რატომ არის “სავალდებულო მონაწილეობის” პრინციპი აუცილებელი სოციალური უსაფრთხოების სისტემებში

კაცობრიობის აღნუსხულ ისტორიაში, არასოდეს ყოფილა დრო, როდესაც ადამიანების თუ მათი ოჯახებისთვის მიეცათ ნება, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილიყვნენ და ეშიმშილათ იმ შემთხვევების გარდა, თუ მთლიან საზოგადოებას არ უჭირდა. პრიმიტიულ საზოგადოებებშიც კი, მოსავლის ჩავარდნას შესაძლოა გამოეწვია საკვების ნაკლებობა, მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც საზოგადოების სხვა წევრები უზრუნველყოფილნი იყვნენ, ცალკეული ოჯახები არასდროს დარჩებოდნენ ცხოვრების საბაზისო საჭიროებების გარეშე. იდეა, რომ შიმშილის შიში და მოგების სიყვარული ეკონომიკური ცხოვრების მთავარი განმსაზღვრელი გახდა, ისტორიულად ძალიან ახალი, მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში წარმოქმნილი იდეაა.” – ამ სიტყვებით აჯამებს კარლ პოლანის ისტორიაზე განხორციელებულ დაკვირვებებს და ინტელექტუალურ მემკვიდრეობას სოციალური უფლებებისა და ეკონომიკური კრიზისის ჭრილში მისი შვილი, ეკონომისტი კარი პოლანი ლევიტი.

2018 წლის 27 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით და 79 ხმით მიიღო კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ.“ კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შევიდა უკვე 2019 წლის 1 იანვრიდან და მოსახლეობისათვის ახლა უკვე გარდაუვლად აუცილებელი გახადა საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ცვლილებების, საკუთარი უფლებამოსილებებისა და ვალდებულების გამორკვევა. იმ ფონზე, როდესაც ახალი რეფორმის შესახებ არ ყოფილა ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა და მოსახლეობასაც ჯეროვნად არ მიეწოდა ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შესახებ, არსებობს ისტორიული გამოცდილებით განპირობებული უნდობლობა დაგროვებითი სქემების მიმართ. ამ კონტექსტში, ადვილად შესაძლებელია, რომ მარტივად მოხდეს  რიგ საკითხებზე მოსახლეობის აზრის მანიპულაცია.

მოცემულ რეფორმასთან დაკავშირებით, წინამდებარე ბლოგზე არაერთხელ გამოქვეყნდა კრიტიკული მიმოხილვები საქართველოს თუ სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით (იხ. საპენსიო რეფორმა საქართველოში; საპენსიო პოლიტიკის ევოლუცია: რატომ გახდა საჭირო ევროპის ქვეყნებში საპენსიო სისტემების რეფორმირება; საპენსიო სისტემის რეფორმა საქართველოშიინტერვიუ მარტინ ჰუთსებაუთთან; რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა; რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო რეფორმა  – ვიდეო; საპენსიო რეფორმა;). ამ მასალებში მოყვანილ საპენსიო რეფორმის კრიტიკულ არგუმენტებს აქ აღარ შევეხები.

თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმისადმი  მიმართული კრიტიკაც არ არის ყოველთვის ლეგიტიმური და ზოგ შემთხვევაში პირიქით, საზიანოც კია გარკვეულ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. ვგულისხმობ საპენსიო რეფორმის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სავალდებულო მონაწილეობის პრინციპის შესახებ, რომელიც სავალდებულო მონაწილეობას სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ იძულებით და პატერნალისტულ ქმედებად მოიაზრებს. ეს კრიტიკა ყველაზე სისტემურად საკონსტიტუციო სარჩელში გაჟღერდა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ 2019 წლის 11 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და კანონის რიგი მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

უფრო კონკრეტულად, სარჩელის ერთ ნაწილში, ავტორები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ რეფორმის სავალდებულო ელემენტს: სარჩელში სადავო მუხლებად წარმოდგენილია დებულებები, რომლის მიხედვითაც დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა (კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტი) ყველა დასაქმებულისათვის გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 55 წელი (მამაკაცის შემთხვევაში 60 წელი) და ასევე, გარდა დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, და რომელსაც შეუძლია  დატოვოს დაგროვებითი საპენსიო სქემა.

