არაბეთის ნახევარკუნძულზე ნოემბერში პოლიტიკურმა ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა: საუდის არაბეთის პრინცის ბინ სალმანის ხელმძღვანელობით სამეფოში ანტიკორუფციული წმენდა განხორციელდა, რასაც 11 პრინცის, 4 მინისტრის და კიდევ ათეულობით ყოფილი მინისტრის დაკავება მოჰყვა; პოლიტიკურად მოტივირებულ წმენდამდე ერთი დღით ადრე იემენის ტერიტორიიდან ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების მებრძოლებმა ერ-რიადისკენ ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, რომელიც საკუთრივ ირანული წარმოების იყო. ქმედება საუდის არაბეთში ირანის მხრიდან ომის გამოცხადებად შაფასეს; ყოველივე ამას, ერ-რიადში ვიზიტად მყოფი ლიბანის პრემიერ-მინისტრის საად ჰარირის საეჭვო გადადგომა მოჰყვა, რომელიც სამშობლოში სამი კვირის შემდეგ დაბრუნდა.
არაბული მოვლენების ამგვარ დრამატულ განვითარებას საკუთარი მიზეზები აქვს, რომელიც სამეფოში მიმდინარე უჩვეულო შიდაპოლიტიკური პროცესებიდან და ასევე, ტახტის ახალი მემკვიდრის საგარეო პოლიტიკური ხედვებიდან გამომდინარეობს. პრინც ბინ სალმანის წარმატება ქვეყნის შიგნით დამოკიდებულია მის საგარეო პოლიტიკაზე და პირიქით. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მისი საშინაო და საგარეო ორიენტირები ურთიერთგამომრიცხავი და ერთმანეთის ხელის შემშლელია.
შიდა პოლიტიკა
საუდის არაბეთის სამეფო ტახტს მისი დამაარსებელი მეფე აბდულაზიზ იბნ საუდის გარდაცვალების შემდგომ (1953) მისი შვილები, ასაკის მიხედვით, ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად მართავდნენ. საუდის არაბეთის აბსოლუტურ მონარქიულ პოლიტიკურ სისტემას მხოლოდ ერთხელ, 1979 წელს დაემუქრა, საფრთხე, როდესაც ირანში მომხადრი შიიტური რევოლუციით შთაგონებულმა სამეფოს შიიტურმა უმცირესობამ მეფის წინააღმდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სახალხო გამოსვლები დაიწყო. მაშინდელი პროტესტი სამეფოს სახლის მიერ მკაცრად იქნა ჩახშობილი, რომელსაც მხარს უჭერდა მისი სტრატეგიული მოკავშირე, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.
მე-20 საუკუნის მერე ნახევარში სამეფოს შიდა სტაბილურობა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის და მათივე მსხვილი ნავთობკომპანიების ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ისლამური, ვაჰაბიტური კანონებით მოქმედი არაბული სამეფო ამავე ქვეყნების მხარდაჭერით იძენდა ლეგიტიმაციას საერთაშორისო ასპარეზზეც.
საუდების სახლისთვის შიდა პოლიტიკური სტაბილურობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მაინც ნავთობის გაყიდვით მიღებული უზარმაზარი შემოსავლები იყო. ფინანსური რესურსები აღმოჩნდა ის სტრატეგიული იარაღი მათთვის, რითაც ისინი სამეფო სახლის გარკვეულ ჯგუფებს ყიდულობდნენ. მაგრამ მათი მთავარი სამიზნე ვაჰაბიტური, ულტრაკონსერვატიული სასულიერო ფენა იყო, რომლითაც მონარქები შიდა ლეგიტიმაციას იძენდნენ და ქვეყნის მოსახლეობის პროტესტს ანელებდნენ; მოსახლეობის, რომელზედაც ქვეყნის მდიდარი ნავთობრესურსებით მიღებული მოგება შესაბამისად არ ასახულა. სასულიერო ფენის დაფინანსება მათ მოსყიდვაზე რომ მიუთითებდა ისიც მეტყველებს, რომ თავად მეფეები და პრინცები რელიგიურ წესების საპირისპიროდ სიმდიდრესა და დასავლური სამყაროს ცხოვრების წესზე ხშირად უარს არ ამბობდნენ.
ბოლო წლებში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა სამეფოში ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორციელების საჭიროება გააჩინა. მთავარი და სამეფოსთვის მგრძნობიარე საკითხი ნავთობი, მისი წარმოება და ფასები აღმოჩნდა. თუკი 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნა გაიზარდა და ბარელ ნავთობზე ფასი პრაქტიკულად გაორმაგდა და 110 დოლარს მიაღწია, უკვე 2014 წლიდან მისი ღირებულება მკვეთრად ვარდება და 2016 წლისთვის მხოლოდ 28 დოლარი ხდება. აღნიშნული ვარდნა ნავთობზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია, რაც საკუთრივ დაკავშირებულია შეერთებული შტატების მიერ საკუთარი ნავთობმარაგებიდან ნავთობის მოპოვების გააქტიურებასთან. ბოლო ათწლეულში აშშ-მა ნავთობის საკუთარი დღიური მოპოვება თითქმის გააორმაგა (5 მილიონი ბარელიდან 9.6 მილიონ ბარელამდე) და მნიშვნელოვნად დაეწია საუდის არაბეთის მიერ მოპოვებულ კვოტას. ბოლო წლებში შემცირებული პეტროდოლარების გამო სამეფო სახლის გარკვეულ ფრაქციებს ფინანსები შემოაკლდათ. ეს ტენდენცია სამეფო სახლის განსაკუთრებით იმ ნაწილზე აისახა, რომელიც ვაჰაბიტურ ინსტიტუტებს და ისლამისტურ ორგანიზაციებს აფინანსებდნენ. შექმნილი მდგომარეობა საუდის არაბეთის პოლიტიკურ სისტემას მყიფეს ხდიდა, რადგან იზრდებოდა სამეფო სახლში შიდა დაპირისპირებების ალბათობა.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC 2020 წლისთვის ნავთობის ფასის 70 დოლარამდე გაზრდას და მის მომდევნო ათწლეულებში შენარჩუნებას ვარაუდობს, საუდის არაბეთის სამეფო სახლში დაიწყეს იმის გააზრება, რომ ნავთობის მერყევ ფასებზე ქვეყანა ვეღარ იქნება დამოკიდებული და ამ რესურსის შემცირებასთან ერთად მის ეკონომიკას ახალი მამოძრავებელი მექანიზმი სჭირდება.
ქვეყნის მასშტაბური ტრანფორმაციის გზაზე დასაყენებლად მეფე სალმანმა ტახტის მემკვიდრე, ძმიშვილი მუჰამედ ბინ ნაიფი საკუთარი შვილით ახალგაზრდა მუჰამედ ბინ სალმანით მიმდინარე წლის ზაფხულში შეცვალა. პრინცი ბინ სალმანის პირველი ნაბიჯი საზოგადოებისთვის ახალი პროექტის, ‘ხედვა 2030’ წარდგენა გახდა, რაც სამეფოს ნავთობზე დამოკიდებულებიდან ძლიერ ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ ქვეყნად გადაქცევას გულისხმობს. ამ პროექტში შედის ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში ახალი გლობალური, ფუტურისტული ქალაქის NEOM-ის აშენება, რომელიც განახლებული საუდის არაბეთის სახე უნდა გახდეს. ქალაქი იქნება სილიკონის ველის და დუბაის ერთგვარი ჰიბრიდი – ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების საწარმოო ადგილი, მსოფლიო ფინანსური და სავაჭრო ცენტრი, განახლებადი ენერგიების მწარმოებელი და ტურისტული ადგილი.
საუდის არაბეთისთვის ყველაზე სახიფათო და სარისკო ამ ტრანზიციული პერიოდის გავლა იქნება. პრინცმა ბინ სალმანმა უკვე გადაწყვიტა სახელმწიფო შიდა და გარე ხარჯების შემცირება და ამასთანავე, სახელმწიფო ნავთობკომანია Aramco-ს 5%-ის გაყიდვა. ესეც ერთგვარ სიმბოლურ ნაბიჯს წარმოადგენს, რომ სამეფო ნელ-ნელა უარს ამბობს ნავთობდამოკიდებულებაზე და მისთვის ახალ ეკონომიკურ ერას იწყებს.
ტრანზიციული პერიოდის მშვიდობიანად გასავლელად პრინცს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა მოუწევს. მან პირველ რიგში სამეფო სახლის წარმომადგენლები უნდა დაარწმუნოს მისი ხედვის ლეგიტიმურობაში. მეორეს მხრივ, რადიკალური ისლამიდან ზომიერ ისლამზე გადასასვლელად მან უნდა გაარღვიოს საუდების ვაჰაბიტური კულტურა, რომელიც კონსერვატიულ სოციალურ და რელიგიურ ნორმებზე დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდუსტრიული განვითარება მონოლითური საზოგადოებით ვერ განხორციელდება.
საეჭვო მოდერნიზაცია
შიდა ფაქტორები
ნოემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ ბინ სალმანის ბრძოლა უკვე დაწყებულია. ცხადი იყო, რომ პეტროდოლარებით გამდიდრებული პრინცების ნაწილი ტახტის მეკვიდრის იდეებს შეეწინაღმდეგებოდნენ. სანამ პროტესტი დამწიფდებოდა და მის წინააღმდეგ სამეფოს სახლის წარმომადგენლები საერთო ძალით გამოვიდოდნენ ბინ სალმანმა პირველი და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა – მან ყველაზე გავლენიანი პრინცები და სამეფოს სახლის სხვა წევრები ანტიკორუფციული ბრალდებით დააკავა. რევანშისტული ძალების გაძლიერების პრევენციისთვის საუდის არაბეთში ამგვარი პოლიტიკური წმენდა შეიძლება კვლავ გაგრძელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაჰაბიტური სასულიერო ფენა ტახტის მემკვიდრესთან ღია კონფრონტაციაში არ ჩაბმულა, უკვე ჩანს, რომ მათთვის პრინცის ხედვები მიუღებელია. ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც ბინ სალმანმა სამეფოს ისტორიაში პირველად, ქალებს ავტომობილის მართვის შესაძლებლობა მისცა.
პრინცის მესამე მთავარი შიდა მოწინააღმდეგე შესაძლოა თავად საუდელი ხალხი აღმოჩნდეს. სამეფოს ეკონომიკური ზრდა შემცირებულია, უმუშევრობა იზრდება, ამის ფონზე პრინცის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ხარჯები მცირდება. ეკონომიკურ ფაქტორებს სოციალური ტრანსფორმაციაც ემატება, რომელიც კონსერვატიული საზოგადოებისთვის უცხო და მიუღებელია. მოსახლეობაზე წნეხის ნიშნები უკვე გამოჩნდა – მეფის ბრძანებით ახალი კანონი გამოიცა, რის მიხედვითაც, მეფის და პრინცის სიტყვიერი შეურაცხყოფა 10 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამასთანავე, ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობისთვის სანქცია სიკვდილის დასჯა გახდება.
საგარეო ფაქტორები
სამეფოს რეფორმაციისთვის საჭირო შიდა სტაბილურობის გარდა, საგარეო ფაქტორების გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. საუდის არაბეთის ბოლო წლების საგარეო პოლიტიკა მისი შედეგებიდან გამომდინარე მცდარი და უშედეგოა. ახლო აღმოსავლეთში ამის გამო დაძაბულობა პიკს აღწევს.
თავდაპირველად, საუდის არაბეთმა მის მიზანს ვერ მიაღწია და მის მიერ დაფინანსებულმა ისლამისტმა ამბოხებულებმა სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ვერ შეცვალეს და კრახი განიცადეს. უკვე ორი წელია, რაც საუდის არაბეთის სამხედრო ძალებმა ვერ შეძლეს და ვერ გატეხეს იემენში მოქმედი ამბოხებული ჰუსიტების წინააღმდეგობა და ამ ფრონტზეც საუდები წინ ვერ მიიწევენ. ამ სამხედრო კონფრონტაციებს ზაფხულში ყატართან პოლიტიკური და ეკონომიკური ომი დაემატა. საუდის არაბეთის მეთაურობით ოთხი არაბული ქვეყნის მიერ ყატარის ბლოკადამ რეგიონში დაძაბულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. არაოფიციალური ინფორმაციით, სამეფო ყატარში რეჟიმის სამხედრო ძალით შეცვლასაც კი გეგმავდა, რისი პრევენციაც თურქეთმა და აშშ-მ მოახდინეს.
ამ უშუალო კონფრონტაციების უკან დგას საუდის არაბეთის რეგიონული მეტოქე ირანი, რომელთანაც სამეფო დღეის მდგომარეობით, ერთგვარ ცივ ომში იმყოფება. დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ სამეფომ გადაწყვიტა ისრაელთან თანამშრომლობაც და საერთო ძალით რეგიონში ირანის გავლენების შემცირება. ამ პროცესის ნათელი გამოვლინება იყო ერ-რიადში მყოფი ლიბანის პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის ეჭვებით სავსე და მოულოდნელი გადადგომა. საუდის არაბეთისა და ისრაელის საერთო ინტერესს ლიბანში ირანის მოკავშირის ჰეზბოლას შესუსტება წარმოადგენდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ლიბანის პრემიერს ჰეზბოლასთან დაპირისპირება მოსთხოვეს, რაც საკუთრივ ლიბანში შიდა არეულობას და შესაძლოა, სამოქალაქო კონფრონტაციასაც გამოიწვევდა.
ირანთან დაპირისპირებაში ბინ სალმანისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს ისიც, რომ ირანი, როგორც წლების წინ იყო, საერთაშორისო არენაზე აღარ წარმოადგენს მარგინალურ აქტორს და მისი დემონიზაცია ცალსახად აღარ ხდება. ირანთან რაციონალურ ურთიერთობაშია და პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს, როგორც ევროპა, ასევე რუსეთი და ჩინეთი.
მსგავსი საგარეო პოლიტიკით პრინცი ბინ სალმანი საკუთარ პოზიციებს რისკის ქვეშ აყენებს. სამეფოში შექმნილი მყიფე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა ირანსა და ყატარს საშუალებას აძლევს სამეფოს შიდა საქმეებში ირიბი გზებით ჩაერიონ და ხელი შეუწყონ, როგორც სამეფო სახლში შიდა დაპირისპირების, ასევე ქვეყანაში სახალხო პროტესტის გაღვივებას. იემენიდან ერ-რიადისკენ მორიგი გასროლილი ბალისტიკური რაკეტა შესაძლოა, სამეფო სახლის წევრებისთვის არგუმენტი გახდეს იმისთვის, რომ პრინცი და ამავე დროს თავდაცვის მინისტრი ბინ სალმანი საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებს – მისი პოლიტიკური ხედვები რეალობასთან აცდენილია და ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
დასკვნის მაგიერ
საუდის არაბეთის ისტორიული მოდერნიზაციის პროცესისთვის უპრეცედენტო შიდა და საგარეო სტაბილურობაა საჭირო. ამ სტაბილურობამ უნდა განსაზღვროს ქვეყანაში მასშტაბური, როგორც შიდა, ასევე გარე ინვესტიციების განხორციელება, რადგან ქვეყნის ინდუსტრიული ტრანსფორმაცია ეფექტურად შედგეს. სამეფო ტახტის მემკვიდრე ბინ სალმანის პოლიტიკები ორივე მიმართულებით, როგორც ჩანს, ამგვარი სტაბილურობის შესაქმნელად არ არის გამიზნული, რაც მისი ხედვების ხორცშესხმასთან წინააღმდეგობაში მოდის.
თვალშისაცემი შიდა სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობა და ამასთანავე, აგრესიული საგარეო პოლიტიკა საუდის არაბეთის მმართველობას სამომავლოდ, ხელს შეუშლის სამეფოს განვითარების ახალ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლას. შესაბამისად, დღეს არსებული იდეების განხორციელება შესაძლოა, დროში მნიშვნელოვნად გაიწელოს ან განუხორციელებელ იდეებად დარჩეს.