საპენსიო რეფორმა საქართველოში

ფოტო გარეკანზე: flickr.com

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადდა, აგვისტოში, საქართველოში უნდა დაიწყოს საპენსიო რეფორმის საჯარო განხილვის პროცესი. პოლიტიკური და ფინანსური ელიტები, ფაქტიურად გვთავაზობენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამის – საპენსიო სისტემის არსისა და მნიშვნელობის ახლიდან გააზრებას. ამ ისტორიული პროცესის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნებათ მოქალაქეთა ცხოვრების მთლიან ციკლზე, როგორც მოკლე ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორედ ამიტომ საჭიროებს რეფორმა სიღრმისეულ განხილვასა და მაღალ საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას. ქვემოთ, განვიხილავთ საპენსიო რეფორმის მთავარ არსს, შემოთავაზებულ ალტერნატიულ მოდელს, არსებულ კრიტიკასა და რეფორმის პროცესის დემოკრატიული ლეგიტიმაციის მნიშვნელობას.

საპენსიო რეფორმა საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო და 2017 წლის ბოლოსთვის მისი დასრულება იგეგმება. მას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილი საპენსიო რეფორმის სამსახური – კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტმა შეიმუშავა 2016 წლის მარტში 40 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც არსებული სოციალური საპენსიო სისტემის მოდიფიკაციასა და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად. საპენსიო რეფორმის ეკონომიკის სამინისტროს მიერ ადმინისტრირება თავიდანვე კრიტიკის საგანი იყო საერთაშორისო ექსპერტებისა და ანალიტიკოსებისათვის იმ არგუმენტით, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ საპენსიო რეფორმის განხორციელებამ შესაძლოა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის ფუნდამენტური მიზნები ინტერესთა კონფლიქტში მოაქციოს. თუნდაც იმიტომ, რომ საპენსიო ფონდები ყოველთვის მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენენ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე – ამაზე ემპირიულ სამეცნიერო კვლევებში არსებობს აღიარებული მყარი კონსენსუსი – მაშინ, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის, თუ რამდენად ლეგიტიმური, სტაბილური და პოლიტიკურად მდგრადია აუცილებელი სოციალური დანახარჯის – პენსიების – ფინანსური ბაზრების წარმატებაზე დამოკიდებულება. ეს განსაკუთრებით პრობლემური გახდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც საპენსიო ფონდების აქტივების მკვეთრი ვარდნა ძალიან მოკლე დროში მოხდა; ამან კი, ხელახლა გააჩინა კითხვის ნიშნები გრძელვადიან პერსპექტივაში კერძო საპენსიო ფონდების სტაბილურობის შესახებ და დააბრუნა დისკუსია ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების პროცესში სახელმწიფო რეგულაციების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ.

საპენსიო რეფორმის საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რეფორმის აუცილებლობა შექმნა ქვეყანაში არსებულმა ისეთმა პრობლემებმა, როგორებიც არის სოციალური პენსიის მაღალი საბიუჯეტო ხარჯიანობა, რის პარალელურადაც არსებული სამუშაო ძალა ვეღარ უზრუნველყოფს საპენსიო ბიუჯეტის დაფინანსებას, დემოგრაფიული მაჩვენებლების ცვალებადობა და პენსიონერთა რიცხვის ზრდა. ამდენად, ინიცირებული რეფორმის ანგარიშში ვკითხულობთ შემდეგ ამოცანებსა და იმ გარემოებებს, რამაც საპენსიო რეფორმის საჭიროება განაპირობა:

– ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირებული შობადობა და გაზრდილი მიგრაცია;
– ქვეყანაში მიმდინარე ინფლაცია და მისი გათვალისწინების საჭიროება იმგვარად, რომ პენსიონერთა მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება მოხდეს და საპენსიო სქემა მართლაც გახდეს სიღარიბესთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი;
– საპენსიო ხარჯების გაზრდა, რის შედეგადაც 2015 წელს საპენსიო ხარჯებმა მშპ-ს 4.25 % შეადგინა და ხარჯების ზრდის მოსალოდნელობა, მაშინ როდესაც 2006 წელს, ის 1.05% იყო.
– დამატებითი დანაზოგების მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა მოქალაქის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციულად;
– გრძელვადიანი საპენსიო დანაზოგების დანერგვა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მეშვეობით.

ხსენებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა გულისხმობს კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას.

კერძო საპენსიო სისტემა ნიშნავს საპენსიო შემოსავალზე პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ პრივატიზაციას, რის შედეგადაც, ხანშიშესულთა ფინანსური მხარდაჭერის პასუხისმგებლობა ეკისრებათ კერძო აქტორებს. ეს, რა თქმა უნდა, კერძო აქტორებისათვის მაღალი ნდობის გამოცხადებას გულისხმობს, რის ფონზეც სახელმწიფოს როლის უკანა ფონზე გადადის.

ამ მეთოდს არსებული დემოგრაფიული გამოწვევების, ხანშიშესული მოსახლეობის ზრდითა და ფისკალური შეზღუდვების პასუხად მიმართავენ ხოლმე. 1980-იანი წლებიდან, როდესაც გლობალურად უფრო და უფრო გამოიკვეთა იმგვარი პრობლემები, როგორებიც არის მოსახლეობის ზრდა, და ტრადიციული ოჯახური და არაფორმალური თანადგომის პრინციპების რღვევები, მსოფლიო ბანკმა აქტიურად დაიწყო ჩართვა განვითარებად ქვეყნებში კერძო დაგროვებითი სისტემების შემუშავების პროცესებში, და საპენსიო სისტემის დიზაინის ე.წ. “მრავალსვეტოვანი სისტემაც” მსოფლიო ბანკის კონცეპტუალური აპარატის ნაწილად მიიჩნევა. “მრავალსვეტოვანი” დიზაინი კერძო საპენსიო სისტემებიდან ყველაზე გავრცელებულია და მისი თითოეული სვეტი შედგება კერძო, ინდივიდუალური, თუ კოლექტიულ მოლაპარაკებაზე დაფუძნებული საპენსიო შენატანებისაგან.

თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა არ არის მრავალსვეტოვანი, ის არის მხოლოდ სახელმწიფოსა (საბაზისო პენსია) და კერძოს სვეტების კომბინაცია, და არ არის გათვალისწინებული შუალედური საფეხური, რომელიც როგორც წესი, სოლიდარობის პრინციპზე არის ხოლმე აგებული, და სადაც მშრომელები შენატანებს კი ახორციელებენ, მაგრამ უხდიან ხოლმე არსებულ პენსიონერებს და არა საკუთარ თავს მომავალში.

კერძო საპენსიო სქემა ამგვარად წარმოადგენს სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩანაცვლებას კერძო ალტერნატივით და მას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თანმდევი პროცესებიც შეიძლება ახასიათებდეს. დადებით მხარეებად როგორც წესი მოიაზრება პრივატიზაციის ეკონომიკური უპირატესობები: ფისკალური პასუხისმგებლობა, ეკონომიკური ზრდა, ფინანსური მდგრადობა, და ა.შ. აქ იგულისხება, რომ ვინაიდან საპენსიო ხარჯი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური დანახარჯია, ის საბიუჯეტო სახსრების მდგრადობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე კი ხშირია ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა, რომელიც ამბობს, რომ რეალობაში, ფინანსური მდგრადობისა და ფისკალური პასუხისმგებლობის სახელით, საფონდო ბირჟებმა განვითარებულ ქვეყნებში ხელი შეუწყვეს საგადასახადო პრივილეგიებით მოსარგებლე კერძო ანგარიშებს, რათა მოკლე ვადაში მომხდარიყო შიდა კაპიტალის ბაზრების განვითარება მზარდ გლობალურ კონკურენციაში და ქვეყნის, როგორც ფინანსური ცენტრის როლის გაძლიერებისათვის შეეწყო ხელი. ამის შედეგად კი, მიიღეს არასათანადოდ დაფინანსებული საჯარო სექტორი და ზედმეტად დაფინანსებული კაპიტალის ბაზრები რომლებიც არაპროდუქტიულ ფინანსურ სპეკულაციებს უწყობდნენ ხელს.

თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 1980-იანი წლების შუიდან, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ფინანსიალიზაციის ეს პროცესი ფინანსური ინდუსტრიების ძლიერი ლობის გავლენით მიმდინარეობდა და სხვა ყველაფერთან ერთად, ასევე განპირობებული იყო დეინდუსტრიალიზაციის პროცესში შემცირებული სამუშაო ადგილების შექმნის მოტივაციითაც. მაშინ, როდესაც საქართველოს მსგავს რეინდუსტრიალიზაციის გამოწვევების მქონე ქვეყნის, როგორც ფინანსური ცენტრის გაძლიერებას, განსხვავებული მოტივაციები შეიძლება ახასიათებდეს. თუმცა, ეს ცალკე დისკუსიის საგანია. მოცემულ მომენტში კი ძირითადი შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად იქნება კერძო საპენსიო ინდუსტრიის შექმნა დასაქმებულთა და მომავალ პენსიონერთათვის კეთილდღეობის მომტანი და რამდენად იყო ეს ერთადერთი გამოსავალი საპენსიო რეფორმის პროცესში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, საპენსიო სისტემის ანალიტიკოსები საპენსიო ფონდის პრივატიზაციას, როგორც წესი, არ მიიჩნევენ საუკეთესო გამოსავლად კეთილდღეობის სახელმწიფოსათვის ხარჯების შემცირების პროცესში.

საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმის შემოთავაზებაა, რომ იგი დაფუძნებული იყოს განსაზღვრული შენატანების პრინციპზე, რომლის მიხედვითაც კერძო პენსიის რაოდენობა განისაზღვრება ფონდში განხორციელებული შენატანების, მუშაობის ხანგრძლივობისა და ფონდის ამონაგების მიხედვით. ფონდში განხორციელებული შენატანების ოდენობა კი ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის, პრინციპით 2%+2%+2%. შენატანები განხორციელებული იქნება ყოველთვიურად დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე და ჯამში შეადგენს 6%-ს. თუმცა, იგი შესაძლებელია გაიზარდოს შენატანებისა და ფონდის მოგების პროპორციულად და ამასთან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, წახალისებულ იქნას 6%-ს ზემოთ დამატებითი და ნებაყოფლობითი შენატანი.

დღევანდელი მდგომარეობით კი, როგორც ვიცით, პენსია ფინანსდება ერთიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ატარებს სოციალური დახმარების ხასიათს და მისით სარგებლობის უფლება, მიუხედავად სამუშაო გამოცდილებისა, აქვს საპენსიო ასაკს მიღწეულ ნებისმიერ პირს. შემოთავაზებული რეფორმის მიხედვით კი, შენარჩუნდება არსებული საბაზისო პენსია, რომელიც თავის მხრივ მიბმულია საარსებო მინიმუმზე და მოხდება ინდექსაცია ინფლაციისა და საშუალო ხელფასის ზრდის ტენდენციის მიხედვით.

საინტერესოა, რომ არსებული გამოთვლებით, ხელფასის პენსიით ჩანაცვლების კოეფიციენტი დაახლოებით 18-20%-ია. ჩანაცვლების კოეფიციენტი, ეს არის ცნება რომელიც სოციალურ პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის თანაფარდობას აღნიშნავს. ანუ, ეს პენსიის ის რაოდენობაა, რასაც საპენსიო ასაკს მიღწეული პირები მიიღებენ პენსიის სახით ხელფასის სანაცვლოდ. ყველაზე უფრო ოპტიმალურ პენსიას ცხადია ის წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მაღალ ჩანაცვლებით კოეფიციენტს მოგვცემს. დღევანდელი მდგომარეობით, მაშინაც კი, თუ ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის შესახებ არსებულ სტატისტიკურ მონაცემს, რომლის მიხედვითაც ნომინალური საშუალო ხელფასი 1022 ლარია, ლეგიტიმურ მონაცემად ჩავთვლით და არ გავითვალისწინებთ მის ყველაზე ცნობილ კრიტიკას, რომ არსებული საშუალო ხელფასი საშუალო არითმეტიკულად ითვლება და არა მედიანურად, რაც მას ბევრად ნაკლებს, დაახლოებით 600 ლარს გამოიყვანდა, გამოდის, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული პირები ხელფასის სანაცვლოდ მის მხოლოდ ერთ-მეხუთედ ნაწილს იღებენ. რეფორმის ანგარიშში ვკითხულობთ მოსაზრებას, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტის არათუ ზრდა, არამედ შენარჩუნებაც საკმაოდ რთულია და რომ ეს შეუძლებელია მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე. გამოსავლად მიჩნეულია ფინანსურ წახალისებაზე და მონაწილეთა შენატანებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა, რომელიც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ხოლო ვინაიდან კერძო დაგროვებითი სისტემის მონაწილეები პარალელურად მიიღებენ სოციალურ პენსიას, სოციალური პენსიის კერძოსთან კომბინაცია, ივარაუდება, რომ შედარებით მაღალ ჩანაცვლებით კოეფიციენტს წარმოშობს.

 

თუმცა, თუ მოცემული რეფორმის შემოთავაზებას მოსალოდნელ ციფრებში გადავიყვანთ, აქ ასეთი სურათია: თუ პირმა იმუშავა პირობითად 30 წლის განმავლობაში და ამ ხნის განმავლობაში, მის საპენსიო ანგარიშზე განხორციელდა სტანდარტული 6%-იანი შენატანები, ხოლო 30 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასად 1500 ლარს მივიჩნევთ, ამასთან, არ მივიღებთ მხედველობაში ინფლაციისა და ფონდის მოგების შესაძლო დამატებით პროცენტებს, ხოლო საპენსიო ასაკად გავითვალისწინებთ საშუალოდ ათ წელს, ყოველთვიური პენსია გამოდის 270 ლარი. 1500 ლარიანი ხელფასის შემთხვევაში ეს გვაძლევს 18%-იან ჩანაცვლებით კოეფიციენტს, რაც ამჟამინდელ ჩანაცვლებით კოეფიციენტს უთანაბრდება და გაზრდილ მონაცემს არ გვაძლევს.

გარდა ამისა, ნიშანდობლივია, საპენსიო ფონდებში ჩართვის ნახევრადსავალდებულო ბუნება. სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა დასაქმებული, თუმცა მათ უფლება აქვთ მონაწილეობაზე უარი თქვან და დატოვონ სისტემა. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია საზოგადოებაში ნდობის არ არსებობის გამო 90-იანი წლების ნეგატიური გამოცდილებით, როდესაც მოსახლეობამ არსებული დანაზოგები დაკარგა.

თუმცა, უფრო პრობლემური საკითხებია ის რისკები, რაც თან სდევს ფონდის განკარგვის საკითხებს: მაგალითად, რამდენად არიან კერძო ფონდები შემძლე თავად განკარგონ საპენსიო ფონდები, არის თუ არა გათვალისწინებული ძლიერი მართვის სისტემა, როგორ გეგმავს სახელმწიფო ინვესტიციებს, რამდენად ქმედითია მონიტორინგისა და კონტროლის ძლიერი სახელმწიფო მექანიზმები და საერთოდ, არის თუ არა საჯარო ზედამხედველობის კანონმდებლობა საკმარისად მკაცრი.

 

პროფკავშირების მიერ შემუშავებული საპენსიო რეფორმის ინიციატივა

პროფკავშირებმა შეიმუშავეს ალტერნატიული საპენსიო რეფორმა, რომელიც მთავრობის მიერ შემოთავაზებულ რეფორმას იმ კუთხით აკრიტიკებს, რომ იგი არ არის მშრომელებზე მორგებული, არ ითვალისწინებს ლოკალური შრომის ბაზრის არასტაბილურობას, არ ქმნის განსაკუთრებულ პირობებს მძიმე და საშიშ პირობებში მომუშავეთათვის, დეკრეტში გასულთათვის, დროებით უმუშევართათვის და ა.შ. კრიტიკა ასევე შეეხება იმ ასპექტებს, რომ რეფორმა მხოლოდ ორ საფეხურს გულისხმობს – საბაზისოსა და კერძოს. ხოლო ევროპული გამოცდილებით, არსებობს კიდევ ერთი შუალედური – სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული შენატანების სქემა, რომელიც უფრო სოციალურად ორიენტირებულიც არის და სავალდებულოც.

