მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

ფოტო გარეკანზე: english.alarabiya.net

ფოტოზე თქვენ ხედავთ ადგილს, სადაც 2030 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ურბანული დასახლება გაშენდება.

გასულ კვირას საუდის არაბეთის 32 წლის პრინცმა ბინ სალმანმა სამეფოში რევოლუციური ურბანული პროექტის განხორციელების შესახებ დააანონსა, რომელიც რევოლუციურ ცვლილებებსვე გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფუტურისტული ქალაქი NEOM, როგორც საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის, ასევე საერთაშორისო 500 მილიარდიან დოლარიანი ინვესტიციებით უნდა აშენდეს, რომელიც 26 500 კვ. კმ-ზე იქნება გადაჭიმული. იგი რეგიონის სამი ქვეყნის – ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია – მოსაზღვრე და ამავდროულად, სუეცის არხის სიახლოვეს იქნება, რაც მას დამატებით მნიშვნელობას მიანიჭებს საერთაშორისო ვაჭრობაში. თავისუფალი სავაჭრო, საფინანსო და ინდუსტრიული ზონა სამი კონტინენტის – აზია, ევროპა, აფრიკა – შემაერთებელი კვანძი იქნება, სადაც არ გავრცელდება საუდის სამეფოს ისლამური კანონი.

ქალაქი ორიენტირებული იქნება განახლებადი ენერგიების – ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებაზე, სასმელი წყლის , საკვების, ბიოტექნოლოგიების, ჰაიტეკის წარმოების და გართობის სფეროზე, რაც უბრანულ სივრცეს საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცევს მსოფლიოში. როგორც ჩანს, ბინ სალმანს სამეფოსთვის საკუთარი, უფრო მასშტაბური დუბაი სურს.

ახალი მეგაპროექტის იდეა ბინ სალმანის იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც სამეფოს ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას და ქვეყნის ნელ-ნელა ეკონომიკური განვითარების სხვა მოდელზე გადასვლას გულისხმობს. ამასთანავე, მან მიუთითა იმაზეც, რომ ქვეყანა წარსულით ცხოვრებას აღარ აპირებს და მზადაა ვაჰაბისტური ისლამის გავლენა შეამციროს და საუდების საზოგადოება ზომიერი ისლამისკენ წაიყვანოს. ამ განცხადების განმარტებისას, პრინცმა დაამატა, რომ საუდები რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას აღარ გააგრძლებენ და ამასთანავე, ქალების უფლებების ზრდას შეუწყობენ ხელს.

NEOM-ზე კომენტარი ჯერ არცერთ მის სავარაუდო მეზობელ ქვეყანას არ გაუკეთებია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ისინი ამ ინიციატივას მიესალმებიან. ქალაქის სახელი აკრონომია, სადაც Neo ახალს ნიშნავს, ხოლო M მომავალს – არაბულად Mostaqbal.

რა არის NEOM?

ფუტურისტული ქალაქის იდეა საუდების ‘ხედვა 2030’-ის ნაწილია, რომლის მიზანია სამეფოს ტრანსფორმაცია ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკიდან ინდუსტრიულ, მაღალტექნოლოგიურ და ტურისტულ სფეროებზე მოახდინოს და რეგიონში გლობალური ეკონომიკური ჰაბი შექმნას. NEOM კონცენტრირებული იქნება ცხრა სპეციალიზაციაზე: ბიოტექნოლოგიები, განახლებადი ენერგიები, საკვები, წყალი, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, მედია, გართობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

