ორი წელი შესრულდა, რაც ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიას შორის ბირთვულ შეთანხმებას მიაღწია. გარიგების (Joint Comprehensive Plan of Action) მიხედვით, ირანული მხარე ურანის გამდიდრებას თანდათან შეამცირებდა და უარს იტყოდა ბირთვული იარაღის შექმნაზე; სანაცვლოდ კი, ქვეყანას გაეროს, ევროკავშირის და სხვა მულტილატერალური სხვადასხვა ტიპის სანქციები მოეხსნებოდა. შეთანხმება მხარეების ურთიერთნდობაზე იყო დაფუძნებული და მისი დარღვევა რაიმე დამატებით სანქციებს არ ითვალისწინებდა. ხელშეკრულება ასევე ეფუძნებოდა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შეთანხმების (Treaty on the Non-Proliferation of Nuclear Weapons) ერთგულებას.
შეთანხმების მიღწევა იმ პერიოდში ყველა მხარის ინტერესში შედიოდა. ირანის ეკონომიკას საერთაშორისო სანქციებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა და ქვეყანა სტაგნაციას განიცდიდა. ეკონომიკური განვითარების დაპირებით გაპრეზიდენტებული ჰასან როჰანისა და მისი მთავრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ასპარეზზე ნდობის აღდგენა და სანქციების მოხსნით ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების სტიმულირება. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ბირთვულ კლუბს კიდევ ერთი და სახიფათო წევრი შემატებოდა იმ რეგიონიდან, სადაც პოლიტიკური პროცესები ყველაზე სწრაფად იცვლება და არაპროგნიზირებადია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ისრაელი მისი შესრულების გარანტიების არარსებობის გამო კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, აშშ-ისთვის ირანის ბირთვული განეიტრალება რეგიონში არსებული ძალთა ბალანსის შენარჩუნებისთვის იყო საჭირო.
სანქციების მოხსნის შედეგად, ირანის მმართველი ელიტა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, რაც იმ მასშტაბებით არ მოხდა, როგორც მოელოდნენ. მაგრამ ირანის ეკონომიკამ მეთოდური ზრდა მაინც დაიწყო. ამას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. ხელშეკრულების დადებიდან პირველ ექვს თვეში ირანმა 4.2 მილიარდი დოლარის გაყინულ აქტივებზე წვდომა მოიპოვა და 7 მილიარდის მოგება ნახა საქონლის ექსპორტირებით. სანქციების მოხსნით, ირანის ეკონომიკის ბევრმა სექტორმა იხერია, მაგრამ მთავარი ბენეფიციარი ამით ენერგო-სექტორი აღმოჩნდა. ამავე პერიოდში ირანმა დღეში 400 ათასი ბარელი ნავთობის გაყიდვა დაიწყო და მხოლოდ ექვს თვეში დამატებით 5 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. პირველ ექვს თვეში გაიზარდა მსხვილი პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციების რაოდენობაც. მთავარი ინვესტიციები გერმანიიდან და სამხრეთ კორეიდან შევიდა ქვეყანაში და საერთო ჯამში 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით ირანის მშპ 2016 წელს 394 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო ნავთობის გაყიდვითა და ინვესტიციების მოზიდვით ნავარაუდევია, რომ 2017 წელს ქვეყნის მშპ 5.2%-ით გაიზრდება. ტენდენციის მიხედვით, ირანის 80 მილიონიან მოსახლეობაში ნელ-ნელა იზრდება საშუალო კლასი და ირანის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვისაც. იგი ყველაზე დიდი ეკონომიკაა, რომელიც ‘დიდ ოცეულში’ არ შედის.
