რუსეთი და ჩინეთი ამერიკული ჰეგემონიის წინააღმდეგ

18 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარადგინა. 1987 წლის კონგრესის გოლდუოთერ-ნიკოლსის აქტის მიხედვით, თეთრი სახლი ვალდებულია კონგრესს ყოველწლიურად წარუდგინოს აღნიშნული დოკუმენტი. სტრატეგიაში ნათლად არის ასახული თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვები, რომელთა გაჟღერება-განხორციელებით პრეზიდენტი განვლილი ერთი წლის განმავლობაში იყო დაკავებული. დოკუმენტში პრეზიდენტის წინასიტყვაობაში უსაფრთხოების სტრატეგია მოხსენიებულია, როგორც სტრატეგია „ამერიკა უპირველესად“.

დოკუმენტში წერია, რომ მიუხედავად დღეს არსებული სახიფათო საერთაშორისო მდგომარეობისა, სადაც აშშ-ის გლობალურ ინტერესებს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მეთოდებით მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის, აშშ მაინც ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერობას; მაგრამ ეს ლიდერობა არ არის თავისთავადი და მას გაძლიერება, ამერიკული ძალისა და მოქნილობის გაუმჯობესება ესაჭიროება.

ახალი სტრატეგია კონკრეტულად ასახელებს ქვეყნებს, რომელთანაც აშშ-მა საკუთარი საერთაშორისო პრობლემები უნდა გადაჭრას. ეს ქვეყნები რეალურად ორ ჯგუფად იყოფა –  ისინი, ვინც აშშ-ისთვის გლობალურ დონეზე საპირწონეებად მიიჩნევა და ქვეყნები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო საზოგადოებას. პირველ ჯგუფში მოხვდნენ ჩინეთი და რუსეთი, ხოლო მეორეში ჩრდილეოთ კორეა და ირანი. 63 გვერდიან დოკუმენტში ჩინეთი 33-ჯერ არის ნახსენები, რუსეთი 25-ჯერ, ჩრდ. კორეა 18-ჯერ, ხოლო ირანი 12-ჯერ. სტრატეგიაში ჩინეთის ასე ხშირი ხსენება რეალურად მიუთითებს იმაზე, თუ ვინ იქნება აშშ-ის მთავარი სამიზნე ქვეყანა დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში.

სტრატეგია ოთხი ძირითადი სვეტისგან შედგება:

  • ამერიკელი ხალხის, სამშობლოსა და ამერიკული ცხოვრების წესის დაცვა;
  • ამერიკული კეთილდღეობის გაძლიერება;
  • მშვიდობის შენარჩუნება ამერიკული შესაძლებლობების გაძლიერებით;
  • ამერიკული გავლენების ზრდა.

დოკუმენტის მეხუთე თავში მიმოხილვულია აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიები მსოფლიოს კონკრეტული რეგიონების მიმართ.

 

ამერიკელი ხალხის, სამშობლოსა და ამერიკული ცხოვრების წესის დაცვა

ამ სვეტში გამოყოფილია ისეთი ტიპის საფრთხეები, როგორიცა მასობრივი განადგურების იარაღი (WMD), პანდემიები, იმიგრაცია, ჯიჰადისტური ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები.

მასობრივი განადგურების იარაღზე საუბრისას ნახსენებია ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელი ქმედებები და სირიაში ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი. აშშ ამ კუთხით შეეცდება გააძლიეროს სარაკეტო თავდაცვა, ხელი შეუშალოს ამ ტიპის იარაღის გავრცელებასა და ტერორისტების ხელში ამ იარაღის ჩავარდნას.

ჯიჰადისტურ ტერორიზმთან ბრძოლაში გამოყოფილია სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ყაიდას დამარცხების აუცილებლობა; ამ ორგანიზაციების მიერ ვირტუალურ სივრცეში ოპერირების აკრძალვა და შესაბამისად, მათ მიერ ახალი კადრების რეკრუტირების პროცესის შეჩერება. დოკუმენტი აღნიშნავს იმ საფრთხესაც, რომ დაეშის დამარცხების შემდეგ შესაძლოა, მისი მებრძოლთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდეს და უკვე ამერიკის ტერიტორიაზე გააჩინოს უსაფრთხოების კუთხით რისკები. აღსანიშნავია, ისიც, რომ დაეშისა და ალ-ყაიდას გარდა, აქ ნახსენებია ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური ჰეზბოლაც. თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს, ჯიჰადისტური ტერორიზმის საწინააღმდეგოდ პირდაპირი ნაბიჯების გადადგმას, ტერორისტა უსაფრთხო თავშესაფრების განადგურებას და რადიკალიზაციის პროცესთან ბრძოლას.