მოსარჩელე  ამტკიცებს, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო უფლებებთან, კერძოდ კი საკუთრების უფლებასთან (კონსტიტუციის 19- მუხლი). მოსარჩელის აზრით, ვინაიდან კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო ინტერესებისათვის და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებას კანონი მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად ავალდებულებს გარკვეული თანხის (ხელფასის 2%) გადახდას მის პირად, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. ის თვლის, რომ კანონის მოცემული ნორმა  მას არ უტოვებს არჩევანის შესაძლებლობას თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა და შესაბამისად ის ფიქრობს, რომ მას ამით ეზღუდება საკუთრების უფლება მასზე გაცემული ხელფასის 2%-ის სახით. იხილეთ მცირე ამონარიდი სარჩელიდან:

მოცემულ შემთხვევაში დანაზოგის შექმნის ლეგიტიმური მიზნით სახელმწიფო ზღუდავს კონკრეტული პირის საკუთრების უფლებას, მხოლოდ მისივე კეთილდღეობის მომავალში უზრუნველყოფისთვის. შეზღუდვა არ მომდინარეობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან და მას არ აქვს ზოგადად საჯარო სიკეთის ფორმირების ფუნქცია. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მიდგომა საფუძველს აცლის ეთიკური ავტონომიის პრინციპს, ვინაიდან სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად წყვეტს რა არის მათთვის უკეთესი. სახელმწიფო გვიწყვეტს, რომ ჩვენთვის უკეთესია დანაზოგის შექმნა და ამასთანავე, იძულებით გვრთავს დანაზოგის შექმნის მისივე შემუშავებულ კონკრეტულ წესრიგში. აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დაცული სფეროს შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობის შემთხევაში”.

სარჩელის რიგი დებულებების შინაარსი და დასაბუთება იმდენად სუსტი, ცალმხრივი და იდეოლოგიურად მიკერძოებულია იმაში, თუ როგორ ხედავს ის ერთის მხრივ საკონსტიტუციო უფლებებს და მეორეს მხრივ, სოციალური დაცვისა და სოციალური დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების რაობას, რომ ნაკლებად სავარაუდოა ის სერიოზულად იქნას განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მიუხედავად ამისა, ვინაიდან საჯარო სივრცეში იყო სარჩელის შინაარსის მსგავსი კრიტიკის ლეგიტიმურ სოციალურ და სამართლებრივ საკითხად წარმოჩენის მცდელობა და ამით სოციალური დაცვის სისტემებში სავალდებულო მონაწილეობის პრინციპის ეჭვქვეშ დაყენება, მნიშვნელოვანია მოკლე გამოხმაურება.  

საპენსიო სქემაში, როგორც სოციალური უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობის სავალდებულო მონაწილეობის პრინციპის გასაჩივრება მცდარ არგუმენტაციას ეფუძნება და აჩვენებს იმას, რომ მოსარჩელე  ნაკლებად იცნობს სოციალური უსაფრთხოების მიზნებს და მეტიც, საზოგადოების წევრების პენსიით უზრუნველყოფას არ მიიჩნევს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და საჯარო ინტერესად. ამასთან, იგი საზოგადოებას ხედავს არა როგორც ურთიერთდაკავშირებულ მთლიანობას, რომლის წევრების ქმედებებსაც ერთმანეთზე გავლენა აქვთ, არამედ ერთმანეთისაგან გამოთიშულ ინდივიდების ნაკრებად. ეს კარგად ჩანს სარჩელის არგუმენტაციაში სადაც მოყვანილია არგუმენტი, რომ თითქოს საკუთრების უფლება იზღუდება იმ მიზეზით, რომ სარგებელი მიმართულია მხოლოდ ცალკეული პიროვნებისკენ და არა საჯარო ინტერესისკენ.

საქმე იმაშია, რომ სოციალური უსაფრთხოების და დაცვის სისტემების ისტორიაში სავალდებულო მონაწილეობა არის სწორედ ის ერთერთი საბაზისო პრინციპი, რომლის გარეშეც მოიაზრება, რომ საზოგადოება ვერ უზრუნველყოფს მისი წევრების უმრავლესობის დაცვას ისეთი მოწყვლადი სიტუაციებიდან, როგორიც არის სამედიცინო ზრუნვის საჭიროება, ავადმყოფობა, უმუშევრობა, ასაკი, სამუშაოს შესრულების დროს დაზიანება, შრომისუუნარობა, ოჯახის ხარჯები, დეკრეტული შვებულება, და ა.შ.

ფინანსური რესურსები, იმ სარგებლისათვის, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები სოციალური უსაფრთხოების სისტემებიდან იღებენ, წარმოიქმნება კოლექტიური (!) პრინციპით შექმნილი რესურსებიდან: გადასახადებიდან, ან დაზღვევის კონტრიბუციებიდან. გადასახადის სახე ექნება მას, თუ სადაზღვეო კონტრიბუციის, მნიშვნელოვანი პრიციპია ის, რომ ყოველთვის გათვალისწინებული იყოს გადამხდელთა ეკონომიკური სიტუაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ისედაც გაჭირვებული ადამიანების ზედმეტი ფინანსური ხარჯით დატვირთვა.