აშშ და ბირთვული შეთანხმება
ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ორი წლის თავზე აშშ შეთანხმების მიმართ არაერთგვაროვანი რჩება. პრეზიდენტ ტრამპის, სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონისა და თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის ირანის მიმართ აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის მიერ ხელშეკრულების მიმართ თანმიმიდევრულობა. მაგრამ ერთი დღის შემდგომ, აშშ-მ ირანის 18 მოქალაქეს და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა, დაადანაშაულა რა ისინი ტრანსნაციონალურ კრიმინალურ საქმიანობაში და მათ უკანონო ირანელი აქტორები უწოდა. აშშ-ის ქმედებების საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა ელჩმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ვენაში დაგეგმილ ბირთვული შეთანხმების მონაწილეებთან შეხვედრისას, იგი ამერიკული მხარის მიერ შეთანხმების არ შესრულების საკითხს და ამასთან დაკავშირებით ირანის საჩივრებს განაცხადებს.
აშშ-ის ადმინისტრაცია მკვეთრად კრიტიკულია ირანის ბალისტიკური პროგრამის მიმართ, რომლის შეზღუდვასაც ის მოითხოვს. მაგრამ ბირთვული შეთანხმება ამ და სხვა ტიპის სამხედრო შეზღუდვებს ირანს არ უწესებს. ირანმა ბოლო თვეებია საკუთარი ბალისტიკური შეიარაღების გაძლიერება დაიწყო, რაც ამერიკული მხარისთვის რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამას გარდა, აშშ ირანს რეგიონში ტერორიზმის ხელშეწყობაშიც ადანაშაულებს, იქნება ეს სირიაში ირანული დანაყოფების ოპერირება, ლიბანური ჰეზბოლას წვრთნა-შეიარაღება თუ პალესტინური ჰამასის მხარდაჭერა. რეგიონში ირანული გავლენების შესაჩერებლად აშშ-ის ადმინისტრაცია არაბული კოალიციის ჩამოყალიბებას შეუდგა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ერთიანობისკენ მოუწოდა. ამ საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ყატარის გახმაურებულ ბლოკადაში მოქცევა მეტწილად, ქვეყნის ბოლო პერიოდში ირანთან აქტიური კავშირების დამყარების გამო იქნა გამოწვეული.
ამერიკის ანტიირანულმა აგრესიულმა პოლიტიკამ იმ საფეხურსაც კი მიაღწია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების ინიციატივაც კი გამოთქვა. ამ ინიციატივას ირანის სამხედრო ელიტების მხრიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება და მათ ამერიკული მხარე მსგავსი ქმედების შემთხვევაში შესაძლო მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს. ამ ინიციატივას არც საერთაშორისო მხარდაჭერა არ გააჩნია და აშშ მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში საკუთარ საერთაშორისო მორალურ ლიდერობას კიდევ უფრო შეასუსტებს. ადმინისტრაციის აღნიშნული განცხადება შესაძლოა, ირანზე პოლიტიკური ზეწოლის მხოლოდ მორიგ ინსტრუმენტად ჩაითვალოს.
მხარეებს შორის დაძაბულ ურთიერთობას ქვეყნის უმაღლეს დიპლომატებს შორის კონტაქტის ინტესივობაც ადასტურებს. აშშ-ის წინა სახელმწიდო მდივანი ჯონ კერი აქტიურ სატელეფონო კავშირზეიყო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფთან. მათმა ამ სახით ურთიერთობამ 2016 წელს შედეგი გამოიღო, როდესაც ირანულმა მხარემ დატყვევებული ამერიკელი მეზღვაურები ყოველგვარი გართულებების გარეშე გაათავისუფლა. დღეს არსებული კონფრონტაციული სიტუაციისა და ახლო აღმოსავლეთში გართულებული პოლიტიკური კრიზისებისა, სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს მის ირანელ კოლეგასთან არცერთი სატელეფონო ზარი არ განუხორციელებია.
თუკი აშშ-ის ბირთვული შეთანხმების გაგრძელება აღარ სურს მას ორი სავარაუდო გზა რჩება, ან შეთანხმებას გადახედოს და ხელახალი მოლაპარაკებები აწარმოოს ირანთან ან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მეთოდებით ირანი აიძულოს თავად გავიდეს შეთანხმებიდან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის მოსმენაზე რესპუბლიკელი სენატორის ტედ პოს კითხვაზე, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში რეჟიმის ცვლილებას, რექს ტილერსონმა ირიბი დასტური განაცხადა, უპასუხა რა, რომ აშშ აქტიურად ითანამშრომლებს ირანის ოპოზიციასთან ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი ტრანზიციისთვის. სახელმწიფო მდივნის განცხადებას ირანის საგარეო უწყების პასუხი მალევე მოჰყვა, რომელმაც აშშ-ის სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევისგან თავის შეკავება და ირანის შესაძლებლობების გათვალისწინება ურჩია. ჯავად ზარიფის თქმით, აშშ ირანში განხორციელებული არაერთი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს და აღნიშნა, რომ ირანში 19 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის 75% მივიდა და საკუთარი მმართველი მაღალი ლეგიტიმაციით არიჩია.
როგორც ჩანს, აშშ-ის ამჟამიდნელი ადმინისტრაციის პოლიტიკაში ირანთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენება არ შედის და მას კონფრონტაციულ გზას ამჯობინებს. აშშ-ის პოლიტიკა ირანის სრულ რეგიონულ მარგინალიზაციას და სხვადასხვა ფრონტებზე დაპირისპირების გაღრმავებაში მდგომარეობს.
ბირთვული შეთანხმება და სხვა მხარეები
აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპის კავშირი ირანთან ბირთვული შეთანხმების ერთგული რჩება და ირანულ მხარესთან თანამშრომლობას აძლიერებს. ივნისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა, სადაც ევროპელმა დიპლომატმა ბირთვულ შეთანხმებას ‘საკვანძო’ უწოდა. ევროპელი ლიდერები ასევე მზად არიან ირანთან ანტიტერორისტულ საქმიანობაშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ. აშშ მხრიდან ბოლო პერიოდში შეთანხმების საწინააღმდეგოდ გააქტიურებული კამპანიის საპასუხოდ ფედერიკა მოგერინიმ მორიგი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, შეთანხმება მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის და რომ ის საერთაშორისო საზოგადოების მონაპოვარია.
ბირთვული შეთანხმების დადებიდან მხარეებს შორის სავაჭო-ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდა. გაიზარდა ვაჭრობის მთლიანი მოცულობა. ასევე, ევროპიდან ირანში პირდაპირი საგარეო ინსვესტიციებიც გახშირდა. გასული წლის ნოემბერში ფრანგულმა ნავთობკომპანია ‘ტოტალმა’ ირანთან 4.8 მილიარდევროიანი გარიგება დადო, რის მიხედვითაც იგი ირანული გაზის შელფის ათვისებას დაიწყებს. მიმდინარე წლის მაისში ირანის ეროვნულმა ნავთობის კომპანიამ (NIOC) ავსტრიულ ნავთობკომაპნიასთან OMV შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, ავსტრიული კომპანია ირანული მხარისგან ყოველდღიურად 40 000 ბარელს ნავთობს შეიძენს. გასულ კვირას ირანულმა მხარემ იტალიის საგზაო სააგენტო ANAS-სთან 3.6 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც იტალიური მხარე ირანში 1200 კმ-ის ავტომაგისტრალს ააშენებს. პირველი 350 კმ-იანი მონაკვეთი 2022 წლამდე უნდა დასრულდეს.
ევროკავშირის ირანთან ურთიერთობის გაღრმავების მთავარი ინტერესი ეკონომიკური და ენერგეტიკულია. ირანი ნავთობის მარაგით მეოთხე, ხოლო ბუნებრივი გაზის მარაგით მეორეა მსოფლიოში. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რასაც რამდენიმე მიზეზი გააჩნია, ევროპა სტაბილურ, ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტორს ეძებს. 2014 წელს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განცხადა რომ ირანი ‘ევროპისთვის დაცული ენერგეტიკული ცენტრი’ იქნებოდა. ენერგეტიკასა და სხვა ტიპის საწარმოო ბიზნესის წამოწყების ინტერესით ბირთვული შეთანხმების დადების შემდგომ ირანს 100-მდე დასავლური მსხვილი კომპანია ეწვია, რომლიდანაც 90% ევროპული იყო.
ირანის ბირთვული შეთანხმების მომხრეა რუსეთიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, შეთანხმების დარღვევა ‘მიუტევებელი’ შეცდომა იქნება, რითაც იგი ამერიკული მხარის დამოკიდებულებას გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის სერგეი რიბაკოვი თქმით, შეთანხმებას პოზიტიური შედეგები აქვს და რუსული მხარე შეთანხმების მიხედვით აღებული საკუთარი ვალდებულებების ერთგული დარჩება. მარტში მოსკოვს ჰასან როჰანი ეწვია, სადაც იგი მის რუს კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე ლიდერებმა ერთ-ერთ წამყვან საკითხზე – ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმსჯელეს. მხოლოდ 2016 წელს, რუსეთ-ირანის სავაჭრო ბრუნვა 70% გაიზარდა.
ბირთვული შეთანხმების არსებობა ჩინეთის ინტერესებშიც შედის და იგი გარიგების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. სანქციების მოხსნით ჩინეთს შესაძლებლობა მიეცა ირანთან ტრადიციული ეკონომიკური ურთიერთობები აღადგინოს. 2024 წლისთვის ქვეყანა ირანთან სავაჭრო მოცულობის 160 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. ჩინეთი მოწოდებულია ირანში ინფრასტრუქტურული და მსხვილი ენერგეტიკული პროექტები განხორციელოს. მსგავსი სურვილები გამოწვეულია ჩინეთის მიერ შემოთავაზებული ახალი მეგაპროექტის ‘ერთი სარტყელი, ერთი გზის’ განხორციელების ინიციატივით, რომელმაც აღმოსავლეთ აზია ეკონომიკურად ევროპას უნდა დაუკავშიროს. პროექტის ერთ-ერთი წამყვანი სატრანზიტო მონაკვეთის კი ირანზე გადის.
დასკვნის მაგიერ
მიუხედავად აშშ-ის მხრიდან ბირთვული შეთანხმების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა და მისი გაუქმების სურვილისა, შეთანხმების არსებობა მხოლოდ მის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული. შეთანხმების არსებობის მომხრე სხვა დანარჩენი მონაწილეები არიან და მისი შენარჩუნების მიზნით ირანთან სხვადასხვა ქვეყნები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას იწყებენ. აშშ-ის მოთხოვნა რომ ირანმა ბალისტიკური რაკეტების პროგრამა შეაჩეროს შეთანხმებასთან მიმართებაში არარელევანტურია, რადგან გარიგება ურანის გამდიდრების შემცირებასა და ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პრევენციის გარდა სხვა სამხედრო საკითხებს არ ფარავს.
ბუნებრივია, ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის შეჩერება რეგიონული უსაფრთხოებისთვისაც გარკვეულ როლს თამაშობს. ირანის მხრიდან რეგიონის ქვეყნებში ამბოხებულებისა და წინააღმდეგობრივი ტერორისტული ორგანიზაციების მხრადაჭერას კი რაციონალური მიზეზები გააჩნია – თუკი ირანი დაპირისპირების ფრონტებს სხვაგან არ გადაიტანს, მაშინ მას როგორც სახელმწიფოს ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება. ქვეყნის საზღვრებთან ახლოს არაერთი ამერიკული სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომლის მთავარსარდლობასაც ირანი ბოროტების სათავედ აქვს გამოცხადებული. დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტისას, ირანთან ბრძოლა ‘კეთილსა და ბოროტს’ შორის დაპირისპირებას შეადარა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას