რუსულ-ირანული ღერძი + აზერბაიჯანი

ფოტო გარეკანზე: reuters.com

 

პირველ ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალდიმერ პუტინი თეირანს მესამეჯერ ესტუმრა და ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანისა და აიათოლა ხამენეის შეხვდა. ბოლოს იგი ირანში 2015 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, მაშინ როცა რუსეთს სირიაში სამხედრო ოპერაციები სულ რაღაც ერთი თვის დაწყებული ჰქონდა. მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი საკვანძო თემა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის სამომავლო პერსპექტივები იყო. ორი ქვეყანა კონფლიქტში, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო და სადაზვერვო კუთხით უკვე ორი წელია, რაც აქტიურად თანამშრომლობს. ქვეყნების დაახლოების ტენდენცია ისტორიულ პიკს აღწევს.

მიუხედავად ამგვარი სურათისა, რუსეთსა და ირანს შორის სირიის საკითხზე მაინც რჩება მთელი რიგი განსხვავებები. ისინი ვერ თანხმდებიან სირიაში მთავრობის მშვიდობიან ტრანზიციაზე და ქვეყნის პოლიტიკურ, კერძოდ კი, ბაშარ ალ-ასადის მომავალზე. მათი უთანხმოების საგანია სირიაში ქურთების და ასევე, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ რესურსებზე კონტროლის საკითხი. როგორც ჩანს, ეს თემები ძირითადად ოპერაციული დონისაა და ხედვებს შორის სტრატეგიულ განსხვავებებს არ გულისხობს. ორივე მხარეს კარგად აქვს გააზრებული ერთმანეთის საჭიროება და ის გარე საფრთხეები, რაც მათ წინაშე მთელი სერიოზულობით დგას – ისრაელი, საუდის არაბეთი და აშშ.

შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ერთგულება ირანის ბირთვული შეთანხმების მიმართ და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. საპირისპიროდ, მისმა ირანელმა კოლეგამ რუსეთი რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ პროდუქტული ბრძოლისთვის შეაქო. გაცილებით ანტიამერიკული რიტორიკა ჰქონდა აიათოლას. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის იზოლაციის სურვილს, რომელიც ირანმა და რუსეთმა მათი მჭიდრო თანამშრომლობით და ანტიტერორისტული საქმიანობით უნდა მოახერხონ. ხამენეიმ პუტინს კიდევ ერთხელ შესთავაზა ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება, რომელმაც შემდგომში დოლარი უნდა შეასუსტოს. უნდა აღინიშნოს ის, რომ ირანმა მსგავს შეთანხმებას თურქეთთან უკვე მიაღწია.

ხამენეის მიმართვაში სამი მთავარი მესიჯი გამოიკვეთა:

1) ირანი არ თვლის, რომ სირიაში ომი დასასრულს უახლოვდება, მიუხედავად რუსულ-ირანული სამხედრო კოალიციის მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებისა. ბოლო დროს რუსეთის სამხედრო ძალების მეთაურებისგან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება, და რომ ამის შედეგად რუსული მხარე სირიის ტერიტორიაზე არსებული საკუთარი ავიაციის შემცირებას ნელ-ნელა დაიწყებს და ქვეყანაში მშვიდობიან პოლიტიკურ ტრანზიციას შეუწყობს ხელს;

2) ირანი რუსეთს სთხოვს აქტიურად დარჩეს რეგიონში და წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკულ-არაბული გავლენების გაზრდას რეგიონში. აშშ-ის მხრიდან გახშირებული ანტიირანული რიტორიკა ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ იგი ვერ ეგუება ირანის ბოლოდროინდელ წარმატებებს რეგიონულ დონეზე – ერაყსა და სირიაში – და საერთაშორისო დონეზე სანქციების მოხსნით მიღებული სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გახშირების შესაძლებლობას. თეთრი სახლის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დესერთიფიცირებაც ამ გავლენების შეჩერების სურვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა;

3) ირანს სურს ირან-რუსეთის ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი გახდეს. ირანი წუხს რუსეთის მიერ საუდის არაბეთთან და თურქეთთან იარაღის მიყიდვაზე გაფორმებული შეთანხმებების, ერაყის ქურთისტანში ენერგეტიკული ინტერესების და ისრაელსა და აშშ-სთან გახშირებული კონტაქტების გამო. მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას ნათლად აქვს გააზრებული, რომ მხარეებს სტრატეგიული ხედვა – ანტიამერიკანიზმი აერთიანებთ და ამ საერთო ხედვის გამყარებისთვის ირანს რუსეთთან ურთიერთდამოკიდებულების გაზრდა სურს, რაც ძირითადად სათბობ-ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობით გამოიხატება.