გარდა საცხოვრებელი და ბიზნეს საქმიანობის პირობების ხელშეწყობისა, სამეფოს მიზანია ქალაქი საგანმანათლებლო და გასართობ-დასასვენებელ ცენტრადაც აქციოს. ქალაქში უნდა შეიქმნას ულტრათანამედროვე სატრანსპორტო სისტემა, რომელსაც ნულოვანი დაბინძურების ხარისხი ექნება. ამასთანავე, ქალაქში იგეგმება მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სისტემის შექმნა და საკვები პროდუქტების წარმოებაც. რეგიონში ქალაქის ეკონომიკური და სამეცნიერო დედაქალაქად ქცევამ მსოფლიო მასშტაბით მასში მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უნდა მოახდინოს. ამან ხელი უნდა შეუწყოს საუდის არაბეთის მშპ-ს ზრდას და შეამციროს მისი ნავთობზე დამოკიდებულება. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ინიციატივის ხორცშესახმელად, პროექტის მიხედვით,  NEOM არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო ადგილად უნდა იქცეს. ქალაქის უსაფრთხოებისთვის და უახლოესი ეკონომიკური სივრცის ინტეგრაციისთვის არაბეთის ნახევარკუნძული საავტომობილო ხიდით ეგვიპტეს, სინას ნახევარკუნძულს დაუკავშირდება. იგი მეფე სალმანის სახელობის იქნება. პრინცის განცხადებით, NEOM იქნება ‘ადგილი მეოცნებეთათვის’, რომელთაც საკუთარი იდეების ამ ქალაქში განხორციელება შეეძლებათ.

ფუტურისტულ ქალაქზე მხოლოდ საუდის არაბეთის სუვერენიტეტი გავრცელდება, ხოლო იგი დამოუკიდებელი იქნება ქვეყნის ისლამური და სახელწმიფოს სხვა მმართველობითი ჩარჩოებისგან. ქალაქისთვის სპეციალურად შეიქმნება ცალკე ადმინისტრაციული კანონმდებლობა და მისი მართველობა ელექტრონული, ციფრული სისტემით განხორციელდება.

 

NEOM-ის საეჭვო მომავალი

ქალაქის პროექტის განხორციელებამ შესაძლოა ბევრში სკეპტიციზმი გამოიწვიოს, რადგან ქვეყნის ერთი ნაწილის დანარჩენისგან რადიკალურად განსხვავებული სოციალური, ეკონომიკური და რელიგიური განვითარებით შესაძლოა შეუძლებლად მიიჩნიოს. საუდების სამეფოს დაარსებიდან ქვეყნის მთავარი იდეოლოგიური მამოძრავებელი ძალა მისი ისლამის მცველის სტატუსი იყო, რომელიც რელიგიის წმინდა ადგილების პატრონი იყო. ისლამი და კერძოდ ვაჰაბიზმი ათწლეულების განმავლობაში სამეფო ტახტის საშუალება იყო საკუთარი მმართველობა გაემყარებინათ, რელიგიური წრეებისგან მხარდაჭერა და სახალხო ლეგიტიმაცია მიეღოთ. ამისათვის, დინასტია პერმანენტულად ახდენდა წმინდა ქალაქების, მექასა და მედინას გაფართოებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. პრინცი ბინ სალმანიც ცდილობს ისლამის მცველის იმიჯი შეინარჩუნოს და ტრადიციული წრეები არ გაანაწყენოს, ამიტომ მისი გადაწყვეტილებით მექას სამომავლო განვითარებისთვის ასი მილიარდი დოლარი გამოყო. მაგრამ საკმარისი იქნება ეს გადაწყვეტილება ბინ სალმანის მიერ ნდობის მოსაპოვებლად  რთული სათქმელია, რადგან მექის მსგავს ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციას სამეფოს სხვა მეფეებიც პერიოდულად ახდენდნენ.

ისლამის მცველის სტატუსი ბუნებრივია, არ იყო მხოლოდ შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის, მისით სამეფო ტახტი საერთაშორისო ასპარეზზე – ისლამურ სამყაროში, კონკრეტულად კი, რეგიონში საკუთარ გავლენას ავრცელებდა და ამყარებდა. ქალაქ ჯედაში მდებარეობს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის და ისლამური განვითარების ბანკის ოფისები. წმინდა ადგილების მოსანახულებლად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან მილიონობოთ პილიგრიმი ჩადის და პირდაპირი შემხებლობა აქვს ქვეყანასთან. ჰაჯის შეზღუდვით საუდის არაბეთი ხშირად ისლამურ ქვეყნებთან პოლიტიკურად ვაჭრობდა. ბოლო ამგვარი შემთხვევა ყატარის ბლოკადისას მოხდა, როდესაც საუდების სახლმა აფრიკის ისლამურ ქვეყნებს მოუწოდა ყატარისთვის ბლოკადა გამოეცხადებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან პილიგრიმთა კვოტა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

პრინც ბინ სალმანს სურს სამეფოს ორთოდოქს რელიგიურ წარსულზე უარის თქმა და სეკულარიზაციის პროცესის დაწყება, სადაც რელიგიას საზოგადეობრივ ცხოვრებაზე გავლენა შეუსუსტდება. მისი აზრით, მომავალი მეფის სტატუსი და მეფის ბრძანებები საკმარისი ძალაუფლებრივი ინსტრუმენტები იქნება ამგავრი მასშტაბური ტრანსფორმაციული პროცესის დასაწყებად. პრინცის განცხადება, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 30 წლამდე ასაკისაა და ამ თაობას ნორამლური ცხოვრება სურს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ იგი საუდების ვაჰაბისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი აღარ არის და მის საშინაო და საგარეო ექსტრემისტულ პოლიტიკას აღარ ემხრობა. ქალების რევოლუციური ემანსიპაციის და ფუტურისტული ქალაქის იდეა, სადაც ისლამური რელიგიური კანონები არ გავრცელდება მიანიშნებს იმაზეც, რომ პრინცს დასავლური ცივილიზაციის არაბულ სამყაროში რევოლუციური გზით შედინება სურს. ქალაქის ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში განაშენიანების სურვილი და მისი სახელწოდებაც, რომელიც ძველ ბერძნულისა და არაბულის ჰიბრიდია, ამ ცივილიზაციათა შერწყმის სურვილის სიმბოლური გამოხატულებაცაა.

საუდის არაბეთში რელიგია და სახელმწიფო შეზრდილია ერთმანეთთან და ერთ მთლიანობას წარმოადგენს. ამ სიმბიოზის ნებისმიერი ხარისხით დაშორება გარკვეულ დროს მოითხოვს, სასულიერო პირების და არაბი ინტელექტუალების საჯარო განხილვების თანადროულად. ბინ სალმანისეული რადიკალური ზემოდან-ქვემოთ მიდგომა დიდი ალბათობით, როგორც სასულიერო ფენაში, ასევე საზოგადოებაში პროტესტს გამოიწვევს. თითქმის საუკუნის განმავლობაში ფუნდამენტური რელიგიური კანონებით მაცხოვრებელ საზოგადოებაში პრინცის ნაჯახისებრი ცვლილებები შეიძლება შეურაცხმყოფელი კი აღმოჩნდეს, რამაც შესაძლოა საუდების სამეფო სახლს საფრთხე შეუქმნას. შესაძლოა, თვითონ სამეფო სახლშიც კი მოხდეს განხეთქილება და საქმე არამარტო პოლიტიკურ, არამედ სამოქალაქო კონფლიქტში გადაიზარდოს. მასშტაბური პროტესტის თავიდან ასარიდებლად სამეფო ტახტს მომავალში არაბი ინტელექტუალების, დაწინაურებული ფენების წარმომადგენელბის და შესაძლოა, თავად სამეფო სახლის წევრების დაკავებაც კი მოუწიოს, რათა სათავეშივე აღკვეთოს ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მოდერნიზაციის პროცესის შეჩერება. რამდენად ექნება ახალგაზრდა მომავალ მეფეს ამ ქმედებების განხორციელების პოლიტიკური კაპიტალი დრო გვიჩვენებს.

 

პოლიტიკური ცვლილებები რეგიონში

ბინ სალმანის მიერ დააანონსებული ვაჰაბიტურ ექსტრემიზმზე უარის თქმა მთელ რიგ პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს რეგიონში. თუკი პრინცის ეს განცხადება რეალობაში განხორციელდება ეს იმას ნიშნავს, რომ ტერორიზმის დაფინანსებას საუდის არაბეთი თუკი არ შეწყვეტს, მინიმუმამდე დაიყვანს მაინც. ამასთანავე, სამეფო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობას და მასში უზამრაზარი თანხების ხარჯვას დაასრულებს. ამის ნიშნები დღესაც ჩანს: საუდის არაბეთმა პრაქტიკულად შეწყვიტა სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შეცვლისთვის ისლამისტი მებროძლების და ტერორისტული ორგანიზაციების იარღით აღჭურვა და ფინანსური მხარდაჭერა. ასევე, ბინ სალმანის რიტორიკიდან ჩანს, რომ სამეფოს აღარც იემენში მიმდინარე სამხედრო კაპმანიის დაფინანსება სურს, სადაც სამეფო ყოველთვიურად ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს. საუდის არაბეთისთვის ჯერ კიდევ კრიტიკულ საკითხებად რჩება ყატარის ბლოკადა და ირანთან დაპირისპირება.

საუდის არაბეთის მსგავის ქცევა შეიძლება ნავარაუდევი იყოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორითაც – ფუტურისტული მეგაქალაქის აშენება, სადაც მსოფლიოს ყველა წერტილიდან ადამიანებს და მსხვილ კაპიტალს ჩასვლა, საქმის კეთება და დასვენება მოუნდებათ უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების მიღებას მოითხოვს, არამხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ რეგიონისაც. ქალაქ NEOM-ის აშენებამ და წარამტებულმა ფუნქციონირებამ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების სიხშირე და ტერორისტული თავდასხმების ალბათობა მნიშვნელოვნად შეამციროს. მაგრამ ამისათვის საუდის არაბეთს სხვა არაბულ ქვეყნებთან და ირანთან ურთიერთობების მშვიდობიან ფორმატში გადაყვანა მოუწევს. ამის პერსპექტვას ერთი ფაქტორი უშლის ხელს – ეს ისრაელია.

NEOM-ის გეოგრაფიულმა მდეობარეობამ შესაძლოა რეგიონში პოლიტიკური რევოლუციაც კი მოახდინოს. მისი მოსაზღვრე ეგვიპტე და იორდანია ამ პროექტის წინააღმდეგი არ იქნებიან, რადგან ისინი, როგორც უსაფრთხოების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხითაც იხეირებენ. მაგრამ აქ ისრაელის საკითხი დგება, რომელსაც ქალაქის საზღვარი თითქმის უნდა მიებჯინოს. ისრაელი, როგორც სახელმწიფო არაბული სამყაროდან მხოლოდ მის ორ მეზობელს, იორდანიასა და ეგვიპტეს ჰყავს აღიარებული. ეგვიპტემ ეს უკანასკნელი 1979 წლის შეთანხმებით მოახერხა, სადაც მხარეებს შორის მოდერატორობა აშშ-მა კემპ დევიდში გასწია. სინას ნახევარკუნძულის დემილიტარიზაციით და ეგვიპტისთვის მსხვილი ფინანსური დახმარების სანაცვლოს ეგვიპტე მისი მტრის ისრაელის სახლემწიფოებირიობას დათანხმდა.  მოგვიანებით, 1994 წელს იორდანია მეორე არაბული ქვეყანა გახდა, რომელიც იგივე გაიმეორია. საუდის არაბეთი ისრაელს არ ცნობს და ერთ-ერთი მოწინავე ანტისიონისტური ქვეყანაც არის, მაგრამ რეალობა უკანასაკნელ პერიოდში იცვლება.

ყატარის ბლოკადამ, ყატარული მედია საშუალების ალ-ჯაზირას დემონიზაციამ და რაც მთავარია, მკვეთრმა ანტიირანულმა პოლიტიკამ ისრაელისა და საუდის არაბეთის ინტერესები ერთამენთთან მნიშვნელოვნად დააახლოვა. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ პრინცი ბინ სალმანი ისრაელში არაფორმალური ვიზიტითაც იმყოფებოდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ფაქტი დაადასტურეს, მაგრამ სამეფო სახლის მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. პრინცის ქმედებები ლოგიკურად აჩენს მოარულ აზრს, რომ შესაძლოა საუდის არაბეთმა NEOM-ის პროექტის განხორციელებისთვის მომავალში ისრაელის სახელმწიფო აღიაროს.

ფუტურისტული ქალაქი ტირანას სრუტეზეც გადის, სადაც გემების გატარების უფლება ისრაელს ეგვიპტესთან 1979 წლის შეთანხმებით აქვს გარანტირებული. ეს ფაქტიც მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის განხორციელება ისრაელის თანხმობის გარეშე გაჭირდება, რადგან მომავლის ქალაქისთვის უსაფრთხოების ვაკუუმი შეიქმნება.

გარდა უსაფრთხოების ფაქტორისა, ისრაელთან კეთილმეზობლური ურთიერთობა საუდის არაბეთს ეკონომიკური თვალსაზრისითაც სურს. ჩინეთი ისრაელში ‘სარტყელისა და გზის ინიციატივის’ (BRI) ფარგლებში 350 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის RED-MED-ის გაყვანას აპირებს, რომელიც საპორტო ქალაქ ჰაიფასა და აქაბას ყურეს ერთმანეთთან დააკავშირებს. რკინიგზით ყველწლიურად 3.5 მილიონი მოქალაქის, 2.5 მილიონი ტონა ტვირთის და 140 000 ავტომობილის გადაზიდვა იქნება შესაძლებელი. რკინიგზის ამ მონაკვეთის იდეამ კონკურენცია უნდა გაუწიოს სუეცის არხს. პროექტში ჩართული იქნება იორდანული მხარეც. ბუნებრივია, ამგვარი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, სადაც ჩინური და არამარტო ჩინური ინვესტიციები იქნება დაბანდებული NEOM-ის იდეის ეფექტურ განხორციელებასა და მის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

საუდის არაბეთის მხრიდან ისრაელის შესაძლო აღიარება პროტესტს გამოიწვევს სხვა არაბულ ქვეყნებში, რადგან ეს მათთვის, როგორც პრინციპების, ასევე ღირებულებების ღალატს წარმოადეგნს. სამეფოს მხრიდან ამგვარი ქმედება პალესტინელების მიმართაც ზურგის შექცევას გულისხმობს, რაც მათ მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს და უიმედოდ აქცევს. შესაძლოა, ამგავრმა სურათმა მთელი რიგი არაბული ქვეყნების ირანულ ორბიტაზე გადანაცვლება გამოიწვიოს, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ ირანიღა დარჩება ანტისიონისტური მოძრაობის მთავარ ღერძად რეგიონში.

უსაფრთხოების მოთხოვნილების ზრდამ შესაძლოა საუდების სახლის და ტერორსიტული ორგანიზაციების ურთიერთობებიც შეცვალოს. ექსტრემისტულ პოლიტიკაზე უარის თქმით და მასზე გამოყოფილი თანხების რადიკალური შემცირებით, შესაბამისად კი, ვაჰაბიზმის ‘ღალატით’ ისინი განაწყენდებიან და შესაძლოა, თავად საუდის არაბეთში შეეცადონ გააქტიურებას, ბინ სალმანის მართველობის ძირის გამოთხრას და სამეფოს ტრადიციული საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში დაბრუნებას.

ეკომონიკური თავლსაზრისით, NEOM მნიშვნელოვნად დააზარალებს საუდის არაბეთის მოკავშირე არაბულ ქვეყნებს, გაერთიანებულ არაბთა საემიროებს, ბაჰრეინს და კუვეიტს, რადგან მსხვილი ინვესტიციები მათი მიმართულებით შემცირდება და კონცენტრაცია ახალ, მომავლის ქალაქზე გაკეთდება.

 

დასკვნის მაგიერ

პრინც ბინ სალმანის ინიციატივა NEOM-ის ფუტურისტული ქალაქის პროექტის განხორციელების შესახებ სამეფოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პრინცის მოდერნული ხედვები საკმაოდ რადიკალური და რევოლუციურია, რომელიც ირიბი, ნეგატიური შედეგების თუ სხვა პროცესები დაწყების ალბათობას ქმნის. NEOM-ის პროექტი საუდის არაბეთის სეკულარიზაციის დასაწყისი იქნება, რომელიც ქვეყნის ღრმად კონსერვატიული საზოგადოებისთვის შესაძლოა უცხო, მიუღებელი და შეურაცხმყოფელიც კი აღმოჩნდეს. მისი იდეების განხორციელების გზაზე მომავალი მეფე მნიშვნელოვან წინაღობებს უნდა მოელოდეს, რომელმაც შესაძლოა საუდების დინასტიის არსებობას საფრთხე შეუქმნას.

NEOM შეიძლება ახლო აღმოსავლეთში ტრადიციული პოლიტიკების ცვლილების მთავარი მიზეზიც გახდეს. პროექტმა შესაძლოა ისტორიული მტრების დაახლოვება და მოკავშრეებს შორის ურთიერთობების განელება გამოიწვიოს. ამავე პროექტმა შესაძლოა რეგიონში უპრეცედენტო უსაფრთხოების ხარისხი შექმნას და მთელი რიგი პოლიტიკური თუ სამხედრო კონფლიქტების პრევენცია მოახდინოს კიდეც.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას