დაბალი კონკურენცია და მაღალი მოგება

flickr.com

საქართველოს საბანკო ბაზარზე კონცენტრაციის დონე და წმინდა მოგება წლიდან-წლამდე იზრდება

საქართველოში საბანკო სფერო ეკონომიკის მთავარი და ყველაზე მსხვილი სექტორია. მიუხედავად იმისა, რომ ბანკებზე მოდის ეკონომიკის ფლაგმანის ფუნქცია საკრედიტო ორგანიზაციებისადმი კრიტიკა ბოლო წლებში განსაკუთრებით გამწვავდა. საზოგადოება უკმაყოფილებას უამრავი მიმართულებით გამოთქვამს, მათ შორის, – ძვირი კრედიტები, მაღალი საკომისიოები და ჯარიმები, კაბალური ხელშეკრულების პირობები და სხვა. ასე მაგალითად, ბანკების საკრედიტო თუ სადეპოზიტო ხელშეკრულებებში არის მუხლი, რომლის თანახმადაც, ბანკს ცალმხრივად შეუძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახით შეცვალოს უკვე დამტკიცებული და ხელმოწერილი ხელშეკრულება და მისი პირობები. სიტუაცია სავალალოა, როდესაც ყველას ერთნაირი მიდგომა აქვს კლიენტებისადმი, შესაბამისად მომხმარებელი იძულებულია დათანხმდეს იმ კაბალურ პირობებს, რასაც საკრედიტო ინსტიტუტი სთავაზობს. ამის შედეგი კი ბაზარზე დაბალი კონკურენციაა. საბანკო ბაზარი ფაქტობრივად ორი ბანკის ხელშია და ისინი კარნახობენ თამაშის წესებს.  

ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ორი წამყვანი ბანკის მიმართ კიდევ ერთხელ „გაილაშქრა“. „ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის. ამ ფონზე ვიტყვი, რომ საქართველოს ბანკი და TBC ბანკი რენტაბელობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან, ეს თითქოს საამაყოა, მაგრამ ამავდროულად ვხედავთ, რომ ჭარბვალიანობის მხრივ, საქართველო ისევ პირველ თუ ბოლო ადგილზეა. ხალხი თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის სირცხვილი“, – თქვა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, როგორც წესი, ორი მსხვილი ბანკი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საბანკო ბაზარზე 16 მოთამაშეა წარმოდგენილი, მათი უმრავლესობის წილი უმნიშვნელოა. იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ბანკების რაოდენობა 20-საც აჭარბებდა. თუმცა, ბოლო წლებში, გამსხვილების ტენდენცია მიმდინარეობს. ასე მაგალითად, ბოლო ორ წელიწადში “თიბისიმ” „რესპუბლიკა”და “კონსტანტა” შეიძინა, ამასთან “პროგრეს ბანკის” საკრედიტო პორტფელი იყიდა. ამის პარალელურად, “საქართველოს ბანკმა” აღნიშნულ პერიოდში, “პრივატ ბანკი” მიიერთა, ხოლო “პროკრედიტ ბანკისაგან” მიკრო და მცირე სესხების პორტფელი შეიძინა. “საქართველოს ბანკის” აქტივები ბოლო სამ წელიწადში 9 მლრდ ლარიდან 12,6 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო “თიბისის” შემთხვევაში 6,9 მლრდ ლარიდან 12,9 მლრდ ლარამდე ანუ, პრაქტიკულად გაორმაგდა სამი წლის მანძილზე. შედეგად, 2015 წლიდან მოყოლებული, ორი მსხვილი ბანკის ხვედრითი წილი მთლიან აქტივებში 54% დან 73%-მდე, ანუ თითქმის 20%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მოგებას, მთლიანი საბანკო სფეროს მოგების 80%-ზე მეტი ორ ბანკზე მოდის.

საბანკო ბაზარზე კონკურენციის განსაზღვრისას ხდება ბაზრის კონცენტრაციის შეფასება, ანუ სისტემური ბანკების ხვედრითი წილი რამდენია მთლიან აქტივებში. ასე მაგალითად, საქართველოში გაცილებით მაღალია ბაზრის კონცენტრაცია, ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. შედარებისთვის, საქართველოს საბანკო მომსახურების ბაზარი უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში (CR5 = 33%, HSBC Holdings, Barclays, Lloyds Banking Group, Standard Chartered, Nationwide Building Society), საფრანგეთში (CR5=40%, Credit Agricole, BNP Paribas, Societe Generale, Groupe BPCE, Credit Mutuel), იტალიაში (CR5=27%, Intesa Sanpaolo, UBI Banca, Banco Popolare, Mediobanca), გერმანიაში (CR5=22%, Deutsche Bank, Commerzbank, DZ Bank, Landesbank Berlin Wurttemberg (LBBW), Bayerische Landesbank, Norddeutsche Landesbank (Nord LB), Helaba Bank, Hypo Real Estate Holding, WGZ Bank). როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოში ორი ბანკის („თიბისი“ და „საქათველოს ბანკი“) წილი 75%-მდეა, ხოლო თუ რიგით მესამე „ლიბერთი“ ბანკსაც დავუმატებთ გამოვა, რომ სამი სისტემაშემქმნელი ბანკების წილი ბაზრის 80%-ზე მეტია.

საბანკო ბაზარზე კონცენტრაციის მაღალ დონეზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკვე წლებია მიუთითებს.  ეროვნულ ბანკს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტები რიგი ნაბიჯების გადადგმას ურჩევენ. „საქართველოში საბანკო სექტორი მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაჩნდეს დაფინანსების ალტერნატიული წყარო. საშუალოვადიან პერიოდში დაფინანსების ყველა ინსტრუმეტის განვითარება მნიშვნელოვანია, მათ შორის კაპიტალის ბაზრის და კორპორატიული ბონდების კუთხით“, – აღნიშნავს საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი.

„როგორც სავალუტო ფონდი აღნიშნავს, საქართველოს საბანკო სექტორი მკვეთრად კონცენტრირებულია. ძირითადად, ორი წამყვანი ბანკი დომინირებს. კონცენტრაციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ სავალუტო ფონდი სსფ კვლევასა და რეკომენდაციებში აღნიშნავს, რომ აუცილებელია, სულ ცოტა, სამი წამყვანი ბანკისთვის ე.წ. კაპიტალის გადასახადის დაწესება, ანუ მაღალი მოთხოვნები კაპიტალზე. ეს ნორმა, რომელიც “ობამას საბანკო გადასახადით” არის ცნობილი, მოფიქრებულია იმისთვის, რომ დომინანტმა ბანკებმა თავიანთი მდგომარეობით ზედმეტად არ ისარგებლონ, შეამცირონ მაღალრისკიანი დაკრედიტებები და საშუალება მისცენ სხვა ბანკებს, განვითარდნენ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. სწორედ ეს ნორმა საქართველოში ახალი ბანკების შემოსვლასაც შეუწყობს ხელს და სექტორში კონკურენციას გააჯანსაღებს“ – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა.

საბანკო ბაზარზე კონკურენციის დონის განსაზღვრის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომელთაგანაც აღსანიშნავია – სისტემაშემქმნელი ბანკების წილის შეფარდება მთლიან აქტივებთან, მარკეტინგული ხარჯების წილი, სახელფასო გასავლების შეფარდება მთლიან საოპერაციო ხარჯებში, ასევე ჰერფინდ-ალჰირშმანის ინდექსის (HHI) საფუძველზე საბანკო ბაზრის კონცენტრაციის დონის განსაზღვრა წმინდა სესხებისა და მთლიანი აქტივების მეთოდების გამოყენებით, ან/და არასტრუქტურული მოდელები (მაგალითად, H-statistic), რომელიც აწესებს საბანკო კონკურენციის დამდგენ უფრო დახვეწილ მეთოდს. ზედმეტად თეორიულ განხილვებში რომ არ გადავვარდეთ და მკითხველი გამოთვლებით არ დავღალოთ, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საბანკო ბაზარი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლით მაღალკონცენტრირებულად ითვლება. ანუ, ისეთ ბაზრად, სადაც კონკურეცნია დაბალია და მდგომარეობა ახლოსაა კრიტიკულ ნიშნულთან.

საბანკო ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენციის დონე კი შედეგად რიგ პრობლემებს წარმოშობს. ასეთ სიტუაციას მივყავართ იმ ტენდენციისკენ, რაც ბოლო წლებში საბანკო სექტორში ხდება – ესაა ბანკების ყოველწლიურად რეკორდულად მზარდი მოგება და უფრო მეტად უკმაყოფილო საზოგადოება და ბიზნესი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ (მოგების გადასახადის შემდეგ მოგება) 870 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით (475 მილიონი ლარი) თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ თუ 2013-2017 წლებში, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს ბანკების მოგების ზრდას შევადარებთ (პროცენტულად, წინა წელთან შედარებით) აღმოჩნდება, რომ ბანკების წლიური მოგების ზრდის ტემპი მინიმუმ 6-ჯერ აღემატება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც კონკურენცია დაბალია თუ ქვეყნის ცენტრალური ბანკი აქტიურად არ მუშაობს პროცესების სწორად წასამართად ბაზარზე, მომხმარებლებისთვის სასარგებლო პროცესები ფაქტობრივად არ ხდება. ბოლო წლებში, სებ-ის მიერ კლიენტთა უფლებების დაცვის ეგიდით გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა არასაკმარისი და საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა ცვლილებებს საჭიროებს. იმედია საქართველოს ცენტრალური ბანკი სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ყურად იღებს და საბანკო ბაზარზე კონკრენციის გასაზრდელად ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.