პროფკავშირების პროექტი ითვალისწინებს არსებულ საპენსიო სქემათაგან რაიმე კატეგორიაში საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას არა როგორც კერძო დაგროვებითი სისტემა, არამედ როგორც საპენსიო დაზღვევა. როგორც მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, “სისტემა სოლიდარობის პრინციპზე უნდა იყოს აგებული… განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა – დროებით უმუშევრები, დეკრეტულ შვებულებაში მყოფები, დროებით შრომისუუნაროები.” ეს ის ჯგუფები არიან, ვინც იგულისხმება რომ სხვადასხვა მიზეზით დაუსაქმებლობის გამო, ვერ ჩაერთვებიან მთავრობის მიერ შემოთავაზებულ სქემაში და შესაბამისად ვერ მიიღებენ საპენსიო დახმარებას.

პროფკავშირების მიერ შემოთავაზებული გეგმა სამსვეტიანია და მოიცავს: 1. საყოველთაო სახელმწიფო ბაზისურ პენსიას; 2. სავალდებულო (შემოსავალთან დაკავშირებულ) სქემას; 3. ნებაყოფლობით კერძო (განსაზღვრული შენატანების) სქემას. ამათგან, პროფკავშირების მოსაზრებით, საბაზისო პენსია უნდა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და უნდა გაიზარდოს საშუალო ხელფასის ზრდის პროპორციულად.

გარდა ამისა, თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებული რეფორმის მიხედვით, პენსია უნდა გაიცეს დაგროვილი თანხის ამოწურვამდე, პროფკავშირებს სურთ, რომ საპენსიო თანხები სიცოცხლის ბოლომდე იქნას გაცემული. ხოლო რეფორმის განხორციელებიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში, დასაქმებულები გათავისუფლდნენ შენატანების განხორციელების ვალდებულებისაგან, რაც ამ ხნის განმავლობაში, მათი აზრით, სისტემის მიმართ ნდობას ჩამოაყალიბებს, თუმცა რა მექანიზმებით მოხდება ნდობის ფორმირება უცნობია.

მოსაზრებები მიმდინარე საპენსიო რეფორმაზე:

როგორც ჩანს, საპენსიო რეფორმის განხილვა საჯარო სივრცეში აქტიურად არ მიმდინარეობს. შესაბამისად, სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორთა თუ ჯგუფთა დამოკიდებულება ამ რეფორმის მიმართ ცნობილი არ არის. თუმცა, არსებობს ძირითადი თანხმობა საპენსიო რეფორმის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

 

საინიციატივო ჯგუფი “უთანასწორობის კვლევები” ახორციელებს საპენსიო რეფორმის კვლევასა და ანალიზს. საინიციატივო ჯგუფის წევრის, ალექსანდრა აროშვილის თქმით: “სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ საპენსიო რეფორმის კონცეფციას მნიშვნელოვანი ხარვეზები აქვს პირველ რიგში არსებული კონტექსტის ადეკვატურად შეფასებისა და მისი გათვალისწინების მხრივ. ყველაზე მართებული შეფასება ამ რეფორმისა იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ სინამდვილეში, ის არ წარმოადგენს საპენსიო რეფორმას, ანუ არ ემსახურება იმ მიზანს, რომ გრძელვადიან პრესპექტივაში მაინც გაჩნდეს საქართველოში ღირსეული პენსიის გაცემის, ხანდაზმულთა სიღარიბიდან ამოყვანის და ასაკობრივი სოციალური უთანასწორობის შემცირების შესაძლებლობა. შემოთავაზებული მოდელი მთლიანად ეკონომიკის სამინისტროს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე დგას და ის ემსახურება სხვა მიზნებს, როგორიცაა არსებული საპენსიო საბიუჯეტო ხარჯის ზრდის ტენდენციის საფრთხის გაუვნებელყოფა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებით, რადგან დემოგრაფიული მაჩვენებლები იცვლება და ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები, ანუ შემცირებადი სამუშაო ძალა, რომლებიც გადასახადებით აფინანსებენ არსებულ საპენსიო სისტემას, ვეღარ გაუძლებს გაზრდილ საგადასახადო ტვირთს; საგადასახადო სისტემის რეფორმირებას კი მთავრობა არ აპირებს, რაც კარგად გამოჩნდა 94-ე მუხლის გარშემო წარმოებული კამპანიისას – შესაბამისად, ის გვთავაზობს მომავალ პენსიონერებს, თავად დავაფინანსოთ ჩვენი სიბერე, თუმცა აქ გაუთვალისწინებელია უამრავი ფაქტორი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მსგავსი მიდგომის წარმატებას: შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები, როგორიცაა სტაბილური სამუშაო ადგილების სიმწირე, რეალური საშუალო ხელფასის რაოდენობა, არ იძლევა საპენსიო დანაზოგების გაკეთების შესალებლობას და სხვა. საბოლოო ჯამში, რეფორმა შეეხება ვიწრო ჯგუფს, რომელიც ისედაც შეძლებდა ესარგებლა კერძო საპენსიო დაზღვევით. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არათუ არსებული, არამედ მომავალი პენსიონერებიც კი, სიღარიბისთვის არიან განწირული. რეფორმის კრიტიკის მეორე, მნიშვნელოვანი მხარე უკავშირდება მაკროეკონომიკურ გათვლებს და მსგავსი საპენსიო სისტემის შემოღების რეალურ მიზეზებს. საპენსიო ფონდებში დაგროვილი დანაზოგები მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს კაპიტალის ბაზრისთვის, როგორც იაფი ფულის წყარო ინვესტიციების განხორციელებისათვის, რაც საპენსიო რეფორმის კონცეფციაშიც პირდაპირ წერია.”

 

სხვა დანარჩენი მოსაზრებები გაჟღერებულია მეტწილად კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფების მიერ საპენსიო რეფორმის ისეთ ნიუანსური ფინანსური საკითხებში, როგორიც არის ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების კონცეფციის ასპექტები, სპეციალური შეღავათების დაწესება საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანიებისათვის, საინვესტიციო რისკები, სახაზინო ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური ზღვრის სტანდარტები, და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა იმ კუთხით რომ ცნობილი გახდეს საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ფირმების მფლობელების ვინაობა.

 

საპენსიო რეფორმა და პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობა ევროპულ კონტექსტში

საპენსიო რეფორმა სოციალური პოლიტიკის განსაკუთრებული მნიშვნელობის ცვლილებას წარმოადგენს და მისი დემოკრატიული ლეგიტიმაცია და პოლიტიკური კონსენსუსი ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში. დამოკრატიული ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მექანიზმია საჯარო განხილვები, რომელიც გულისხმობს კოლექტიურ მოლაპარაკებებს და ისეთი აქტორების პროცესში ჩართულობას, როგორებიც არის სხვადასხვა პროფესიული კავშირები. კონტინენტური ევროპის მრავალ ქვეყანაში პროფესიული კავშირების მხარდაჭერა, ხშირ შემთხვევაში საბედისწერო აღმოჩნდებოდა ხოლმე ამა თუ იმ საპენსიო რეფორმის გატარებისას. ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამის საჭიროება საკუთარი პოლიტიკაში დარჩენის ხარჯად გამოსცადეს, როდესაც საპენსიო რეფორმის ერთპიროვნული მიღება ჩავარდა ჯერ იტალიაში 1994 წელს, შემდეგ საფრანგეთში 1995 წელს, და გერმანიაში 1997 წელს. იტალიაში 1994 წელს, სილვიო ბერლუსკონიმ საპენსიო რეფორმის განხილვისას დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა პროფკავშირების მასიური გაფიცვებისა და წნეხის გამო; ორი წლის შემდეგ კი, ბერლუსკონი არჩევნებში ხელახლა აღარ აირჩიეს. 1995 წელს, საფრანგეთის ახლადარჩეული პრემიერი ალან ჟუპე, რომელსაც მხარს პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და პარლამენტი უჭერდნენ, ასევე მასიური გაფიცვების გამო იძულებული გახდნენ შემოთავაზებული რეფორმა უკან წაეღოთ. ორი წლის შემდეგ საფრანგეთის ეს მთავრობაც გადაირჩიეს. გერმანიაში კი, 1997 წელს, ჰელმუტ კოლის მთავრობის მიერ მიღებული სოციალური პოლიტიკის ზომები მოგვიანებით პოლიტიკურად კონტრპროდუქტიული და მოკლევადიანი აღმოჩნდა: 1998 წელს მოსულმა “წითელ-მწვანე” კოალიციამ წინასაარჩევნო დაპირებებში შეიტანა წინა მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებების გაუქმება, და არჩევის შემდეგ გააუქმა კიდეც. თუმცა, საპენსიო რეფორმის წარმატებული მოლაპარაკების მაგალითებიც ცხადია მრავლად არსებობს. საპენსიო რეფორმაზე მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის მაგალითია 1995 წელს, ესპანეთში მიღებული ე.წ. “ტოლედოს პაქტი,” რომელიც მრავალწლიანი და მრავალეტაპიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ერთიანი საპარლამენტო თანხმობით, მეცნიერ-მკვლევრების მონაწილეობითა და სოციალური დიალოგის მაღალი სტანდარტებით მიიღეს. “ტოლედოს პაქტით,” საპენსიო განაკვეთები რეალურ სახელფასო განაკვეთებს მნიშვნელოვნად დაუახლოვდა, და ამით შეფასდა, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ესპანური კეთილდღეობის სახელმწიფოს გაძლიერების პროცესში.