 

ენერგეტიკული შეთანხმებები

ირანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ (NIOC) სულ ცოტა ოთხ ხელშეკრულებას მოაწერა ხელის რუსულ ენერგოგიგანტებთან გაზპრომთან და როზნეფტთან. ხელშეკურლებების დეტალები საჯარო არ არის, მაგრამ რუსული მხარის განცხადებით, მხარეებმა ენერგო სფეროში თანამშრომლობის საზგაო რუკა შექმნეს.

როზნეფტის მმართველი იგორ სეჩინის თქმით, მისი კომპანია და ირანული წარმომადგენლობა 30 მილიარდ დოლარიან პროექტებს განახორციელებენ, რომელთაც ყოველდღიურად მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვება უნდა განახორციელონ. ქვეყნებმა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გააფორმეს შეთანხმება, რის მიხედვითაც, ირანისგან რუსეთს 500 000 ბარელი ნავთობი ყოველდღიურად უნდა ეყიდა, შენაძენის საფასურის ნახევარს რუსეთი ევროში, ხოლო მეორე ნახევარს სხვადასხვა პროდუქტითა და სერვისით დაფარავდა. შეთანხმება პრაქტიკაში ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ გარიგება ძალაში უახლოეს მომავალში შევა. ირანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიერ ირანში ნავთობსაბადოებში განხორცილებული ინვესტიციების სანაცვლოდ, ქვეყანა მოპოვებული ნავთობის წილს მიიღებს. სავარაუდოდ, იგივე ფორმულა ბუნებრივი აირის საბადოებზეც გავრცელდება.

შეთანხმებებს შორის წამყვანი საკითხი გახდა რუსეთის მიერ ირანული გაზის პაკისტანსა და ინდოეთში გატანა. ირანული გაზის საბადოებში დაბანდებული ინვესტიციების სანაცვლოდ მიღებული აირის ექსპორტს რუსეთი ამ ორ ქვეყანაში მოახდენს. ამ პროექტში მთავარი აქტორი გაზპრომი იქნება, მაგრამ პროექტის დეტალები, თუ ვინ განახორციელებს ინფრასტრუქტურულ ნაწილს, რა მარშრუტი ექნება გაზსადენს და ა.შ. ჯერ უცნობია. ბუნებრივი აირის მოპოვებას რუსეთი ირანის მთავარი გაზის საბადოებიდან, ჩრდილოეთ ფარსიდან, კიშიდან და ფარზად ბ-დან მოახდენს. საბადოების კვლევის ნებართვა ჯერ კიდევ მაისში ირანის ეროვნული ნავთობკომპანიისგან გაზპრომმა უკვე მიიღო.

ირანს ბუნებრივი აირის პაკისტანში და შემდგომ ინდოეთში ექსპორტი აქამდეც სურდა, მაგრამ ინდოეთის შემთხვევაში ამერიკული მხარის ზეწოლით ეს იდეა ჩაიშალა. ხოლო პაკისტანთან ირანი ფასების საკითხზე ვერ მოგვარდა.

ენერგეტიკული საკითხების გარდა, ცნობილი გახდა, რომ ირანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირთან დროებითი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას წლის ბოლომდე მოაწერს ხელს. დოკუმენტის დრაფტზე ირანი მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ჰასან როჰანის ერევანში ვიზიტისას შეთანხმდა. ხელშეკრულების მიხედვით, 350-მდე ირანულ და 180-მდე ევრაზიული კავშირის ქვეყნების პროდუქტზე სავაჭრო ტარიფები მოიხსნება.

 

აზერბაიჯანის როლი

თეირანში რუსეთისა და ირანის ლიდერების გარდა სამმხრივ სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც მონაწილეობდა. მთავარი საკითხი რაშიც აზერბაიჯანული მხარე იყო ჩართული სარკინიგზო მაგისტრალის განვითარებას შეეხებოდა, რომელიც 7200 კმ-იანი ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურ ათვისებაში გამოიხატება. სამიტის ბოლოს ხელმოწერილი თეირანის დეკლარაციის ძირითადი საკითხი სწორედ სამ ქვეყანას შორის სატრანსპორტო მაგისტრალის განვითარებას შეეხებოდა.

სატრანსპორტო დერეფნის (NSTC) განხორციელებას 2002 წელს სამმა დამფუძნებელმა ქვეყანამ რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა მოაწერა ხელი. სარკინიგზო მაგისტრალის უკიდურესი ჩრდილეოთის წერტილი ასტრახანში მდებარეობს, ხოლო სამხრეთი ქალაქ მუმბაიში. ირანის სამხრეთით მდებარე ბანდარის პორტიდან ტვირთები ინდოეთისკენ ბორანების მეშვეობით გადაადგილდება. მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. დროთა განმავლობაში პროექტს რამდენიმე სხვა ქვეყანაც შეურთდა: ბელორუსია, თურქეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, პაკისტანი, ომანი და თურქმენეთი. ირანმა წელს ყაზვინი-ასტარას 205 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა. თეირანში გამართულ სამიტზე აზერბაიჯანის ლიდერი მეზობლებს შეპირდა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დასრულებას და დამატებითი სარკინიგზო ზოლების გაკეთებას ახლო მომავალში უზრუნველყოფს. ამისთვის აზერბაიჯანული მხარე 500 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს.

ირანი ასევე გეგმავს მეორე მსხვილ სარკინიგზო პროექტსაც, რომლითაც ქვეყანა ხმელთაშუა ზღვას დაუკავშირდება. რკინიგზის მარშრუტმა ერაყის ჩრდილოეთსა და სირიის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ამ პროექტში მონაწილეობის მიღებას რუსული მხარეც აპირებს.

ირანსა და აზერბაიჯანს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული არასტაბილური ურთიერთობის გარდა, ირანს აზერბაიჯანის ისრაელთან დაახლოება აშფოთებს. მათი ურთიერთობების დათბობა ქვეყნებს შორის ენერგეტიკულ და სამხედრო სფეროში თანამშრომლობამ გამოიწვია. ისრაელი მისი ნავთობის იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილს – 40%-ს აზერბაიჯანიდან ახდენს. ალიევის განცხადებით, ბოლო წლებში აზერბაიჯანმა ისრაელისგან 5 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკაც, მათ შორის დრონები და რადარები შეიძინა. ამ ფაქტორების გამო აზერბაიჯანს ხშირად ‘ირანის უკანა ეზოდ ისრაელისთვის’ მოიხსენიებენ.

ირანს, აზერბაიჯანსა და რუსეთს კასპიისპირა საზღვაო ზოლიც აერთიანებთ. ირანი წლებია, რაც აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებას და გაზსადენების ქსელის გაყვანას ეწინააღმდეგება, მაგრამ მიმდინარე სამიტზე ირანულ მხარეს დიპლომატიური მიზეზების გამო ეს საკითხი განხილვის თემად არ დაუყენებია.

2013 წლიდან, ჰასან როჰანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ირანსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდა. აქედან მოყოლებული ქვეყნებს შორის 103 დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომელიც ნავთობის, გაზის და ქიმიური ნივთიერებების ვაჭრობას შეეხებოდა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 500 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუკი ამგვარი ტენდენცია შენარჩუნდა, უახლოეს წლებში ირანი აზერბაიჯანის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდება. ამას გარდა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად ირანი აზერბაიჯანში გეგმავს ავტობუსების ქარხნის მშენებლობას. ირანმა მეზობელს სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა და სასოფლო სამეურნეო ტექნიკით დახმარებაც შესთავაზა.

სამი ქვეყნის ლიდერებს შორის საერთო შეხვედრა პირველი ფაქტი არ ყოფილა. მათი გაერთიანებული სამიტი პირველად გასული წლის აგვისტოში, ბაქოში გაიმართა. მხარეები იმედოვნებენ, რომ მათი შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ მომდევნო სამიტი 2018 წელს, მოსკოვში გაიმართება.

 

 დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.