პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

ფოტო გარეკანზე: gtreview.com

15 ივლისს, თურქეთი ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ერთი წლისთავს პომპეზურად შეხვდება. მმართველი სამართლისა და განვითარების პარტიის ინიციატივით, პარლამენტის სპეციალური სხდომა ჩატარდება და ქვეყნის ლიდერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. სამხედრო პუტჩის თემა, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს ფეთჰულა გიულენს დაბრალდა, ქვეყანაში გასული წლის მთავარი პოლიტიკური თემა იყო. მოვლენამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თურქეთის პოლიტიკური სისტემის ბალანსზე და ხელისუფლების ახალი იდეოლოგიური ნარატივის ჩამოყალიბებაზე. ამბოხის შემდგომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად, რომელიც ჯერ კიდევ არ გაუქმებულა, მმართველმა ძალამ საჯარო ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში, მედიასა და ბიზნეს სექტორშიც კი, მასშტაბური წმენდა მოაწყო.

გადატრიალების მცდელობა შემდგომ პერიოდში, ხელისუფლებისთვის საშუალებად გადაიქცა შეეცვალა რიტორიკა და ახალი პოლიტიკური სისტემისთვის საფუძველი ჩაეყარა. 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა იქცა მიმდინარე წლის აპრილში გამართული რეფერენდუმის მთავარ მიზეზად, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ძალაუფლება საგრძნობლად გაიზარდა და პრაქტიკულად, ავტორიტარიზმის ინსტიტუციონალიზაცია განხორციელდა. მმართველმა ძალამ საკუთარი ექსკლუზიურობა ძალაუფლებაზე პოპულისტური რიტორიკითაც გაიმყარა, მას შემდეგ რაც გიულენისტები, მემარცხენეები, ლიბერალები და ქურთები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამანგრეველ ძალებად გამოცხადა. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შეძლო პატერნალისტური პოლიტიკური სისტემის შექმნა, სადაც ძალაუფლება მცირეთა ხელშია, წესრიგისა და უსაფრთხოების მიზეზით საზოგადოება მორჩილია, ნაციის ნაწილად მხოლოდ ის მოიხსენება, ვინც მმართველის ერთგულია, ხოლო დანარჩენები შიდა მტრებად არიან შერაცხულნი.

მოვლენების მსგავი პერიპეტიებით განვითარებამ და ერდოღანის ავტორიტარულმა დისკურსმა თურქეთს პრობლემები შეუქმნა მის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ევროპის კავშირთან და მათი თანდათანობითი დაშორება დაიწყო. გარდა ევროპელი ლიდერების კრიტიკული შეფასებებისა, ევროპარლამენტმა თურქეთთან მისი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტა მოითხოვა. მოგვიანებით კი, ევროპის საბჭომ თურქეთი ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგის ქვეყანათა სიაში შეიტანა.

 

თურქეთის ეკონომიკური ტურბულენტობა

თურქეთში პოლიტიკურ არასტაბილურობას ეკონომიკური მერყეობაც მოჰყვა. გადატრიალების მცდელობამდე თურქეთის ეკონომიკური ზრდა 5%-ს წარმოადგენდა. 2016 წლის პირველ ნახევარში თურქული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი უცხოური კაპიტალის შემოსვლა შემცირებული იყო, მაგრამ სახელმწიფო რეზერვების ხარჯზე თურქულმა ლირამ სიმყარე (2.9 დოლართან მიმართებაში) შეინარჩუნა.

უკვე გადატრიალებიდან ერთ კვირაში დაიწყო წარმოების, შიდა მოთხოვნის და უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა თურქეთში ბიზნესის წარმოების რისკის მაჩვენებელი გაზარდეს და თურქეთისადმი ნდობის რეიტინგი ‘ჯანქის’ შეფასების ნაწილში გადაიტანეს.