საპენსიო რეფორმის პროცესის საჯარო ლეგიტიმაცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს თუ ევროპის ქვეყნების ბოლოდროინდელ გამოცდილებას გავითვალისწინებთ: როგორც გერმანელი ეკონომისტი ვოლფგანგ შტრეეკი წერს, ევროპაში საჯარო ფინანსების კრიზისი დემოკრატიის ჩავარდნამ გამოიწვია, და არა ქონებრივი ურთიერთობების ბუნდოვანებამ, როგორც ამას ხშირად ამტკიცებენ. დემოკრატიის ჩავარდნაში იგულისხმება ის ტენდენცია, რომ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, მკვეთრად იკლო არჩევნებში მონაწილეობამ, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები კმაყოფილები არიან, არამედ იმას, რომ პოლიტიკური სისტემისადმი უნდობლობა აქვთ: ევროპის მოსახლეობამ ამ პერიოდში დაკარგა რწმენა, რომ ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც შემოსავლის უთანასწორობის აქამდე არნახული დონე წარმოქმნა, შესაძლებელია მთავრობის შეცვლით გამოსწორდეს. ამის საფუძველი კი სწორედ ის პროცესებია, რა დროსაც, მთავრობები უფრო ანგარიშვალდებულნი გახდნენ საბაზრო აქტორების მიმართ, ვიდრე მოქალაქეთა მიმართ, ხოლო ბაზარს აღმოაჩნდა იმუნიტეტი, თავი დაეცვა მოქალაქეთა მოთხოვნებისაგან. ამის აღსანიშნავად, შტრეეკი იყენებს ტერმინს – “ბაზრის მოქალაქეები” (“Marktvolk”), რომელიც განსხვავებულია “სახელმწიფოს მოქალაქეებისაგან” (“Staatsvolk”), და ჩვეულებრივი მოსახლეობის იმ კატეგორიას აღნიშნავს, რომლებიც კაპიტალის ბაზრებთან უფრო არის დაკავშირებული ანგარიშვალდებულების პრინციპებით, ვიდრე სახელმწიფოსთან. ეს კავშირი კი ძირითად შემთხვევაში საპენსიო ფონდების მეშვეობით ხდება.

ამდენად, საპენსიო ფონდები სწორედ ის ხაზია, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეებს კაპიტალის ბაზრებთან უშუალოდ აკავშირებს. ამ ვითარებაში, უმნიშვნელოვანეს ასპექტად რჩება ის, თუ ვის მიმართ დარჩება ანგარიშვალდებული სახელმწიფო, ფინანსური ელიტების, თუ საზოგადოების მიმართ. სწორედ ეს ფუნდამენტური საკითხი იქონიებს გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას სახელმწიფოს დემოკრატიულ ბუნებაზე, როგორც საჯარო ფინანსებისა და საპენსიო რეფორმის მდგრადობის ერთ-ერთ ძირითად გარანტზე.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.