სოციალური უსაფრთხოების სისტემაში განხორციელებული კონტრიბუცია სავალდებულო ხასიათის უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მასში მონაწილეობა უბრალოდ არ, ვერ, ან სპორადულად მიიღოს, და ამით მთლიანი სისტემის არსებობა, როგორც კოლექტიური სიკეთე ეჭვქვეშ დააყენოს. სოციალური უსაფრთხოების სისტემებში სავალდებულო მონაწილეობაზე კონსენსუსი საუკუნეზე მეტია არსებობს და ეს პერიოდულმა ლიბერალური უტოპიების ტალღებმაც ვერ შეარყია. სწორედ ამ კონსენსუსით, ხანშიშესულთა პენსიით უზრუნველყოფა მიიჩნევა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად, ხოლო სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო გულისხმობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასაკის, ავადმყოფობის თუ სხვა არასასურველი შემთხვევის გამო, ვეღარ იღებს მონაწილეობას საზოგადოებრივ ინტერაქციასა და შრომის ბაზარში ასეთ ადამიანებზე პასუხისმგებლობას იღებენ საზოგადოების დანარჩენი წევრები. სწორედ ამას ეწოდება სოლიდარობის პრინციპი, რომელზეც სოციალური უსაფრთხოების სისტემები დგანან თუნდაც ჩვენთვის ასე საყვარელ ევროკავშირის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებში. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს მსგავს საკითხებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, სერიოზულ ღირებულებების კრიზისზე მიუთითებს.

ღირებულებრივი კატეგორიის გარდა, სოლიდარობის პრინციპს აქვს ეკონომიკური განზომილება და არგუმენტიც: სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული ძლიერი სოციალური დაცვის მქონე სახელმწიფოები, ერთმანეთს მჭირდოდ უკავშირებენ სოციალური უსაფრთხოების პროგრამებსა და ეკონომიკურ წარმატებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ძლიერი და სწორედ  სავალდებულო მონაწილეობაზე დაფუძნებული სოციალური უსაფრთხოების სისტემა წარმოქმნის ძლიერ შრომის ძალას და მოსახლეობას პირიქით, უფრო მეტად ეხმარება ეკონომიკური წარმატების მიღწევასა და თავად საკუთრების უფლების რეალიზებაში.

სოციალური უსაფრთხოების სისტემაში სავადებულო პრინციპის პრობლემურობაზე საუბრის დაწყება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც თავად  სოციალური უსაფრთხოების სისტემების და მათი რაობის თუ დახვეწის შესახებ პოლიტიკური დისკუსია დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ამის სანაცვლოდ, დღის წესრიგში დგას მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემცირება. სოციალური უსაფრთხოების სისტემა კი მოსახლეობის ცნობიერებაში დაიყვანებასოციალურ დახმარებად,” რომელიც ავტომატურად მოიაზრებს, რომ ამ დახმარებით მოსარგებლენი და მასზე დამოკიდებული ადამიანები წარმოადგენენ იმ უკიდურესად ღარიბ ფენას, რომლებსაც გადარჩენის სხვა შანსი არ აქვთ და რაც მთავარია, არც მომავალში ექნებათ, ანუ სიღარიბე ითვლება არა დროებით, არამედ მუდმივ მოცემულობად. ამ ფონზე, საპენსიო რეფორმის ლეგალისტური კრიტიკა თავისუფლებების პერსპექტივიდან და სავალდებულო მონაწილეობის სახელმწიფოს პატერნალისტურ მიდრეკილებებად შერაცხვა კიდევ უფრო კომიკურ სახეს იძენს.   

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის შესახებ დისკუსიას, დღევანდელ დღეს, ზოგადად ძლიერი ლიბერალური ორიენტაცია და სწრაფვა აქვს, რაც გულისხმობს უმთავრესი აქცენტის გაკეთებას ადამიანის უფლებრივ პერსპქტივაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, სახელმწიფოსა და მმართველობის შეზღუდვაზე. ამ პერსპექტივის მიხედვით, კონსტიტუციისათვის უპირატეს და წამყვან ასპექტად დგინდება უფლებების საკითხი, ხოლო შემდეგ მმართველობა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ერთერთი ამის თანმდევი პროცესი არის ის, რომ ჩვენ ნელნელა სოციალურ სამართლიანობიდან საუბარი გადაგვაქვს უფლებებზე, ინკლუზიაზე და .. ხოლო სოციალური სამართლიანობა, რომელიც როგორც დისტრიბუციის მექანიზმის განმსაზღვრელი, უკანა პლანზე ინაცვლებს. მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაზე, როგორც ჩვენს ცხოვრებაზე კოლექტიური კონტროლის დამყარების მცდელობაზე მსჯელობისას, სოციალური სამართლიანობის ასპექტები საჯარო განსჯით უფრო მეტად გამყარდეს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.