ამგვარმა შეფასებებმა გამოიწვია ის, რომ ოქტომბერში ქვეყანაში მოღვაწე უცხოელმა ინვესტორებმა გადინება დაიწყეს. ამ პერიოდს დაემთხვა დოლარის საერთაშორისო დონზე გამყარება და საერთო ჯამში, თურქული ლირას კატასტროფული ვარდნა გამოიწვია – იანვრის დასაწყისში დოლარი 3.7 ლირა ღირდა. გაძვირებულმა დოლარმა გავლენა იქონია, როგორც თურქულ წარმოებაზე, ასევე მომსახურების სფეროზეც. თურქული ეკონომიკა 1.3%-ით შემცირდა.

აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დეკემბერში სტამბულში ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნისას, განაცხადა, რომ თურქეთს  რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობა სურდა. აღნიშნული შეთავაზება ჩინურმა მხარემაც მიიღო და ვერბალური თანხმობა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საკუთრივ რუსულ ლირას, ჩინურ იუანს და ირანულ რიალსაც დევალვაციის პრობლემა აწუხებდათ. მსგავსი პოლიტიკის მზაობისთვის თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ეროვნულ ბანკს ცვლილებების გასატარებელი მითითებები გაუგზავნა.

თურქეთის პრეზიდენტმა თურქ მოსახლეობას და კომპანიებსაც მიმართა, რომ ლირაში ევაჭრათ და ბანკში უცხო ვალუტაში გახსნილი ანაბრები ლირაში ან ოქროში გადაეცვალათ. მისივე თქმით, უცხო ვალუტა იმპერიულ მიზნებს ემსახურებოდა და თურქ ხალხს ადგილობრივ, ეროვნულ ვალუტაზე უნდა ეზრუნა, რომელიც ქვეყნიდან არსად არ გადიოდა. თურქეთის მთავრობა თვლიდა, რომ აღნიშნული ქმედებებით ლირაზე მოთხოვნა გაიზრდებოდა და შედეგად დასუსტებული ვალუტა გამყარდებოდა.

რამდენიმე კომპანიამ პრეზიდენტის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის რჩევას აუცილებლად გაითვალისწინებდნენ. ამ კომპანიათა სიაში აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროს ინდუსტრიული დამხარების ფონდი, ‘თურქიშ ეარლაინსი’ და რამდენიმე თურქული სატელეფონო კომპანია. პრეზიდენტის მოწოდებას მრავალი მცირე ბიზნესიც გამოეხმაურა. ანკარაში ერთ-ერთი თევზის მაღაზია მყიდველს ერთ კილოგრამ თევზს უფასოდ აძლევდა, თუკი ის 100 დოლარის ლირაში გადახურდავების ჩეკს აჩვენებდა. კლიენტს უფასოდ ემსახურებოდა დედაქალაქში არსებული ერთ-ერთი საპარიკმახერო, 300 დოლარის გადახურდავების დამადასტურებელი ჩეკის ქონის შემთხვევაში. ბურსაში კი მარმარილოს საამქრო უფასო საფლავის ქვას ჰპირდებოდა მას, ვინც 2000 დოლარის გადახურდავების ჩეკს წარადგენდა.

თურქეთის მოსახლეობა ლირის მერყეობას შეეჩვია. დანაკარგის თავიდან ასარიდებლად სტამბულში უძრავი ქონების მფლობელები ქირას დოლარში ან ევროში ითხოვდნენ. მიუხედავად ამგვარი სირთულეებისა, მოსახლეობის ხარჯვის ნაწილი არ შემცირებულა.

2016 წელს თურქეთის მშპ მხოლოდ 2.9%-ით გაიზარდა, რაც დაგეგმილზე გაცილებით დაბალი მაჩვენებელი იყო და ნახევარზე ნაკლები 2015 წლის იმავე მონაცემთან შედარებით – 6.1%. ამასთანავე, მკვეთრად დაეცა ქვეყანაში შესულ ტურისტთა რაოდენობა, რომელიც წინა წელთან შედარებით 30%-ით ნაკლები იყო. ამ ტენდენციაზე გარდა შიდა პოლიტიკური არასტაბილურობისა, სხვა ფაქტორებმაც იქონიეს გავლენა, მათ შორის რუსეთთან იმდროინდელმა დაძაბულმა ურთიერთობამ და ქვეყნის ტერიტორიაზე გახშირებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა.

გადატრიალების მცდელობის შემდგომ ოფიციალურმა ანკარამ ახალი ინსტიტუცია – სუვერენული ფონდი – ჩამოაყალიბა, რომელსაც პარლამენტმა იგივე ფუნქციები მიანიჭა, რაც ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და ცენტრალურ ბიუჯეტს გააჩნია. პარლამენტის ახალი კანონით იმ პირებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ თანხის დაფარვა გაუმარტივდათ. კრიზისის შესანელებლად პარლამენტმა წაახალისა დაზარალებული კომპანიებისთვის მსხვილი სესხის გაცემა და ფინანსური შეღავათები დააწესა მცირე ბიზნესზე, რომელიც დასაქმებას უწყობდა ხელს. პარლამენტმა დროებით შეაჩერა მუშათა გამოსვლების უფლებაც.

თებერვლიდან მოყოლებული გლობალური ეკონომიკური ტენდენციის შესაბამისად თურქეთში ინვესტორებმა დაბრუნება დაიწყეს. შედეგად, ლირამაც დაიწყო გამყარება და 3.5 ნიშნულს გაუთანაბრდა. გასული წლის ბოლო კვარტალის ეკონომიკური ზრდის (3.5%) ნაცვლად მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქეთის ეკონომიკა გადატრიალების მცდელობამდე არსებულ ზრდის მაჩვენებელს (5%) დაუბრუნდა.

თურქეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა იქონია ფეთჰულა გიულენის და მასთან აფილირებული პირების მფლობელობაში მყოფი კომპანიების ჩამორთმევამ და სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნამ. ეს ორგანიზაციები დაექვემდებარა დეპოზიტების დაზღვევის ფონდს (Savings Deposit Insurance Fund – TMSF), რომელიც მმართველი პარტიის მიერ იმართება. ფონდის ხელმძღვანელი ქვეყნის ვიცე-პრემიერი ნურეთინ ჯანიქლია. მისი განცხადებით, ფონდის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების საერთო ღირებულება 40 მილიარდი ლირაა, მათი ოდენობა კი 858-ია. კომპანიებში 45 000 ადამიანია დასაქმებული და მათ მეთვალყურედ სახელმწიფომ 259 რწმუნებული დანიშნა. გაურკვევლია, თუ ზუსტად რა რაოდენობის კომპანიაა ამ ჩამონათვალში, რომელსაც გიულენი და მისი მხარდამჭერები ფლობდნენ.

ეს პირველი პრეცედენტი აღმოჩნდა, როდესაც სახელმწიფომ ქონება მუსლიმ პირებს ჩამოართვა. წინა პერიოდში ამგვარი ქმედებები მხოლოდ არამუსლიმი უმცირესობების წინააღმდგეგ ხორციელდებოდა.

 

დასკვნის მაგიერ

რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მისი გაპრემიერებიდან (2003 წელი) დღემდე თურქეთში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები მოახდინა. თუკი 2003 წელს, თურქეთის მოქალაქის საშუალო წლიური შემოსავალი 3800 დოლარს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარია. შედეგად, ქვეყანაში სიღარიბის დონემ 23%-დან 2%-მდე დაიწია.

ამ ეკონომიკური ბუმისთვის ბოლოს 15 წლის განმავლობაში ერდოღანი დიდი ნდობით სარგებლობდა, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეს ნდობა შეარყია. ერდოღანმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ მისი პოლიტიკური გამარჯვება ჯერ ბოლომდე დასრულებული არაა: მას 2019 წლის არჩევნები აქვს მოსაგები. დღევანდელი თურქეთი მკვეთრად პოლარიზებულია, რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის სხვაობა ძალიან მცირე იყო. გასულ კვირებში ანკარიდან სტამბულამდე უპრეცედენტო საპროტესტო ‘მარში სამართლიანობისთვის’ მოეწყო, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი შეურთდა. ბუნებრივია ეს ფაქტორები ქვეყნის ლიდერს მომავალ არჩევნებში გარანტირებულ გამარჯვებას არ უქადდის.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას