაიდან შრომის კოდექსი არც ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფს ადგენს, კომპანიები ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურად საზღვრავენ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას, და ეს შესაძლოა შეადგენდეს ისეთ მინიმალურ თანხასაც კი, როგორიც არის 10 თეთრი. კიდევ ერთ პრობლემა, რაც შრომის კოდექსის ამჟამინდელ ვერსიაში სამუშაო საათებთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემურად მივიჩნიოთ, არის მთავრობის მიერ განსაზღვრული სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი, რომელიც ისეთ ფართო სფეროებს მოიაზრებს, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტექსტილის წარმოება, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება და .. და ამ დარგებში დასაქმებულ ადამიანებს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის გამო 48 საათიან სამუშაო კვირას უწესებს.

კამპანია40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის,“ რომელიც 19 სექტემბერს კანცელარიის წინ გაიმართა, სწორედ ამ საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. 40 საათიანი სამუშაო კვირის მოთხოვნა ამ შემთხვევაში დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის ურთიერთობაში არსებული პრაქტიკის იმგვარ გადაგეგმვას მოიაზრებს, როდესაც დასაქმებულები პრაქტიკაშიც დაცულები იქნებიან ზედმეტი სამუშაოს შესრულებისაგან, ხოლო ზეგანაკვეთურად მუშაობის შემთხვევაში მიიღებენ ადეკვატურ ანაზღაურებას.

სამუშაო საათების შრომის კოდექსით დადგენილი ნორმები მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან ნაწილში არ სრულდება, ხოლო ამ სფეროში დასაქმებულები ხშირ შემთხვევაში ზედმეტად ხანგრძლივად მუშაობენ.

სამუშაო საათების განვითარების მცირე ისტორიული მიმოხილვა

მანამ სანამ საქართველოში შრომის საერთაშორისო სტანდარტის საუკუნის წინანდელი მონაპოვრის – 8 საათიანი სამუშაო დღის პრაქტიკაში განხორციელება დგას დღის წესრიგში, გადავხედოთ სამუშაო საათების ისტორიული განვითარების დინამიკას და თანამედროვე მაგალითებს.

8 საათიანი სამუშაო დღის მარში, მელბურნი, 1900

მას შემდეგ, რაც ფეოდალური სისტემა ინდუსტრიულმა კაპიტალიზმმა ჩაანაცვლა, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების მრავალ სხვა საკითხთან ერთად, შეიცვალა დროის ცნების აღქმაც. ინდუსტრიალიზაციის საწყის პერიოდში, მშრომელთა ცხოვრება დიდწილად დაექვემდებარა წარმოების პროცესსიმისათვის რომ ინდუსტრიულ მშრომელებს მაქსიმალურად მეტი ემუშავათ, დამკვიდრდა იმგვარი გაგება, რომ თითქოს სამუშაო ადგილს გარეთ გატარებული საათები დაკარგული დრო იყო. ეს მიდგომა მშრომელებს ევროპის მრავალ ქვეყანაში აიძულებდა დღეში 12 და მეტი საათის განმავლობაში ემუშავათ, რამაც გარკვეული წლების შემდეგ, მათი ფიზიკური ჯანრმთელობისა და პროდუქტიულობის საკითხი დააყენა. მშრომელთა ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუარესება ის ნეგატიური ექსტერნალია, ანუ ქმედებათა გაუთვალისწინებელი შედეგი იყო, რომელთა უარყოფით შედეგებსაც მშრომელები საკუთარ თავზე ცდიდნენ. ამდენად, სამუშაო დროის საკითხმა, უკვე ინდუსტრიალიზაციის პერიოდში განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ხასიათი შეიძინა.

ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში, სამუშაო საათების თანდათანობითი შემცირება მეცხრამეტე საუკუნიდან, უფრო ზუსტად კი 1830 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან, უკვე ნელნელა ცხადი ხდება თავისუფალი დროისა და მოცალეობის მნიშვნელობა ინდუსტრიულ მშრომელთა ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისათვის. ამ პერიოდში,  მაგალითად საფრანგეთში ისეთი უნიკალური ისტორიული ფაზა იწყება, როდესაც ყველაზე დინამიურად მცირდებოდა სამუშაო საათების ოდენობა. კონკრეტულად კი, თუ მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში სამუშაო საათები წელიწადში 3000 საათს აღწევდა, 1995 წლისათვის, მან 1630 საათს მიაღწია, და ამით თითქმის განახევრდა. ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში კი 1870 წლიდან 1992 წლამდე პერიოდში, სამუშაო საათები 2900 წლიური საათიდან მკვეთრად შემცირდა და ასევე თითქმის განახევრდა. სამუშაო საათების ყველაზე დიდი შემცირება 1880-იანი წლებიდან დაიწყო.

8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნა, გლობალური მასშტაბით მშრომელთა კლასის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნებამდე. 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სწორედ იმ იდეურ წინამძღვარს დაეფუძნა, რომ უნივერსალური და საყოველთაო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ის დაეფუძნებოდა სოციალურ სამართლიანობას. ჭარბი სამუშაო საათები მიჩნეულ იქნა ეკონომიკური ეფექტურობის შემაფერხებელ ფაქტორად და მშრომელთა ფიზიკური, მორალური და მატერიალური კეთილდღეობის დამაბრკოლებლად, რაც თავის მხრივ, პოლიტიკური დემოკრატიის პრინციპებთან შეუთავსებელი მოცემულობად იქნა მიჩნეული: პოლიტიკურ დემოკრატიასა და მონაწილეობას სჭირდებოდა მოცალეობის მქონე ეკონომიკურად ეფექტური ადამიანები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი კონვენცია, რომელმაც წარმოების სექტორში, 8 საათიანი სამუშაო დღისა და 48 საათიანი სამუშაო კვირის პრინციპი დააფუძნა, სწორედ 1919 წელს შემუშავდა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო დონეზე ის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც სამუშაო საათების საკითხი განიხილებოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხებთან ბმაში. მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ნელ-ნელა დაკარგა ეს ისტორიული როლი და ყველაზე მნიშვნელოვანმა დებატემა ევროპულ დონეზე გადაინაცვლა.

1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სწორედ იმ იდეურ წინამძღვარს დაეფუძნა, რომ უნივერსალური და საყოველთაო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ის დაეფუძნებოდა სოციალურ სამართლიანობას.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო დროის შესახებ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში წარმოებული დებატები (მაგალითად მოქნილი სამუშაო დროის ან ზეგანაკვეთურის შესახებ) ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა ისტორიული გამოცდილებების განსხვავებების გამო. ეს შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ინდუსტრიული გამოცდილების მორგებას გარდამავალ ქვეყნებზე ნაკლებად შესაძლებელს ხდიდეს. ინდუსტრიული ქვეყნებისაგან განსხვავებით, გარდამავალი ეკონომიკისა და განვითარებად ქვეყნებში, ეკონომიკის მნიშვნელოვანმა ინფორმალიზაციამ, მომსახურების სფეროზე გადასვლამ, თვითდასაქმების მაღალმა დონემ, ფარულმა უმუშევრობამ და არასრულმა დასაქმებამ,  სამუშაოს საათები თითოეული მშრომელისათვის ინდივიდუალური გახადა, რამაც პოლიტიკური თვალსაზრისითაც შეასუსტა მობილიზებისა და ძლიერი კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების პერსპექტივები. ასეთი ტიპის განვითარებადი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი თვით-დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, რაც განვითარებული ქვეყნების თვითდასაქმებისაგან განსხვავებით, ხასიათდება სამუშაო დროის სიმცირით, არასტაბილურობით და ნაკლები შემოსავლით, რაც სამუშაო საათების აღწერასაც კი რთულს ხდის (მაგალითად, საქართველოში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, დასაქმებულთა ნახევარზე მეტი, სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, რაც ნიშნავს იმას, რომ სოფლად მცხოვრები და მიწაზე მომუშავე პირი, მიუხედავად მისი შემოსავლის რაოდენობისა და სტაბილურობისა, ითვლება თვით-დასაქმებულად და ამით ავსებს დასაქმებულთა რიგებს).

დემონსტრაცია, ნიუ-იორკი, 2008

1990-იანი წლებიდან, სამუშაო საათების ისტორიული კლების ტენდენცია შეჩერდა, რასაც 2008 წლის შემდგომი გლობალური ფინანსური კრიზისით გამოწვეული ე.წ. “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკაც ზედ დაერთო და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (პორტუგალია, ესპანეთი, ირლანდია) საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს გაზრდილი სამუშაო საათებით მუშაობა გაზრდილი კომპენსაციის გარეშე მოუწიათ. ფინანსური კრიზისით გამოწვეული წნეხის ფონზე, დამსაქმებლები სამუშაო საათების დირექტივის გადახედვას უკვე ეროვნულ და ევროპულ დონეზე ცდილობდნენ. თუმცა, ამ ქვეყნებში, მაგალითად პორტუგალიაში, კოლექტიური მოლაპარაკების შედეგად საჯარო სექტორის პროფესიული კავშირები აქტიურად შეეწინააღმდეგნენ მთავრობის გადაწყვეტილებებს სამუშაო დღის გაზრდასთან დაკავშირებით და სამუშაო დრო 35 საათიან კვირაზე შეინარჩუნეს. კრიზისამდელი სიტუაციისკენ დაბრუნებისათვის დღესაც იბრძვიან ესპანური პროფესიული კავშირები. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება სამუშაო დროის შემცირებასთან დაკავშრებით 2018 წლის ზამთარში გერმანიის ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულ მშრომელთა გაერთიანებას IG Metal-ს ჰქონდა, რომელთაც სამუშაოსა და ცხოვრების დაბალანსების არგუმენტით 28 საათიანი სამუშაო კვირის უფლება მოიპოვეს. 28-საათიანი სამუშაო კვირის შემოღება, რომელიც ჯერ-ჯერობით სექტორში დასაქმებულ მხოლოდ ერთ მილიონამდე მშრომელზე ვრცელდება, ისტორიული იყო თავისი მასშტაბით, ვინაიდან ევროპულ შრომით ურთიერთობებში ახალი და ინოვაციური ტიპის მაგალითი დაამკვიდრა და გარკვეულწილად განსაზღვრა გერმანიის მშრომელთა მოძრაობების სამომავლო მიმართულება.

ვინაიდან სამუშაო საათების სპეფიციკას თითოეულ დროში ეკონომიკის სახე განსაზღვრავს, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის სექტორების ტრანსფორმაცია და  გაციფრულება სამუშაო საათების საკითხს ისევ აქტუალურ დღის წესრიგში დააყენებს. ამ პროცესებში, პროფესიული კავშირებისათვის გამოწვევად დარჩება ის, რომ მათ საკუთარი წევრებისათვის უზრუნველყონ, რომ მშრომელები მსგავსი ეკონომიკური ცვლილებების შედეგად სარგებელს მიიღებენ. მსგავს დიდ ტრანსფორმაციებამდე კი კითხვაზე თუ რა უნდა გაკეთდეს, ძითითადი კრიტერიუმები ღირსეული სამუშაო საათების უზრუნველყოფისათვის არის: ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, ოჯახისათვის ხელშემწყობი, გენდერულად თანასწორი, პროდუქტიულობის ხელშემწყობი, თანამშრომელთათვის ხელშემყობი, სამუშაო საათების არჩევის საშუალების მომცემი და მათზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მომცემი სამუშაო. ამ კრიტერიუმების შესრულება გულისხმობს იმ დერეგულაციური მიდგომის მკაფიო უარყოფას, რომელსაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ლობირებენ ხოლმე და რომელიც სოციალური თვალსაზრისით არასასურველ და კონტრ-პროდუქტიულ შედეგებს იძლევა.

 

გამოყენებული მასალა: Flickr.com