იმიგრაციის კუთხით აღნიშნულია, რომ არალეგალური მიგრაცია ვნებს ამერიკულ ეკონომიკას, ამერიკელ დასაქმებულებს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ნოყიერ ნიადაგს ქმნის კრიმინალებისთვის და კონტრაბანდისტებისთვის. ამისათვის, აშშ-ის სუვერენული უფლებაა თავად გადაწყვიტოს თუ ვინ შეუშვას ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომ სახელმწიფო შეეცდება გაამკაცროს სასაზღვრო კონტროლი, საკონტროლო რეიდები და საიმიგრაციო კანონები; ასევე გააძლიეროს სატრანსპორტო უსაფრთხოება. დოკუმენტში გაწერილი ეს პოლიტიკები დონალდ ტრამპის, როგორც პოლიტიკოსის ერთ-ერთი მთავარი ბრენდია, რომელთა ხარჯზეც მან საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია.

ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხაზგასმულია ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებების – ბანდების არსებობა, რომლებიც ამერიკის ტერიტორიაზე ნარკოტიკების კონტრაბანდას ეწევიან, აწყობენ ქუჩურ გარჩევებს, რომელთაც საკუთრივ ათასობით ამერიკელის სიცოცხლე ეწირება წელიწადში.

ამერიკული ეკონომიკის, რომლის სწრაფი გაციფრულება მიმდინარეობს და ამერიკელთა ინდივიდუალური თავისუფლების დასაცავად დოკუმენტი კიბერუსაფრთხოებისთვის სახელმწიფოს გარკვეული ქმედებების განხორციელების აუცილებლობასაც აღნიშნავს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ინტერნეტი ამერიკული გამოგონებაა და იგი ამერიკული ღირებულებების მატარებელი უნდა იყოს.

 

ამერიკული კეთილდღეობის გაძლიერება

სტრატეგიის ეს სვეტი მთლიანათ ეყრდნობა დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის ხედვებს, რომელიც ამერიკელთა დასაქმებას, უსამართლო საერთაშორისო ვაჭრობას და მოძველებულ ინფრასტრუქტურის განახლებას ეხმიანება.

ბოლო ათწეულებში ამერიკიდან გასული საწარმოების, კომპანიების და შესაბამისად, სამუშაო ძალის უკან აშშ-ში დასაბრუნებლად თეთრი სახლი მიზნად ისახავს შიდა ეკონომიკის განახლებას შემდეგი მეთოდებით: რეგულაციების ტვირთის შემცირება, საგადასახადო სისტემის გამარტივება, ამერიკული ინფრასტრუქტურის განახლება, საგარეო ვალის შემცირება სახელმწიფო ხარჯების შემცირების ხარჯზე და განათლების ხელშეწყობა.

მეორე მთავარი მიზანი თავისუფალი, სამართლიანი და სათანადო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, რისთვისაც აშშ გააფორმებს ახალ სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეკრულებებს და გადახედავს არსებულს, უარს იტყვის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკაზე, შეეწინააღმდეგება უცხოურ კორუფციასა და შეეცდება ახალი ბაზრების მოპოვებას

სვეტის მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკული დომინაციის შენარჩუნებაა, რისთვისაც ხელისუფლება ენერგოკომპანიებს გაუუქმებს ბარიერებს, ხელს შეუწყობს ექსპორტის გაზრდას, გააძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას და გაზრდის მასზე ხელმისაწვდომობას.

ამერიკული ეკონომიკის გაძლიერებისთვის აღნიშნულია ისიც, რომ საჭიროა სამეცნიერო კვლევები, ტექნოლოგიური ინოვაციები და გამოგონებები, რისთვისაც სახელმწიფო შეეცდება გამომგონებელთა და ინვესტორთა მოზიდვას ამ კუთხით.

 

მშვიდობის შენარჩუნება ამერიკული შესაძლებლობების გაძლიერებით

ამ სვეტში ჩამოთვლილია აშშ-ის მთავარი გამოწვევები საერთაშორისო მშვიდობის დამყარებაში. პირველ მათგანს წარმოადგენს ორი რევიზიონისტული ძალა – ჩინეთი და რუსეთი, მეორეს ე.წ. გამოუსწორებელი რეჟიმები ჩრდ. კორეისა და ირანის სახით. მესამე გამოწვევად ჯიჰადისტური ტერორისტული ორგანიზაციები სახელდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ ამერიკული ღირებულებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ შეცვალონ მსოფლიო: ჩინეთი ცდილობს გავლენები მოიპოვოს ინდო-ჩინეთსა და ოკეანეთზე საკუთარი სახელმწიფო გეგმარებითი ეკონომიკის პროდუქტის გატანით და შესაბამისად, ცდილობს ეს რეგიონი მისი ინტერესების სასარგებლოდ შეცვალოს. ხოლო რუსეთი ცდილობს მისი ძველი ძალაუფლება აღიდგინოს და საკუთარ საზღვებთან გავლენის სფეროები შექმნას.

ქვეთავში გამოთქმულია წუხილი იმის შესახებ, რომ ჩინეთმა მისი სამხედრო მოდერნიზაცია განიცადა, გააძლიერა სადაზვერვო შესაძლებლობები და მაქსიმალურად ახდენს საკუთარ ეკონომიკურ ექსპანსიას; ასევე რუსულ სამხედრო მოდერნიზაციაზე და ქვეყნის ხედვებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ევროკავშირის მიმართ, რომელთაც იგი საფრთხედ აღიქვამს.

მიუხედავად ამგვარი ნარტივისა, აშშ-ში შეეცდება ურთიერთობებმა კონფრონტაციული სახე არ მიიღოს ორივე აქტორთან და  მათთან იქონიოს დიპლომატიური კავშირები, რათა საერთაშორისო არენაზე ეფექტურად დაიცვას ამერიკული ინტერესები.

გლობალური მშვიდობის შესანაჩუნებლად სვეტში გამოყოფილია შემდეგი პოლიტიკები: აშშ-ის კონკურენტული უპირატესობის განახლება, თავდაცვითი შესაძლებლობების განახლება და დიპლომატიური ინსტრუმენტების გაძლიერება.

თავდაცვითი შესაძლებლობების განახლებაში მოაზრებულია თავდაცვითი ძალების გაზრდა, სამხედრო შეიარაღების მოდერნიზაცია, სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერება, ბირთვული შესაძლებლობების განვითარება – რაც გულისხმობს ბირთვული არსენალის შენარჩუნებას, მისი ინფრასტრუქტურის განახლებასა და ამით შემაკავებელი ძალის გაზრდას – კოსმოსში ლიდერობის შენარჩუნება, კიბერთავდაცვითი და სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება.

დიპლომატიურ ინსტრუმენტებში გამოყოფილია ეკონომიკური დიპლომატია, რაც პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში და საფრთხის შემცველ ქვეყნებზე ეკონომიკური წნეხის განხორციელებაში გამოიხატება.

 

ამერიკული გავლენების ზრდა

სტრატეგიის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ აშშ-მა საერთაშორისო არენაზე მისი აქტიური დიპლომატიური კავშირებით საკუთარი გავლენები უნდა შეინარჩუნოს და გააფართოვოს. სვეტში გამეორებულია დონალდ ტრამპის მიერ მანამდე გაჟღერებული საერთაშორისო პარადიგმა, რომელიც აშშ-ის მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე მისი ღირებულებების თავს მოხვევას და დაძალებას არ ითვალისწინებს.

გავლენების ზრდისთვის აშშ შეეცდება საკუთარ პარტნიორებთან გააღრმავოს ურთიერთობები და ხაზს უსვამს მის წარსულ გამოცდილებას ამ კუთხით – მარშალის გეგმა ევროპისთვის, იაპონიისა და სამხრეთ კორეისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა. აქ კიდევ ერთხელ არის ნახსენები ჩინეთის გავლენების ზრდა – ეკონომიკური ექსპანსია და მისი გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტები, და რუსეთი მისი საერთაშორისო ენერგოპოლიტიკით.

გავლენების გაფართოებისთვის აშშ-ის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების და ფორუმების  მაქსიმალურად გამოყენებას გეგმავს. სვეტში მითითებულია, რომ აშშ ნებისმიერ საერთაშორისო შეკრებაზე საკუთარ ინტერესებს და სუვერენულ ხედვებს დაიცავს და შეეცდება სხვა აქტორები მის მხარდამჭერთა ბანაკში გადაიყვანოს.

 

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მეხუთე თავში დოკუმენტი კონკრეტულად სახავს ამერიკულ თავდაცვით პოლიტიკებს მსოფლიო რეგიონების მიმართ. ევროპისთვის აშშ მთავარ საფრთხედ რუსეთის გააქტიურებულ სამხედრო მანევრებს, ბირთვული შეიარაღების მოდერნიზაციას, თავდასხმითი იარაღის დემონსტრირებასა და ჰიბრიდული ომის ელემენტების გამოყენებას სახავს. აქ ნახსენებია რუსეთი მიერ უკრაინასა და საქართველოში ინტერვენციები, რომელმაც შელახა სახელმწიფო სუვერენიტეტები და ტერიტორიული მთლიანობა.

ევროპისთვის საფრთხეებად ჩინეთის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და კონტინენტის ინფრასტრუქტურის განახლებაზე მონოპოლიზების მცდელობა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტები და ჯიჰადისტური ტერორიზმიც სახელდება.

აშშ სტრატეგიის დოკუმენტში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ საკუთარ ერთგულებას და მე-5 მუხლის შესრულების ვალდებულებას უსვამს ხაზს. ამასთანავე, კვლავდაკვლავ აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა საკუთარი სამართლიანი წილი უნდა გაიღონ და თავდაცვის ხარჯები მათი მშპ-ის მინიმუმ 2%-მდე გაზარდონ.

ახლო აღმოსავლეთის მიმართ დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ამერიკის მცდელობამ რეგიონში დემოკრატიული ცვლილებები მოეხდინა არ გაამართლა და არც რეგიონის სრული მიტოვება იქნება გამოსავალი. ამიტომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უფრო რეალისტური პოლიტიკის განხორციელებას გეგმავს. დოკუმენტი გმობს 2015 წელს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას, რადგან ირანი განაგრძობს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, აგრესიულ და დესტრუქციულ პოლიტიკას რეგიონში და როგორც ამერიკის მოწინააღმდეგე აქტორი ეფექტურად ახდენს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვაკუუმის შევსებას.

სტრატეგია ეხმიანება დონალდ ტრამპის მიერ ზაფხულში გაცხადებულ სტარტეგიას ავღანეთის ომის მიმართ. დოკუმენტის მიხედვით, აშშ გააგრძელებს ავღანეთის, როგორც მყიფე სახელმწიფოს დახმარებას და მის ძალებთან ექსტრემიზმის დამარცხებას. აქვე წუხილია გამოთქმული პაკისტანის ქმედებების მიმართ, რომელიც ირიბად ეხმარება თალიბანის წევრებს და მათთვის უსაფრთხო თავშესაფარად არის ქცეული. ეს მოცემულობა ქმნის მნიშნელოვან რისკს იმისა, რომ პაკისტანის ბირთვული არსენალი შესაძლოა ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს.

 

დასკვნის მაგიერ

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მნიშვნელოვანი დოკუმენტია რამდენიმე კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მსოფლიო დომინაცია კვლავ რჩება მიზნად, სტრატეგია ერთგვარად ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო წესრიგი უნიპოლარული აღარ არის და რომ საერთაშორისო არენაზე გამოჩნდნენ რეგიონული აქტორები, რომლებიც ამერიკულ ჰეგემონიას სხვადასხვა მეთოდებით, იქნება ეს სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური, იწვევენ.

დოკუმენტის მნიშვნელოვანი ასპქეტია ის, რომ აშშ-ისთვის დემოკრატიის, როგორც საკუთარი პროდუქტის გლობალურ დონეზე გავრცელება, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, მის ინტერესებში აღარ შედის. ამ პოლიტიკაზე უარის თქმით, აშშ ერთგვარად ამცირებს მისი მსოფლიო პოლიციელის როლს – იგი აღარ იქნება სადამსჯელო რაზმი იმ ქვეყნებისთვის, სადაც არადემოკრატიული რეჟიმებია ხელისუფლებაში; აშშ კონცენტრირდება მხოლოდ იმ კრიტიკულ კერებზე, რომლებიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ამერიკის უსაფრთხოებას.

მესამე მნიშვნელოვან საკითხად გამოიკვეთა აშშ-ის მიერ უნილატერალურად ქცევის ლეგიტიმაცია. სტრატეგიაში მითითებულია, რომ აშშ უფლება იტოვებს განახორციელოს პრევენციული დარტყმები იმ ქვეყნებსა თუ ტრანსნაციონალურ, ტერორისტულ ორგანიზაციებზე, რომლებიც ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან; და ეს მოხდება საერთაშორისო ნორმების თავიდან არიდებით და საკუთარ მოკავშირეებთან თანამშრომლობის გარეშე. მსგავსი განაცხადი კიდევ ერთხელ მიუთითებს ტრამპის არჩევანზე, რომელიც ეროვნულ სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამშრომლობაზე ცალსახად მაღლა აყენებს, და თეთრი სახლი მომავალში ქვეყნის საერთაშორისო ქცევებს საკუთარი სუვერენული უფლებებით განსაზღვრავს.

ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ნახსენები არ არის კლიმატის ცვლილების საკითხი მაშინ, როცა წინა, 2015 წლის სტრატეგიაში გლობალური დათბობა “ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადაუდებელ და მზარდ საფრთხედ“ იყო მოხსენიებული.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.