ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია აშშ-ის მმართველობაში. ამ სფეროში მნიშვნელოვანი სახელმწიფო ხარჯების მიუხედავად, ამერიკის მოქალაქეებს ჯანდაცვა ძვირი უჯდებათ და მათი ნაწილისთვის ის საერთოდ ხელმიუწვდომელია. ეკომონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის მიხედვით, აშშ-ის ერთ მოქალაქეს წლიურად ჯანდაცვაზე საშუალოდ 8000 დოლარი ესაჭიროება და ამ თანხის ნახევრის დაფარვა მოქალაქეს თავად უწევს, მაშინ როცა გერმანიის მოქალაქეზე წლიური ხარჯი 4000 დოლარია, ხოლო იგი ამისათვის საკუთარი ჯიბიდან მხოლოდ 500 დოლარს იხდის.

ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში რევოლუციური ცვლილება წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2010 წელს მიღებული პაციენტის დაცვის და ხელმისაწვდომი მზრუნველობის აქტი (the Patient Protection and Affordable Care Act) იყო, რომელიც ობამაქეარის სახელით არის ცნობილი. აქტის მთავარი მიზანი იყო ამერიკის მოქალაქეების რაც შეიძლება დიდი ნაწილისთვის ჯანდაცვა და დაზღვევა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო, და ამავდროულად, შეემცირებინა ჯანდაცვის სფეროზე მზარდი სახელმწიფო ხარჯები. აქტის გარკვეული ნაწილი მაშინვე, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი 2014 წელს შევიდა ძალაში.

ობამაქეარი ახალ სადაზღვევო სისტემას არ წარმოადგენდა, არამედ იგი არეგულირებდა სადაზღვევო ინდუსტრიას და იცავდა მომხმარებლის უფლებებს. ბარაკ ობამას ჯანდაცვის რეფორმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას მოიცავდა:

–         დაბალი შემოსავლის მქონე მოზარდებს შეეძლოთ 26 წლამდე მათი მშობლების დაზღვევაზე დარჩენილიყვნენ;

–         სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალათ უკვე დაავადებული ადამიანისთვის მომსახურების გაწევაზე უარის თქმა;

–         სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალათ მომხმარებლის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მომსახურების შეწყვეტა;

–         მსხვილი ბიზნესი ვალდებული გახდა საკუთარი დასაქმებულები დაეზღვია;

–         მცირე ბიზნესს ეს ვალდებულება არ დაეკისრა, მაგრამ თუკი მცირე კომპანიების საკუთარ თანამშრომლებს დააზღვევდა მათ სახელმწიფო გადასახადებს შეუმცირებდა;

–         თვითდაზღვევის პროგრამა მედიქეარის (Medicare) უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დაფინანსება გაიზარდა;

–         დაბალშემოსავლიანი პირების სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა მედიქეიდის (Medicaid) დაფარვის მასშტაბები გაიზარდა;

–         ბავშვთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაში (CHIP) ჩართვა გამარტივდა;

–         დაზღვევისას გენდერული დისკრიმინაცია აიკრძალა;

–         სადაზღვევო კომპანიის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლისთვის გასაჩივრების გამარტივება.

ობამაქეარის შედეგად 20 მილიონზე მეტი ადამიანი დამატებით დაეზღვია და დაუზღვევლთა რაოდენობა აშშ-ში 8.6%-ით შემცირდა; 57 მილიონამდე ხანდაზმულთათვის მედიქეიდის ხარჯები შემცირდა და რეცეპტით გამოწერილ წამლებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდა; დაზღვეულები უფასოდ იღებდნენ კონტრაცეპტივებს, იტარებდნენ მამოგრაფიულ პროცედურებს, ენდოსკოპიასა თუ ქოლესტერინზე ტესტებს. ამასთანავე, მომხმარებლებისთვის უფასო გახდა პრევენციული ზომების მიღება, როგორიცაა მკერდის სკრინიგი, გულის დაავადებებზე და დიაბეტზე შემოწმებაც. ჩატარებული კვლევის თანახმად,მედიქეარის პროგრამაში ჩართულმა მოქალაქეებმა წლიურად საშუალოდ 700 დოლარამდე დაზოგეს დაზღვევის მომსახურებაში.

ამას გარდა, მედიქეიდის პროგრამის დაფარვის მასშტაბი გაიზარდა. მასში შემავალი დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების, მოხუცების და უნარშეზღუდული ადამიანების რიცხვი 11 მილიონი ადამიანით გაიზარდა. პროგრამის გაფართოება ღარიბთა შემოსავლების ზღვრის აწევამ გამოიწვია და ამჯერად, პროგრამამ მოიცვა ის პირებიც, ვისაც წლიური შემოსავალი 16 400 დოლარის ფარგლებში ჰქონდათ. მედიქეიდის პირველი სამი წლის ხარჯები სახელმწიფომ სრულად აიღო თავის თავზე, ხოლო შემდეგ წლებში მისი პერიოდულად 90%-მდე შემცირება იგეგმებოდა.

ობამაქეარმა თითოეული მოქალაქე დაავალდებულა ჰქონოდა დაზღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაჯარიმება ელოდა. ობამაქეარმა სადაზღვევო კომპანიებისთვის სავალდებულო გახადა სადაზღვევო პაკეტებში 10 აუცილებელი მომსახურების შეტანაც. ესენი იყო: პროფილაქტიკური ვიზიტები, ორსულ ქალთა მომსახურება, ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობა, ტრავმების და ქრონიკული დაავდებების ზედამხედველობა, ლაბორატორიული ტესტები, პედიატრიული მომსახურება, წამლების რეცეპტების გამოწერა, ამბულატორიული მომსახურება, სასწრაფო დახმარება და ჰოსპიტალიზაცია.

ობამაქეარის ამოქმედების პარალელურად ნელ-ნელა მცირდებოდა სახელმწიფოს ყოველწლიური ხარჯები ჯანდაცვის სისტემაზე. 2015 წელს ხარჯების ზრდა მხოლოდ ნახევარ პროცენტს შეადგენდა, როცა წინა წლებში ეს მაჩვენებელი 3-4%-ს უტოლდებოდა.

ხელმისაწვდომი მზრუნველობის აქტს თავისი ნეგატიური შედეგებიც მოჰყვა. ბევრმა კომპანიამ უარი თქვა დასაქმებულების დაზღვევაზე და ჯარიმის გადახდა ამჯობინა, რომელიც უფრო ნაკლები ჯდებოდა. ასევე, ოთხ მილიონამდე ადამიანმა იმავეს გაკეთება გადაწყვიტა და ჯარიმა გადაიხადა. ობამაქეარმა გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის ზრდა ერთი მილიონი ფიზიკური პირისთვის, რომელთა შემოსავალი წლიურ 200 000 დოლარს აღემატებოდა. ამას გარდა, გადასახადები გაეზარდათ სამედიცინო დანადგარების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებსაც.

აშშ-ში ჯანდაცვის რეფორმა დღის წესრიგში ამ სფეროში მნიშვნელოვნად მზარდი  ხარჯების გამო და ამის ფონზე მომსახურების ხელმიუწვდომლობამ გამოიწვია. აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი იხარჯებოდა თითო მოქალაქის ჯანდაცვაზე, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ჯანდაცვის ბიუჯეტის მოცულობა 3.2 ტრილიონი დოლარი იყო, რაც მშპ-ის 17.8%-ს წარმოადგენდა. აღნიშნული ხარჯვითი მაჩვენებელი კი პირველი იყო განვითარებულ სამყაროში. ყოველივე ამის ფონზე, ყოველწლიურად აშშ-ის 56 მილიონ მოქალაქეს მისი ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა უჭირდა. დაბალშემოსავლიანი  მოქალაქეებისთვის პროფილაქტიკური და სასწრაფო დახმარებაც კი არ იყო ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის ამგვარ ხარჯიანობას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. თანხების დიდი მოცულობა ადმინისტრაციულ საქმიანობაში იხარჯებოდა, არაადეკვატურად მაღალი იყო მედიკამენტების ფასები, მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო მოთხოვნა სპეციალისტებთან მკურნალობის, რომელთა ანაზღაურებაც მაღალია. ამასთანავე, უკვე აპრობირებული გახდა დაცვითი მედიცინის მეთოდი, როდესაც დიაგნოზის რამდენჯერმე გადამოწმება ხდება, რაც ხარჯებს დამატებით ზრდიდა. ასევე, საავადმყოფოების უმეტესობა თანამედროვე, ძვირადღირებულ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს იყენებს. ამ ყველაფერს ემატება ამერიკის დაბერებადი მოსახლეობა. 1950-60-იან წლებში შობადობის ბუმის დროს დაბადებული ადამიანების ნაწილმა უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს და ნაწილი მალე მიაღწევს. 65 წელს გადაცილებული ადამიანთა რიცხვი საშუალოდ 13%-ით იზრდება.

 

ტრამპქეარი

დონალდ ტრამპის წამყვანი წინასაარჩევნო დაპირება ობამაქეარის გაუქმება და ახალი ჯანდაცვის აქტის მიღება იყო. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას რესპუბილკელთა მემარჯვენე ნაწილი იწონებდა და მხარს უჭერდა. ისინი თვლიდნენ, რომ ობამაქეარი სახელმწიფოსთვის ეკონომიკური ტვირთი იყო, რომელშიც არამიზანმიმართულად იხარჯებოდა ფული და ამავდროულად, მოსახლეობის მაღალშემოსავლიან ნაწილს დაზღვევის ხარჯებს უზრდიდა, ამცირებდა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას და კონკურენციას ბაზარზე. ზოგადად, დონალდ ტრამპის შიდა პოლიტიკა უმეტესწილად მისი წინამორბედის მემკვიდრეობასთან ბრძოლით ხასიათდება და ჯანდაცვა მხოლოდ ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენს, სადაც იგი რადიკალურად ცვლის საჯარო პოლიტიკას.

თავდაპირველად, მარტში ობამაქეარის გაუქმების და მისი ახლით ჩანაცვლების პირველი ცდაკონგრესმა ჩააგდო. რესპუბლიკელმა სპიკერმა პოლ რაიანმა ისიც კი განაცხადა, რომ ამერიკელებს ახლო მომავალში ობამაქეარის ქვეშ მოუწევდათ ცხოვრება. მაგრამ უკვე მაისის თვის დასაწყისში კონგრესმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები მცირე სხვაობით – 217 213 კონგრესმენის წინააღმდეგ, დაამტკიცა.

გასულ კვირაში, პირველად წარადგინეს ტრამპქეარის დრაფტი სახელწოდებით უკეთესი მზრუნველობის შეთანხმების აქტი (Better Care Reconciliation Act), რომელსაც სენატმა მალევე უნდა უყაროს კენჭი. როგორც კონგრესში, არც სენატშია რეფორმის მიმართ ერთსულოვნება. დემოკრატების გარდა, ცვლილებებს რესპუბლიკელთა ლიბერტარიანელთა ნაწილი არ ეთანხმება, რადგან თვლიან, რომ დოკუმენტი საკმარისად არ აუქმებს ობამაქეარის რეგულაციებს.

ტრამპქეარის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი საბაზრო პრინციპს უფრო ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე სახელმწიფო კონტროლს თუ რეგულაციებს. იგი ძირითადად, ობამაქეარის რეგულაციების გაუქმებას ითვალისიწინებს, ვიდრე მოსახლეობისთვის რაიმე ახლის შეთავაზებას.

აქტის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები ექნებათ 30 წლამდე ახალგაზრდებს და 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს. შეღავათები არ იმოქმედებს მდიდარ ფენაზე; ფიზიკურ პირები დაზღვევის არ ქონის შემთხვევაში აღარ დაჯარიმდებიან; კომპანიებს მოეხსნათ ვალდებულება საკუთარი დასაქმებულები დააზღვიონ; მედიქეარის ბიუჯეტის გაზრდისთვის მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დაწესებული გადასახადი უქმდება და ტვირთი ისევ საშუალოშემოსავლიან პირებზე ნაწილდება; აქტი შტატებს საშუალებას აძლევს თვითონ გადაწყვიტონ გაუქმდეს თუ არა უფასო მომსახურებები; მედიქეიდის ფედერალური დაფინანსება შეწყდება 2020 წლიდან; შტატებს უფლებას უტოვებს თავად გადაწყვიტონ სადაზღვევო კომპანიები დაავალდებულონ თუ არა უკვე დაავადებული პირის დაზღვევით, და კომპანიებს შესაძლებლობა რჩებათ ამგვარი პირების დაზღვევისას მომხმარებელს მეტი გადაახდევინონ; გადასახადები უქმდება სამედიცინო დანადგარების მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე.

ტრამპქეარი ობამაქეარის რამდენიმე კომპონენტს ხელშეუხებელს ტოვებს: ახლაგაზრდებს საშუალება ექნებათ 26 წლამდე მშობლების დაზღვევაზე დარჩნენ; აქტი სადაზღვევო კომპანიებს ავალდებულებს ზემოთ ნახსენები 10 არსებითი სამედიცინო მომსახურების ქონას.

კონგრესის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ობამაქეარი დაუზღვეველ პირების რაოდენობას 28 მილიონ მოქალაქემდე სტაბილურად შეინარჩუნებდა, ხოლო ტრამპქეარის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება და 2026 წლისთვის 54 მილიონ დაუზღვეველ პირამდე ავა.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

დატოვე კომენტარი