სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თხოვნით, საგარეო უწყების მისიის ხელახლა განსაზღვრა დაიწყო. მისიის ახალი მონახაზი პრაქტიკულად მისი წინამორბედის იდენტურია. მათ შორის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა – ახალ მისიაში აშშ-ის მიერ დემოკრატიის გლობალური მხარდაჭერის პოლიტიკა მითითებული აღარ არის. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და ამერიკელი ხალხის ინტერესებს გლობალურად“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მთავარ მისიაში.
სახელმწიფო დეპარტამენტისგან მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას პრიორიტეტული სფეროებიდან იღებს, პირველი არ არის. გასულ თვეში, რექს ტილერსონი ინიციატივითგამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური კრიმინალური სამართალწარმოების ოფისი დაიხუროს – ინსტიტუტი, რომელიც ომის დანაშაულს, გენოციდსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს იძიებს. მარტის დასაწყისში, რექს ტილერსონი სახელმწიფო დეპარტამენტის შეხვედრაზე ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიშის განხილვას არ დაესწრო. ამასთანავე, დეპარტამენტი მისი ვებ-გვერდის (www.humanrights.gov) ადამიანის უფლებების შესახებ გაუქმებას და სხვა ონლაინ მისამართზე გადატანას გეგმავს.
მაისში, საკუთარ თანამშრომლებთან სიტყვით გამოსვლისას, ტილერსონმა აღნიშნა, რომ ამერიკული ღირებულებების სხვების მიერ ათვისების დაძალება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვისა და ეკონომიკური ინტერესებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის.
დემოკრატიის გავრცელების როლზე უარის თქმის მიზეზები
პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე დონალდ ტრამპმა მის სიტყვაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ზოგადი ჩარჩოს განსაზღვრისას ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს მსოფლიო ყველა სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობა ექნება, მათ ეროვნულ ინტერესებს პატივს სცემს და რომ არავისზე არ შეეცდება ამერიკული ცხოვრების წესის თავზე მოხვევას. მისი ეს განცხადება ერთგვარ, პირდაპირ მინიშნებას წარმოადგენდა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ქვეყნის გლობალური როლის გადააზრებას გეგმავს, სადაც ქვეყნის ტრადიციული, დემოკრატიის გლობალური გავრცელების მისია პანაცეას აღარ წარმოადგენს.
პრეზიდენტის ხედვა მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტილებებით არ შემოიფარგლა, მას მრავალმხრივი პრაქტიკული გამოვლინება მოჰყვა, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში.
აშშ-ის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის პოლიტიკის შესუსტების თვალსაჩინო გამოხატულება მიმდინარე წლის მარტში დონალდ ტრამპის მომავალი ფისკალური წლისთვის კონგრესისთვის შეთავაზებული საბიუჯეტო პროექტია, სადაც საგარეო დახმარების 28%-ით შემცირებაა დაგეგმილი. საბიუჯეტო პროექტში შეთავაზებული წინადადების მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ბიუჯეტი 28%-ით (10 მილიარდი დოლარი) შეუმცირდება. ასევე, საბიუჯეტო პროექტით,გაეროს სამშვიდობო მისიების და სხვა პროგრამების დაფინასების შეკვეცაც იგეგმება.
საერთაშორისო არენაზე დონალდ ტრამპი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ნაკლებად პედალირებს. ღირებულებით განზომილებაზე მეტად, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრაგმატული მიდგომები და ამერიკული ინტერესების დაცვაა. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპი წინა ადმინისტრაციების მიერ ახლო აღმოსავლეთში ავტორიტარული რეჟიმების დემოკრატიულით ჩანაცვლების მოტივაციით დაწყებულ ომებს ერაყსა და შემდგომ ლიბიაში უხეშად აკრიტიკებდა. იგი თვლიდა, რომ აშშ-ისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა აღნიშნული რეჟიმები არ ჩამოეშალა და ის გაურკვევლობა და არასტაბილურობა არ წარმოექმნა, რაც დღევანდელი მდგომარეობით რეგიონში სუფევს. სირიაში ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ომში თავდაპირველად ტრამპი ამერიკულ პოლიტიკას მხარს უჭერდა, მოგვიანებით, მან მოსაზრება შეიცვალა, ხოლო როდესაც პრეზიდენტი გახდა აშშ-მ სირიის კონფლიქტში უკან დაიხია, ასადის რეჟიმის შეცვლა მისი პრიორიტეტული საკითხებიდან ამოიღო და აქცენტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაიტანა.
აშშ-ის პრეზიდენტი ავტორიტარი მმართველების მიმართაც რბილი რიტორიკით გამოირჩევა. მან ვლადიმერ პუტინი ძლიერ ლიდერად მოიხსენია, რომელიც ბარაკ ობამაზე უმჯობესია. ტრამპისსიმპათიები, მისი ნარკოპოლიტიკის გამო, ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემაც დაიმსახურა. დუტერტეს ბრუტალურ ნარკოპოლიტიკას ფილიპინებში უკვე 7000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობა ყოველგვარი დაკავებისა და გასამართლების გარეშე ნარკოგამსაღებლებსა თუ მომხმარებლებს სპეცოპერაციების დროს ხოცავს. პირად სატელეფონო საუბარში ტრამპმა დუტერტეს გაწეული სამუშაო დადებითად მოიხსენია და ამ კუთხით ფილიპინების პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.
ყველასთვის მოულოდნელად, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერი კიმ იონგ უნიც შეაქო და მას საკმაოდ გონიერი უწოდა. მიუხედავად ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიმების დინასტიის წარმომადგენელს მის ახალგაზრდულ ასაკში ქვეყნის ჭკვიანური მართვა მოუწონა.
დონალდ ტრამპმა ამერიკელი პრეზიდენტების ტრადიცია დაარღვია – არ ეწვია მეზობელ კანადას ან მექსიკას და საერთაშორისო ვიზიტით პირველად საუდის არაბეთში ჩავიდა. ამ ჟესტით მან აჩვენა, რომ საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში მისი მთავარი პარტნიორი და მოკავშირე იქნება, რასაც წმინდა პრაგმატული მიზეზები გააჩნია. საუდის არაბეთი აბსოლუტური მონარქიაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიული ქვეყანაა მსოფლიოში. საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად ჟღერს ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების და სხვა თავისუფლებების დარღვევის მიმართ კრიტიკა.
ავტორიტარული მმართველების საპირისპიროდ, აშშ-ის პრეზიდენტი დემოკრატიული ღირებულებების მქონე ლიდერებს ვერ ეწყობა. ამის ნათელი დადასტურებაა მისი ურთიერთობა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ავსტრალიის პრემიერ მალკოლმ თარნბულსა და კანადის პრემიერ ჯასტინ ტრუდოსთან.
ტრამპის პოლიტიკურ დისკურსზე დაკვირვებით ჩანს, რომ პრეზიდენტი დემოკრატიულ იდეალებს არ სწყალობს და იშვიათად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ‘თავისუფლება’, ‘სამართლიანობა’, ‘უფლებები’ და ‘საზოგადოება’. კვლევითმა ცენტრმა Language Log-მა დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა და მისი 61 წინასაარჩევნო კამპანიის გამოსვლა, ჯორჯ ვაშინგტონიდან მოყოლებული 57-ვე საინაუგურაციო სიტყვას შეადარა.
ზემოთ აღნიშნული ტერმინები წინა პრეზიდენტების გამოსვლებში საშუალოდ ყოველ 72-ე სიტყვაში გვხვდებოდა, მაშინ როცა ტრამპმა სიტყვა ‘თავისუფლება’, ‘სამართლიანობა’ და ‘საზოგადოება’ მხოლოდ ერთხელ გამოიყენა და ისიც არა დემოკრატიის კონტექსტში. წინასაარჩევნო კამპანიის გამოსვლების შესწავლამ აჩვენა, რომ ტრამპი ხუთჯერ ნაკლებად იყენებს აღნიშნულ ტერმინებს, ვიდრე ამას საშუალოდ სხვა პრეზიდენტები აკეთებდნენ. ‘თავისუფლება’, ‘სამართლიანობა’ და ‘უფლებები’ მის ტოპ 1000 სიტყვაშიც კი არ ხვდება. ‘საზოგადოება’ მხოლოდ 938-ე ადგილს იკავებს.
საპირისპიროდ დემოკრატი ლიდერისა, ტრამპი ავტორიტარული მმართველის ლექსიკას იყენებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია კრიზისებზე ხაზგასმა, რევანშიზმი, შიშის და აგრესიის დათესვა და დისინტეგრაციული რიტორიკა. იგი ყოველ 70 სიტყვაში ერთხელ მაინც, შემდეგ სიტყვებს იყენებს: საზღვრები, ჯარი, ჯოჯოხეთი, ხისტი, უბედურება, საშინელი, ყველაზე ცუდი, ისლამური სახელმწიფო და იმიგრაცია.
დონალდ ტრამპის მემარჯვენე პოპულისტურმა რიტორიკამ, რომელიც მოიცავს მუსლიმების და ლათინოსების დისკრიმინაციას, არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციას, კოლექტიური სასჯელის მხარდაჭერას, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამებას, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში ჩასმით დამუქრებას, მედიის კრიტიკასა თუ მუქარას, უმცირესობების უფლებების ნიველირებას და მიზოგენურ ლექსიკას, გამოიწვია ის, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდგომ აშშ-ში გაიზარდა მუსლიმ ქალებზე თავდასხმის ფაქტები, ლათინოსი ბავშვების დაცინვა სკოლებში მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების გამო, სვასტიკის გრაფიტები სხვადასხვა ურაბნულ სივრცეებში. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის დისკურსმა გამოიწვია მისი პერსონის მიმართ კუ-კლუქს კლანის და ნეონაცისტური დაჯგუფების ‘Alt-Right’-ის გაცხადებული მხარდაჭერა. გაიზარდა ამ ორგანიზაციების მიერ გამართული დემონსტრაციების რაოდენობაც ქვეყნის მასშტაბით.
დონალდ ტრამპს პრობლემები აქვს ძალაუფლების სხვა შტოების მიმართაც. იგი მთელ რიგ შემთხვევებში უპატიცემულობას ავლენს, როგორც ქვეყნის სასამართლო სისტემის, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს, კონგრესის მიმართ. აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან საკითხად დღის წესრიგში ტრამპის სასამართლოსთან ომი დგას. პრეზიდენტი თვლის, რომ ფედერალური სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული და პარტიულია. ამის გამო, სულ უფრო მეტი მოსამართლე ილაშქრებს ტრამპის წინააღმდეგ. მათ შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ფედერალურმა მოსამართლე ჯეიმს რობარტმა დროებით შეაჩერა ტრამპის მიერ დაწესებული მუსლიმური ქვეყნებიდან მოქალაქეების აშშ-ში ჩასვლის აკრძალვა. პრეზიდენტს სურვილი აქვს შეცვალოს სასამართლო სისტემა და ის ამ მხრივ პირველი არ არის, მაგრამ ის ვერ დაშლის ფედერალურ საოლქო სააპელაციო სასამართლოს, რომლის ძალაუფლების ხარისხის შეცვლა, კონსტიტუციის მიხედვით, მხოლოდ კონგრესს შეუძლია.
კონგრესზე თავდასხმა ტრამპმა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო განახორციელა. თავდაპირველად, მისი კრიტიკის სამიზნე სენატი გახდა, რომელმაც ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება – ობამაქეარის გაუქმება და მისი ტრამპქეარით ჩანაცვლება – არ დაამტკიცა და წინააღმდეგ წავიდა. მეორე შემთხვევა კონგრესის მიერ რუსეთზე მნიშვნელოვანი სანქციების დაწესებამ გამოიწვია, როდესაც წარმომადგენლობითმა ორგანომ პრეზიდენტს რუსეთის მიმართ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება შეუზღუდა და ქვეყნებს შორის კონსტრუქციული თანამშრობლობის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა, რაც დონალდ ტრამპის გამოკვეთილი სურვილი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტი კონფრონტაციულ მდგომარეობაში იმყოფება მედიასთანაც. მან მის ერთ-ერთ ტვიტში თანამედროვე მედია საშუალებებს ‘ამერიკელი ხალხის მტერი’ უწოდა. იგი მედიას მოვლენების არასამართლიან გაშუქებასა და ‘ყალბი ამბების’ გავრცელებაში განუწყვეტლივ ადანაშაულებს. მის ‘შავ სიაში’ მთელი რიგი მედია საშუალებებია: Politico, NBC News, Huffington Post, Bloomberg, the Daily Beast, BuzzFeed, The Des Moines Register.
დასკვნის მაგიერ
სახელმწიფო დეპარტამენტის მისიიდან გლობალური მასშტაბით დემოკრატიის გავრცელების ხელშეწყობის შესაძლო გაქრობა ერთი შეხედვით ამერიკული საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო და მოულოდნელია, მაგრამ ახალი ადმინისტრაციის რიტორიკასა და ქმედებებზე დაკვირვებით მსგავსი გადაწყვეტილება არალოგიკურად არ მოსჩანს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შიდა და გარე პოლიტიკური დისკურსები მიუთითებს, რომ იგი დემოკრატიის და დემოკრატიული ღირებულებების ქომაგი არ არის და უპირატესობას უსაფრთხოებას და ამერიკის ინტერესების პრაგმატულ დაცვას ანიჭებს. მას საერთაშორისო არენაზე დემოკრატ ლიდერებზე მეტად პოზიტიური დამოკიდებულებები ავტორიტარი მმართველების მიმართ გააჩნია. შიდა პოლიტიკაში მას დემოკრატიის მთავარი შემადგენელი კომპონენტების, სასამართლოს, მედიისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ ხისტი და უპატივცემულო დამოკიდებულება აქვს. ხოლო მისი მსოფლმხედველობა ულტრამემარჯვენე ჯგუფებს საშუალებას აძლევს ღიად დააფიქსირონ მათი აზრი და გარკვეული სახის ქმედებებიც განახორციელონ, რასაც თავისთავად მთელი რიგი ადამიანის უფლებების დარღვევა მოჰყვება ხოლმე.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას